დღემდე პრეზიდენტი გვარწმუნებდა, რომ იგი ქართულ ჟურნალ-გაზეთებს არ კითხულობდა, თუმცა, ამის მიუხედავად, შესანიშნავად ციტირებდა მის საწინააღმდეგოდ დაბეჭდილი მასალებიდან ციტატებს. წლების მანძილზე მასთან დიდი პომპეზურობით ჩადიოდნენ რუსი ან უცხოელი ჟურნალისტები, რომლებსაც საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ასეირნებდნენ და ქართული არქიტექტურის ნოუ-ჰაუს ისე აცნობდნენ, რომ თვალს მიფარებულ დანგრეულ ქუჩებზე ერთხელაც არ გაატარებდნენ. ყველას გვახსოვს ბათუმის ქუჩებში გაბრწყინებული სახით მოსეირნე მიხეილ სააკაშვილის ფოტოები, რომელსაც ჟურნალისტები ქსენია სობჩაკი და ქსენია სოკოლოვა ახლდნენ. დღეს კი ვითარება შეიცვალა და ირკვევა, რომ სააკაშვილს ქართულ მედიაზე გული მოულბა და მისთვის მილიონი ლარის გაღებას აპირებს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის შეთავაზება დაგვიანებულია და დღეს ეს თანხა მხოლოდ ნაციონალებისგან მართული მედიის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები კი ამ ყურადღების მიღმა დარჩებიან.
პრეზიდენტის მიერ მედიისადმი გამოვლენილი უჩვეულო დამოკიდებულების შესახებ For.ge ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
აქამდე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ქართველ ჟურნალისტებს არ წყალობდნენ და უპირატესობას უცხოურ მედიას ანიჭებდნენ. თუმცა სულ ახლახანს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მილიონი ლარი უნდა გამოიყოს, რაც სამოქალაქო სექტორისა და თავისუფალი მედიის განვითარებას მოხმარდება. რატომ დადგა დღის წესრიგში ქართული მედიისთვის მზრუნველის როლის მორგება?
- სიმართლე გითხრათ, ერთი პირობა, პირველად რომ გავიგე ამის შესახებ ძალიან ზოგადი ინფორმაცია, ვიფიქრე, პრეზიდენტს დასავლეთთან დემოკრატიის იერის ჩვენება უნდა-თქო, მაგრამ შემდეგ როცა ვნახე, თუ ვინ დაასახელა იმ კომისიაში, ვინც უნდა გადაწყვიტოს გრანტების გაცემის საკითხი, დავეთანხმე ელისო ჩაფიძეს. მართლაც, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ შემთხვევაში, ეს გარკვეულ პოლიტიკურ ჩანაფიქრს ემსახურება. კერძოდ, იმას, რომ რიგ მედიასაშუალებებს, რომლებიც პოლიტიკურად ორიენტირებულნი არიან ნაცმოძრაობაზე, არსებობისთვის ორიოდე კაპიკი მიეცეთ. ის ფიგურები, რომლებიც მედიისთვის გრანტების გაცემას კურირებენ, თავიანთი ჟურნალისტური გემოვნებით მედიასივრცისთვის ნაცნობნი არ არიან. თავისთავად, თუ მაინცდამაინც ეს საჭირო იქნებოდა, ჟურნალისტები უნდა ყოფილიყვნენ ამგვარი გრანტების გამცემნი. აქ კი აშკარად ერთი პოლიტიკური გუნდის ერთგული წარმომადგენლები არიან თავმოყრილნი.
როგორც ჩანს, აქ მედიის მიმართ მოწყალება არ არის წამყვანი. მე უფრო კეთილშობილურ ვერსიას ვგულისხმობ და სავარაუდოა, რომ რეალური მიზეზი ნაკლებად კეთილშობილურია. მას სურს, მედიის მართვის გარკვეული ბერკეტი შეიძინოს. ეგაა და ეგ.
რაც შეეხება კომისიის წევრებს, რომლის თავმჯდომარეც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძეა, ხოლო კომისიის წევრები არიან ვერა ქობალია, ვან ბაიბურთი, მუბარის კარაევი, ნატალია ყანჩელი. რა ნიშნით უნდა შეერჩიათ მაინცდამაინც ისინი?
- არცერთ მათგანს მედიასთან პროფესიული შეხება არ ჰქონია. ასე რომ, ისინი თუ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს იქნება მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება.
თვითონ საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნინო კალანდაძის ამ საქმეში ჩართვა, ხომ არ აძლიერებს იმის ეჭვს, რომ ეს დასავლეთის დასანახადაც კეთდება?
