გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ უკვე მთავარი ამოცანა დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაა, რაც უნდა აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ, უმაღლეს სტანდარტებს - „ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი“. ამის შემდგომ, როდესაც საარჩევნო ურნასთან აღმოჩნდება, ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი, ეს მისი გადასაწყვეტია.
„ჩვენ, პირადად მე რაც მამოძრავებს, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ. მოქალაქეების წინაშე თავს ვერ გაიმართლებს ის, ვინც გაურკვეველი კრიმინალური ქეისების გამო, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მაშ ასე, გიორგი (ჟორიკა) რურუა პატიმრობაში რჩება. პარლამენტმა კი, საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. მე-10 მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიქმნება.
საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“. მათი პროტესტის მიზანი ჟორიკა რურუას პატიმრობაში დატოვება გახდა. ოპოზიცია ხელისუფლებას ევაჭრებოდა, რომ თუკი რურუას პატიმრობიდან გაანთავისუფლებდა, ასეთ შემთხვევაში კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებდნენ. მეტიც, ნათელაშვილის ფანჩატურის ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ რურუას განთავისუფლება იყო 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ იძულებული იყო, საკონსტიტუციო ცვლილებებს საზოგადოებისა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან წნეხის შემდეგ დათანხმებოდა. მისი თქმით, მეორე და მესამე მოსმენაზე „ქართული ოცნება“ კანონპროექტს, უბრალოდ, ვეღარ ჩააგდებდა, რადგან განმეორებითი კენჭისყრის შესაძლებლობებს ითვალისწინებს კანონმდებლობა.
„ამ პროცესის ჩაგდების შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისა და რეალური სურვილების ლუსტრირებას მოახდენდნენ. ამიტომ კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ მიიღო. თუმცა 8 მარტის შეთანხმება რჩება შეუსრულებელი და რჩება ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტის ნაწილში. ვსაუბრობ პოლიტიკურ პატიმრებზე და პოლიტიკურ ოპონენტებთან არა პოლიტიკური პროცესის წარმართვაზე, არამედ მათ საპატიმროში ჩაგდებაზე. ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ოფისების დარბევაზე თუ ამ მეთოდებით ბრძოლაზე.
„ქართული ოცნების“ მხრიდან რურუას არგათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ცალსახად დარღვევაა და არის სიგნალი, რომ ისინი ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო და პოლიტიკური პროცესის არსებობას არ აპირებენ. სწორედ ამიტომ, იმ უკიდურესად რადიკალიზებულ საარჩევნო გარემოზე, თუ პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, სრულად პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას ჰქონდა გასაღები შეთანხმების ორივე ნაწილის და მეორე გასაღები სიმბოლური კი არა, ფიზიკურია და ეს არის ციხის გასაღები, რომელიც ივანიშვილს და გახარიას ედოთ ჯიბეში. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოხერხდა, თუმცა, შეთანხმება სანახევროდ არის შესრულებული და ამაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.
„100%-იანი მობილიზებით იყვნენ, რადგან სერიოზული წნეხის ქვეშ იმყოფებოდნენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. ვერ გაუძლო ივანიშვილმა საერთაშორისო ზეწოლას, როგორც კი საქმე მის პირადად ფინანსებს და აქტივებს შეეხო. ამაში მნიშვნელოვანი როლია საერთაშორისო ზეწოლისა, მაგრამ არ შეიძლება დავაკნინოთ ის როლი, რაც უპრეცედენტო გაერთიანების სახით საქართველოში არსებულმა უკლებლივ ყველა პოლოტიკურმა პარტიამ მოახდინა. 2 სატელიტი ჰყავს ივანიშვილს და მათაც კი ზურგი აქციეს, მათაც აწყობდათ, ფაქტობრივად, უბარიერო საარჩევნო სისტემა.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ ახალგაზრდების როლი, რომლებმაც სისხლი დაღვარეს აქ. მაგრამ შეთანხმება მიღებულია სანახევროდ და კვლავ გრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური დევნა. არაერთხელ განმიცხადებია, რომ კონსტიტუციას მიიღებს ივანიშვილი და რურუას გაათავისუფლებს, აი დამიბარებია, გაათავისუფლებს გიორგი რურუას, სხვა გზა არ აქვთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელ დღეს ერთადერთი დამარცხებული ჰყავს - ეს არის რადიკალური, დესტრუქციული, კრიმინალური ოპოზიცია, რომელმაც უხეშად დაარღვია 8 მარტის შეთანხმება. კობახიძის განცხადებით, რურუას არანაირი კავშირი არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან, რადგან რურუას საქმე, ეს ერთ-ერთი მორიგი კრიმინალური საქმეა, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტს.
„რურუას არანაირი კავშირი არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან, დღეს აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება. რაც შეეხება რურუას საქმეს, ეს არის ერთ-ერთი მორიგი კრიმინალური საქმე, რასთან დაკავშირებითაც, როგორც სხვა საქმეებთან დაკავშირებით, საქართველოში გადაწყვეტილებას იღებს მართლმსაჯულება, სასამართლო. შესაბამისად, როგორც წყდება სხვა კრიმინალური საკითხები, ასევე გადაწყდება ეს კრიმინალური საქმეც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა რომ მოხსენიებული არ არის, ამის შესახებ ისაუბრა გერმანიის ელჩმა, რომლის განცხადებით, ეს არის ძალიან მკაფიო და ამის წაკითხვა ყველას შეუძლია. როგორც ჰუბერტ ქნირშმა აღნიშნა, მოლაპარაკებების 90% კონცენტრირებული იყო საარჩევნო სისტემაზე, პირდაპირი წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობაზე. რიცხვთან დაკავშირებით, რომელიც საბოლოდ იქნა შეთანხმებული.
„რთული მოლაპარაკებები მიდიოდა თვეების განმავლობაში. ბატონი რურუა არ არის ნახსენები ამ შეთანხმებაში. ეს არის ძალიან მკაფიო და ყველას შეუძლია ამის წაკითხვა. ცოტათი გაკვირვებული ვარ, რომ ახლა არის განხილვის საკითხი პოლიტიკურ პარტიებს შორის შესწორებების შესაძლო ჩავარდნაზე დანაშაულის მიწერა“, - აცხადებს ჰუბერტ ქნირში.
გერმანელი დიპლომატის ეს განცხადება, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ანტიდასავლური კამპანიის დაწყების მიზეზი გახდა. პირველი „მშრომელი“ შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობს, რომელიც ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან. შესაბამისად, ნათელაშვილი მიმართავს გერმანიის მთავრობას, გაიწვიონ ელჩი. ნათელაშვილის განცხადებას იმეორებენ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ღია ტექსტებით არ საუბრობენ და ცდილობენ, არ „განეთალაშვილდნენ“.
ქართული პოლიტიკური ველი რომ გასასუფთავებელია, ამაზე საუბრობს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლების წყარო არის ხალხი და სწორედ ხალხზეა დამოკიდებული ასეთი ადამიანები დარჩებიან თუ არა პოლიტიკაში.
„დარჩაენა არდარჩენა კი, რა თქმა უნდა, ადამიანზეც არის დამოკიდებული. „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, დათო გამყრელიძემ თქვა, რომ 4%-ზე მეტი არ მაძლევს ხმასო და დაანება თავი პოლიტიკას, დაუბრუნდა ბიზნესს. წელში გამართული პიროვნება იყო და სწორედ მოიქცა. ანალოგიურად, თავის დროზე პოლიტიკიდან გავიდა ირაკლი წერეთელი. იშვიათია ასეთი პოზიცია.
რაც შეეხება კითხვას, ოპოზიციის ანტიდასავლური განცხადება ავანებს თუ არა გერმანია-საქართველოს ურთიერთობას - ნათელაშვილისთვის და მისთანებისთვის ევროპა მხოლოდ სამოგზაურო ადგილია, სულ არ აწუხებთ როგორი იქნება ევროპასთან ურთიერთობა. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია ასეთ ადამიანებს დატოვებს თუ არა პოლიტიკაში. ამ მხრივ არის რთული სფერო პოლიტიკა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგი არ ელოდება, რომ ოპოზიცია გერმანელ დიპლომატს ბოდიშს მოუხდის, რადგან ბოდიშის მოხდას ვაჟკაცობა უნდა. საყვარელიძის შეფასებით, ოპოიციას რომ ასეთი ვაჟკაცობა ჰქონოდა, არც ამგავრი დღის წესრიგი შედგებოდა და არც ასეთ სტრატეგიას დასახავდნენ - რურუას გამოშვება გაეხადათ კონსტიტუციის ფასი.
„პოლიტიკური პარტია, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის და მომავალი არჩევნების ბედ-იღბალს იმავე სასწორზე დებს, რომლის მეორე მხარეზე დებს პატიმრების საკითხს, რა მოტივით არიან პატიმრები, ეს სულერთია, პრინციპში, ის უშვებს, რომ შეიძლება გაწიროს ეს კონსტიტუცია, რადგან იცის, რომ ხელისუფლებაში ვერ მოვა და სულ არ აინტერესებს ის პატიმრები, უბრალოდ საჯილდაოდ უნდა იმ პატიმრების სახელების გამოყენება.
ეს ნაბიჯი - ან ჩემი ქვეყანა, ან პატიმრები, თავისთავად დიდად მიმზიდველი და მოსაწონი არ არის. ამიტომ არის, რომ 8 მარტის ხელშეკრულებაში სახელები არ ჩაიწერა. იმიტომ არ ჩაიწერა, რომ ძალიან მიუღებელი იქნებოდა სახელების ჩაწერა და ჩაიწერა ზოგადი პრინციპი - პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს სასამართლოს საქმიანობაში. როცა ამ ოპოზიციამ კონკრეტული ალტერნატივა დააყენა ქვეყნის კონსტიტუციასთან და იმ საარჩევნო სისტემასთან, რომლისთვისაც აქამდე იბრძოდნენ, ე.ი. ნიშნავს, რომ არანაირი ღირებულებები არ გააჩნიათ და მხოლოდ დაპირისპირებით უნდათ გავიდნენ ფონს. მთელი ოპოზიცია ნათელაშვილდება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.