ვასილ მაღლაფერიძე:

ვასილ მაღლაფერიძე: "პირველი არხის ფინანსები ყველაზე აწყვეტილი ფანტაზიის ფარგლებსაც სცილდება"

ვასილ მაღლაფერიძე ინტერესდება, რა თანხა იხარჯებოდა საზოგადოებრივი მაუწყებელის გადაცემებისთვის. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მას მიაწოდეს ინფორმაცია რამდენიმე გადაცემის ყოველთვიური ბიუჯეტის შესახებ. მათი მოცულობა კი მნიშვნელოვნად სცილდება ყველაზე აწყვეტილი ფანტაზიის ფარგლებს.

„რა კორუფცია, რის კორუფცია?! თუ ეს მართალია და გონივრული ეჭვი არსებობს, რომ მართალია, გამოდის, რომ მანკიერი წრე ბევრად უფრო ფართო ყოფილა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სანამ საუბარს გავაგრძელებთ საზოგადოებრივზე, აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ეს ბიუჯეტი და გავიგოთ, ვინ ვინ იყო და არის“, - აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

მისი თქმით, თავად გადაცემის ავტორებსაც შეუძლიათ, გაამჟღავნონ კეთილი ნება და თავადაც გაასაჯაროონ ეს ინფორმაცია. ვასილ მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ, დიდი ალბათობით, ყველაზე მეტად ეს ბიუჯეტები, პირველ რიგში, გააოცებს თავად საზმაუს დანარჩენ თანამშრომლებს.

For.ge ვასილ მაღლაფერიძეს ესაუბრა.

- საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ინტერესი გასაგებია. ცხადია, როგორც საზოგადოების წევრებს, ამ არხის ფინანსები უნდა გვაინტერესებდეს, მაგრამ არ დავმალავ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებმა მომაწოდეს ინფორმაცია ცალკეულ გადაცემებთან დაკავშირებით, თუ როგორ ფინანსდებოდა ეს გადაცემები. ცოტათი ვერკვევი ამ სფეროში და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მსუყე დაფინანსება იყო, ვიდრე შეიძლება დასჭირებოდა ამ გადაცემებს. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და მოსახლეობამ უნდა იცოდეს. იმის გამო, რომ ამ არხის შესახებ მე არაოფიციალური ინფორმაცია მომეპოვება, ცხადია, ამაზე საუბრის უფლება არ მაქვს. თუმცა უნდა გაიხსნას ყველა გადაცემა და უნდა ვიცოდეთ, თითოეული კაპიკი რაში იხარჯებოდა. შესაძლებელია, ეს კანონის დარღვევა არც იყო და ოფიციალურად, კანონის ფარგლებში ამ გადაცემისთვის უზარმაზარი ფული ჰქონდათ გამოყოფილი, მაგრამ, რასაკვირველია, არსებობს მიზანშეწონილობა და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება მისი ფული. ეს არ არის კერძო ტელევიზია, რომ ვიღაცამ თქვას, მინდოდა და ასე დავხარჯე. ეს უნდა იყოს კონსენსუსით მიღწეული, სადაც მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა აკისრია ბორდს. უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რა გვიჯდებოდა კონკრეტული ადამიანები და ხომ არ იყო ისე, რომ მათი პოზიციები და მსოფლმხედველობა, რასაც ჩვენ ვისმენდით, სინამდვილეში,  დაფინანსებული იყო.

ამას წინათ განაცხადეთ, რომ ძველი შემადგენლობით ბორდის დატოვებაც არ არის მიზანშეწონილი და მაუწყებლის დირექტორის არჩევამდე ბორდი უნდა შეიცვალოს, რადგან სწორედ ასეთი ბორდი განაპირობებს ამ ტელევიზიის სახეს.

