საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის №129 ბრძანების საფუძველზე, არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი განისაზღვრა. თავად ეს ბრძანება წარმოადგენს ცვლილებას „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში.
2012 წლის 24 აპრილის ბრძანების თანახმად, არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლები) მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება. სავალდებულო მარკირება ხორციელდება ბოთლის, ქილის ან კასრის გვერდზე, თავსახურზე ან ტარის ძირზე.
„არააქციზური საქონლის არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება მწარმოებლის მიერ ექსპორტისთვის განკუთვნილი და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში მისაწოდებელი ადგილობრივი წარმოების სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული ის არაალკოჰოლური სასმელი, რომლის სავალდებულო მარკირება შერჩეული პირის მიერ ხორციელდება არამატერიალური ფორმით“, - ნათქვამია ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში.
ამასთან, შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება შემდეგნაირად განისაზღვრა - არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) – 1000 ცალ ერთეულზე – 5,5 ევროს ექვივალენტი ლარებში, ხოლო მინერალური და მტკნარი წყლისათვის – 1000 ცალ ერთეულზე – 4,63 ევროს ექვივალენტი ლარებში.
ფინანსთა მინისტრის აღნიშნული ბრძანების თანახმად, საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდება სავალდებულო მარკირება 2013 წლის 1 იანვრიდან უნდა განხორციელდეს.
For.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ელექტრონულ მარკირებას, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს შვეიცარული კომპანია „SICPA“, რომელსაც არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების საფასურს უხდის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ სავალდებულო მარკირების შემოღების არგუმენტად პროდუქციის ფალსიფიკაციისგან დაცვა დაასახელა, თუმცა მარკირება ისეთ პროდუქციას ეხება, რომლის მასშტაბური ფალსიფიკაცია საქართველოში არ დაფიქსირებულა, ვინაიდან პირდაპირი დისტრიბუციის შემთხვევაში მწარმოებლები თავადვე აკონტროლებენ საცალო ქსელს.
გარდა ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მარკირების საკითხი საკონსტიტუციო გარანტიების დარღვევით იქნა შემოღებული. კერძოდ, 2013 წლის ოქტომბრისათვის საქართველოში მხოლოდ 5 სახის გადასახადი უნდა არსებობდეს, ხოლო არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირება პრაქტიკულად ახალ, მეექვსე გადასახადს წარმოადგენს. სავარაუდოა ასევე, რომ ხარჯების ზრდა პროდუქციაზე ფასების იძულებით გაძვირებას გამოიწვევს, რაც შეამცირებს როგორც შიდა, ასევე საექსპორტო გაყიდვებს. შესაბამისად, შემცირდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებიც. მომხმარებლისთვის კი ეს იქნება დამატებითი ტვირთი და უკმაყოფილების საბაბიც, მით უმეტეს, როდესაც საქმე საკვებ პროდუქციას ეხება.
„ახალგარდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი, ნოდარ ჭიჭინაძე ამბობს, რომ ზოგადად, ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა მთელს მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს და ამაში თავად კომპანიები არიან დაინტერესებული. მისი თქმით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №129 ფორმალურად, სწორედ ფალსიფიკაციის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, თუმცა ცალკე საკითხია, რამდენად შეუშლის ხელს მარკირების შემოღება ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქციის მოხვედრას.
„მოგეხსენებათ, ფალსიფიკაცია არ გულისხმობს მხოლოდ კუსტარულად, ყალბი ეტიკეტების ან სხვა მეთოდების გამოყენებით პროდუქციის გაყალბებას. ფალსიფიკაციად ითვლება აგრეთვე თავად მწარმოებელი ოფიციალური კომპანიის მიერ ეტიკეტზე არასწორი ინფორმაციის დატანა, პროდუქციის (ამ შემთხვევაში სასმელის) არასათანადო მოცულობით ჩასხმა შესაბამის ტარაში და ა.შ. ამდენად, მარკირებამ შეიძლება დაგვიცვას მხოლოდ და მხოლოდ, არაოფიციალური მწარმოებლების მიერ პროდუქციის უკანონო წარმოებისგან და მისი შემდგომი რეალიზასიისგან, თუმცა მარკირების მექანიზმიც ამ შემთხვევაში არ მგონია, იყოს მომხმარებლის დაცვის გარანტი“, - აცხადებს ნოდარ ჭიჭინაძე.
მისი თქმით, მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა არც იცის როგორ უნდა გაარჩიოს ფალსიფიცირებული არაფალსიფიცირებულისგან. მაგალითად, მინერალური წყლების კომპანია „ბორჯომს“ საკუთარ ვებ–გვერდზე დეტალურად აქვს განმარტებული თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ფალსიფიცირებული „ბორჯომის“ მოხმარებისგან და ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ მსგავსი ნაბიჯები სხვა კომპანიებმაც უნდა გადადგან. „აფბა“-ს პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პროდუქციის ფალსიფიცირებისგან თავად კომპანიებმა უნდა დაიცვან თავი და ამას ცალკე სტრუქტურა ან ორგანიზაცია არ სჭირდება, ხოლო მაკონტროლებელი სჭირდება თავად კომპანიებს, რათა მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მახასიათებლები მის ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას შეესაბამებოდეს.
„საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ მარკირება ვერ იქნება ფალსიფიცირებისგან დაცვის ეფექტური მექანიზმი. მით უმეტეს, რომ გაურკვეველია იმ ორგანიზაციის, რომელმაც მარკირების უფლება ყოველგვარი ტენდერის გარეშე მიიღო, წარმოშობა და მის უკან მდგარი ბიზნეს–ინტერესები. საინტერესოა ამ ბიზნესის ფინანსური მხარეც. საქართველოში წელიწადში 500 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელი იწარმოება (120 მილიონი საექსპორტო), საშუალოდ ეს გამოდის 500 მილიონი ბოთლი წელიწადში, ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში მითითებულია მარკირების ტარიფები, რომელიც 1000 ბოთლზე საშუალოდ 5 ევროს შეადგენს. ამდენად კომპანია, რომელიც მარკირებას განახორციელებს, უმნიშვნელო ოპერაციის სანაცვლოდ წელიწადში 2.5 მილიონ ევროს, ანუ 5 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს. ეს ბადებს ეჭვს, რომ ამ კომპანიის გამოჩენის მიზანი არა ფალსიფიკაციისგან დაცვა, არამედ ფალსიფიკაციისგან დაცვის მოტივით საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსის მიღებაა“, - აღნიშნავს ნოდარ ჭიჭინაძე.
ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ მარკირების შემოღება ამ სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის საქმის წარმოების გართულებაა, რადგან ყველა შემთხვევაში ხარჯების ზრდასთან არის დაკავშირებული. ექსპერტი აღნიშნავს, რომ კომპანია ამას ფასში ასახავს, თუ თვითონ მარჟას მოიკლებს, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებით კომპანიებს ნებისმიერ შემთხვევაში ურთულდებათ მუშაობა.
„ის არგუმენტი, რომ თითქოს, ეს ფალსიფიკაციისაგან დასაცავად კეთდება, არასერიოზულად მიმაჩნია, რადგან დღეს ფალსიფიკაციის პრობლემა არ დგას და ამ პრობლემას კომპანიები თვითონ მეტ-ნაკლებად აგვარებენ. ამიტომ, დამატებითი რეგულაციის შემოღება, რომელიც ხარჯებთან არის დაკავშირებული და პრაქტიკულად გადასახადის ფორმით ამის შემოღება, ბიზნეს სექტორში მომუშავე კომპანიებს საქმიანობას გაურთულებს. შესაძლოა, ამან ფასების ზრდაც გამოიწვიოს, რაც ისეთი ელასტიური და მგრძნობიარე სექტორისთვის, როგორიც არის მინერალური წყლები და უაკლოჰოლო სასმელები, საკმაოდ არასასურველია“, - აცხადებს ექსპერტი.
მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მინერალური წყლები საექსპორტო პროდუქციაც არის. ამიტომ, მათ გაძვირების შემთხვევაში, სავარაუდოდ, რეალიზაციის კლებასთანაც გვექნება საქმე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა თავიდან არის განსახილველი და არ უნდა იქნას მიღებული მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები, რომელთა საჭიროება რეალურად არ დგას.
ეკონომიკის ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი ამ ახალ რეგულაციას ჯერ მომხმარებლის პოზიციიდან განიხილავს და ამბობს, რომ მომხმარებლისთვის იგი არანაირად ხელსაყრელი არ არის, რადგან ნებისმიერი დამატებითი ვალდებულება, რაც მწარმოებელს ეკისრება, პროდუქციის გაძვირებას იწვევს. შესაბამისად, მომხმარებლის ინტერესი - მიიღოს პროდუქცია უფრო იაფად, დარღვეულია.
„ჩემთვის ცოტა რთულია იმის თქმა, ამ შემთხვევაში რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მომხარებელს. რაც შეეხება მწარმოებელს, ეს ახალი რეგულაცია მწარმოებელსაც ტვირთად აწვება. როგორც წესი, როდესაც პროდუქციის ღირებულება იზრდება, გადასახადის გადანაწილება გამყიდველსა და მყიდველს შორის ხდება. კერძოდ, გამყიდველი, ანუ მწარმოებელი მიიღებს ნაკლებ შემოსავალს და ამ დროს მყიდველი გადაიხდის უფრო მეტს. საერთო ჯამში, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არის საჭირო მწარმოებლებისთვის რაიმე დამატებითი ვალდებულების დაკისრება, რაც შემდეგ უკვე არა მხოლოდ მწარმოებელს, არამედ მომხმარებელსაც აზარალებს“, - აცხადებს ექსპერტი.
იგი ამ ახალი რეგულაციის ფისკალურ ეფექტსაც ვერ ხედავს და ვერც ამგვარი ნორმის შემოღების გადაუდებელ აუცილებლობას. აქვე გიორგი აბაშიშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე კვალიფიციური დისკუსია არ გამართულა და თუკი ახალი რეგულაცია მაინცდამაინც მიღებული უნდა იყოს, მაშინ ექსპერტი მიიჩნევს, რომ მასთან დაკავშირებით მსჯელობა უნდა გაიმართოს.