გურიაში წელს მანდარინის მოსავლის რეალიზაცია იმდენად გართულებულია, რომ ზოგიერთი ფერმერი ნაყოფის მოკრეფასაც არ აპირებს. არადა რეგიონში საკმაო რაოდენობით ციტრუსი მოდის. მაგალითად, წელს მთელი ქვეყნის ციტრუსის მოსავლის 15-17% სწორედ გურიაზეა.
„რატომ მოვკრიფო? ათი ტონა მანდარინის მოკრეფას დიდი ხარჯი სჭირდება, გადაყრას უფრო მეტი. ამიტომ არ ვკრეფ“, - აცხადებს ოზურგეთელი ავთანდილ მჟავანაძე. მანდარინის რეალიზაციის პრობლემას ბოლო 10 წლის განმავლობაში წინსვლა არ დასტყობია, პირიქით, საქმე ყოველ წელს უარესადაა. შარშან გურიაში მანდარინის მოსავალი მოსახლეობამ ღელეებსა და ხრამებში გადაყარა.
ოზურგეთის ადგილობრივ გამგეობაშიც ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სეზონზე ციტრუსის 10 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან, თუმცა, მოსახლეობა მის ჩაბარებას ვერ ახერხებს, და აქამდე მხოლოდ 2 ათასი ტონაა რეალიზებული.
რეგიონში არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების ფასი 10 თეთრია, საშუალო ხარისხისა კი 45–50 თეთრის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მაღალი ხარისხის მანდარინს გურიაში 80 თეთრად იბარებენ. ძირითადად ციტრუსის რეალიზაციაზე კერძო კომპანიები და ბიზნესმენები მუშაობენ.
გურიისგან განსხვავებით, ციტრუსის რეალიზაციის პრობლემა არ შექმნილა აჭარაში, სადაც წლეულს 55–60 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. რეალიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკების გზით, ციტრუსის გადამზიდავ კომპანიებს საბაჟო გადასახადი გაუნახევრდათ და ერთ ტონა ციტრუსზე ტარიფი 1100 აშშ დოლარის ნაცვლად, 600 დოლარი იქნება.
გარდა ამისა, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა 6 ათას ტონა არასტანდარტულ მანდარინსაც მიიღებს. საწარმოში არასტანდარტული ციტრუსის გადამუშავება 2012 წლის 11 დეკემბერს დაიწყო და ამჟამად 200 ტონამდე ციტრუსის ნაყოფია გადამუშავებული.
ოზურგეთში კი აბსოლუტურად საპირისპირო ვითარებაა. სოფელ მერიის წვენების ქარხანას, შპს „ტონუსი“ ლამის ერთადერთია, რომელიც ციტრუსს იბარებს. იგი იჯარით აქვს აღებული შპს „საქართველოს ხილისა და ექსპორტის კომპანიას“. კომპანიის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ვაშალომიძე უარყოფს გავრცელებულ ხმებს, თითქოს „ტონუსს“ მანდარინის შესასყიდად ხელსაყრელი ფასი არ ჰქონდეს დაწესებული.
„ჩვენ გვაქვს ფასი 40 თეთრი, 55 თეთრი და 80 თეთრი, შესაბამისად, ხარისხის მიხედვით. 1 კილოგრამი „ენესი“ კი 10 თეთრი ღირს. საქმე ისაა, რომ არ გვაქვს იმდენი რესურსი, დიდი რაოდენობით მივიღოთ მანდარინი. შეგვიძლია, სეზონზე 2 000 ტონა ავითვისოთ. წელს პირველად ვმუშაობთ. მთლიანად გურიაში რაც მოსავალი მოდის, ჩვენ მის მიღებას ნამდვილად ვერ შევძლებთ. ისე კი ვეცდებით, მომავალში გავაფართოვოთ წარმოება და მეტი ვაწარმოოთ“, - ამბობს ვაშალომიძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს კოტე შარაშენიძეს ციტრუსის პრობლემა უპირველეს საქმედ მიაჩნია.
„ყველა ღონეს ვხმარობთ, გამოვნახოთ გზები და ხალხს მანდარინის რეალიზაციაში დავეხმაროთ. დავუკავშირდი მაჟორიტარ დეპუტატს, ზვიად კვაჭანტირაძეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც შევეშველებით ხალხს. წელს ეს საქმე ცოტათი დაგვიანებულია, მე გამგებლად ახლახან მოვედი. მომავალი წლისთვის კი ყველა ღონეს ვიხმარ, გურიაში რამდენიმე ქარხანა გაიხსნას, რათა ადგილზე ჩაიბარონ მანდარინი და, ამასთანავე, წვენების დამზადებაც მოხდეს“, - აღნიშნა შარაშენიძემ.