- სამწუხაროდ, ძალიან ხშირად იმ ადამიანებსაც კი, რომელთაც ამ დარგის ექსპერტებად ან მედიაექსპერტებად მოაქვთ თავი, ავიწყდებათ, რომ ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და არა უბრალო ტელევიზია. ზოგიერთები აცხადებენ, რომ მთავარია, იყოს კარგი დირექტორი და მე არ მაინტერსებს, როგორი ბორდი იქნება. მაშინ, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი ნიშნავს იმას, რომ ბორდი ანუ სამეურვეო საბჭო საზოგადოების მინიმოდელი უნდა იყოს და საზოგადოებას უნდა წარმოადგენდეს. როდესაც ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს შემადგენლობის შესახებ არც კი იცის ძალიან ბევრმა და, რომ ეს ბორდი დაფარულ რეჟიმში მუშაობს, ცხადია, ეს ტელევიზია ვერანაირ საზოგადოებრივ ინტერესს ვერ გამოხატავს და ვერ ასრულებს თავის მოვალეობას.

წარმოიდგინეთ, რომ მესამე დირექტორი იცვლება ვადაზე ადრე და ამ დროს საზოგადოებრივი საბჭო განუწყვეტლივ პილატესავით ხელს იბანს. ამიტომაც ამ ტელევიზიის სათავე ერთგვარი პარლამენტია, საკანონმდებლო ორგანოა და საუბარი იმის შესახებ, თითქოს უმნიშვნელოა, როგორი პარლამენტი გვექნება, რადგან ჩვენ გვინდა კარგი აღმასრულებელი ხელისუფლება, დაუშვებელია. ვინც არ უნდა ამბობდეს ამას და როგორი ექსპერტიც არ უნდა იყოს, ღრმად არის შემცდარი. ის, რომ ცუდი პარლამენტი აირჩევს კარგ მთავრობას, ეს აბსურდია.

თქვენ აცხადებთ, რომ 1-ელი არხის ბიუჯეტი, პირველ რიგში, ყველაზე მეტად საზოგადოებრივი მაუწყებლის დანარჩენ თანამშრომლებს გააოცებს. ამასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ კორუფციასაც ახსენებთ, რომელიც ყველაზე აწყვეტილი ფანტაზიის ფარგლებსაც კი სცილდება.

- ამიტომ უნდა გაიხსნას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი. მე რაც მითხრეს, შესაძლოა, ვიღაცისთვის მწირი თანხა იყოს, მაგრამ ბევრი ადამიანი ამით ძალიან გაოცებული დარჩება. რატომ არ იხსნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი? ის, რაც საზოგადოებრივია, რატომ არ ვიცით დეტალურად?

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების დაფინანსებასთან დაკავშირებით ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, იქნებ, რომელიმე გადაცემის ფინანსების შესახებ დაგვიკონკრეტოთ?

- მოდით, ასე ვთქვათ, ეს არის არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც ადამიანმა მომაწოდა. მას რომ ამის განსაჯაროობა სდომებოდა, იტყოდა კიდეც. ამიტომ, ადამიანურადაც, არ მაქვს ამის უფლება, მას არ უთქვამს ჩემთვის, ეს საჯაროდ განმეცხადებინა. გარდა ამისა, მე არ მაქვს ოფიციალური წყარო, მაგრამ არც იმის საფუძველი მაქვს, არ ვენდო ამ ადამიანს.

მაშინ ზოგადად რომ გვითხრათ, მაუწყებლის მარტო ერთი გადაცემის ბიუჯეტი ყოველთვიურად რამდენიმე ათას ლარს სცილდებოდა?

- თქვენც გაოცებული დარჩებით ამ თანხებით, რადგან აქ რამდენიმე ათას ლარზე არ არის საუბარი, ბევრად უფრო მსუყე თანხებია. როგორც ჩანს, ჩვენ ერთნაირი წარმოდგენა გვაქვს, ისევე, როგორც ბევრ ადამიანს, ამ სამყაროსა და თანხებზე. ვიღაცას კი, ეტყობა, სხვაგვარი წარმოდგენა აქვს.