ელიტარული კორუფციის კლასიკური სქემა

ელიტარული კორუფციის კლასიკური სქემა

ახალმა ხელისუფლებამ ძველი ჩინოვნიკების კორუფციული სქემა გაშიფრა. საუბარია, ელიტარული კორუფციის კლასიკურ ნიმუშზე, რომლის მსგავსსაც საგამოძიებო ორგანოები სავარაუდოდ, კიდევ არაერთხელ გამოავლენენ. შესაძლოა, მისთვის, ვინც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორიდან ადევნებს თვალს, აღნიშნული სქემა ძნელად დასაჯერებელი აღმოჩნდეს, მაგრამ საქართველოში კარგად არის ცნობილი, რომ კომპანიებიდან თანხების ამოღება ოფიციალური თუ არაოფიციალური რეკეტის გზით ხდებოდა. არც ის იყო იშვიათობა, როდესაც კომპანიებს ათეულობით მილიონიან ჯარიმებს აწერდნენ, რამაც, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში „ინტერ რაოს“ საბაბი მისცა, ჯარიმებისგან თავის არიდების რაღაც მეთოდი მოეძებნა. კომპანიამ ჩინოვნიკებს ქრთამი შესთავაზა, მათაც უარი არ თქვეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიების შედეგად რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს.

დაკავებულები არიან ენერგეტიკის და ასევე ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი და გენპროკურორის ყოფილი მოადგილე და ამჟამად „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. „ხრამჰესი 1“, „ხრამჰესი 2“ და „თელასის“ გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი, შპს „ელენდეფ სერვისის“ დამფუძნებელი გიორგი ნემსიწვერიძე, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი არველაძის ყოფილი მოადგილე კახა დამენია და ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის დამფუძნებელი იზაბელა გუტიძე.

საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებითა და მონაწილეობით განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების სქემა გამოვლინდა. გარდა ამისა, დანაშაულის შენიღბვის მიზნით, საგადასასახო დოკუმენტების გაყალბებაზეც არის საუბარი.

საგამოძიებო სამსახურმა ფარული სატელეფონო ჩანაწერებიც გაავრცელა, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები და ყოფილი შს და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ფიგურირებენ.

სატელეფონო მოსმენებს გიორგი ნემსიწვერიძისა და კახა დამენიას მობილურ ტელეფონებზე სასამართლოს ნებართვით ხადურის უწყება ახორციელებდა, თუმცა, ფარულ საუბრებში ვანო მერაბიშვილის, ნიკა გვარამიას და ალექსანდრე ხეთაგურის საუბრებიცაა. თბილისის საქალაქო სასამართლო კი ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ გვარამიასა და მერაბიშვილის ტელეფონების მოსმენის ნებართვა არ გაუციათ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ასევე გამოაქვეყნა ორი დოკუმენტი, რომლითაც სასამართლო აკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას, ნება დართოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს განახორციელონ ნემსიწვერიძისა და  დამენიას ტელეფონების მოსმენები 2012 წლის 10 ნოემბრიდან 2013 წლის 13 იანვრამდე პერიოდში.

ყოფილი ჩინოვნიკებისათვის წაყენებული ბრალდება ეხება 2012 წლის აგვისტოს პერიოდს, როდესაც ნიკა გვარამია არც ერთ სახელმწიფო უწყებაში და არც კერძო კომპანიაში არ ეკავა რაიმე თანამდებობა.

გამოძიების ცნობით, ნიკა გვარამია იყო საქართველოს ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის ნდობით აღჭურვილი პირი კონკრეტული დანაშაულებრივი სქემის შემუშავებისა და განხორციელებისათვის, რომლის შედეგადაც მას 1 მილიონი აშშ დოლარის ქრთამი უნდა აეღო „ინტერ რაოსგან“.

