გაქცეული პრეზიდენტი და მიმალული გენერალური მდივანი

გაქცეული პრეზიდენტი და მიმალული გენერალური მდივანი

გასულ წელს საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის მორიგი ყრილობა ჩატარდა და სპორტის ამ სახეობის პრეზიდენტად ბატონი დავით ბურჭულაძე მოგვევლინა. სიტყვა „მოგვევლინა“ ვახსენე, რადგან ეს პიროვნება ქართული „პინგ-პონგის“ სამყაროს იძულებითი წესით დაუნიშნეს და ფედერაციის წევრებს აზრი არავინ ჰკითხა.

ახალი პრეზიდენტი დიდი დაპირებებით კი მოვიდა, მაგრამ შემდეგ მოვლენები იმგვარად წარიმართა, ნიჭიერი მწერალი კარგ დეტექტიურ ნაწარმოებს დაწერდა. მოკლედ რომ გითხრათ, ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ბურჭულაძე გამქრალია და ფედერაციის წარმომადგენლები მას უშედეგოდ ეძებენ.

ქართული მაგიდის ჩოგბურთის ოჯახის წევრების მოთმინების ფიალა ბოლოს და ბოლოს აივსო და 23 დეკემბერს რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა დანიშნეს.

მაინც რა მდგომარეობაა საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციაში, როგორ ემზადებიან მომავალი ყრილობისთვის და რამდენად რეალურია ყოფილი თავკაცისგან მისი ჩაშლა? ამ თემებზე სასაუბროდ საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ბატონ იური გონაძეს ვესტუმრეთ.

ბატონო იური, თქვენი ფედერაციის ირგვლივ მართლაც რომ დაუჯერებელი ამბები ტრიალებს...

- მართალს ბრძანებთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში ისეთ უცნაურ მდგომარეობაში აღვმოჩნდით, ცუდ სიზმარშიც რომ არ დამესიზმრებოდა. გაგიკვირდებათ და... პრეზიდენტი დავკარგეთ. ამ პიროვნებას ნახევარი წლის განმავლობაში უშედეგოდ ვეძებთ. საბედნიეროდ, ვიცით რომ ბატონი დავითი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს. გაურკვეველი მიზეზების გამო ჩვენთან არანაირ კონტაქტზე არ გამოდის და ფედერაცია უპატრონოდ ჰყავს მიტოვებული.

ნება მომეცით ცოტა თავიდან დავიწყო. გასულ წელს საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის საარჩევნო ყრილობა დაინიშნა და დავით ბურჭულაძე ლადო ვარძელაშვილმა იძულებითი წესით დაგვინიშნა. ალბათ იკითხავთ, ხმა რატომ არ ამოიღეთო. ვინ გალაპარაკებდა ან ვინ მოგისმენდა?! ბურჭულაძე ვარძელაშვილის ახლობელი ბრძანდებოდა და ამ უკანასკნელმაც მისი კანდიდატურა თავს მოგვახვია.

დავით ბურჭულაძე დიდი დაპირებებით კი მოვიდა, მაგრამ თანამდებობის დაკავების შემდეგ თვალით თითქმის აღარ გვინახავს. მიმდინარე წლის მაისში კი საერთოდ დაგვეკარგა.

ცოტა უცნაურია, 21-ე საუკუნეში ადამიანის პოვნას რომ ვერ ახერხებთ?

- საუბედუროდ, ეს მწარე სიმართლეა. მობილური ტელეფონით ვერ ვუკავშირდებით. რამდენჯერმე სახლშიც დავადექით მაგრამ არ დაგხვდა. ოჯახის წევრები შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად დაგვიკავშირდებოდა, მაგრამ პრეზიდენტმა „ფეხზე დაგვიკიდა“. მის საცხოვრებელ სახლთან სადღეღამისო მორიგეობას ნამდვილად ვერ დავაწესებდით. ალბათ თავად უნდა ჰქონოდა იმისი შეგნება და სინდისი რომ ჩვენთან კონტაქტზე გამოსულიყო.

