პრეზიდენტს უმცირესობა ხუხულასავით თავზე ენგრევა

პრეზიდენტს უმცირესობა ხუხულასავით თავზე ენგრევა

 

„ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დღითი დღე თხელდება. საპარლამენტო უმცირესობის რიგები კიდევ ერთმა კანონმდებელმა, ამბროლაურის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ დღეს ოფიციალურად დატოვა. For.ge-ს ინფორმაციით კი, პრეზიდენტის საპარლამენტო გუნდის რღვევა კიდევ უფრო გაგრძელდება, რადგან უმცირესობის დატოვებას გეგმავენ - გურამ მისაბიშვილი, ნაულ ჯანაშია, იაშა შერვაშიძე, ანზორ ბოლქვაძე, გიორგი ფეიქრიშვილი და რაც ყველაზე საინტერესოა, კულუარებში აქტიურად საუბრობენ რამაზ ნიკოლაიშვილის მიერ, ნაციონალური მოძრაობის დატოვებაზეც.

მართალია, ამ პირთაგან ბევრი აცხადებს, რომ უმცირესობის რიგების დატოვების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა, გურაბ მისაბიშვილი უმრავლესობასთან მოლაპარაკებებს გელა სამხარაულის მეშვეობით რომ ცდილობს, ამ ფაქტის მომსწრე თავად for.ge გახდა. კერძოდ, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის ბუფეტში კანონმდებლები მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობდნენ, დღეს კი, მათ ამ თემაზე საუბარი საკანონმდებლო ორგანოს ფლიგელში გააგრძელეს. სამსახარული და მისაბიშვილი ერთმანეთთან რამდენიმე საათის განმავლობაში საუბრობდნენ, მოგვიანებით კი, For.ge მისაბიშვილთან იმის გარკვევას შეეცადა უმცირესობის რიგებს ტოვებდა თუ არა, რაზეც სამეგრელოს ყოფილმა გუბერნატორმა ღიმილით გვიპასუხა, რომ „ეს ინფორმაცია, სწორი არ არის“, თუმცა, ამ პასუხის შემდეგ, იმის დაზუსტება ვცადეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტში რას აკეთებდა, რადგან წესით, უმცირესობის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში არ უნდა ყოფილიყვნენ, ვინაიდან, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმდინარე კვირას პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო საქმიანობაზე დროებით უარი განაცხადა და ლიდერებიც თბილისში გაემგზავრნენ.

For.ge-ს კითხვამ მისაბიშვილი დააბნია და განაცხადა, რომ პარლმენტში „საქმეების“ მოსაგვარებლად „შემოირბინა“. ამ პასუხის შემდეგ კი, მისაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალური გასასვლელის მიმართულებით წავიდა და კითხვებზე პასუხის გაცემა გელა სამსარაულს მოუწია, რომელმაც მასსა და მისაბიშვილს შორის პოლიტიკური დაახლოება „14 წლიანი მეგობრობით“ ახსნა და მისაბიშვილის უმცირესობის რიგების დატოვების შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად, თუმცა, ღიმილიანი სახით უარყო.

რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ სხვა დანარჩენ პირებს, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგების დატოვების შესახებ ინფორმაცია for.ge-სთან უარყო ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანზორ ბოლქვაძემ, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხზე ის მოლაპარაკებებს უმრავლესობის წევრებთან უკვე ერთი თვეა, რაც აწარმოებს. ბოლქვაძის მსგავსად, პოლიტიკურ კონსულტაციებში ჩართულია იაშა შერვაშიძეც, რომელიც ქედის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია. რაც შეეხება ნაულ ჯანაშიას, ის მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატია და ის პოლიტიკაში ბიზნესიდან მოხვდა. კერძოდ, მის სახელს თბილისის მეტროს დროშებიანი ახალი ვაგონების გაკეთების დაფინანსება უკავშირდება, თუმცა, for.ge-ს ინფორმაციით, ჯანაშიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მეგობრობამ მხოლოდ ზიანი მიაყენა, რადგან მან ბიზნესის კუთხით, ის წარმატება ვერ შეინარჩუნა, რაც მას ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძისა და შერვაშიძის გადაწყვეტილებაზე ფრაქცია „მაჟორიტარების“ ბედი ჰკიდია, რომლის თავმჯდომარეც აკაკი ბობოხიძეა. კერძოდ, თუ შერვაშიძე, ჯანაშია და ბოლქვაძე ამ ფრაქციას დატოვებენ, ბობოხიძეს ფრაქცია დაეშლება, რადგან  ფრაქცია შვიდი წევრისაგან შედგება, ამ პირების გადაწყვეტილების შემთხვევაში კი, ფრაქციაში ოთხი დეპუტატი დარჩება, რეგლამენტით კი, ფრაქციის შექმნისთვის ექვსი კვოტაა საჭირო. უნდა ითქვას, რომ მოვლენები თუ ამ სცენარით განვითარდა, სავარაუდოა, რომ გოკა გაბაშვილის ფრაქცია - „ნაციონალური მოძრაობა“ ბობოხიძეს რამდენიმე დეპუტატს დაუთმობს, მაგრამ ვინაიდან, წყალი უკვე გაბაშვილის ფრაქციასაც შეუდგა, რადგან გოჩა ენუქიძე სწორედ მისი ფრაქციის წევრია, ალბათ, გაბაშვილს ბობოხიძის ფრაქციისთვის ლიდერების დათმობა მოუწევს.

გოჩა ენუქიძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გაბაშვილი კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. როგორც for.ge-ს კანონმდებელმა განუცხადა, ის პოზიციას მოგვიანებით დააფიქსირებს.

რაც შეეხება უმცირესობის რიგების დამტოვებელ კიდევ ერთ კანდიდატს - გიორგი ფეიქრიშვილს, ის გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატია და „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებული პოზიცია ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დააფიქსირა,  როდესაც, უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა, რომლის მიხედვით, კონსტიტუციიდან 48-ე მუხლი ამოდის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელს განსაზღვრავს. კერძოდ, ფეიქრიშვილმა იმ დეპუტატებთან ერთად საკანონმდებლო წინადადებას ინიცირებისთვის მოაწერა ხელი, რომლებიც ფიქრობენ, რომ კონსტიტუციაში პარლამენტის ადგილსამყოფელი არ უნდა იყოს მითითებული. უნდა ითქვას, რომ მაშინ, ფეიქრიშვილის პოზიციას უმცირესობა „გაგებით შეხვდა“, თუმცა, მათ სხვა რა გზა ჰქონდათ, რადგან უმცირესობა ნელ-ნელა ხუხულასავით ირღვევა.

უმცირესობის რიგების შეთხელების ფონზე კი, უმრავლესობას პროექტების გატანისთვის თუ ვეტოს დაძლევისთვის შანსები ეძლევა. კერძოდ, 21 ოქტომბრიდან დღემდე, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები - რევაზ შავლოხაშვილმა, კახა ოქრიაშვილმა, გოდერძი ბუკიამ, ენზელ მკოიანმა, გოგი ლიპარტელიანმა, სერგო ხაბულიანმა, გიორგი გოზალიშვილმა დატოვეს, რომლებიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მხარდამჭერებად მოიაზრებიან. შესაბამისად, საჭიროებისამებრ კონკრეტული კანონპროექტის მისაღებად, „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით 90 დეპუტატის ხმა უკვე აქვს.

„ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა ლოგიკური პროცესია, მაგრამ სამწუხაროა, რომ დეპუტატები პოლიტიკური გემოვნების ტრანსფორმაციას ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე ახდენენ და არა რეალურად პოლიტიკური ხედვების გამო.