ბესო ხარძიანი და ბუბა კიკაბიძე შესაძლოა საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ

ბესო ხარძიანი და ბუბა კიკაბიძე შესაძლოა საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ

კუს ტბა საჯილდაო ქვად იქცა. ბიზნესმენ ბესო ხარძიანის საპატიმროდან გათავისუფლების და მის მიერ ზეწოლაში და შედეგად დაპატიმრების ორგანიზებაში ოქტომბრის მერე ქვეყნიდან გასული გია უდესიანის საჯაროდ მხილების ამბავი,  ჯერ არ გაციებულა და ახლა უკვე თავად ბესო ხარძიანს და მომღერალ ბუბა კიკაბიძეს გამოუჩნდნენ მოდავეები.

საქმე ისევ კუს ტბას ეხება და მისი შინაარსი ასეთია: ბიზნესმენი ილია კაკაბაძე და ექიმთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ გია წილოსანი, რამაზ გიორგაძე, ალეკო კვასხვაძე, ასევე კუს ტბის პროექტის ავტორი თემურ მიქაშავიძე და კიდევ რამდენიმე ფიზიკური პირი, ფლობდნენ კუს ტბას. კუს ტბის ლანდშაფტური, რეკრეაციული და ცხადია, კომერციული განვითარების მიზნით მათ ინვესტორის ძებნა დაიწყეს.

როგორც „ფორ.გე“–სთან საუბარში კუს ტბის ერთ–ერთი პარტნიორი, ილია კაკაბაძე ყვება, 2000 წელს მათ დაუკავშირდა ბუბა კიკაბიძე, რომელმაც კუს ტბის მეწილედ შესვლის სანაცვლოდ ინვესტიციის მოზიდვაზე აიღო ვალდებულება. მან ვერაფერიც ვერ მოიზიდა და შესთავაზა პარტნიორად ბესო ხარძიანი, რომელიც  პროექტში ფულს ჩადებდა.  შეთანხმება შედგა და შედეგად ჩამოყალიბდა ორი კომპანია: „კუს ტბა“ და „კუს ტბა 21“, რომელთაც მართვა პროპორციულად უნდა განეხორციელებინათ. ილია კაკაბაძე ყვება, რომ ყველაფერი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

„ჩვენ მივიღეთ ხარძიანის  შემოთავაზება და ის კუს ტბის მართვაში შემოვიყვანეთ. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის საბედისწერო გამოდგა, რადგან  ხარძიანს და ბუბას მადა გაეხსნათ და არნახული ამბები დაატრიალეს. გამოიყენეს ყველა და ყველაფერი, რაც კი შეეძლოთ. კერძოდ, კიკაბიძის და ხარძიანის  სიახლოვე ვარდების რევოლუციის ხელისუფლებასთან. ხარძიანი გახდა კიკაბიძის ოფიციალური წარმომადგენელი და დაიწყეს სასამართლო დავა, თითქოს შპს, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენდით, არამართლზომიერად ფლობდა კუს ტბის 50%–ს.

ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ხარძიანი ერთის მხრივ ბუბა კიკაბიძეს  წარმოადგენდა პარტნიორთა კრებებზე, რაც ოქმებით დასტურდება, და როცა გვიჩივლეს, მერე იმის სანაცვლოდ, რომ ხარძიანისთვის ეჩივლა, რომელიც იურიდიული თვალსაზრისით, მის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, პირიქით, მას უჭერდა მხარს და ამბობდა, რომ არაფერი იცოდა ორი კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ კუს ტბის მართვისას პარიტეტული გამიჯვნის თაობაზე.

ბუბა კიკაბიძის როლი სადა იკვეთება?

– ბუბამ და ხარძიანმა როლები გაიყვეს. ბუბამ 7–8 წლის მერე მიმართა სასამართლოს, რომ თითქოს მისთვის არ იყო ცნობილი კუს ტბის მართვაში ორი კომპანიის არსებობის შესახებ და ამ მოტივით მოითხოვა სასამართლოს დაემტკიცებინა მისი კომპანიისთვის კუს ტბის ფლობის მთლიანი წილი. ეს იყო სიცრუე და სიყალბე. ბუბამაც და ხარძიანმაც, რომელიც ახლა წამებულის მანტიით ლაპარაკობს, ყველაფერი კარგად იცოდნენ და ისიც კარგად ჰქონდათ გააზრებული, სიყალბის რა გზებით და რა საშუალებებით უნდა ჩამოვეშორებინეთ. ახლა რომ აცხადებს, უდესიანმა დააჭერინა ჩემი თავი კუს ტბა რომ ჩაეგდო ხელშიო, ხომ არ აჯობებს მანამდე ჯერ კარგად გაიხსენოს ჩვენ რაც დაგვმართა და მერე ილაპარაკოს!

ბუბა კიკაბიძე ბიზნესმენიც თუ იყო, არ ვიცოდით.

