დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად მან უკანასკნელ პერიოდში გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მის აპარატში ორი ძირითადი მიმართულებაა - კონფლიქტების მოგვარება და სამოქალაქო ინტეგრაცია, რაშიც პირველ რიგში ეთნიკურ უმცირესობათა სახელმწიფოს სხეულში ინტეგრირება იგულისხმება და ასევე რელიგიური უმცირესობების ინტეგრირებასაც მოიცავს.
პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ვინაიდან კონფლიქტების დარეგულირების მიმართულებით უფრო რთულია ნაბიჯების გადადგმა, ამიტომ მისი სამინისტროს საქმიანობის 60-70% დღეს უფრო ინტეგრაციის მიმართულებით არის დატვირთული. ვინაიდან ამ სფეროში ძალიან ბევრია გასაკეთებელი, ამიტომ მინისტრს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოუწია ჩასვლა.
„მე გახლდით მარნეულში, ნინოწმინდაში, სადაც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდი. ასევე ვიყავი პანიკისის ხეობაში, ბათუმში, სადაც ეთნიკურ აფხაზებს შევხვდი, რომლებიც იქ საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ. მე მათი პრობლემები მოვისმინე, რადგან გვინდა მომავალი წლის გეგმებში ინტეგრაციის მიმართულებით უფრო კონკრეტული ღონისძიებები გატარდეს“, - ამბობს მინისტრი.
მისი თქმით, შესაძლოა სამინისტროს სახელწოდება შეეცვალოს, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ვარიანტი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სამინისტროს სახელმწოდების შეცვლა გამოიწვია იმან, რომ სიტყვა რეინტეგრაცია ჰაერში გამოკიდებული ცნებაა, არანაირ რეალობას არ შეესაბამება და არ ასახავს იმ საქმიანობას, რაც ამ სამინისტროს ეკისრება. მინისტრის თქმით, რეინტეგრაცია გულისხმობს იმას, რომ არსებობდა რაღაც ინტეგრაცია, რომელიც შეწყდა და ახლა კვლავ იწყება რეინტეგრაცია.
„ამ სამინისტროსთვის სახელის შეცვლა მიმაჩნია იმ რიგის ერთ-ერთი შეცდომად (არა მნიშვნელოვნად, მაგრამ მაინც შეცდომად), რომელმაც საბოლოო ჯამში აგვისტოს ომამდე მიგვიყვანა. სამინისტროს სახელი 2008 წლის თებერვალში შეეცვალა, მანამდე ერქვა სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, რაც მაშინ არსებულ რეალობას შეესაბამებოდა. სახელის შეცვლით პრაქტიკულად გაწყდა ყოველგვარი კონტაქტები აფხაზურ და ოსურ მხარეებთან, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ეს ყველაფერი მათთვის გაკეთდა. მაშინ კომენტარებშიც ასე ითქვა, რომ ქართველებს ოსებსა და აფხაზებთან კონფლიქტი არ აქვთ, ჩვენს შორის უბრალოდ ინტეგრაციის პრობლემა არსებობს“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, აფხაზები და ოსები საქართველოს მოსახლეობასთან ინტეგრირებულები მხოლოდ საბჭოთა პერიოდში იყვნენ და ამიტომ რეინტეგრაცია არასწორი ფორმულირებაა. შესაბამისად, ამ სამინისტროს სახელწოდებაში სავარაუდოდ სიტყვა ინტეგრაცია საერთოდ არ იქნება ნახსენები და საბოლოოდ მიიღება სახელწოდება, რომელიც არსებულ რეალობას უფრო შეესაბამება.
პაატა ზაქარეიშვილი მის სამომავლო გეგმებზეც საუბრობს. მისი თქმით, კონფლიქტების მოგვარება საკმაოდ რთული პროცესია და ამ პროცესში თითოეული ნაბიჯის მომზადებას სჭირდება დრო, შემდეგ ამ ნაბიჯის გადადგმას და ბოლოს მეორე მხარისგან ამ ნაბიჯის მიღებასაც საკმაო დრო სჭირდება. მინისტრის თქმით, ქართულმა მხარემ გარკვეულ ნაბიჯები უკვე გადადგა და ახლა ამ ნაბიჯების შედეგებს ელოდება. ზაქარეიშვილის განცხადებით, კონკრეტული შედეგებიც სახეზეა. კერძოდ, უკვე შედგა ჟენევის მორიგი რაუნდის შეხვედრა, რომელზეც საკმაოდ საინტერესო მასალები იქნა განხილული. მინისტრი მიიჩნევს, რომ აფხაზებმა და ოსებმა მოვლენებს გაასწრეს და ამით ქართული მხარის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარეს.
