ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის შეფასებით, რაც დღეს გვაქვს, ამის ტიპოლოგიურად მსგავსი სიტუაცია გვქონდა 2000-იანების დასაწყისში, როდესაც პოლიტიკურ ჩიხს ორი ძირითადი ოპონენტი - შევარდნაძე და აბაშიძე განასახიერებდნენ; ასეთივე სიტუაცია გვქონდა ნაციონალთა მმართველობის ბოლო წლებში, როდესაც სააკაშვილისა და გაჩეჩილაძის ოპონეცია ქმნიდა ჩვენს პოლიტიკური ცხოვრების უიმედო სურათს და ორივე შემთხვევაში ჩიხური სიტუაცია დაანგრია ვიღაცამ, რომელმაც განსხვავებული პოლიტიკური მეტყველება და პოლიტიკური ქცევის წესი შესთავაზა საზოგადოებას, თუმცა დღეს ასეთი არ ჩანს.
for.ge ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
პარლამენტის უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბერში ჩატარდეს. ბატონო ზაზა, როგორ ფირქობთ, რამდენად რეალური შეიძლება იყოს არჩევნების დეკემბერში ჩატარების საკითხი?
ზაზა ფირალიშვილი: როდესაც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ცენტრალური პირი ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ არჩევნების გადატანის საკითხი რეალურად შეიძლება დადგეს. საქმე ისაა, რა იქნება ამის მიზეზი: პოლიტიკური გათვლები თუ პანდემიასთან დაკავშირებული ვითარება. სამწუხაროდ, ჩვენში დემოკრატიული პროცესები კვლავ და კვლავ, ცივი სამოქალაქო ომის ლოგიკით ვითარდება, როდესაც ოპოზიციისათვის ხელისუფლება იმთავითვე დამნაშავეა, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მან, ხოლო ხელისუფლებისათვის ოპოზიცია მხოლოდ ხელს უშლის ნორმალურ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას.
ეს ხშირად ასე ხდება არა მხოლოდ ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, არამედ ისეთი დემოკრატიული ტრადიციების ქვეყანაშიც კი, როგორიც შეერთებული შტატებია. პანდემიაც კი ვერ იქცა ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობის პლატფორმად. არადა, თითქოს სრულიად ცხადია, რომ არჩევნების თარიღის საკითხი სწორედ მათ მიერ მიღწეული კონსესუსის საფუძველზე უნდა დაინიშნოს.
არჩევნები, ალბათ, არსებითად არაფერს შეცვლის, როგორც არ უნდა დამთავრდეს ის და პოლიტიკური ცხოვრების პარადიგმა არ შეიცვლება. დღევანდელი ჩიხური სიტუაციის ალტერნატივას ძირითადი მოთამაშეებიდან ვერავინ გვთავაზობს თუნდაც იმ მიზეზით, რომ თავად შექმნეს ეს ჩიხი. თითქოს „ლელო“ ცდილობს განსხვავებული გზით სიარულს, მაგრამ ამ მცდელობას, ჯერჯერობით მაინც, არა აქვს ენერგია, გადამდები ენთუზიაზმი, გამბედაობა, ხალხურობა და ა.შ. და ვიწრო სივრცეშია ჩეკეტილი.
ოპოზიციაში თვლიან, რომ პანდემიით მანიპულირება არის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების კიდევ ერთი ხერხი, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებს. არჩევნების თარიღის გადაწევა შედის „ქართული ოცნების“ ინტერესებში? მით უმეტეს, რომ არც ერთი არჩევნების წინ, „ქართულ ოცნებას“ ასეთი რეიტინგი არ ჰქონია, როგორც ახლა და არც ერთი არჩევნების წინ ოპოზიცია ასეთი სუსტი არ ყოფილა, როგორც დღეს არის...
- ამაში ახალი და განსაკუთრებულად ქართული არაფერია. ყველგან და ყოველთვის ნებისმიერი პოლიტიკური ძალა ცდილობდა და ცდილობს მსგავსი თემებით მანიპულირებას - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. მთელი საქმე მანიპულირების მასშტაბებია - ის, თუ მანიპულირების რა ხარისხს აკადრებენ საკუთარ საზოგადოებას. მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ჰიპერტროფირებული პიარის რეჟიმში ცხოვრების გამოცდილება და არა მგონია, ასე იოლად დავუშვათ, რომ რომელიმე მხარემ იოლად მოგვახვიოს თავს მისთვის სასარგებლო განწყობები. უკვე ვთქვი, რომ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს ჟანრის კრიზისი აქვს.
ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გულმოდგინედ იმეორებენ საზოგადოების დარწმუნების ძველ და გაცვეთილ ფორმებს და პოლიტიკურ ტექნოლოგიებს. ეს კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. რიგითი ამომრჩეველი ისევ უარყოფითი ნიშნით სტაბილურობას არჩევს. დღეს ამაშია ხელისუფლების რეიტინგული უპირატესობის უმთავრესი საიდუმლო. პოლიტიკურ აზარტში შესული ოპოზიციონერები ვერ გრძნობენ ამას. სიტუაცია მათგან რაღაც განსხვავებულს მოითხოვს.
ვიმეორებ - დღევანდელი პოლიტიკური პანორამა ჩიხურია და ეს ერთნაირად არის როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის დამსახურება. ვერ ვხედავთ იმ ძალას, ვინც ამ ჩიხის დაძლევასა და ალტერნატივის შემოთავაზებას შეძლებდა. რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფს ესმის ეს, მაგრამ მხოლოდ სიტუაციის გააზრება არ კმარა. კიდევ რაღაც არის საჭირო.
რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოიციას, რომელიც შალვა ნათელაშვილის ოფისში იკრიბება. ქართული პოლიტიკური სპექტრი ძალიან ჭრელია, სამწუხაროდ, ასეთი რეალობა გვაქვს. ყველას საკუთარი ამბიციები და განსხვავებული ორიენტაცია გააჩნია. თუნდაც ავიღოთ ნინო ბურჯანაძე, რომელიც გამოკვეთილი პრორუსია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის იჯდეს გიგა ბოკერიასთან, რომელსაც პროდასავლური ორიენტაცია აქვს. ამ გაერთიანებაში არიან ისეთი პარტიები, რომელთა რეიტინგი არის 0%. ამ სახის ოპოზიციური ერთობას რა შანსები აქვს, რეალურად რა მიზანი აერთიანებთ მათ და რამდენად აწყობს ასეთი გაერთიანება ხელისუფლებას?
- უნდა დაგეთანხმოთ. ჩვენში საერთო ენა ვერ მოუძებნიათ პოლიტიკურად და იდეოლოგიურად ერთგვაროვან ძალებსაც კი, არათუ ისეთ ჭრელს, რომელთა თავყრილობასაც ვუცქერთ. ჩვენში პიროვნულ ფაქტორს გაცილებით მეტი როლი აქვს ვიდრე მსოფლმხედველობრივს და პოლიტიკურს. პოლიტიკურ სპეტრს ყოველდღიურად შლის პარტიკულარიზმის ბაცილა. მით უმეტეს, ძნელი წარმოსადგენია, ოდესმე ასეთი არაერთგვაროვანი ძალების სერიოზული თანხმობის წარმოდგენა. რომ მიაღწიონ კიდეც, ასეთ განსხვავებულ აქტორებს შორის თანხმობა, უმალ, „ხის რკინას“ ემგვანება. ამას დაუმატეთ ჩვენი პოლიტიკოსების საზოგადოების მიმართ მესიანისტური დამოკიდებულება არაადექვატური წარმოდგენები საკუთარი ავტორიტეტის შესახებ და ა.შ.
ტიპოლოგიურად მსგავსი სიტუაცია გვქონდა 2000-იანების დასაწყისში, როდესაც პოლიტიკურ ჩიხს ორი ძირითადი ოპონენტი - შევარდნაძე და აბაშიძე განასახიერებდნენ; ასეთივე სიტუაცია გვქონდა ნაციონალთა მმართველობის ბოლო წლებში, როდესაც სააკაშვილისა და გაჩეჩილაძის ოპონეცია ქმნიდა ჩვენს პოლიტიკური ცხოვრების უიმედო სურათს. ორივე შემთხვევაში ჩიხური სიტუაცია დაანგრია ვიღაცამ, რომელმაც განსხვავებული პოლიტიკური მეტყველება და პოლიტიკური ქცევის წესი შესთავაზა ჩვენს საზოგადოებას. დღეს ასეთი არ ჩანს.
თქვენს მიერ დასახელებულ პირებს მხოლოდ ხელისუფლების დამარცხების ინტერესები აკავშირებთ და როგორ წარმოგიდგენიათ მათი ერთიანობა წარმატების შემთხვევაში? როგორ წარმოგიდგენიათ კოალიციური მთავრობა? ეს კითხვები ნებისმიერის თუ არა, ამომრჩეველთა დიდი ნაწილის გონებაში ჩნდება, თუნდაც ნათლად ვერ გამოხატავდეს მათ. შიშველი პოლიტიკური ენთუზიაზმით დღეს შეუძლებელია ამომრჩევლის აყოლიება.
