ევრაზია ათი წლის შემდეგ

ევრაზია ათი წლის შემდეგ

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ედვარდ ლუკასის პროგნოზით 2020 წლისთვის რუსეთის პოზიციების სერიოზული ვარდნაა მოსალოდნელი და ის ისეთი ქვეყნების უკან აღმოჩნდება, როგორებიცაა ბრაზილია, ჩინეთი და ინდოეთი. ამავდროულად დაფიქსირდება ცენტრალური ევროპის აღმასვლა, ხოლო ბალტიის სამი სახელმწიფო „გაუსწრებს სამხრეთ-ევროპის მოუქნელ და ვალებით დამძიმებულ ქვეყნებს“

 

2020 წლისთვის როგორი იქნება ცენტრალური ევროპა? პირველ რიგში ნატო უფრო სუსტი იქნება! ავღანეთის ომი ალიანსისთვის სერიოზული გამოცდა გახდა. თუკი მას არ შეუძლია შორეულ ქვეყნებში საბრძოლო მოქმედებების წარმოება, ის არ ღირს იმ თანხად, რაც მასზე იხარჯება. ნატო-ს ევროპელმა წევრებმა ტესტი ვერ ჩააბარეს – ეს ერაყზე გაცილებით მნიშვნელოვანი მარცხია. იმ ომში უმცროსი ჯორჯ ბუშის უგუნურობისა და დონალდ რამსფელდის პენტაგონის არაკომპეტენტურობის დადანაშაულება შეიძლება. ერაყის ომმა სერიოზული უთანხმოება თავად ამერიკაშიც გამოიწვია.

 

ავღანეთი სხვა საქმეა. თალიბებთან ბრძოლის იდეა ევროპაში ფართო მხარდაჭერით სარგებლობდა. სწორედ მემარცხენე ყაიდის ევროპელები გაჰყვიროდნენ ყველაზე მეტს და მოითხოვდნენ საერთაშორისო ჩარევას მოძრაობა „თალიბანის“ მიერ ადამიანის საბაზისო უფლებების დარღვევის გამო. დღეს სწორედ ევროპაა ის, ვინც ტესტი ვერ ჩააბარა. სხვადასხვა პროტესტით და მასშტაბური სამხედრო მოქმედებების წარმოებაზე ათასგვარი პირობებით შეზღუდული და ავღანეთისგან კულტურულად ზედმეტად დაშორებული იმისთვის, რომ წვრთნა და მომზადება მასობრივ რეჟიმში ჩაატაროს, ევროპელები (ზოგიერთი ისეთი გამონაკლისის გარდა, როგორიცაა პოლონეთი, ბალტიისპირეთი და ბრიტანეთი) ამერიკული თვალსაზრისით ფუჭი აქტივია.

 

ევროპელები ამას სიმშვიდით პასუხობენ. საკუთარი თავისადმი ლოიალურობით გამორჩეულ ევროპას მოკავშირის სახით აბსოლუტურად სხვა, უფრო კორექტული და მადლიერი ამერიკის ხილვა და ასევე განსხვავებული, უფრო მარტივი ომები სურს. დღეს არავინ საუბრობს იმაზე რომ ნატო იშლება, თუმცა არც აგდებული დამოკიდებულებაა უკეთესი. 2010 წელს ნატო ქორწინებას ჰგავს, სადაც ცოლ-ქმარი შეთანხმდა, რომ შვებულებას ცალ-ცალკე გაატარებს. შემდეგი ნაბიჯი ცალკე საძინებლები და საბანკო ანგარიშები გახდება. 2020 წლისთვის ისინი ერთმანეთს მხოლოდ საუზმეზე შეხვდებიან ანგარიშებსა და კომუნალურ მომსახურებაზე საკამათოდ. თუკი ნატო-ს შტაბ-ბინა და ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობა 2020 წლისთვის კიდევ იარსებებს, ეს ამ სტრუქტურების უფრო შემცირებული და იაფფასიანი ვერსია იქნება. ის ბრიუსელის შემოგარენში დარტყმას მიაყენებს უძრავი ქონების ბაზარს, ასევე ზოგიერთი სამხედრო ბიუროკრატის პერსონალურ ფინანსურ გათვლებს, მაგრამ სხვები თითქმის ვერაფერს შეამჩნევენ, რადგან ნატო-ს „ვარგისიანობის ვადა“ დიდი ხნის წინ ამოიწურა.

