„თავიდანვე არასწორი იყო „ლელოს“ კავშირი ე.წ. ფანჩატურისტებთან“

„თავიდანვე არასწორი იყო „ლელოს“ კავშირი ე.წ. ფანჩატურისტებთან“

პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ თანაბრად ცდილობს „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობისგან“ დისტანცირებას და მესამე ძალის ალტერნატივად თავის წარმოჩენას. ამიტომაც დამოუკიდებლად აპირებს მაჟორიტარების წარდგენას 30-ვე ოლქში.

რა პერსპექტივა აქვს „ლელოს“ მესამე ძალად გადაქცევის“ საქმეში და აკმაყოფილებს თუ არა მესამე ძალის კრიტერიუმს?!

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ „ლელო“ საკუთარ თავს წარმოაჩენს მესამე ძალად და ცდილობს, დაამტკიცოს, რომ არც გაერთიანებული ოპოზიციაა და არც „ქართული ოცნება“.

„ჩემნაირი ადამიანი უფრო მესამე ძალას ეძებს, რადგან მე ვერ ვხედავ ჩემს თავს ვერც „ქართულ ოცნებაში“ და ვერც „ნაცმოძრაობაში“. „ქართულ ოცნებას“ როგორ ჩავაბარო ჩემი ხმა, რომელმაც თავზე დამასვა „ნაცმოძრაობა“ და ეს მხოლოდ მათ სინდისზეა, მეტი არავის სინდისზე. მეორე მხრივ, არც „ნაცმოძრაობა“ და მის ირგვლივ გაერთიანებული პარტიები მინდა. ამიტომ „ლელოს“ სწორი პოზიცია აქვს არჩეული. მე არ ვიცი, მივცემ თუ არა ხმას „ლელოს“, ხვალ შეიძლება სხვა ძალები წამოვიდეს, მაგრამ „ლელოს“ სურს, იყოს მესამე ძალა“,- აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას და შეკითხვის საპასუხოდ, აკმაყოფილებს თუ არა მესამე ძალის კრიტერიუმს ხაზარაძის მოძრაობა, განმარტავს, რომ გარდა განცხადებისა, „ლელო“ მესამე ძალის კრიტერიუმს ჯერ არ აკმაყოფილებს.

ამიტომ ხაზარაძის მოძრაობამ განსხვავებული პოზიციები უნდა ჩამოაყალიბოს, ეფექტურად გააკრიტიკოს როგორც „ქართული ოცნება“, ისე გაერთიანებული ოპოზიცია, რათა ხმები თავის მხარეს წამოიღოს. თუ ის მიემხრობა ერთიან ოპოზიციას, მაშინ ვინ მისცემს „ლელოს“ ხმას?!

„ლელო“ ვერ იტყვის, მე წინააღმდეგი ვარ მხოლოდ „ქართული ოცნების“, მან უნდა თქვას, მე წინააღმდეგი ვარ, როგორც „ქართული ოცნების“, ისე გაერთიანებული ოპოზიციის, რადგან მათ რა მოგვცეს, რა მოგვიტანეს? არც არაფერი. მათთვის ორივე წარსულის პარტია უნდა იყოს. რაც შეეხება მოარულ ინფორმაციას, თითქოს „ლელო“ „ოცნების“ სატელიტია, ასეთი რამ ისტორიაში მოსულა, მაგრამ, თუ არის სატელიტი, ამას ან მანამდე გავიგებთ, თუ ვიღაც გამოამზიურებს დოკუმენტებს ან ფაქტებს, ან არჩევნების შემდეგ მივხვდებით ამას, თუკი ხაზარაძე-ჯაფარიძის მოძრაობა პარლამენტში შეეკვრება „ქართულ ოცნებას“.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ „ლელო“ ეცდება, გამოჩნდეს, როგორც ცალკე ალტერნატივა, ანუ არც ნაცები, არც ქოცები, მაგრამ ამისთვის ბევრი საქმე ექნებათ გასაკეთებელი, ბევრი მოსამზადებელი სამუშაოა ჩასატარებელი.