– ბუბას მომღერლობა ხალხმა შეაფასა და დააფასა კიდეც, ქურდებთან მის ურთიერთობაზეც გაგვიგია - ხომ გახსოვთ დედ ჰასანთან ერთად გადაღებული მისი ფოტოები. აი, ბუბას ბიზნესმენობაზე კი რა გითხრათ.. როგორც აღმოჩნდა, ბიზნესი მას და ხარძიანს ესმით, როგორც პარტნიორების „გადაგდება“ და რაც არ ეკუთვნის, იმის დასაკუთრების მიზნით, ყველაფერი უღირსობის ჩადენა. ეტყობა, ეს თვისება ბუბამ ქურდებთან ახლობლობისას შეიძინა.

ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ბუბას და ხარძიანის რეალური სახე გვიან დავინახეთ. მაგრამ საქმე ის არის, რომ როცა ჩვენ ხარძიანის წინადადება მივიღეთ პარტნიორობაზე, ასეთი პირობა იყო, რომ ხარძიანი მოიზიდავდა სახსრებს და ბუბასთან ერთად მოაგვარებდა შესაძლო პრობლემებს ხელისუფლებასთან. ყველამ ვიცით, რომ ხელისუფლების კეთილი ნების გარეშე, კუს ტბის განვითარებას და მის ბიზნეს–პროექტად ქცევას, ახალი ინფრასტრუქტურის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას კი არა, თონის ამუშავებასაც კი ვერ ახერებდა ადამიანი.

როცა ხარძიანმა ჩვენი ჩამოშორება გადაწყვიტა, ბუბას ერთადერთი ფუნქციაღა დარჩა შესასრულებელი – ხარძიანის სქემის მიხედვით ემოქმედა. სხვათა შორის, როგორც ვარკვევთ, კიკაბიძეს და ხარძიანს არც პარტნიორთა კრების ყალბი ოქმების შედგენაზე დაუხევიათ უკან. მინდა ვკითხო და ვუთხრა ბუბას, რომელიც თავს თბილისელობაზე და კაცობაზე დებს, თავის სახელი დაარქვას საკუთარ საქციელს და მერე გამოვიდეს ქალაქში.

ამბობთ, რომ სასამართლოს მეშვეობით წაგართვეს კუთვნილი წილი. კონკრეტულად როგორ მოხდა ეს?

- ის სასამართლო და კონკრეტიკა შორს იყო ერთმანეთისგან. მე არ ვიცი ვისი მითითებით მოქმედებდა ჩვენი პროცესის თავმჯდომარე ნანა კალანდაძე, მაგრამ, ფაქტია, რომ ის დამოუკიდებელი არ იყო გადაწყვეტილების მიღებისას, რადგან რა გადაწყვეტილებაც ამ ქალბატონმა მიიღო ის საღ გონებას არ ექვემდებარება.

დიდი იმედი მაქვს, ჩვენი განცხადების პროკურატურაში შეტანის შემდეგ, პროკურატურა გაარკვევს ვინ ვისი მითითებით და ვინ ვისი ზეწოლით მოქმედებდა. ის არ იყო სასამართლო. ის იყო საყასბო. ჩაქუჩი კი არა, ნაჯახი დაარტყა მოსამართლემ და შავზე თქვა თეთრიაო და თეთრზე შავი. საერთოდ, მგონი იშვიათი გამონაკლისი იქნება ჩვენი საქმე, რადგან სასამართლოს გაუგონარი დარღვევით აქვს გადაწყვეტილება მიღებული, კერძოდ, – არც კი გამოუკვლევია გარემოები, რომლებიც ხარძიანმა და კიკაბიძემ შეთხზეს და რაც მთავარია, მათი სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო ისე და მაშინ, როცა ყველანაირი ხანდაზმულობის ვადა დარღვეული იყო. იურისტები კარგად მიხვდებიან, რასაც ნიშნავს ეს.

პროკურატურაში შესატან განცხადებაში კონკრეტულად ვის უჩივით?

– ხარძიანს, კიკაბიძეს და მოსამართლეს. მე იმედი მაქვს, მოხდება მოსამართლეების დაკითხვა, რასაც ჩვენი აზრით უნდა მოჰყვეს კიდეც საქმის რეალური არსის გარკვევა. იცით როგორაა, – იმდენად დიდი პროცესულაური დარღვევებით აქვთ გადაწყვეტილება მიღებული, რომ მოსამართლე, ვფიქრობ, იძულებული იქნება თავად თქვას, თუ ვისი ზეწოლით იღებდა უკანონო გადაწყვეტილებას. ყველაზე დიდი უბედურება იცით რა არის? – ამ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში ნერვიულობამ გადაიყოლა ჩვენი ერთ–ერთი პარტნიორი. ხარძიანმა და კიკაბიძემ გარდაცვლილ კაცსაც სასამართლოს ძალით, მისი უკანონო გადაწყვეტილებით წაართვეს წილი. ამის მერე გახდა ხარძიანი საკონტროლო პაკეტის მფლობელი ნეტავ ხარძიანს არ ახსენდება, თავად რა გზებით და საშუალებებით ჩამოგვიშორა გზიდან ჯერაც ცოცხლები და უკვე გარდაცვლილი ჩვენი პარტნიორი?