თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის ნაწილმა საერთო კანდიდატები წარადგინა: ვაკეში - ელენე ხოშტარია, გლდანში - ნიკა მელია, ისანში - გიორგი ვაშაძე, სამგორში - ლევან ხაბეიშვილი, მათაწმინდაზე - შალვა შავგულიძე, ნაძალადევში - შალვა ნათელაშვილი. დიდუბეში ან საბურთალოზე შეიძლება კენჭი იყაროს გიორგი მარგველაშვილმა.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ოპოზიციის კანდიდატურები ნულის ტოლია. მამუკა მდინარაძეს რატომღაც ჰგონია, ოპონენტები ხელს უწყობენ „ქართულ ოცნებას“, რომ მათ გაიმარჯვონ არჩევნებში.
მართლაც აბსოლუტურად განწირულნი არიან თუ არა დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატები?
პოლიტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სრულებით არ იზიარებს მამუკა მდინარაძის შეფასებას და ფიქრობს, მომგებიან პოზიციაში უფრო გაერთიანებული ოპოზიციაა, ვიდრე „ქართული ოცნება“. მისივე თქმით, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს მკაფიოდ ორ ნაწილადაა გაყოფილი - არის ელექტორატის ნაწილი, რომელიც ვერ იტანს „ქართულ ოცნებას“ და მზად არის, ხმა მისცეს არა „ნაცმოძრაობას“, არა „ევროპულ საქართველოს“, არა ვიღაცას, არამედ ერთიან ოპოზიციას. ელექტორატის მეორე ნაწილი კი ვერ იტანს „ნაცმოძრაობას“, ეშინია მისი, ამიტომ ხმას აძლევს „ქართული ოცნებას“.
„ამჯერადაც, სამწუხაროდ, ხმები წავა ივანიშვილისკენ და „ქართული ოცნება“ მიიღებს ანტინაციონალური მოძრაობის ხმებს, ხოლო ნაცმოძრაობა და გაერთიანებული ოპოზიცია მიიღებს ანტიქართული ოცნების ხმებს, ანუ საწინააღმდეგო ხმების ფესტივალის არჩევანი იქნება. თუ ჩემი მოსაზრება სიმართლესთან ახლოსაა, მაშინ უფრო მეტ მომგებიან პოზიციაში გაერთიანებული ოპოზიციაა, ვინაიდან მსხვილდება რაიონები და მთელი ერთი პარტიის რესურსი უფრო ეფექტურად წავა საკუთარი კანდიდატის მიმართ. სიტყვაზე, თუ რომელიმე ლეიბორისტი ხმას აძლევს ნათელაშვილს ნაძალადევში, დარწმუნებული ვარ, სხვა რაიონშიც ხმას მისცემს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, რათა თავის კანდიდატ ნათელაშვილს ხმები არ ჩაუვარდეს. ეს ნიშნავს, რომ პარტიული სტრუქტურების უფრო მეტი მობილიზაცია მოხდება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატების სასარგებლოდ“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge- სთან საუბრისას.
მისივე მოსაზრებით, მაჟორიტარების გვარებს აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აქ მთავარია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია შეჯერდა საერთო კანდიდატზე. მნიშვნელობა აქვს გაერთიანებული ოპოზიციის ერთობას ერთიანი ფრონტით იბრძოლონ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.
„ამიტომ, როცა „ქართულ ოცნებაში“ თავს იმშვიდებენ, ოპოზიცია ჩვენს სასარგებლოდ მუშაობსო, სულაც არ მუშაობს მათ სასარგებლოდ. ამას უფრო გამწარებული ადამიანი ლაპარაკობს, თორემ „ქართული ოცნებისთვის“ ათასჯერ სჯობდა, გაერთიანებული ოპოზიცია ვერ შეთანხმებულიყო და ცალ-ცალკე კანდიდატები წარეტდგინათ რეგიონებში“.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი იზიარებს „ქართულ ოცნების“ განწყობას, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მაჟორიტარების გამარჯვების შანსი ნულის ტოლია. ჩვენთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ყველა მათგანი ძალზე დისკრედიტირებული პოლიტიკოსია და „ქართული ოცნების“ პირობებში თითოეულ მათგანს რამდენჯერმე აქვს წაგებული არჩევნები სხვადასხვა დონეზე.
„მათ შორის, ქალაქ თბილისის მერის არჩევნები წაგებული აქვს მელიას, ნათელაშვილს ყველა ოლქი აქვს წაგებული, სადაც კი კენჭი იყარა, ხოშტარიაზე ხუმრობენ, მერამდენედ უნდა წააგოს ვაკის ოლქიო. უკვე ჩანს, რომ არანაირი წარმატების შანსი მათ არ აქვთ, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ არჩევნები არის მხოლოდ საფარველი იმისთვის, რომ სხვა გზით სცადონ ხელისუფლებაში მობრუნება. ეს არის იგივე გზა, რაც 2003 წელს მოხდა, კერძოდ, მდგომარეობა უნდა დაიძაბოს, არჩევნების ლეგიტიმურობა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, შეიძლება სხვა მიზეზი გამოჩნდეს, გავრილოვის ღამის ვარიანტში, ან რაიმე გახმაურებული მკვლელობა დაერთოს არჩევნების ჩაშლას საფუძვლად, ან რაიმე ექსტრაორდინალური შემთხვევა, რაც ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას გამოიწვევს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
მისივე განმარტებით, უკეთესი კანდიდატურები გაერთიანებულ ოპოზიციაში არ ჰყავთ და ეს ქართული პოლიტიკის სერიოზული პრობლემაა. ეს ხალხი, ნაცების ბანაკში ვინც არიან, არის იგივე, ანუ ერთსა და იმავე წრეზე ვტრიალებთ, ალტერნატივას ისინი არ წარმოადგენენ არა მარტო ამ ხელისუფლებისთვის, არამედ ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. ამიტომ მათი დესტრუქციის სამიზნე იქნება არა მხოლოდ ეს ხელისუფლება, არამედ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც საქართველოში მოვა.
„ნაცები არც თავის ზნეს შეიცვლიან, არც ფერს. ამიტომ ნაცების პრობლემა უნდა მოიხსნას. როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოხსნა, ამის რეცეპტი არ არსებობს, უბრალოდ, ქართველმა ხალხმა მათ პოლიტიკურად უნდა მიუჩინოს თავისი ადგილი, როგორც არა მხოლოდ აუტსაიდერად, არამედ პოლიტიკური სივრციდან უნდა გააქროს ეს ძალა“.