„ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე დღით საპარლამენტო ცხოვრებაზე ისევ უარს აცხადებს. რამდენიმე საათის წინ, პროტესტის ნიშნად, უმცირესობის ლიდერებმა პლენარული სხდომა დატოვეს და უკვე თბილისში გაემგზავრნენ. უმცირესობის გაღიზიანების მიზეზი - „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენიას, ფინანსთა ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურისა და კომპანია „თელასის“ გენერალური დირექტორის, დევი კანდელაკის დააკავებებია. ამასთან, ოპოზიცია განსაკუთრებით იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ ქუთაისში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ესკორტს ქვები დაუშინეს.
ამ ინციდენტებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ, გიორგი ბარამიძემ, გიორგი ვაშაძემ და გოკა გაბაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთეს.
დავით ბაქრაძის შეფასებით, დღეს საქართველოში რამდენიმე მოვლენა მოხდა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას განსაზღვრავს.
„დილიდან დაკითხვაზე იყო დაბარებული სააპელიაციო სასამართლოს თავმჯდომარე, ამას მოჰყვა პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ თავდასხმის მცდელობა, რომელსაც ადგილი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერთა მხრიდან ჰქონდა. ამას გარდა, ყველაზე პოპულარული და თავისუფალი ტელევიზიის „რუსთავი 2“-ის დირექტორი დაკავეს. დაპატიმრებები კი, იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა რეალურად იმ ზღვარს მიადგა, სადაც დემოკრატია აღარ არის და რომლის იქითაც განსხვავებული აზრის განადგურება ხდება“, - აცხადებს ყოფილი სპიკერი.
„რუსთავის 2“-ის გენდირექტორის დაკავებაზე განსაკუთრებული ყურადღება გოკა გაბაშვილმა გაამახვილა და განაცხადა, რომ ხელისუფლების მიზანი, დამოუკიდებელი მედიის მოსპობაა.
„ღია დადასტურება ხდება იმისა, რომ პოლიტიკური ანგარისწორებასა და რევანშს აქვს ადგილი. იუსტიციის მინისტრი იმაზე საუბრობს, რომ მისი მთავარი მიზანი ოპოზიციის განადგურებაა. ამით კი, ყველაფერი ნათქვამია. ამას გარდა, პრემიერი ამბობდა, რომ ოპოზიცია რიტორიკას თუ არ შეიცვლის, პროკურატურის გზით ვიმოქმედებთო. ივანიშვილი იმ ტელევიიზიის წინააღმდეგ ლაშქრობს, რომელსაც ვერ და არ აკონტროლებს. ხელისუფლებამ ბრძოლა წესების გარეშე გამოაცხადა. ფაქტია, რომ ქვეყანაში ახალი მიჯნაა და ამ ეტაპზე, პარლამენტს ვტოვებთ და რა გზას მივმართოთ, ამაზე ვიმსჯელებთ“, - განაცხადა გაბაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ უმცირესობის ლიდერთა განცხადებების პათოსი იდენტური იყო. თუმცა, გამოსვლისას გიორგი ვაშაძემ აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ ხელისუფლებას ქმედებებზე პასუხები დროულად უნდა გაეცეს.
„თუ დღეს ხელისუფლებას კონკრეტულ პასუხს არ გავცემთ, სამწუხაროდ, ხვალ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ეს მკაცრი სადამსჯელო ქმედებები, რომელიც სახელმწიფოს წინაღმდეგ მოქმედებს, ერთიანი ძალისხმევით უნდა შევაჩეროთ“, - დასძინა დეპუტატმა.
From.ge დაინტერესდა თავისუფალ მედიაზე იყო თუ არა შეტევა მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში, ტელეკომპანია „იმედი“ დაარბიეს და ჟურნალისტები იატაკზე „დაყარეს“, რაზეც მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ შეცდომების გამო, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხმა პასუხი უკვე გასცა.
„ასეთი მიდგომა მიღებული არ არის. ამჟამად, ის არის მნიშვნელოვანი ქვეყანა თუ სად მიდის - დემოკარტიისკენ თუ დიქტატურისკენ. შეცდომები გვქონდა და მათგან განსხვავებით, არ დაგვიმალავს. მიმდინარე პროცესებზე ადეკვატური რეაქცია დავით უსუფაშვილს ჰქონდა და იმედი მაქვს, რომ ინფორმაციას მიიღებს თუ რატომ უნდოდათ პრეზიდენტზე თავდასხმა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
აღსანიშნავი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარი ინციდენტით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაინტერესდა და სამართალდამცველ უწყებებს ინფორმაციის მოხსენებისკენ მოუწოდა.
„პარლამენტში შესვენების დროს, 16:00-დან 17:00 საათამდე, როდესაც უმცირესობის წევრები ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში იმყოფებოდნენ, სადაც პარტიის ლიდერთან მიხეილ სააკაშვილთან იყო შეხვედრა, ამ დროს ქუჩაში გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. როგორც მეუბნებიან, მოქალაქეების ჯგუფსა და პარლამენტის წევრებს შორის ინცინდეტი შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. იყო პრობლემა. მივმართავ სამართალდამცველ ორგანოებს, მოხსენდეს პარლამენტს იმის თაობაზე, თუ რა მოხდა დღეს „ნაციონალების“ ოფისთან. თუ ჩვენ - ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც ერთხელ და სამუდამოდ არ დავამკვიდრეთ სტანდარტი, ძალიან მალე ძალიან ცუდ შედეგებს მივიღებთ. უმრავლესობის მოვალეობაა, რომ აღკვეთოს ეს თუ ასე იყო, რასაც მეუბნებიან. მოქალაქის აზრის გამოხატვის თავისუფლება არის უზენაესი, მაგრამ როცა საქმე ეხება რაღაცის ბლოკირებას და პარლამენტის წევრთან ფიზიკურ შეხებას, ეს არის დაუშვებელი. არ ვიცი, სად იყო ამ დროს პოლიცია და თუ იყო, რატომ არ იყო აღკვეთილი. თუ ამ საქმეში ჩარეულია ვინმე პოლიტიკური ფიგურა, მე მგონი პარლამენტის ღირსების საქმეა, მოვითხოვოთ ბოლომდე გარკვევა. უმრავლესობას მინდა, მივმართო, გაიხსენეთ რა დღეში ვიყავით ორი თვის წინ, რა დღე გამოვიარეთ ამ ტიპის პრობლმების გამო. ეს ამბავი არ უნდა განმეორდეს ამ ქვეყანაში“, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალების“ რამდენიმე დღიანი პროტესტი პრეცედენტი არ არის, რადგან დაახლოებით ერთი თვის წინ, ყოფილი ძალოვანი მინისტრის ბაჩო ახალაიასა და გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გიგი კალანდაძის დაკავების ფაქტი, უმცირესობამ გააპროტესტა და დაახლოებით ხუთი დღით საპარლამენტო საქმიანობაზე უარი განაცხადა, მაგრამ იმ დროს, მათ პროტესტს შაბათ-კვირა დაემთხვა. ამ შემთხვევაში კი, მიმდინარე კვირის პარასკევს საშემოდგომო სესია უნდა დაიხუროს და 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებაც უნდა მოხდეს. შესაბამისად, პარლამენტში ოპოზიციის აქტიურობის გარეშე, სხდომები რუტინულ რეჟიმში წარიმართება.