გამოძიების ცნობით, სწორედ გვარამიამ შეაქმნევინა მის მეგობარ გიორგი ნემსიწვერიძეს საკონსულტაციო ფირმა, შპს „ელენდეფ სერვისი“ 2012 წლის 26 ივლისს. შემდეგ კი ამ ფირმის ანგარიშზე ჩაირიცხა ფულადი თანხები, ჯამში, 1 მილიონი აშშ დოლარი. თანხები გადაირიცხა „ინტერ რაო ესის“ კუთვნილი ოთხი ენერგოკომოპანიიდან - სს „ხრამჰეს 1“,  „ხრამჰესი 2“, „მტკვარი ენერგეტიკადან“ და თელასიდან.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2012 წლის 30 აგვისტოს ნემსიწვერიძემ, გვარამიას დავალებით „ელენდეფ  სერვისის“ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხები საფულე ჩეკის მეშვეობით გამოიტანა და ნიკა გვარამიას გადასცა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „ელენდეფ სერვისის“ დოკუმენტები საჯარო რეესტრიდან სასამართლოს 2012 წლის 16 ნოემბრის შესაბამისი განჩინების საფუძველზე ამოიღო.

გამოძიება ამტკიცებს, რომ კანდელაკმა ხეთაგურს 1 მილიონი დოლარი ქრთამის სახით იმიტომ შესთავაზა, რომ „ინტერ რაო ესის“ კუთვნილი ენერგოკომოპანიები საგადასახადო სამსახურს არ შეემოწმებინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაადგინა, რომ კომპანია „ინტერ რაოს“ წარმომადგენელმა მიტიუშინმა მაშინდელ ენერგეტიკის მინისტრ ხეთაგურთან დაიწყო მოლაპარაკება სახელმწიფოს მხრიდან საგადასახადო შეთანხმების გაფორმებაზე, რის შედეგადაც არსებითად არ მოხდებოდა საგადასახადო შემოწმება ზემოხსენებულ ორგანიზაციებში. შესაბამისად, თავიდან იქნებოდა აცილებული ამ კომპანიებისთვის ათობით მილიონი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება.

ფინანსთა სამინისტროს მასალებში ნათქვამია, რომ ხეთაგურისა და „ინტერ რაოს“  მოლაპარაკების პროცესში ჩაერთო ორივე მხარისათვის სანდო პირი დევი კანდელაკი, რომელმაც ხეთაგურს შესთავაზა, 1 მილიონი აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ სახელმწიფოს მიეცა თანხმობა საგადასახადო შეთანხმებაზე დიალოგის დასაწყებად. ეს მოლაპარაკება ითვალისწინებდა იმასაც, რომ არ მომხდარიყო კომპანიისთვის ათობით მილიონი ლარის დარიცხვა. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხეთაგური დაეთანხმა ამ წინადადებას, ხოლო თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, მისთვის  ნდობით აღჭურვილ პირთან, ნიკა გვარამიასთან გააგზავნა, რომელთანაც ხეთაგურს წინასწარ ჰქონდა მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით.

გამოძიებით დადგინდა, კანდელაკი გვარამიას შეხვდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ოფისში, ე.წ. პიქსელის შენობაში, სადაც გვარამიამ კანდელაკს აუხსნა , რა სქემით უნდა მომხდარიყო თანხის გადაცემა. 

ამის შემდეგ გვარამიას მითითებით, ნემსიწვერიძემ შექმნა ფიქტიური საკონსულტაციო ფირმა, თუმცა გამოცდილება და მცირე კვალიფიკაციაც კი ამ უკანასკნელს არ გააჩნდა.

შპს „ელენდეფ სერვისი“ გვარამიას მიერ გადაცემული თანხით 2012 წლის 26 ივლისს 15:56 წუთზე დარეგისტრირდა ნემსიწვერიძის სახელზე.

როგორც ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს, ამის შემდეგ აღნიშნული საკონსულტაციო კომპანიის ანგარიშზე, როგორც ამ მომსახურების შემსრულებელ ერთადერთ წყაროსთან, „ინტერ რაოს“ კუთვნილი ენერგოკომოპანიებიდან თანხები გადაირიცხა.