რაც მთავარია, დავით ზარდიაშვილის აზრით, თავიდანვე არასწორი იყო „ლელოს“ კავშირი ე.წ. ფანჩატურისტებთან, არ უნდა შესულიყვნენ მათთან არანაირ სამოკავშირეო ურთიერთობაში.

„თუ აპირებენ განსხვავებული მესამე ცენტრი ჩამოაყალიბონ, მაშინ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციასთან არანაკლებ დისტანცირებულნი უნდა იყვნენ, ვიდრე „ქართულ ოცნებასთან“. უკვე სერიოზული შეცდომა დაუშვეს და ამომრჩევლისთვის ისინი უკვე ერთიანი ოპოზიციის ნაწილად აღიქმებიან, რომელიც ნაცმოსთან ასოცირდება. „ლელო“ თუ ამომრჩევლის ხმებს წაიღებს, ძალიან ცოტა იქნება ამ ხმებში ანტინაციონალურად განწყობილი ამომრჩეველი. ზუსტად იმიტომ დაუშვა „ლელომ“ შეცდომა და ერთიან ოპოზიციას იმიტომ დაუკავშირდა, რომ მათი მიზანი შემთხვევითობით იყო განპირობებული. როგორც კი საფრთხე შეექმნა ხაზარაძე- ჯაფარიძის ბიზნესს და მათ პირად უსაფრთხოებას, გადაწყვიტეს, პოლიტიკაში შემოსვლით დაეცვათ თავი. რა თქმა უნდა, მათ ამის უფლება აქვთ, პოლიტიკაში შემოსვლას ვერავის ავუკრძალავთ, ვნახოთ, რა გამოუვათ“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

რაც შეეხება მოსაზრებას, ხომ არ არიან „ლელოს“ წარმომადგენლები „ოცნების“ სატელიტები, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ესეც სპეკულაციებია. უფრო მეტიც, კარგი იქნება, თუკი ისინი მესამე ძალად ჩამოყალიბდებიან. ასეთი ცენტრი უნდა გაჩნდეს ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ „ლელოს“ უკვე მთელი რიგი შეცდომები აქვს დაშვებული, რომელიც ამაში ხელს შეუშლის.

დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ამ არჩევნებზე მიაღწიოს „ლელომ“ წარმატებას, პოლიტიკური ცხოვრება ამით არ სრულდება. როგორც კი ადგილი გათავისუფლდება და ნაცები გადავლენ უკან, რამდენიმე ძალა დაწინაურდება, მათ შორის, „ლელოსაც“ გაუჩნდება შანსი. ცხადია, ლელოსგან ქართველი ამომრჩეველი ისეთ საფრთხეს არ ელის, როგორც ნაცებისგან. საბოლოო ჯამში, „ლელოს“ უფრო მეტი პერსპექტივა აქვს, ვიდრე ნაცებს.

 

 

 

Aburjga Tasmanieli რატომ არავინ ლაპარაკობს პატრიოტთა ალიანსზე?! თუა ვინმე ძალა და რაღაცის მაქნისი ეს პატრიოტთა ალიანსია!
4 წლის უკან
sandro Aburjga Tasmanieli-ს. პატრიატთა ალიანსი მკვდარი პარტია. მისი ელექტორატი ხვალ და ზეგ შეილება ცოცხალიც აღარ იყოს. სულ ძველი ხალხია მათთან. ამიტომ ქოცების დასაყრდენი ალბათ უფრო ლელო იქნება. რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზოციას, მათ ტყუილად აქვთ იმედი რომ ხალხი რამე კარგს გაიმეტებს მათთვის:) შეხედეთ რა სახეებია, გაერტიანებულ ოპოზიციაში კლოუნი და ჯამბაზი- ნათელაშვილი; კიდევ ერთი კლოუნი და ჯამბაზი - ხაბეიშვილი, მელია და სხვა ბევრი ისეთი ხალხი რომლებიც დიდ სიმპათიას არ იწვევენ საზოგადოებაში!
4 წლის უკან