- მე უკვე აღარ მჯერა, რომ ეს დასავლეთის დასანახად კეთდება. ეს ერთ-ერთ ვერსიად განვიხილე, რადგან თავიდან ჩავთვალე, რომ სხვა რამ არ იყო დასაშვები. რატომ ჩავთვალე, იცით? რადგან აბსოლუტურად უტოპიური ვერსიაა, თუკი მას მართლა ჰგონია, რომ მედიით ასეთი მანიპულირება დღეს მას რაიმეს მისცემს.
ანუ, ფიქრობთ, რომ ამ თანხით პრეზიდენტი შეეცდება, სათავისო მედია დააფინანსოს და არა მართლაც მიუკერძოებელი მედიასაშუალება?
- ამ ვერსიას, რომ პრეზიდენტს ამ თანხის გამოყოფა სათავისო მედიისთვის სურს, მიმყარებს კომისიის შემადგენლობა - ნინო კალანდაძე, ქობალია და სხვები ის ხალხია, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის მითითებით იხელმძღვანელებენ, რადგან მათ არ აქვთ მედიასთან ისეთი დამოკიდებულება, რომ ჰქონდეთ ის მედიაგემოვნება, რომელიც გამოდგებოდა იმის საბაბად, რომ რატომ ეს ადამიანი და არა სხვა.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თვით საზოგადოებრივ მაუწყებელშიც კი, რომელიც წლების მანძილზე სახელისუფლო არხად ითვლებოდა, ფინანსური მაკონტროლებელი შევიდა, ამის პარალელურად, ნაციონალების დაქვემდებარებაში მყოფ სხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებსაც ფინანსურად გაუჭირდათ და, ცხადია, მათ ზუსტად სააკაშვილისგან ხელის შეშველება სჭირდებათ.
- ფინანსური გასაჭირის თაობაზე პირველი არხის მაგალითიც არ არის მოსაყვანი, რადგან ისეთი მკაფიო მაგალითი გვიჩვენა „რუსთავი 2“-მა, სადაც დაიწყო საპროტესტო გამოსვლები ხელფასებთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ თავიანთ მომხრე ჟურნალისტებში გარკვეულ ფინანსურ სირთულეებს სააკაშვილი, როგორც ჩანს, წააწყდა.
ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილი მედიისთვის ასეთი „გულმოწყალების“ გაღებას აპირებს, ამის საპირწონედ რა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, რა უნდა დაუპირისპიროს სააკაშვილის ასეთ ქმედებებს და ქართული მედიის მიმართ როგორი დამოკიდებულება უნდა გამოამჟღავნოს? თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ხვდება ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლებს და ასეთი აქტიური პრესკონფერენციები აქვს.
- არაფერი, ამას თავისუფალი ბაზარი დაარეგულირებს, ოღონდ პატარა ქვეყნის თავისუფალი ბაზარი შეიძლება, მდიდარი ბაზარი არ იყოს. ამდენად, პატარა ქვეყანაში ხშირად თვითონ ბაზრის პრინციპზე არ არის ხოლმე აწყობილი მედიასაქმე. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ, მაგალითად, ამერიკა ხაზგასმით ბაზრის პრინციპით ხელმძღვანელობს მედიაროცესებში და ბევრ სხვა პროცესებშიც, ხოლო ევროპული სინამდვილისთვის დამახასიათებელია საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც მცირე ბაზრის მქონე ქვეყნების აკადემიური პროდუქციის შენარჩუნების საშუალება. ისევე, როგორც საფრანგეთს ანალოგიური მიზნით აქვს კინოცენტრი და ა.შ. აქ ლაპარაკია საფრანგეთისა თუ ინგლისის ბაზრის სიმცირეზე, საქართველოსთან შედარებით კი ეს ღიმილის მომგვრელია. ასე რომ, მცირე ბაზარს ახასიათებს, რომ ამ ტიპის საშუალებებს თან დაეხმარო და თანაც ეს არ იყოს მოსყიდვა და ამით არ შეზღუდო მისი თავისუფლება. მაგალითად, დანიაში თუ ბელგიაში მედიის დახმარების სპეციალური ფონდი არსებობს. ისეა დაკომპლექტებული ამ ფონდის მართვა, რომ პოლიტიკური გავლენებისგან დაზღვეული იყოს. გრანტები გაიცემა მთელ რიგ მედიასაშაულებებზე, რომელიც კონკურსში გაიმარჯვებს. ოღონდ მარტო გამარჯვება კი არ არის მთავარი, არამედ ვისაც სჭირდება დახმარება, და ვინც კარგ პროდუქციას იძლევა, მათ ეხმარებიან, ასეთი კრიტერიუმი აქვთ. ამით ცდილობენ, ხელი შეუწყონ მედიის განვითარებას.