უფრო მეტსაც გეტყვით - ასევე გამქრალია ფედერაციის გენერალური მდივანი ხათუნა ფირცხალავა. ამ ქალბატონის ხელში ფედერაციის ოფიციალური ბეჭედი და საბუთები ინახება. ჩვენი ინფორმაციით, ფირცხალავამ მუშაობა პოლიციაში დაიწყო და მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციისთვის აღარ სცალია. ამ ორი პიროვნების მიმართ არაერთი შეკითხვა გაგვაჩნია, მაგრამ რად გინდა, მათთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ.

მაინც რა შეკითხვები გაგაჩნიათ?

- არაერთი. მოგეხსენებათ რამდენიმე დღეში 2012 წელი დასრულდება და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბუღალტერია მიმდინარე წლის ფინანსურ ანგარიშს გვთხოვს. არ დაიჯერებთ და არცერთი საბუთი ხელზე არ გაგვაჩნია. უკვე მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ თუ ფინანსურ ანგარიშს დროულად არ წარვადგენთ, ჩვენი ფედერაციის არსებობის საკითხი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

ბურჭულაძის პერიოდში აღმასკომის არცერთი სხდომა არ ჩატარებულა. მისი ხელმძღვანელობით ასევე არცერთი შეჯიბრება არ გამართულა. ცოტა ხნის წინ ე.წ. „მეგობრული თამაშები“ ჩატარდა. ამ შეჯიბრებას „არენას“ სპორტულმა დარბაზმა უმასპინძლა. საინტერესოა, რომ მასში საქართველოს რამდენიმე ქალაქის სხვადასხვა ასაკის სპორტსმენებმა იასპარეზეს. მათ ფედერაციაში არსებული ვითარების შესახებ კარგად იცოდნენ და ტურნირი საკუთარი სახსრებით გამართეს. ამაზე დიდი სირცხვილი სად გინახავთ? საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია განზე იდგა და მწვრთნელ-სპორტსმენებმა ტურნირი, კვება და სასტუმროში ცხოვრება თავადვე დააფინანსეს. ხათუნა ფირცხალავა მხოლოდ დაჯილდოების დროს გამოცხადდა, დიპლომები სწრაფად დაარიგა და სანამ მასთან გასაუბრებას შევძლებდით ელვის სისწრაფით გაგვეცალა. ისე მალე გაიქცა, რომ მაგალითად, თელაველ სპორტსმენებს სამივლინებო ფურცელზე ბეჭედიც კი არ ჩაურტყა.

ამის გარდა, გარკვეული ხნის წინ მაგიდის ჩოგბურთის ევროპის ფედერაციამ ყოველწლიური საწევროს გადასახადად ათასი ევრო გადმოგვირიცხა. ამ თანხიდან 960 ევრო საწევროს სახით უნდა შეგვეტანა. გაგიკვირდებათ და, ფული უკვალოდაა გამქრალი. ბურჭულაძესა და ფირცხალავას ვერ ვუკავშირდებით, რათა ამ საკითხის ირგვლივ პასუხი გაგვცენ. ევროპიდან რეგულარულად გვეხმიანებიან და „სად გაქრა ჩვენს მიერ გადმორიცხული ფული?“ - გვეკითხებიან. ბოლო წერილში კი პირდაპირ მოგვწერეს, რომ ჩვენ არასერიოზული ხალხი ვართ.

კიდევ ერთი... ვინაიდან ბოლო წლის ყველანაირი საბუთები გამქრალია, ეჭვი გვაქვს, რომ ბურჭულაძემ და მისმა კომპანიამ ჩვენთვის გამოყოფილი თანხები გაანიავა.

ერთსაც გეტყვით - თავის დროზე იძახოდნენ, რომ ბურჭულაძის გაუჩინარების მიზეზი ის გახლდათ, რომ მასსა და ვარძელაშვილს შორის თითქოს კონფლიქტი მოხდა. ერთხელ ფირცხალავა დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ პრეზიდენტს გადადგომის შესახებ განცხადება დაწერილი ჰქონია. ვარძელაშვილის წასვლის შემდეგ მოვიძიეთ და ეს ფურცელი ვერსად ვნახეთ.

თქვენი პრობლემების შესახებ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელმძღვანელობა თუ ჩააყენეთ საქმის კურსში?

