ვენესუელა ევროკავშირის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათს აძლევს. ამის შესახებ France24 წერს.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ განცხადება ნიკოლას მადურომ მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკავშირმა ვენესუელას 11 ოფიციალური პირის მიმართ სანქციები დააწესა. როგორც ევროკავშირში განმარტეს, ამ ადამიანებს ვენესუელაში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის შელახვაში მიუძღვით წვლილი.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირის ე.წ. შავ სიაში უკვე შეყვანილია ვენესუელას 36 მოქალაქე. მათ ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლა ეკრძალებათ და ევროპაში არსებული ფინანსური აქტივები დაყადაღებული აქვთ.
ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისია. 2019 წლის იანვარში ქვეყნის დროებით პრეზიდენტად თავი ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუადიომ გამოაცხადა, რომლის უფლებამოსილებაც 50-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომაც აღიარა.
ნიკოლას მადურო ჯარის მხარდაჭერით სარგებლობს და ძალაუფლებას ინარჩუნებს.