რაღაც ანალოგიური მექანიზმი შეიძლება აქაც მოიძებნოს, ოღონდ ძალიან ფრთხილადაა შესარჩევი ის მექანიზმები, რომელიც არ ხელყოფს მედიის დამოუკიდებლობას. ეს დახმარება იქნება და არა - მოსყიდვა.
მოსყიდვას რაც შეეხება, ეს მართლაც ფრთხილი საკითხია, რადგან ჩვენ გვახსოვს შორენა შავერდაშვილის ამას წინანდელი განაცხადი, რომ იგი სთხოვდა ბიძინა ივანიშვილს, ერთ ლარად დაეთმო მისთვის „მე-9 არხი“. ხომ არ ფიქრობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ გაიმარჯვა და მეტი ყურადღების გამოვლენა აღარ არის საჭირო დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომელიც ხშირად არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია? გამარჯვების ეფექტმა ხომ არ გადაფარა ეს ყველაფერი?
- ასეთი ვერსია რამდენიმე სხვა ტიპის კონტექსტშიც გაჩნდა. კერძოდ, ლობისტებთან დაკავშირებით, როცა „ოცნების“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩვენ ლობისტებს აღარ ავიყვანთო. მაშინ გაჩნდა ასეთი ვერსია - მათ ჩათვალეს, რომ გაიმარჯვეს და ამით ყველაფერი დამთავრდა?! ლობიზმიც ხომ ინფორმაციის მიტანის ერთ-ერთი ფორმაა? უბრალოდ, ლობისტის მეშვეობით ძალიან კონკრეტულ პირამდე მიდის ინფორმაცია, თორემ ისიც ინფორმაციის მიმტანია, მეტი არაფერი. ის დამოკიდებულება, რომ შეიძლება, მათ გამარჯვების წილ ასე მიაჩნდეთ, გამოსარიცხი არაა. ამასთან, ამას დაემატა ვერსია „მე-9 არხის“ თემასთან დაკავშირებით და შესაძლოა, ზოგიერთმა იფიქროს, ხომ არ თვლიან „ქართულ ოცნებაში“, რომ აღარ არის საჭირო და ამიტომაც აუქმებენ „მე-9 არხს“ და ა.შ. ასე რომ, რამდენიმე ეჭვიანი ფრაზა ამ თემაზე არსებობს, ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ, ჩემი აზრით, მედიის მიმართ ისევ ასეთი დამოკიდებულება სჯობს, ვიდრე ის დამოკიდებულება, როდესაც მედია ახსოვთ. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის ახსოვდა მედია, ოღონდ ეს იმაში გამოიხატებოდა, რომ ჟურნალისტების ისეთი ჯიში გამოჰყავდათ, რომელიც შემდეგ უკვე ჟურნალისტებად აღარ მოიხსენიებოდა მის კოლეგებში.
და ბოლოს, მედია, როგორც პიარის ერთ-ერთი საშუალება. მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც გვესმის სენატორების არცთუ სასიამოვნო შეფასებები, ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადება შერჩევითი სამართლიანობის შესახებ, რომელმაც შეიძლება ავნოს ქვეყნის იმიჯს... ასეთი განცხადებები იმის გამოც ხომ არ კეთება, რომ „ქართული ოცნება“ მოიკოჭლებს მედიასთან მიმარებით, ზუსტად პიარის თვალსაზრისით?
- არსებობს რამდენიმე გზა და საშუალება, როდესაც პიარი შეგიძლია ისე აკეთო, რომ არ ეტყობოდეს, რომ პიარია. საერთოდ, ყველაფერს ეს სჯობს და, თუ ასე მოხდება ხომ კარგი, მაგრამ თავისთავად, პიარზე დიდი აქცენტი, მე მგონი, „ოცნებას“ ჯერჯერობით არ აქვს. ეს მხარე, თქვენი თქმისა არ იყოს, ჯერ მოიკოჭლებს ან დასახვეწია. ალბათ, ამიტომაც შეიქმნა ახალი სტრუქტურა კომუნიკაციებისა და კოორდინაციასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ თვითონ აქვთ ეს აუცილებლობა გაცნობიერებული და უახლოეს ხანში ამ მხრივ რაიმე სიახლეები იქნება.