 

ნატო-ს დასუსტება არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკა აღარ იქნება ჩართული ევროპის უსაფრთხოებაში, მაგრამ ის მონაწილეობის ფორმატს შეცვლის. ევროპა საკუთარ გამოწვევებთან და უსაფრთხოების პრობლემებთან გამკლავებას საკუთარი ძალებით შეეცდება და დიდწილად პროგრესს ბალკანეთის დასავლეთში მიაღწევს. 2020 წლისთვის ყოფილი იუგოსლავიის ნამსხვრევების უმრავლესობა და ალბანეთი ევროკავშირის წევრი იქნება. ისეთ რთულ შემთხვევებშიც კი, როგორიც ბოსნია და ჰერცოგოვინაა, როგორც ჩანს ბლოკში გაწევრიანება მაინც მოხდება. 30 წლის შემდეგ, მას მერე, რაც იუგოსლავიის მემკვიდრეობისთვის ომებში პირველი გასროლა გაისმა, ევროპის რბილი ძალა იზეიმებს. ამავდროულად, ამერიკას ამისთვის დამსახურებულ მადლობას არავინ ეტყვის, თუმცა აშშ შესძლებს ბალკანეთის დასავლეთთან მიმართებაში იმის თქმას, რომ „მისია შესრულებულია“. თურქეთი ევროკავშირთან მიმართებაში მოლოდინს თავს დაანებებს, მაგრამ დაამყარებს ნორვეგიის ტიპის ასოციაციურ წევრობას. 2020 წლისთვის ევროპისთვის სერიოზული საქმე გახდება თურქეთსა და უკრაინაში ევროენთუზიაზმის აღორძინება. საქართველო კვლავ კარზე კაკუნის მდგომარეობაში დარჩება და იმის გამო, რომ იქ ევროკავშირის ზოგიერთ წევრზე უფრო მაღალი ცხოვრების სტანდარტები და მთავრობა იქნება, თბილისისთვის უარის თქმა გართულდება.

 

ევროპულ საქმეებში ამერიკული ჩართულობის დარჩენილ ელემენტთა რიცხვში, უმთავრესი პრიორიტეტი ყველაზე ჩრდილოეთი და არქტიკული რეგიონები იქნება. უსაფრთხოების სფეროში ნორვეგია ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად მოგვევლინება (შესაძლოა უფრო მნიშვნელოვნადაც ვიდრე კანადა, რომელმაც  გერმანიის მსგავსად, შეიძლება რუსეთთან დაახლოვება გადაწყვიტოს). დანია გრელანდიასთან კავშირის წყალობით მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, ასევე – ბრიტანეთიც (თუ ვივარაუდებთ, რომ თავდაცვაზე ხარჯების შემცირება ფლოტს ბოლომდე არ გაანადგურებს). ყველაზე ცხელი თემა გახდება სასარგებლო წიაღისეულის დამუშავებაზე შეთანხმებების გაფორმება. თუ გაგვიმართლა  მოსალოდნელია უამრავი კონფერენცია, თუ არა საერთაშორისო სარჩელები და შესაძლოა საზღვაო დაპირისპირებებიც კი.

 

ნავთობი და ისრაელი იმის გარანტი გახდება, რომ ამერიკა დარჩება  ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთსა და შავი ზღვის რაიონში, რაც მეგობრულ თუ არა გუგლგრილ იტალიაში და კიდევ სადმე, საზღვაო ბაზების შენარჩუნების ნიშანი იქნება. ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან აზერბაიჯანი და საქართველო დარჩებიან ამერიკული ინტერესის ობიექტებად (თუმცა ბრძოლა ცვალებადი წარმატებებით უფრო ჩინეთთან იქნება, ვიდრე რუსეთთან). ევროპის ენერგობაზარი კარგ მდგომარეობაში უნდა იყოს. ტექნოლოგიური ცვლილებები ნახშირწყალბადის არატრადიციულ ფორმებს გამოყენების პროცესში უფრო იაფს გახდის. რუსეთის მონოპოლია მილსადენებით გაზის მიწოდებაზე აღმოსავლეთიდან – დასავლეთისკენ, როგორც ჩანს წარსულის მოსაწყენ გადმონაშთად უფრო გადაიქცევა, ვიდრე საფრთხედ. შეშფოთების სერიოზული მიზეზი იქნება არა რუსეთის ძალა, არამედ მისი სისუსტე. ცენტრალური აზიის ქვეყნები დასავლეთსა და ჩინეთში ექსპორტს პირდაპირ განახორციელებენ, ხოლო რუსეთი მის საექსპორტო მოლოდინებთან სიტუაციის შესაბამისობისთვის იბრძოლებს.

 

2020 წლისთვის რუსეთის პოზიციების ვარდნა საგრძნობი გახდება. სამხედრო მოდერნიზაციის გეგმა ჩავარდება. სერჟანტთა შემადგენლობიდან ასი ათასზე მეტი სამხედროს შეკრება და გაწვრთნა (პროფესიულ, მოქნილ, მობილურ და თანამედროვე არმიაზე გადასვლისთვის ერთადერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ელემენტი) ადამიანური თვალსაზრისით შეუძლებელი აღმოჩნდება. სამხედრო-საწარმოო კომპლექსს პრობლემები ექნება და ძველებურად ვერ შესძლებს რუსეთის საჭირო  შეიარაღებითა და პლატფორმებით უზრუნველყოფას. რუსეთი გარკვეულ იარაღს უცხოეთში იყიდის (ამის მაცნე საფრანგეთისთვის ”მისტრალის” დაკვეთაა), მაგრამ მას არ ეყოფა ფული იმ ყველაფრის საყიდლად, რაც აუცილებელია. ნავთობიდან მიღებული შემოსავლები ნავთობისა და გაზის დაზვერვასა და საბადოების დამუშავებაში ინვესტიციების დეფიციტის შესაბამისად შემცირდება.

