მიმდინარე კვირაში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილება ამავე კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ეროვნულ ბანკს სადაზღვევო ბაზრის რეგულირების ფუნქცია ჩამოერთმევა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური შეიქმნება. ,,ვერსია’‘ უკვე წერდა, რომ ამ ტიპის სამსახურის შექმნას ,,ახალი მემარჯვენეების’‘ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ,,პოლიტიკური ელფერი’‘ დაკრავს, რადგან ამ სფეროში საკუთარი კადრის დანიშვნა და ბაზრის კონტროლი არ შეუძლია. რაც მთავარია, საკანონმდებლო ორგანო დადგენილ ვადებში განიხილავს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, რომელიც გრაფიკის შესაბამისად, 21 დეკემბერს, მესამე მოსმენით დამტკიცდება. რას პასუხობს პოლიტიკურ ოპონენტებს, როგორ ასრულებს ,,ქართული ოცნების’‘ წინასაარჩევნო დანაპირებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით და მიზეზი, რის გამოც არ გაიზიარებს საპარლამენტო უმცირესობის საკანონმდებლო ინიციატივას დაუბეგრავ მინიმუმთან დაკავშირებით _ ,,ვერსიის’‘ კითხვებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით ონოფრიშვილი ექსკლუზიურ ინტერვიუში პასუხობს:
ბატონო დავით, რას ნიშნავს თქვენი საკანონმდებლო ინიციატივა, რატომ ქმნით დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს?
_ დღეს სადაზღვევო ბაზარი მონოპოლიზირებულია, შეზღუდულია კონკურენცია, მოსახლეობა სათანადო სადაზღვევო მომსახურებას ვერ იღებს და ეს განსაკუთრებით, ჯანმრთელობის დაზღვევას ეხება. სხვა მიმართულებით დაზღვევა ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად განვითარებულია, თუნდაც უძრავ-მოძრავი ქონების, სიცოცხლისა და სხვა. არა მგონია, რომ ლევან კალანდაძის გარდა, საქართველოში მცხოვრებ რომელიმე მოქალაქეს სადაზღვევო ბაზარზე დღეს არსებული მდგომარეობა მოსწონდეს. დაზღვევის კანონი 1997 წელს მივიღეთ, რომლის ერთ-ერთი ავტორი გახლავართ. ჯერ კიდევ მაშინ, ევროპელი ექსპერტების რჩევით, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ცალკე ერთეულად იყო გამოყოფილი. იმის ნაცვლად, რომ ეს სამსახური ინსტიტუციონალურად გაეძლიერებინათ, მისი ფუნქციონირება 2007 წელს შეზღუდეს და 2008 წელს, ეროვნულ ბანკს დაუქვემდებარეს. საზოგადოებისათვის უცნობია თუნდაც ერთი პრეცენდენტი, როდესაც რომელიმე სადაზღვევო კომპანია არასწორი ქმედებების გამო, ვინმეს დაეჯარიმებინა, ან შეეზღუდა მათი მონოპოლიური მდგომარეობა. ასევე უცნობია, კონკრეტულად რა ღონისძიებები განახორციელა ეროვნულმა ბანკმა სადაზღვევო ბაზრის რეგულირების თვალსაზრისით. ბევრ ქვეყანაში, სადაზღვევო ბაზარი ეროვნული ბანკის დაქვემდებარების ქვეშ საერთოდ არ არის და ამიტომ ვთვლი, რომ აუცილებელია შეიქმნას დამოუკიდებელი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, რომლიც სადაზღვევო ბაზრის რეგულირებასა და მონიტორინგს რეალურად განახორციელებს.
2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს დაფინანსება იმიტომ ხომ არ უმცირდება, რომ ირაკლი ალასანიამ უარი თქვა პრეზიდენტის თვითმფრინავების შენახვის ხარჯებზე?
_ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ბიუჯეტები უმნიშვნელოდ მცირდება. ეს ძირითადად იმითაა გამოწვეული, რომ ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, როდესაც მინისტრებმა საკუთარი უწყებების ბიუჯეტებში ჩაიხედეს, ბევრი არამიზნობრივი ხარჯი ნახეს. მაგალითად, პრეზიდენტის თვითმფრინავების მომსახურებაზე გამოყოფილი 80 000 000 ლარიდან, 13 000 000 ლარი უკვე გადახდილია, მომავალში კი თავდაცვის სამინისტროს ამ მიზნით, 74 000 000 ლარი უნდა გადაეხადა ბიუჯეტიდან, რაზეც ირაკლი ალასანიამ უარი განაცხადა. ზოგადად, კოალიცია ,,ქართული ოცნების’‘ პროგრამა პირველივე წლიდან იწყებს სხვადასხვა პროგრამების ამუშავებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის. ცხადია, მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი აქცენტი სწორედ მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებაა. გარდა ამისა, ორმაგდება სოციალური დახმარებები, პენსია კი საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება. ახალი ბიუჯეტის მიხედვით, მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, რაც ერთი მხრივ, სოფლის მეურნეობის საბიუჯეტო ხარჯების ზრდას, მეორე მხრივ კი მილიარდიანი ფონდის შექმნას ითვალისწინებს. ამდენად, 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ,,ქართული ოცნების’‘ ყველა დაპირების შესრულება დაიწყება. ჩვენი მიზანია, რომ ამ ოთხწლიან პერიოდში, ვიდრე მომდევნო საპარლამენტო არჩევნების დრო დადგება, ამ დაპირებების გარდა, კიდევ უფრო მეტის გაკეთება შევძლოთ.