„მოგეხსენებათ, ჟენევის ფორმატში არ არსებობს არავითარი ჯგუფები, ან მხარეები, არსებობენ მხოლოდ მონაწილეები. მონაწილეები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ადგნენ და გავიდნენ მაშინ, როდესაც ქართველი მონაწილეები კონკრეტულ თემებზე საუბარს აპირებდნენ. ამდენად, აღმოჩნდა, რომ ისინი კონკრეტულ თემებზე სასაუბროდ მზად არ იყვნენ. მათ მერე რუსი მონაწილეებიც მიჰყვნენ. შესაძლოა, ამოცანა იყო ის, რომ სესია ჩაშლილიყო, მაგრამ სესია არ ჩაშლილა, რადგან იქ რვა სუბიექტია. იქ არიან გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები. ამიტომ სესია მაინც შედგა, დღის წესრიგი ამოიწურა და დასრულდა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, აფხაზები, რუსები და ოსები არ იყვნენ მზად, საქართველოს ახალ მთავრობასთან კონსტრუქციული საუბარი ჰქონოდათ, ამდენ ხანს ისინი მიჩვეულები იყვნენ, რომ სააკაშვილი მათ არათუ არ ელაპარაკებოდა, არამედ საერთოდ ადამიანებად არ თვლიდა. უკეთეს შემთხვევაში საქართველოს წინა ხელისუფლება მათ მარიონეტებს უწოდებდა, ახლა კი ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ და შესთავაზეს მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს კონკრეტულ საკითხებზე, ტექნიკურ დეტალებზე ესაუბრათ, რისთვისაც ისინი მზად არ აღმოჩნდნენ. პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ყველა შემთხვევაში ამ შეხვედრას შედეგი ჰქონდა, რადგან აქამდე სიტუაცია სტატიკური იყო, ახლა კი ამ პროცესში დინამიკა გაჩნდა. მისი თქმით, მარტის ბოლომდე (ანუ ჟენევის მომდევნო მოლაპარაკებამდე) ქართული მხარის მიერ გადადგმულ ნებისმიერი ნაბიჯზე რუსების, ოსების ან აფხაზების კრიტიკა იქნება უსუსური, რადგან ქართულ მხარეს ექნება არგუმენტი, რომ ეს თემა ჟენევაში სასაუბროდ ჩაიტანეს, მაგრამ მას არ მოუსმინეს. ამიტომ მარტის ბოლომდე საქართველო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.
„სრულიად შესაძლებელია შემდეგი ღირებულებების შეთავსება - საქართველოს სახელმწიფო ინტერესები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, პლიუს აფხაზი და ოსი ხალხის ინტერესები. ჩემს კონცეფციაში და სტრატეგიაში ეს ძალიან კარგად თავსებადი თემებია. მე ვეტყვი მათ, ჩვენ ამ თემებზე გვინდოდა თქვენთან საუბარი, მაგრამ თქვენ ეს არ ისურვეთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ ნაბიჯებს მაინც ვდგამთ. ამიტომ მომავალში მაინც იცოდეთ, რომ ჯობია იმ თემებზე ერთად ვისაუბროთ, რაზეც ჩვენ თქვენთან საუბარი გვინდა. მოკლედ, მე ზოგადად ნებისმიერ შედეგს, რომელიც არის დინამიკაში, მაინც აღვიქვამ, როგორც შედეგს“, - აღნიშნავს მინისტრი.