დიდი ხანია, ჩაიარა 90-იანმა წლებმა, როდესაც ამომრჩეველი პოლიტიკოსისაგან, უმალ, ირაციონალურ ენთუზიაზმს ელოდა, ვიდრე რაციონალიზმის რაღაც ელემენტებს მაინც. რიტორიკული კითხვა უნდა დავსვა: რა უშლის ხელს ჩვენს პროდასავლურ ძალებს არა მხოლოდ ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ, არამედ, მეტსაც ვიტყვი, ერთი პოლიტიკური გაერთიანება შექმნან, გარდა პოლიტიკური პარტიკულარიზმისა და მავანთა პიროვნული მესიანიზმისა? კიდევ ერთ კითხვას დავსვამდი: ჩვენი რომელი მეზობლის ინტერესებშია ჩვენს პროდასავლურ სპექტრში ასეთი „პლურალიზმის“ არსებობა?
იმდენად განსხვავებული ორინტაციის და ამბიციის მქონე პარტიები არიან შეკრებილი, იმაზეც ვერ თანხმდებინ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კონკურენტუნარიანი კანდიდატები დაასახელონ. მომავალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატი გახდა დაპირისპირების მიზეზი. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება „ქართულ ოცნებას“ აძლევს გამარჯვების შანსებს, თუ მთავარი ფაქტორი არის ეკონომიკური ვითარება? ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია გართულდება...
- ამ კითხვაზე ნაწილობრივ უკვე ვუპასუხე. ეს შეთანხმებები ძნელი წარმოსადგენია თუნდაც იმიტომ, რომ არა მგონია, ლეიბორისტებისათვის „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატი უფრო მისაღები იყოს, ვიდრე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. განსხვავება, უბრალოდ, ისაა, რომ ასეთი „პლურალიზმი,ს“ დროს არც ერთს არ ექნება საპარლამენტო მანდატების კრიტიკულად დიდი ოდენობა და სხვებს თავის პირობებს ვერ უკარნახებს.
ჯერჯერობით არ ვიცით როგორი იქნება საარჩევნო სისტემა. თუკი კონსტიტუციაში შევა ცვლილება და იქნება 1%-იანი ბარიერი, ეს ზრდის კოალიციური მთავრობის ფორმირების შანსებს და როგორ ფიქრობთ, ვი შექმნის კოალიციური მთავრობას, ანუ რა ჯგუფი შევა პარლამენტში?
- ძნელი სათქმელია. პანდემიამ სერიოზული კორექტივები შეიტანა მოსახლეობის განწყობებში. თუ რამდენიმე თვის წინ „ქართული ოცნება“ უიმედოდ კარგავდა პოზიციებს, დღეს ასე აღარ არის. თუ რამდენიმე თვის წინ ჩვენი საზოგადოება პოლიტიკური ალტერნატივის ძიებაში იყო, დღეს საამისო განწყობა შემცირებულია. ხელისუფლებისათვის იმთავითვე მომგებიან ვითარებას ქმნის ის, რომ გადასასვლელზე ცხენებს არ ცვლიან და მის წარმომადგენლებს ესმით ეს. სამართლიანობისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ საკმაოდ კარგად გაართვა თავი სასაზღვრო სიტუაციას.
რაც შეეხება აშშ-ის მიმდინარე პროცესებს, რასაკვირველია, ეს ვითარება დასრულედება, მაგრამ გააჩნია როგორ და რა ჯგუფის სასარგებლოდ. მით უფრო, როცა აშკარაა რა ჯგუფი ებრძვის დღეს ტრამპს, რამდენად გავლენიანი და ძლიერი ჯგუფებია. როგორ განვითარდება მოვლენები აშშ-ში, ამას რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის? ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს სამხედრო გადატრიალებით ემუქრება...
- რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღევანდელი ვითარება ტრამპმა შეიძლება თავის სასარგებლოდაც გამოიყენოს და ეს ჯერ კიდევ წინაა. ანტირასისტულმა გამოსვლებმა ბევრ შემთხვევებში ისეთი ექსტრემისტული და, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი ფორმები მიიღო, რომ ტრამპს კიდევ ერთხელ ეძლევა „ორსართულიანი ამერიკის“ მობილიზების შანსი.
ამერიკელმა ლიბერალებმა თავისი რადიკალიზმით დღეს თავადვე შექმნეს ახალი ამერიკული კონსერვატიზმის დაბადების წინაპირობა. ტრამპი ამ შემთხვევაში მხოლოდ სიმბოლოა, მხოლოდ იმ უმრავლესობაში მოარული განწყობების გამოხატულებაა, რომელმაც თავისი განწყობების გამოხატვა სხვა ფორმებისა და აქტორების მეშვეობით ვერ შეძლო.