ოპონენტები გსაყვედურობენ იმის გამო, რომ 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ,,ნაციონალური მოძრაობის’‘ ბიუჯეტს...
_ ჩვენი ოპონენტები ამ შემთხვევაში ვინ არიან, ,,ახალი მემარჯვენეები’‘? ეს რომელი პარტიაა, რომელიც დღეს აღარავის ახსოვს? სამწუხაროა, რომ ისინი დღესაც ,,ნაციონალური მოძრაობის’‘ გავლენის ქვეშ იმყოფებიან და ეკონომიკურად რაციონალურ გადაწყვეტილებას, ანუ დამოუკიდებელი სადაზღვევო მარეგულირებელის შექმნას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევენ, რაც სრული აბსურდია.
სრული უფლება აქვთ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. ლევან კალანდაძემ ,,ვერსიას’‘ განუცხადა, რომ თქვენი საყოველთაო დაზღვევის პროგრამა ,,ბლეფია’‘, რადგან ,,ნაციონალების’‘ ბიუჯეტში გაწერილ ბენეფიციარებსა და თქვენ ბიუჯეტში გაწერილ ბენეფიციარებს შორის განსხვავება არ არის.
_ კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია. საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის ბენეფიციარები საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ შორის სხვაობა როგორ იქნება?! საყოველთაო დაზღვევა აუცილებლად ამოქმედდება. დაახლოებით ორი წლის წინ, საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 15% იყო ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფილი. ძირითადად, ისინი, რომლებიც სახელმწიფო სექტორში მუშაობდნენ. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ,,ქართულმა ოცნებამ’‘ მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევის იდეა გააჟღერა თუ არა, ,,ნაციონალები’‘ მაშინვე მიხვდნენ, რომ ეს კარგი იდეაა და საჭიროდ ჩათვალეს, იგივე პროგრამა წინმსწრებად დაეწყოთ. თუმცა ამის რესურსი არ ჰქონდათ, რადგან ძირითადად, არაპრიორიტეტულ მიმართულებებს აფინანსებდნენ. იმის გამო, საყოველთაო დაზღვევის განსახორციელებლად საჭირო სახსრები ბიუჯეტში ვერ მოიძიეს, მოსახლეობის ნახევარი დააზღვიეს _ 6 წლამდე ასაკის ბავშვები და 60 წელს გადაცილებულები. ეს აბსურდული პროგრამა იყო, მაგრამ ამით ,,ნაცმოძრაობა’‘ ცდილობდა გადაეფარა ის, რასაც ,,ქართული ოცნება’‘ აცხადებდა. ახლა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით და სახსრები, რაც საყოველთაო დაზღვევას სჭირდება, ბიუჯეტში მოვიძიეთ კიდეც, მაგრამ ამ პროგრამის განხორციელებას ტექნიკური სახის პრობლემები უშლის ხელს. მაგალითად, ქალაქებში ოჯახის ექიმის მოძებნა და დაზღვევის განხორციელება ბევრად ადვილია, ვიდრე სოფლებში, სადაც ბოლო წლებში, საერთოდ მოისპო სოფლის ექიმის ინსტიტუტი. ტექნიკურად ბევრი რამ არის გასამართი. აი, ეს არის მიზეზი, რის გამოც საყოველთაო დაზღვევა მომდევნო წლიდან აუცილებლად დაიწყება, მაგრამ ეტაპობრივად განხორციელდება და დაზღვეულთა რაოდენობა ნელ-ნელა მოიმატებს. ტექნიკურ საკითხებზე მუშაობს ახლა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და უახლოეს პერიოდში, დავით სერგიენკო წარმოგვიდგენს, თუ როგორი სქემით ვაპირებთ მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის განხორციელებას.
პენსიას რატომ ვერ ზრდით 220 ლარამდე?
_ რატომ უნდა გაზრდილიყო 220 ლარამდე, ,,ქართული ოცნების’‘ საარჩევნო პროგრამაში ნამდვილად არ გვიწერია ასეთი რამ.
აბა, საიდან გაჩნდა 220 ლარიანი პენსიის იდეა, თუ ესეც ,,ნაციონალური მოძრაობის’‘ მიერ, ხალხში სპეციალურად შემოგდებული თემა იყო?