- რასაკვირველია! ჩვენი გასაჭირი ყველამ კარგად იცის და გულთან ახლოსაც მიიტანა. ცოტა ხნის წინ საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციაში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა და ახალი რიგგარეშე ყრილობის ჩატარება გადავწყვიტეთ. ფედერაციის წევრი 36 სუბიექტია და აქედან ამ მოთხოვნას ხელი 26-მა მოაწერა. რასაკვირველია, მათ რიცხვში არ შედის აღმასკომის ის 6-7 წევრი, რომლებსაც მაგიდის ჩოგბურთთან არანაირი შეხება არ გააჩნია და ბურჭულაძემ პირადი ნაცნობობით დააკომპლექტა. ყოველი შემთხვევისთვის, ყრილობაზე მოწვევა ამ პიროვნებებსაც გავუგზავნეთ.

როდესაც ეს ინფორმაცია გაიგო, „დაკარგული“ ფირცხალავა დაგვიკავშირდა და ყრილობას ჩაგიშლითო დაგვემუქრა. ამ ქალბატონის ნამდვილად არ გვეშინია. მობრძანდეს და როგორც აურევს ამას თავადვე შეხედავს. ქართული მაგიდის ჩოგბურთის ოჯახი დღეს გაერთიანებულია და სპორტის ამ სახეობის განვითარება სურს.

საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა ვინ წამოაყენა?

- ალბათ გაგიგიათ ბიზნესმენ კახაბერ გუგეშაშვილის სახელი. ეს ადამიანი თავად ყოფილი სპორტსმენია და მაგიდის ჩოგბურთის აღორძინება სურს. ნაძალადევის რაიონში მაგიდის ჩოგბურთის კლუბი ჩამოაყალიბა, სადაც ყოველდღიურად ასობით მოზარდი ვარჯიშობს. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ ფედერაციის საქმიანობაში 250 ათასი ლარი ჩადოს, მოიძიოს სპონსორები და შემოიკრიბოს სპორტის ამ სახეობის ნამდვილი პროფესიონალები.

მიმდინარე წელს თბილისში, კორეელი მანდილოსანი სუ იონ ლი გახლდათ ჩამოსული. ეს ლამაზმანი მიხეილ სააკაშვილმა „აღმოაჩინა“ და საქართველოში მაგიდის ჩოგბურთის ასაღორძინებლად დაპატიჟა. რას საქმიანობს ეს პიროვნება. გეხმარებათ?

- რა დახმარება და რა აღორძინება?! ეს სააკაშვილის მორიგი პიარი და ახირება გახლდათ. თბილისში რამდენიმე დღით ჩამობრძანდა, „არენას“ სპორტულ დარბაზში მოზარდებთან ცოტა წაივარჯიშა, ბანკეტზე გემრიელად იქეიფა, ქართული სუვენირებით დაიტვირთა და სამუდამოდ გაუჩინარდა. იმ დღეებში იწერებოდა, რომ ქალბატონი ლი მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ. არანაირი გამარჯვებული ის არ იყო. უბრალოდ სააკაშვილს მოეწონა და ჩვენს ქვეყანაში ჩამოიყვანა.

ამჟამად საქართველოში მაგიდის ჩოგბურთი როგორ არის განვითარებული?

- სამწუხაროდ ძველი ტრადიციები ნაწილობრივ დავკარგეთ. სპორტის ეს სახეობა ძირითადად რვა ქალაქშია გავრცელებული. მოქმედ სპორტსმენთა რაოდენობა კი დაახლოებით 100-ს შეადგენს. დანარჩენებს ალბათ არ ეწყინებათ და რამდენიმე მათგანი მსურს რომ გამოვყო: სერგო პეტრიძე, ბექა ტაბაღუა და თიკო გრაკალიშვილი. განსაკუთრებული ქების ღირსია 12 წლის ლევან პავლიაშვილი. ეს ჭაბუკი თავის ასაკობრივ ჯგუფში ამიერკავკასიის რეგიონში უძლიერესია და მომავალში მისი დიდი იმედი გაგვაჩნია.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ქართულ მაგიდის ჩოგბურთს მძიმე დღეები ედგა. დარწმუნებული ვარ, 23 დეკემბრის შემდეგ მისი გონივრული განვითარება მოხდება, ბურჭულაძე-ფუირცხალავას „ბნელი“ პერიოდი წარსულს სამუდამოდ ჩაბარდება და გულშემატკივრებს არაერთხელ გავახარებთ.