ზაქარეიშვილმა განმარტება გააკეთა მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ აფხაზური ენა შესაძლოა საქართველოში ოფიციალურ ენად იქნას ცნობილი. ზაქარეიშვილი განმარტავს, რომ ამ თემაზე ბევრი საუბარი არ სურს, რადგან შემდეგ საზოგადოებაში დარჩება განცდა, რომ ეს საკითხი მისთვის აქტუალურია, რაც არასწორია, უბრალოდ მას შეხვედრა ჰქონდა ეთნიკურ აფხაზებთან და ამ შეხვედრაზე გააჟღერა ეს იდეა. მისი თქმით, საბოლოო შედეგამდე ძალიან შორია და სავარაუდოდ, ორი წელი მაინც ამის გაკეთება ვერ მოხერხდება. აქვე მინისტრი განმარტებას აკეთებს სახელმწიფო ენასა და ოფიციალურ ენას შორის არსებულ განსხვავებებზე. კერძოდ, მისი თქმით, ოფიციალური ენა ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს, რათა გარკვეული შიდა პრობლემები მოგვარდეს. მინისტრს მიაჩნია, რომ ამის გაკეთება ქართველების აფხაზებთან ურთიერთობას წაადგება.
პაატა ზაქარეიშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს გაზეთ „რეზონანსის“ მიმართ, რომელმაც მის ინტერვიუს სათაურად დაარქვა, - „ზაქარეიშვილი აფხაზური ენის ოფიციალურ ენად ცნობას ითხოვს“. მინისტრი განმარტავს, რომ ის არაფერს ითხოვს და მსგავსი ზმნა მას ამ ინტერვიუში საერთოდ არ უხსენებია.
მინისტრი ამბობს, რომ დღევანდელ საქართველოს აფხაზებისა და ოსებისთვის ბევრის შეთავაზება არ შეუძლია, მაგრამ განვითარების თვალსაზრისით გაცილებით მეტის შეთავაზება შეეძლება მათთვის ხვალინდელ საქართველოს, ვიდრე ხვალინდელ რუსეთს. ზაქარეიშვილის განცხადებით, დაახლოებით 5-6 წელიწადში საქართველო ისეთი ქვეყანა გახდება, რომელიც აშკარად აჩვენებს განვითარების თავლსაზრისით არსებულ განსხვავებას მომავლის საქართველოსა და რუსეთს შორის. ამიტომ აფხაზებსა და ოსებს სწორედ საქართველოს სასარგებლოდ მოუწევთ არჩევანის გაკეთება. მისივე თქმით, დღეს ქართველებს ოსებთან და აფხაზებთან მორიგების პერიოდი დაუდგა, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება.
„სახლის დანგრევას სულ ერთი წუთი უნდა, ჩადებ ნაღმს, ააფეთქებ და სახლი უცებ დაინგრევა. მის აშენებას კი დიდი დრო სჭირდება, ვერანაირი ნაღმი სახლს ვერ ააშენებს. სააკაშვილმა ეს სახლი დაანგრია და ჩვენ ახლა მისი თავიდან აშენება გვიწევს, ანუ ჩვენ აგურ-აგურ გვიწევს აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობის ხელახლა აშენება“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.
მან კომენტარი გააკეთა ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის თაობაზე და განაცხადა, რომ ყველაზე დიდი შედეგი ამ შეხვედრის იყო ის, რომ მომდევნო შეხვედრა დაიგეგმა. მინისტრის განცხადებით პოლიტიკა არის პროცესი, რომელსაც გარკვეული ჩართულობა და ხელშეწყობა სჭირდება. ახლა ეს პროცესი დაიწყო, ახალი ხელისუფლება ილუზიებით არ იკვებება და იცის, რომ პროცესი ძალიან რთულია, მაგრამ არაფრის გაკეთება არანაირ შედეგს არ მოიტანს. პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება რუსეთთან ურთერთობა, არამედ ეს რუსეთსაც სჭირდება.
„რეგიონში არის ორი უდიდესი მოთამაშე - თურქეთი და ირანი. თუ რუსეთს არ აქვს ურთიერთობა საქართველოსთან, სუსტდება მისი კავშირი კავკასიასთან და აქ სხვა სახელმწიფოების გავლენა ძლიერდება. ამიტომ გეოპოლიტიკურად ჩვენ გონივრულად უნდა გავითვალისწინოთ ყველა სახელმწიფოს ინტერესები, შევუსაბამოთ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს და თბილისიდან ვმართოთ ის პროცესები, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს. რუსეთსაც უნდა შევთავაზოთ, რომ ჩვენ მზად ვართ მათ ველაპარაკოთ, როგორც პარტნიორები, ანუ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით“, - ამბობს მინისტრი.