მედიის მიმართ პოლიტიკოსების ინტერესი შიშითა და სარგებლის სურვილით აიხსნება

მედიის მიმართ პოლიტიკოსების ინტერესი შიშითა და სარგებლის სურვილით აიხსნება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის _ ,,მედიაბიზნესი საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.

კვლევის თანახმად ირკვევა, რომ მედია სფეროს ორი უდიდესი ფუნქცია აქვს: უპირველეს ყოვლისა, მედია არის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციას საზოგადოებაში, მეორე მხრივ კი, ის არის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ბიზნესი ყველა ქვეყანაში.

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მედიის მიმართ პოლიტიკოსების ინტერესი ძალიან მაღალია, რაც შიშითა და სარგებლის სურვილით აიხსნება.

For.ge-ს ესაუბრა ნათია კაპანაძე, საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი. მისი თქმით, 26 საჯარო დაწესებულებიდან (მათ შორის, სასამართლოდან, სამინისტროებიდან და ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე დაწესებულებიდან) საიამ გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი მედიაორგანიზაციის მომსახურებით სარგებლობდნენ ეს ორგანიზაციები. აღმოჩნდა, რომ 26 დაწესებულებიდან მხოლოდ ექვსი იყო დაინტერესებული, შეესყიდა ჟურნალ-გაზეთები. ამასთან, საიას ინტერესის სფერო იყო  გახმაურებული ფაქტები, რომლებიც ტელევიზიის გარშემო განვითარდა, ეს იყო წილების გასხვისება, წილების მფლობელობა თუ საქმიანობაში ხელშეშლა.

გამოიკვეთა, რომ მედიისა და პოლიტიკოსების კავშირები, ხშირ შემთხვევაში, უარყოფით გავლენას ახდენს მედიაბაზრის განვითარებაზე, ხოლო მაუწყებლების დაფინანსების გაუმჭვირვალობა მომხმარებლის თვალში უნდობლობას იწვევს. ამდენად, ახალგაზრდა იურისტების აზრით, უმჯობესია, დაფინანსების წესთან დაკავშირებით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდეს და ფინანსური ნაწილი ბევრად გამჭვირვალე იყოს. გარდა ამისა, უმჯობესია, მედიაორგანიზაციასა და პოლიტიკოსებს შორის კავშირები ნაკლები იყოს, რათა ხელი შეეწყოს გამოხატვის თავისუფლებას.

ჩვენს შეკითხვაზე, საჯარო მოხელეები რატომ არ ინტერესდებოდნენ მედიამომსახურებით და რატომ ამჯობინებდნენ ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნას, ხომ არ იყო ეს ყოფილი ხელისუფლების დირექტივა, რომ საჯარო მოხელეებს არ გამოეწერათ ჟურნალ-გაზეთები, ნათია კაპანაძე ამას არ გამორიცხავს.  

„ხშირად საუბრობენ პრეზიდენტის ზეპირ განკარგულებაზე, რათა ჟურნალ-გაზეთების შესყიდვა არ მომხდარიყო. სხვადასხვა მიზეზს შეიძლება უკავშირდებოდეს, თუ რატომ არ იყო დაინტერესებული სხვადასხვა საჯარო დაწესებულება ბეჭდური მედიით, თუმცა ვთვლით, რომ ეს დაბალი ინტერესი ერთგვარ პრობლემას უქმნის მედიას. ამიტომ დაფინანსებისა და გრანტების გაცემის ნაცვლად, უმჯობესია, მედიაორგანიზაციების მომსახურების შესყიდვა მოხდეს და არა _ გრანტის სახით დაფინანსება, რაც შეიძლება, ეჭვებსაც აჩენდეს საზოგადოებაში,“_მიიჩნევს საიას მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკოსები ინტერესდებიან, მათ მფლობელობაში იყოს ესა თუ ის მედიაორგანიზაცია, რათა უფრო მარტივად მიაწოდონ საკუთარი მოსაზრებები საზოგადოებას. ეს მსოფლიოში დადასტურებული ტენდენციაა და ასევეა საქართველოშიც. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მკვეთრად შეიცვალა პოლიტიკური კურსი, იმის მომსწრე გავხდით, რომ ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ სამაუწყებლო ბადის შეცვლა გადაწყვიტა. მაგალითად, ნაციონალებმა გასართობი გადაცემები დახურეს და გასართობმა ტელევიზიამ საინფორმაციო დატვირთვა შეიძინა. რამდენიმე მათგანი გასხვისდა კიდეც.

რაც შეეხება ჩვენს დაინტერესებას, ყველაზე მეტად რომელი მედიასაშუალების ხელში ჩაგდებას ფიქრობდნენ ყოფილი ხელისუფალნი, ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყველაზე დიდი ეჭვები გაჩნდა ტელეკომპანია „იმედის“ საქმესთან დაკავშირებით. ყველასათვის ცნობილია, რომ ეს ორგანიზაცია დააარსა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვიულმა, მოგვიანებით მის ოჯახს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ემართა კომპანია და აბსოლუტურად გაურკვეველ ვითარებაში დათმო ოჯახმა ბიზნესი. არჩევნების შემდეგ კი სიმბოლურ სამ ლარად დაუბრუნდა ოჯახს ეს ქონება და სამაუწყებლო ბიზნესი.

„იმ საჯარო დაწესებულებებიდან, რომელიც ჩვენ გამოვიკვლიეთ, ყველაზე მეტი თანხები გაიცა ტელეკომანია „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ მომსახურებაზე“.

გარდა ამისა, ნათია კაპანაძე აცხადებს, რომ მათი ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი შეზღუდვები განხორციელდა „სტერეო პლუსზე“, როცა ბეჟუაშვილების კომპანია ჩაერთო მართვაში და დავით ზილფიმიანს არ ჰქონდა თავისი მედიასაშუალების თავისუფლად განკარგვის შესაძლებლობა, იგი კანონის ნორმათა დარღვევით გადააყენეს დირექტორობის თანამდებობიდან. ასევე, ერთ-ერთი შემთხვევა იყო სტუდია „მაესტროსა“და შპს. „გლობალ კონტაქტ კონსალტინგისთვის“ ხელშეშლის ფაქტი. ასი ათასამდე სატელიტური ანტენა დაყადაღდა არჩევნებამდე, თუმცა არჩევნების შემდეგ არ გამოვლინდა ამ კომპანიების ბრალეულობა და დაიწყო განყადაღების პროცესი ორივე კომპანიის კუთვნილი ტექნიკის მიმართ. ამ შემთხვევაში, მათ დასაყადაღებლად მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ამ კერძო კომპანიების პოლიტიკურმა კურსმა.