კომპანია „თელასიდან“ - 500 000 აშშ დოლარი, „ხრამჰესი 1“ – დან -50 000 აშშ დოლარი, „ხრამჰესი 2“ – დან - 50 000 აშშ დოლარი, „მტკვარი ენერგეტიკიდან“ - 400 000 აშშ დოლარი გადაირიცხა,  რამაც საერთო ჯამში 1 000 000 აშშ დოლარი შეადგინა.

ფინანსთა სამინისტრომ ასევე დაადგინა, რომ ხეთაგურის დავალებითა და გვარამიას ორგანიზებით, ასევე გვარამიას უშუალო მონაწილეობით, კანდელაკთან შეთანხმებით, იმ ვითარებში, როდესაც კომპანიას არ სჭირდებოდა ასეთი სამუშაოების ჩატარება, გაფორმდა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები.

ლაპარაკია საკონსულტაციო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებზე, რაც დათარიღდა 2012 წლის 22 აგვისტოთი.

როგორც ფინანსთა სამინისტრო ამტკიცებს, ასე შეიქმნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მიცემა-აღების შენიღბული ფორმა. 

2012 წლის 30 აგვისტოს ნემსიწვერიძემ გვარამიას დავალებით, „ელენდეფ სერვისის“ საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული თანხები საფულე ჩეკის მეშვეობით გამოიტანა და ნიკა გვარამიას გადასცა, რითაც ფაქტობრივად, დასრულდა აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის განხორციელება.

2012 წლის ოქტომბერში „თელასის“ საფინასო სამსახურმა გამოავლინა „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწვეტილების დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები. არ არსებობდა „თელასის“ ცენტრალური შესყიდვების ორგანოს გადაწყვეტილება შპს „ელენდეფ სერვისისგან“ საკონსულტაციო სამუშაოს შესყიდვის თაობაზე. ამან შექმნა საფრთხე, რომ ცნობილი გახდებოდა შპს „ელენდეფ სერვისის“ ფიქტიურობა და თანხების ვითომდა საკონსულტაციო საქმიანობისთვის გადარიცხვის სიყალბე. ამ მიზნით მოხდა ძველი რიცხვით დოკუმენტების გაყალბება.

გვარამიამ ქრთამის სახით მიღებული თანხისათვის უფრო სარწმუნო, კანონიერი სახის მიცემა გადაწყვიტა, რისთვისაც დახმარება სთხოვა შპს „გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენსის“ დამფუძნებლებს და პირად მეგობრებს იზაბელა გუტიძეს და კახა დამენიას. მათთან ერთად 2012 წლის 27 აგვისტოს თარიღით, შპს  „ელენდეფ სერვისსა“ და შპს „გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენს“ შორის გაფორმდა დოკუმენტები ფიქტიურ ქვეკონტრაქტორებთან დაკავშირებით.

საუბარია სს „ხრამჰესი 1“, სს „ხრამჰესი 2“, შპს „მტკვარი ენერგეტიკასა“ და სს „თელასში“ საკონსულტაციო და სხვა სახის სამუშაოების ჩატარებაზე.

იმავე წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც გვარამიას, დამენიას და გუტიძისათვის ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხის შესწავლით დაინტერესდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, გამოძიებისათვის კვალის არევის მიზნით დამენიას პირად სეიფში მოათავსეს, თითქოს, შპს „ელენდეფ სერვისის“ სალაროს ნაშთის თანხა - 1 184 950 ლარი, რაც გამოძიების მიერ ამოღებულია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლის მეორე და მე-3 ნაწილებით, 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 193 მუხლით.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის ადვოკატის დავით ხაჟალიას განცხადებით, ხეთაგურს ბრალს სავარაუდოდ, ქრთამის აღების მუხლით წაუყენებენ, თუმცა ის  თავს დამნაშავედ არ სცნობს.