საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუქმება გადავადდა. მინისტრი დავით ნარმანია აცხადებს, რომ სამინისტრო კიდევ ერთი წელი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. «ერთი წლით ვრჩებით, მხოლოდ მარაბდა-კარწახის რკინიგზის პროექტს გადავცემთ საპარტნიორო ფონდს, ასევე გვექნება შიდა სტრუქტურაშიც გარკვეული ოპტიმიზაცია», - ამბობს მინისტრი და დასძენს, რომ მომავალ წელს განსაკუთრებული ყურადღება თვითმმართველობის რეფორმას დაეთმობა.
მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებისთანავე გადაწყდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუქმება პირველი იანვრისთვის იგეგმებოდა და დავით ნარმანიას ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი უნდა დაეკავებინა, თუმცა, რეგიონალური ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყველა იმ პროექტის გაგრძელებას აპირებს, რომელიც უკვე დაწყებულია, მათ შორის, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობასაც. ამ კომუნიკაციის მშენებლობის შეჩერების შესახებ ინფორმაცია თავად პრეზიდენტმა სააკაშვილამა გაავრცელა.
მინისტრი დავით ნარმანია კი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა შეჩერებულია. მისი თქმით, ყველა ძველი პროექტი გრძელდება და კიდევ მეტიც, ახალი პროექტებიც დაიწყება.
«საუბარი რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზის შეჩერებაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. ამ სამუშაოებს ახორციელებდა პრობლემური კომპანია «ნიუ ენერჯი», რომელიც პროცესს გამოეთიშა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს სამუშაოები გაგრძელდეს. ამ დროისთვის თოვლისა და ყინვის გამო ტექნიკა ვერ მუშაობას, თუმცა მშენებლობა აუცილებლად გაგრძელდება», - განაცხადა ნარმანიამ.
საერთოდ კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2012 წელს გაწეული სამუშაოების შედეგები შეაჯამა და საზოგადოებას 2013 წლის გეგმები გააცნო. გუშინდელ შეხვედრაზე მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, მარეგულირებელი კანონმდებლობის მოწესრიგებაზე, პროექტების ეფექტიანობის ამაღლებასა და კოორდინაციაზე გამახვილდა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა დეცენტრალიზაციისა და რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა, ხოლო მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ, სამინისტროს მიერ 2012 წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის, წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის, საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის, სოფლის დახმარების სახელმწიფო პროგრამის კოორდინაციის, რეგიონული და მუნიციპალური პროექტების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ გაამახვილა ყარადღება.
რაც ყველაზე მთავარია, გაგრძელდება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ბოლო ერთი წელია შეჩერებული იყო. 2013-14 წლებში ავტობანი ხაშურამდე ჩავა და თბილისიდან მოყოლებული, ვიდრე რიკოთამდე ცალმხრივი მოძრაობა შესაძლებელი იქნება.