ქათქათა ბათუმის ბიუჯეტი ნამდვილად აღარ იქნება ისეთი წარმტაცი როგორც ეს ნამოძრაობის შემორჩენილ დიდმოხელეებს უნდოდათ. ის კი არადა, აჭარის მთავარი ქალაქის მერიამ 2013 წელს ქამარი ორნახევარჯერ უნდა შემოიჭიროს.
ბათუმის მერის, ჯემალ ანანიძის თქმით, 2013 წლის ბათუმის ბიუჯეტი 87 მილიონით განისაზღვრა, რაც ნიშნავს 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით, იგი 2-ჯერ შემცირებულია. შარშან შავიზღვიპირული ქალაქის ბიუჯეტი 202 მილიონ ლარს აღწევდა და ეს ყველაფერი ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე ხდებოდა.
როგორც ანანიძემ მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბიუჯეტის 75% ინფრასტრუქტურის დაფინანსებაზე მოდიოდა, 2013 წლისათვის კი ეს მაჩვენებელი 25%-მდეა დაყვანილი რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, მიმდინარე წელთან შედარებით, დაახლოებით, 125 მილიონით მცირდება.
„მერიის მიერ მომზადებულ ბიუჯეტის პროექტში ვერ მოხვდა ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც არის 15 ქუჩის რეაბილიტაცია, ორი ახალი საბავშვო ბაღისა და ანგისის დასახლებაში სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა. ასევე, ე.წ. ჭაობის დასახლებაში სანიაღვრე სისტემებისა და ჟილინის არხის კაპიტალური რეაბილიტაცია.
ახალი ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში, განახევრდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა და შეჩერდა ქალაქისთვის მუნიციპალური ავტობუსების შეძენა“, - აღნიშნა ანანიძემ.
მერის ინფორმაციით, 2004 წლიდან დღემდე ბათუმის ბიუჯეტი 7 მილიონიდან 202 მილიონამდე გაიზარდა.
„ვიმედოვნებთ, რომ ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გაითვალისწინებს ზემოთაღნიშნული პროექტების მნიშვნელობას, ხელს არ შეუშლის ბათუმის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და მხარს დაუჭერს ცალკეული ღონისძიებების დაფინანსებას მომავალი საბიუჯეტო წლისათვის“, - აღნიშნა ანანიძემ.
ბათუმის მერი რაღაცას კი იმედოვნებს, მაგრამ ამ იმედების გამართლება არ უწერია. საქართველოს და აჭარის ფინანსთა სამინისტროები სულაც არ აპირებენ ანანიძის ვაი-ვიშის გულთან ახლოს მიტანას.
„ბათუმისთვის გამოყოფილია დამატებითი ტრანსფერი 44,5 მილიონი ლარის ოდენობით. სპეციალური ტრანსფერის გამოყოფა აღარ მოხდება, არა მარტო ბათუმისთვის, არამედ არც ერთი მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ადგილი ჰქონდეს თანხების რაღაც ფუფუნებისთვის ხარჯვას.
რაც შეეხება სოციალურ პროექტებს, თუკი დაასაბუთებენ ამის საჭიროებას, ამისთვის თანხებს რეგიონალური განვითარების ფონდისგან მიიღებენ“, - განაცხადა საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა ივანიშვილმა.
სხვათაშორის, ე.წ. ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფულის ფლანგვაში ბათუმი ერთ-ერთი ლიდერია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი შავიზღვისპირა ქალაქში 2011 წელს აშენებული „ანბანის კოშკია“. ბიუჯეტს მისი აშენება ლამის 70 მილიონი ლარი დაუჯდა.
„კოშკის“ ასაშენებლად 2011 ბიუჯეტში 60 მილიონი ლარი გამოიყო, წლეულს კი ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ამ თანხას კიდევ 8,74 მილიონი ლარი დაემატა. გარდა ამისა, ყოველწლიურად „ანბანის კოშკის“ შენახვა ასეულ ათასობით ლარი ჯდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქილაძე ამბობს, რომ აღარ უნდა განმეორდეს იგივე, რაც წინა წლებში ხდებოდა.
„იმ ქუჩების რეაბილიტაცია, რომლის გამოც ჯემალ ანანიძე წუხილს გამოთქვამს და ამ ბიუჯეტის პროექტით არ ფინანსდება, შესაძლოა, შეჯერებული დასკვნა გავაკეთოთ, მაგრამ თითოეული პროექტის მიზანშეწონილობას სპეციალური კომისია შეისწავლის, ვინაიდან არ განმეორდეს ის, რაც ხდებოდა წინა წლებში“, - განაცხადა თავართქილაძემ.