ჰონგ-კონგში უსაფრთხოების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
პოლიცია მათ აკრძალულ მასობრივ აქციაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. სამართალდამცველების განმარტებით, მათ საპროტესტო გამოსვლის შეწყვეტა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც არეულობა დაიწყო. ამასთან, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს.
28 მაისს ჩინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მიმართულია ჰონგ-კონგის მთავარი კანონის 23-ე მუხლის განხორციელებისკენ. ეს მუხლი ადმინისტრაციულ რაიონს ჩინეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით „დივერსიული საქმიანობის“ წინააღმდეგ კანონების მიღებას ავალდებულებს. უფრო კონკრეტულად, ეს კანონი ჰონგ-კონგში სეპარატიზმსა და ბუნტს კრძალავს.