 

რუსეთი ბრაზილიის, ინდოეთისა და ჩინეთის უკან მოექცევა და შეეცდება მეორე დონის განვითარებულ ეკონომიკებს გაუსწორდეს, როგორებიცაა ვიეტნამი და ნიგერია. ჩვეულებრივი შეიარაღების ხარვეზების კომპენსაციის გამო, ის სულ უფრო მეტად დამოკიდებული გახდება სულ უფრო შემცირებულ ბირთვული შეიარღების არსენალზე (როგორც სამხედრო, ასევე სტრატეგიული). უცხოეთში მისი ძალის დემონსტრირების შესაძლებლობათა დიაპაზონი მოექცევა სუსტს და არანაირს შორის.

 

თუმცა რუსეთი მეზობლებისთვის კვლავ საფრთხედ დარჩება. ამერიკის დარჩენილი ჩართულობა ევროპის უსაფრთხოების საკითხებში ბალტიის რეგიონში გამოვლინდება: ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და პოლონეთი ნატო-ს იმ ერთადერთ კომპონენტად რჩება, რომელსაც მართლაც სჭირდება რუსეთისგან დაცვა, მაგრამ 2020 წლისთვის ამ ტიპის დაზღვევა დიდწილად განისაზღვრება უპილოტო თვითმფრინავებით, ჯარისკაცი-რობოტებით, ანტი-სარაკეტო თავდაცვის ელემენტებით, რადიო-ელექტრონული დაბრკოლებების შექმნის აღჭურვილობით, ასევე ჯარისკაცის ჩექმაზე მეტად – ადამიანის გონებრივი რესურსით.

 

ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკა კვლავ მოუწესრიგებელი იქნება. ახალი გეგმები არაფერს მოიტანს, ძველი ორგანიზაციები, მაგალითად ეუთო, არ იმუშავებს. მაგრამ ამით არავინ შეწუხდება. უსაფრთხოების პოლიტიკაში, როგორც სჩანს  ყველაზე მნიშვნელოვანი ტერორიზმთან ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება და არალეგალური იმიგრაცია იქნება და არა შეიარაღებული ძალების განთავსება პოტენციურ სამხედრო საფრთხესთან საბრძოლველად. ადრე თუ გვიან ევროპა გამოფხიზლდება მცდარი პოსტმოდერნისტული წარმოდგენებისგან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს 2020 წლისთვის მოხდება.

მსოფლიოში საცხოვრებლად, კერძოდ ცხოვრების დონის, სამედიცინო მომსახურების, განათლებისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, საუკეთესო ადგილი ევროკავშირი იქნება, მაგრამ მისი ჩრდილოეთ ნაწილი უკეთ იგრძნობს თავს, ვიდრე სამხრეთი. 2020 წლისთვის რვა ”პოსტ-კომუნისტური” ქვეყანა ამ მახასიათებლისგან გათავისუფლდება. ცენტრალური ევროპის ქვეყნები და ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფო გაუსწრებს პორტუგალიის, საბერძნეთის და ესპანეთის ვალებით დამძიმებულ და მოუქნელ ეკონომიკებს და სწრაფად აიღებს გეზს იტალიის დონისკენ. ამ ქვეყნების მმართველები იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კომუნისტურ პერიოდზე მხოლოდ ბავშვობის ბუნდოვანი მოგონებებიღა ექნებათ, ან ის დრო საერთოდ არ ემახსოვრებათ. ისინი იგივე ხარისხის სახელმწიფო და საზოგადოებრივ მომსახურებას მოითხოვენ, რაც მეზობელ ქვეყნებშია და მიიღებენ მას. ევროს ყველა მიიღებს (თუმცა სამხრეთ-ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ შეიძლება პირიქით, მასზე უარი სთქვას).

 

2020 წლისთვის ევროპას განსხვავებული იერი ექნება: მეტი მრავალფეროვნება და მეტი მუსულმანი ახალგაზრდა თაობაში, უფრო მაღალ ასაკობრივ კატეგორიაში კი კვლავ თეთრები და არარელიგიური ადამიანები იქნებიან, მაგრამ ეს ძალის ნიშანი იქნება და არა სისუსტის. კონტინენტური ევროპის ზოგიერთ ქალაქში პოლარული ეთნიკური და რელიგიური დასახლებების ზღვარი ნელ-ნელა წაიშლება: მომავალი დაახლოებით ისეთი იქნება, როგორიც დღეს ლონდონია და არა ანტვერპენი. ყველაზე დიდი სოციალური პრობლემები ევროპის აღმოსავლეთში იქნება, ვიდრე დასავლეთში: ბულგარეთში, ჩეხეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში სწრაფად მზარდი ბოშური მოსახლეობის ბედი. შემსუბუქებული პოლიტიკის პირობებშიც კი, 2020 წელსაც ევროპას მოუწევს ამ ტიპის პრობლემებთან ათწლეულობით უდიერი დამოკიდებულების შედეგებთან ბრძოლა.

[foreignpress.ge]