„ინტერ რაოს“ კონტრდარტყმა - დაკავებები სატარიფო კონსულტაციებზე იმოქმედებს

„ინტერ რაოს“ კონტრდარტყმა - დაკავებები სატარიფო კონსულტაციებზე იმოქმედებს

 

„ინტერ რაომ“ წინა კბილები გამოაჩინა. ალეკო ხეთაგურისა და დევი კანდელაკის დაკავებით გაღიზიანებული რუსული კომპანიის მოხელეები აცხადებენ, რომ დაკავებები ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციებზე გარკვეულწილად იმოქმედებს. არადა, საქართველოს მთავრობაში ირწმუნებოდნენ, რომ ელექტრონერეგიაზე და ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფები წლის ბოლომდე გამოცხადდებოდა.

ქართული მხარისა და „ინტერ-რაოს“ სამუშაო ჯგუფი ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებაზე მუშაობას, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარში დაასრულებს, - აცხადებს კომპანია „ინტერ-რაოს“ პრესსამსახურის უფროსი ანტონ ნაზაროვი.

მისი თქმით, ამ საკითხებზე მუშაობა აგვისტოდან მიმდინარეობდა, ხოლო ენერგეტიკის სამინისტროს ამჟამინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა, მათი თანამდებობაზე დაინიშვნის შემდეგ დაიწყეს. ამასთან, ნაზაროვმა აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის რეჟიმში არიან.

ნაზაროვი თბილისში, „ინტერ-რაოსთან“ თანამშრომლობაში მყოფი მაღალჩინოსნების დაკავებებსაც ეხმაურება. მისი თქმით, საკითხში კომპეტენტური ორგანოები უნდა გაერკვნენ.

„თუ მათ ბრალდებები წარუდგინეს, ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას ჩვენი მოქმედებების არგუმენტები წარვადგინოთ“, - აღნიშნა ნაზაროვმა.

იგი ადასტურებს, რომ მაღალჩინოსნების დაკავება ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე კონსულტაციებზე გარკვეულწილად იმოქმედებს, თუმცა იმედი დაიტოვა, რომ ეს კონსულტაციებზე პრინციპულ გავლენას არ იქონიებს.

„ინტერ-რაოს“ პრესსამსახურის უფროსის თქმით, ტარიფების მაქსიმალური და მინიმალური ზღვარის შესახებ საუბარი არ შეუძლია, რადგან ეს მოლაპარაკებათა პროცესის ნაწილია.

„ჩვენ პარტნიორებთან, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან და მის კოლეგებთან შეთანხმებული ვართ ამ ინფორმაციის კონფიდენციულურობაზე. როგორც კი ტარიფების შემცირებაზე მუშაობა დასრულდება, ჩვენ ერთობლივ განცხადებას გავავრცელებთ“, - განმარტა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ნაზაროვმა.

რუსული ენერგოგიგანტის სხვა წარმომადგენელი ნიკოლაი გორელოვიც ადასტურებს, რომ მოლაპარაკებები კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება. რაც შეეხება ტარიფების შემცირების ოდენობას და ვადებს, „ინტერ რაო“ კონკრეტული შედეგის დადებამდე კომენტარს არ გააკეთებს.

იმავდროულად „ინტერ რაოში“ არ უარყოფენ, რომ ხეთაგური-გვარამია-კანდელაკის საქმესთან პირდაპირი კავშირი აქვთ.

„ჩვენ რეალურად დავიქირავეთ კონსალტინგური კომპანია იმისათვის, რომ მას მოეხდინა აქტივების რესტრუქტურიზაციის რისკების შეფასება, ასევე ტარიფების შესაძლო შემცირებასთან და შესაძლო საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით ანალიზი.

კონსალტინგური კომპანია საქართველოში ყველა ჩვენი აქტივის ანალიზს ახდენდა იმისათვის, რომ ჩვენ შეგვქმნოდა გარკვეული ხედვა ამ სფეროში არსებულ პერსპექტივებზე. ამ სამუშაოს მიზანი საქართველოში ტარიფების დაწევა იყო. ჩვენ დავიქირავეთ კონსალტინგური კომპანია, რომელიც ეფექტურად მუშაობდა საქართველოში ამ პროფილით არსებულ სამინისტროებთან“, - აღნიშნავენ „ინტერ რაოში“ და დასძენენ, რომ აღნიშნული კომპანია მათ აგვისტოს თვეში დაიქირავეს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ კონსალტინგური კომპანია მათ ნახევარი წლით დაიქირავეს, რის შემდეგაც მას ანალიზი უნდა დაესრულებინა. ამის შემდეგაც ისინი შეთანხმების გაფორმებას საქართველოს საგადასახადო სამსახურთან აპირებდნენ.

„ინტერ რაოში“ აღნიშნავენ, რომ ასეთი პრაქტიკა გავრცელებული მექანიზმია უცხოელი ინვესტორების ურთიერთმოქმედებისა დასავლურ ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთანაც.

ალბათ, საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ამ განცხადებაში მოყვანილ მსჯელობას დაეთანხმება. მით უფრო იმ აბსურდულ არგუმენტს, რომ „ინტერ რაო“ და ხეთაგური დენის ტარიფის შემცირებაზე ზრუნავდნენ. სწორედ რუსული კომპანიისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოისობით არის, რომ 2025 წლამდე „თელასს“ მოჭრილი ტარიფი აქვს და ახალი მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგად აქამდე დენის გაიაფების გზა ვერ დადგინდა.