_ არა, პენსიის 200 ლარამდე, 220 ლარამდე, ან თუნდაც 250 ლარამდე ზრდა მეც მიხსენებია და მომავალში აუცილებლად გაიზრდება კიდეც. პროგრამაში გვიწერია და ყველა გამოსვლაშიც ვამბობთ, რომ პირველ ეტაპზე, პენსია საარსებო მინიმუმს, ანუ 150 ლარს გაუტოლდება. 2013 წლის 1 აპრილიდან, 67 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია გაუთანაბრდება ასაკით 67 წლის ზემოთ პენსიონერების პენსიას და 125 ლარი გახდება, ხოლო 2013 წლის 1 სექტემბრიდან, პენსია 150 ლარამდე გაიზრდება. პარალელურად, გადაითვლება რეალური საარსებო მინიმუმი, რადგან ყველამ ვიცით, რომ შეუძლებელია, ადამიანმა 150 ლარად იცხოვროს. საარსებო მინიმუმის კალათი აუცილებლად შეიცვლება და შედეგად, პენსია 220 ლარი კი არა, შესაძლოა, მეტიც გახდეს. საერთოდ, ,,ქართული ოცნების’‘ ყველა დაპირება ოთხწლიან საპარლამენტო ვადაზეა გაწერილი, ამიტომ პირველ წელს პენსია საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება, შემდეგ _ გაიზრდება და გამორიცხული არ არის, 4 წლის მანძილზე, 300 ლარსაც კი მიაღწიოს. ზუსტი ციფრის თქმა ახლა ძალიან ძნელია. რაც მთავარია, იმ პოლიტიკოსებისგან კრიტიკას ვერ მივიღებთ, რომლებმაც პენსია 9 წლის მანძილზე, საარსებო მინიმუმს ვერ გაუთანაბრეს და 100 დოლარამდეც კი ვერ გაზარდეს.
,,ნაცმოძრაობის’‘ საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, დაუბეგრავ მინიმუმთან ერთად, საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 18%-მდე უნდა შემცირდეს, ხოლო დაუბეგრავი მინიმუმი აბსოლუტურად ყველა კატეგორიას უნდა შეეხოს, მათ შორის მაღალხელფასიან დაქირავებულებსაც. ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერთ?
_ ეს არის აბსოლუტურად გაუაზრებელი ინიციატივა, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები დათვლადი ციფრებია. საქართველოს ბიუჯეტს იმის საშუალება არ აქვს, ორივე ერთდროულად განახორციელოს _ საშემოსავლო გადასახადიც შეამციროს და დაუბეგრავი მინიმუმიც შემოიღოს, რაც პირდაპირ ბიუჯეტის დეფიციტისა და პრობლემებისკენ გვიბიძგებს. გარდა ამისა, ,,ნაციონალურ მოძრაობას’‘ 9 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ თვითონ შეემცირებინა საშემოსავლო გადასახადი. ჩვენი ინიციატივაა დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება, რომლის მიხედვითაც, თუ თქვენი წლიური შემოსავალი 6 000 ლარს არ აჭარბებს, ყოველთვიურ ხელფასში, საარსებო მინიმუმის ოდენობა, ანუ 150 ლარი, 20%-ით არ დაიბეგრება. ეს ინიციატივა რეალურად, 360 ლარის კომპენსაცია იქნება თითოეული ადამიანისთვის, რომელიც 2014 წელს, დეკლარირების შემთხვევაში დაუბრუნდებათ. ინიციატივა მიზნობრივად ეხება სოციალურად დაუცველ, დაბალშემოსავლიან ფენებს. ზოგადად, 20%-დან 18%-მდე შემცირება ამ კატეგორიის ადამიანებისთვის ბევრად ნაკლებია, მაგრამ სამაგიეროდ, თუ საშემოსავლო გადასახადი 2%-ით შემცირდა, საშუალოზე მაღალი და მდიდარი ფენის წარმომადგენლები, რომელთა ხელფასი 1 000 ლარზე მეტია, დიდ სარგებელს მიიღებენ. ამ ეტაპზე, თუ სადმე შესაძლებელია, რომ შემოსავლები შეღავათების ხარჯზე უნდა გაუმჯობესდეს, პირველ რიგში ეს სოციალურად დაუცველ ადამიანებს უნდა შეეხოს, რომლებიც მრავლად არიან ჩვენ ქვეყანაში.
როგორ ფიქრობთ, დაბალხელფასიანი ადამიანები საკუთარი შემოსავლების ყოველწლიურ დეკლარირებას შეძლებენ?
_ შეძლებენ, რადგან ეს საკმაოდ მარტივი ფორმა იქნება, სადაც სავარაუდოდ, აღნიშნავენ, სად მუშაობდნენ წლის განმავლობაში და რა შემოსავალი ჰქონდათ. დეკლარირების ფორმას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური შეიმუშავებს და როგორც ვიცი, უკვე მუშაობენ კიდეც. იმ დასაქმებულებს, რომელთა წლიური შემოსავალი 6 000 ლარს არ აჭარბებს, ამ ტიპის დეკლარაციის შევსება 2014 წლის დასაწყისში მოუწევთ, დაუბეგრავი მინიმუმი კი სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაუბრუნდებათ.