ბოლოდროინდელ დაკავებებს შორის ყველაზე მეტად „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებამ აღაშფოთა სააკაშვილი და დაუყოვნებლივ მისი გამოშვება მოითხოვა. ნაციონალები ყველანაირად შეეცადნენ, გვარამიას დაკავება დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლის საფარქვეშ გაეტარებინათ. მათ არც ზოგიერთი ხელოვანი და ნაცმოძრაობასთან დაახლოებული არასამთავრობო ჩამორჩა და პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, ასევე, მშვიდობის ხიდთან გვარამიას და სხვების დაკავება გააპროტესტეს. აქციას არც მისი სულისჩამდგმელი თეა თუთბერიძე გამოკლებია. აქვე იყვნენ გიგა ნასარიძე, დავით (დეფი) გოგიბედაშვილი, აჩიკო გულედანი, რომ არაფერი ვთქვათ ნაცმოძრაობის გამორჩეულ სახეებზე - კოკი იონათამიშვილზე, გოგა ხაჩიძეზე, პეტრე ცისკარიშვილზე, დავით დარჩიაშვილზე, ჩიორა თაქთაქშვილზე, ზურაბ ჭიაბერაშვილზე და სხვებზე.
ნაცმოძრაობის წევრებისგან აქციაზე გამოჩენა გასაკვირი არ იყო, მაგრამ გასაოცარი იყო იმ ხელოვანთა დანახვა, რომლებიც საზოგადოებას რატომღაც არ ახსოვს გირგვლიანის, რობაქიძის, სხვა ახალგაზრდების ჩახოცვის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე, არც ციხის კადრების ნახვის შემდეგ და ა.შ.
უფრო შორს წავიდა მუსიკოსი აჩიკო გულედანი და მომხდარს დიაგნოზიც დაუსვა: „ამ დაკავებების მიზეზი არის ის, რომ გავიტანოთ მანდარინი რუსეთში და ჩავბარდეთ იმ რუსეთს, რომელიც ოთხი საუკუნეა, გვართმევს ქვეყანას“.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ნიკა გვარამია ელიტურ კორუფციაში მონაწილეობდა და 2012 წლის ივლისში შექმნილ ცრუ საწარმოსათვის ენერგოკომპანიების მიერ, თითქოსდა, საკონსულტაციო მომსახურებისათვის 1 000 000 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხებოდა. მის მიმართ გამოძიება კი მანამდე დაიწყო, სანამ ის „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი გახდებოდა.
For.ge დაინტერესდა, რას ემსახურებოდა ნაცმოძრაობის მომხრეების მიერ გამართული აქცია, რატომ ცდილობდნენ ყოფილი ხელისუფალნი ნიკა გვარამიას დაკავება თავისუფალ ტელეკომპანიაზე ზეწოლად წარმოეჩინათ და მართლაც კოლეგაზე ზეწოლად აღიქვეს თუ არა გვარამიას დაკავება ჟურნალისტებმა.
For.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი გია იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, ადამიანს მორალური უფლება უნდა ჰქონდეს, ილაპარაკოს და აქციები გამართოს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ათასნაირ დაჭერებს, რომელთა 90 %-იც უსამართლო ან არაადექვატური იყო. ეს ადამიანები კი, რომლებიც დღეს საპროტესტოდ გამოდიან, არცერთ საპროტესტო აქციაზე არ მისულან და ვიღაცის დასაცავად სიტყვა არ უთქვამთ.
„მე გადავხედე მათ სიას, ზოგს ხელოვანი ჰქვია, ზოგსაც მუსიკოსი, ჟურნალისტი და უფლებადამცველი. სინამდვილეში, ისინი მართლაც თავიანთ პროფესიებში ხელმოცარული ადამიანები არიან. თუმცა, ერთია, პროფესიაში ხელი მოგეცაროს და, მეორეა, გარკვეული ეთიკა, მორალი. ადამიანური ნორმები ხომ უნდა არსებობდეს?! ჩვენს უახლოეს ისტორიაში გვახსოვს სპეცრაზმის შევარდნა ტელეკომპანია „იმედში“, დაიხურა უამრავი ტელევიზია, თოქ-შოუ, საგამოძიებო ჟურნალისტიკა ლამის მოკლეს, ამ დროს სად იყო ნასარიძე, გულედანი, თუთბერიძე?! ერთადერთი, რაც მათ შეიძლება გააკეთონ, ის არის, რომ დასვან კითხვები, აქციების მოწყობის უფლება კი მათ, არა მგონია, ჰქონდეთ“, - აცხადებს გია იაკობაშვილი.
რაც შეეხება დამოუკიდებელი მედიის საფარქვეშ დაკავებულ ნიკა გვარამიას, გია იაკობაშვილის თქმით, იმის გამო, რომ გვარამია ბოლო ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა „რუსთავი 2“-ის დირექტორად, ამის გამო უნდა ჩაითვალოს მედიის წარმომადგენლად?! უფრო მეტიც, For.ge-ს დამფუძნებლისთვის ნიკა გვარამია, პირველ რიგში, რჩება გენპროკურორის მოადგილედ და არა „რუსთავის 2“-ის გენერალურ დირექტორად. მისთვის გვარამია არის ადამიანი, რომელიც განათლების მინისტრის მოადგილეობისას სამსახურში არ დადიოდა, განათლების მინისტრობის შემდეგ კი სადღაც წავიდა სასწავლებლად, რაც გია იაკობაშვილს სრულ მარაზმად მიაჩნია. ამდენად, მისი აზრით, თუ დღეს ნიკა გვარამია ზის, ის დამსახურებულადაც ზის.
„გამოძიება რას იტყვის, არ ვიცი, მაგრამ კარგად მახსოვს 2007 წლის ნოემბერი, როცა ჩვენ ვიხილეთ ფილმი „ნოემბრიდან ნოემბრამდე“, სადაც ნახევარი საქართველო სუკის და კიდევ არ ვიცი, ვის აგენეტებად იყო გამოყვანილი. ბერძენიშვილზეა საუბარი, კოკო გამსახურდიაზე, შალვა ნათელაშვილზე, ცოტნე გამსახურდიაზე. ერთ-ერთმა მათგანმა მაინც რომ იჩივლოს, სულ მცირე, ცილისწამებისთვისაა ნიკა გვარამია დასაჭერი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გენერალური პროკურორის მოადგილის საქმე არ უნდა იყოს ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული შინაარსის ფილმების კეთება და მისი გავრცელება. ასე რომ, საზოგადოების მხრიდან მისი პიროვნება უნდა შეფასდეს, ეს აუცილებელია. ბოლოს და ბოლოს, კაცს ინტელექტუალი ჰქვია და ინტელექტუალურ თამაშში „რა, სად, როდის“ გამოდიოდა და ის არ უნდა სცოდნოდა, რომ ყველაფერი წარმავალია და არაფერი შერჩება საბოლოოდ?!“ - აღნიშნავს გია იაკობაშვილი და დარწმუნებულია, რომ გვარამიასა და მედიის დაკავშირება უცხოელების დასანახად კეთდება. სინამდვილეში, „რუსთავი 2“ არც დამოუკიდებელი კომპანიაა და არც გვარამია ყოფილა მისი დირექტორი.
ჟურნალ „თბილისელების“ ჟურნალისტის ნინო ხაჩიძისთვის ნიკა გვარამიას დაკავება არანაირად არ აღიქმება დამოუკიდელ მედიაზე ზეწოლად, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავად ამ მედიასაშუალებას არ შეშლია ხელი მუშაობაში. გარდა ამისა, მისი აზრით, ინდულგენცია არ არის არც თანამდებობა, არც ყოფილი და მოქმედი თანამდებობა. მეტიც, თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მათი თავშესაფარი მედია არ უნდა გახდეს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი თანამდებობა.
რაც მთავარია, ნინო ხაჩიძისთვის ამ საკითხს მორალური მხარე აქვს. კერძოდ, მაყურებელი შეუიარაღებელი თვალითაც ხვდება, რომ „რუსთავი 2“ იყო და არის პროპაგანდის კლასიკური მანქანა. შესაბამისად, იმ ჟურნალისტებისგან, რომლებიც ძალიან კომფორტულად გრძნობდნენ თავს პროპაგანდის მანქანის იარაღის როლში და ამას არ აღიქვამდნენ თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლად, გენერალური დირექტორის დაკავების ზეწოლად შეფასება, უსუსური არგუმენტია.
„ჩემს კოლეგებს, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს, ვურჩევდი, ჯერ გაიხსენონ, რა პირობებში ამზადებდნენ და ამზადებენ სიუჟეტებს და ამის შემდეგ შეაფასონ გენერალური დირექტორის დაკავება მედიაზე ზეწოლად. როგორ შეიძლება, გვარამია დამოუკიდებელი მედიის სახეს წარმოადგენდეს, როცა ამ თანამდებობაზე ერთი თვეც არაა დანიშნული. ნიკა გვარამია უფრო მეტად ყოფილი ხელისუფლების სახეს წარმოადგენს, რადგან მან მოიარა ძალიან ბევრი თანამდებობა - ორჯერ იყო მინისტრი სხვადასხვა უწყებაში, იყო მინისტრის მოადგილე და სხვა. ამდენად, ერთ თვეში ის ვერ მოასწრებდა, ჩამოყალიბებულიყო, როგორც მედიასთან ასოცირებული პიროვნება“, - მიიჩნევს ნინო ხაჩიძე.
გარდა ამისა, მისი თქმით, 8-ში აღიძრა საქმე გვარამიას წინააღმდეგ, 14-ში კი ის „რუსთავი 2“-ში დაინიშნა. შესაბამისად, ეს მომენტიც შეუსაბამოა.
ამასთან, ნინო ხაჩიძეს ბულგაკოვის ნათქვამი ახსენდება - „ფაქტები ჯიუტია“. ამდენად, მისი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, ცალკეული ადამიანი რას ფიქრობს და რა ემოციას იწვევს ესა თუ ის ფაქტი, მთავარია, ფაქტები რას ამბობენ.
ჟურნალისტ თამარ ჩიქოვანის აზრით, ყველას აქვს უფლება, ცალკეულ ადამიანს მხარდაჭერა გამოუცხადოს და რაღაც გააპროტესტოს. ამდენად, ძალიან კარგია, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ეს ხელისუფლება მშვიდად უყურებს ამ ყველაფერს და არ უშვებს იმ ფაქტს, რაც მოხდა თუნდაც, იმავე თბილისის პოლიციასთან, როდესაც პროტესტის მონაწილეები და ჟურნალისტები, პირდაპირ რომ ვთქვათ, მიბეგვეს და მას შემდეგ არც არავის გამოუძიებია ასეთი ფაქტები.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, თამარ ჩიქოვანის თქმით, არსებული მასალებით არ ირკვევა, რომ ის ტელევიზიასთან დაკავშირებით დააკავეს, არამედ ეს მის პროკურორის მოადგილეობას უკავშირდებოდა.
„რატომ უკავშირებენ ამ ყველაფერს მედიას? იმიტომ, რომ ეს დასავლეთისთვის კარგად ჟღერს, რომ ტელევიზიის გენერალური დირექტორი დააპატიმრეს. ეს წითელი ტილოს აქნევაა დასავლეთისთვის, რომ, აი, დამოუკიდებელ მედიას როგორ ავიწროებენ. ბუნებრივია, ნიკა გვარამიაც არ იტყვის, იმიტომ დამაპატიმრეს, რომ ეჭვი აქვთ, რომ ცუდად ვიქცეოდი პროკურორის მოადგილეობის დროსო“, - აცხადებს თამარ ჩიქოვანი.
მისი აზრით, გვარამია სულ რაღაც ერთი თვეც არ არის, რაც „რუსთავი 2“-ის გენდირექტორია და ამ ერთი თვის განმავლობაში ისეთი გადაცემები და თოქ-შოუები არ ჰქონია, რომ ახალ ხელისუფლებას მისი დაკავება გაჩუმების მიზნით გადაეწყვიტა.
უბრალოდ, ჟურნალისტის აზრით, შესაძლოა, ვიღაცისთვის ერთი მილიონი დოლარი არ არის ისეთი დიდი თანხა, მაგრამ, პირადად მისთვის ეს მართლაც სოლიდური თანხაა, რომელზეც კონკრეტული პასუხი უნდა გაიცეს.
ამასთან, თამარ ჩიქოვანი აცხადებს, რომ არავის დაპატიმრება არ ახარებს და სულაც არ სურს, ციხეები გადავსებული იყოს, მაგრამ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის დამნაშავე. მით უფრო, რომ წინა ხელისუფლებაც გვარწმუნებს, რომ ეს სასამართლო დემოკრატიული და სამართლიანია.
სტუდია GNS-ის ხელმძღვანელი ნანა ლეჟავა გვარამიას დაკავებას დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად არანაირად არ აღიქვამს. თუმცა, თვითონ ფაქტის შეფასებისგან გამოძიების დასრულებულებამდე თავს იკავებს. მისი თქმით, მტკიცებულებებზეა დამოკიდებული გვარამიას, ხეთაგურის ან დამენიას ბედი. თუკი არსებობს მტკიცებულებები, რომ ისინი გამოძიებას არ დაემალებიან, შესაძლებელია, გირაოს სახით გათავისუფლდნენ. ხოლო, თუ პროკურატურა ჩათვლის, რომ ეს ხალხი დაიმალება, წინასწარ პატიმრობას შეუფარდებენ.
„ძალიან ადვილი გასათვლელი იყო, რომ ყოფილი ხელისუფლება გვარამიას დაკავებას დამოკიდებელ მედიაზე ზეწოლად შეაფასებდა. გვარამიას კაციც რომ მოეკლა და ამისთვის დაეჭირათ, მაინც მედიაზე ზეწოლად აღიქვამდა საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელსაც ასე სურს, რომ წარმოაჩინოს, თითქოს, ეს იყო მედიაზე ზეწოლა. თუმცა მედიაზე ზეწოლა უფრო სხვანაირი გვახსოვს და მაშინ ის ნამდვილად ზეწოლა იყო“, - აცხადებს ნანა ლეჟავა.