მიუხედავად იმისა, თუ რას ამტკიცებს რამდენიმე დასავლური საინფორმაციო საშუალება, პასუხი არც იმდენად ერთმნიშვნელოვანია.
1 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები ჩატარდა. ყველას გასაოცრად, მმართველი პარტია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც სათავეში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უდგას, ახლად შექმნილ კოალიციასთან, ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებასთან“ , დამარცხდა. ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო გარემო უაღრესად უსამართლო, ძალიან დამთრგუნველი იყო, ხოლო წარსულში ადგილი ჰქონდა რევოლუციურ გადატრიალებებს.
არჩევნებზე უამრავი ქართველი მივიდა. მთავრობამ იმდენად გამანადგურებელი მარცხი განიცადა, რომ მიუხედავად მისი მზარდი ავტორიტარულობისა, იძულებული გახდა ძალაუფლება დაეთმო. და მოხდა ის, რაც მსოფლიოს ამ კუთხეში სასწაულს უდრის, სააკაშვილმა დათმო იმ ძალაუფლების ძირითადი ნაწილი, რომელსაც ცხრა წლის განმავლობაში დაჟინებით უყრიდა თავს. არჩევნები მოულოდნელ და წარმატებულ დემოკრატიულ გარღვევად გამოცხადდა – სწორედ ეს წარმოადგენდა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზანს 1980-იანი წლებიდან. დემოკრატიამ უცვალა სახე ხმელთაშუაზღვისპირა ევროპას, აღმოსავლეთ აზიას და აფრიკასაც კი, მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, პოსტსაბჭოთა სივრცეში აქამდე ამგვარი არაფერი მომხდარა.
მაგრამ არჩევნებიდან ორი თვეც არ იყო გასული, რომ ზოგიერთი შფოთში ჩავარდა. ნატოს და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა, რომელთაც ზურგს პრესტიჟული გაზეთები უმაგრებდნენ, ვითომდა მისი არადემოკრატიული საქციელის გამო, ახალი მთავრობის დატუქსვა იწყეს. „ვაშინგტონ პოსტმა“ ივარაუდა, რომ ჩვენ მოწმენი ვხდებით „რუსული ტიპის ავტოკრატიისკენ უკუსვლისა“ და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ თუ საქართველო საქციელს არ გამოასწორებს, „საქართველოს ახალი ლიდერი ვაშინგტონში კარგად არ უნდა მიიღონ“. „ეკონომისტი“ წერდა, „ივანიშვილი ისევე ცუდად იქცევა, როგორც, მისივე თქმით, იქცეოდა სააკაშვილი“.
საქმე ეხებოდა ივანიშვილის მთავრობის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური პირების დაპატიმრებას, რაც ზოგიერთი გარეშე დამკვირვებლის აზრით, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის შეუფერებელ, ცალმხრივ პოლიტიკურ რეპრესიებს წააგავდა. მაგრამ მოდი ეს საკითხი უფრო ყურადღებით განვიხილოთ: ივანიშვილს არავინ მოუკლავს, განსხვავებით სააკაშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომელმაც 2006 წელს სანდრო გირგვლიანი მოკლა. მას არავინ უწამებია და არავინ გაუუპატიურებია, რაც, როგორც ნაჩვენები იყო, სააკაშვილის მმართველობისას ქართულ ციხეებში ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენდა. ივანიშვილს არავისთვის ჩამოურთმევია ქონება ორდერის გარეშე. ის არავის უწევდა შანტაჟს, მას არავინ გაუტაცებია და არავისთვის ჩაუდია ნარკოტიკები. ახალ პრემიერმინისტრს არ დაურბევია მშვიდობიანი დემონსტრაციები, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა 2007 წლის ნოემბერში, არც პოლიციის სპეცრაზმი გაუგზავნია დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და მათი აღჭურვილობის დასარბევად. მას არ წაურთმევია სამაუწყებლო კომპანიები მფლობელებისთვის, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა თავისი ფსევდოკანონიერი მანევრებით. თერთმეტთვიანი კამპანიის განმავლობაში ივანიშვილს არასდროს გაუცია ბრძანება მისი ელექტორალური ოპონენტის განადგურების შესახებ. ასეთი რამ სააკაშვილმა გააკეთა, ძველი პრემიერმინისტრის მტრების წინააღმდეგ კიბერშპიონაჟიც გამოიყენა და პოლიტიკური ოპონენტები $125 მილიონითაც დააჯარიმა. თუ „ვაშინგტონ პოსტის“ რიტორიკას გამოვიყენებთ, სწორედ ივანიშვილი ემსხვერპლა ამ „ბინძურ ხრიკებს“.
როგორც ჩანს, მსოფლიო ორმაგ სტანდარტებს იყენებს და ახალ, დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას უფრო სასტიკად განსჯის, ვიდრე ადამიანის უფლებათა ჯიუტ დამრღვევებს, რომლებიც ქართველებმა სულ ახლახან ჩამოიცილეს.
რეალურად, თუ სხვა თვალით შევხედავთ , ივანიშვილის მთავრობას მართლაც ჰქონდა მიამიტური სურვილი ემოქმედა ისე, როგორც ეს დასავლურ დემოკრატიებშია მიღებული: დაკავებულს მის უფლებებს უკითხავდნენ, ურეკავდნენ მის ადვოკატს და აქვეყნებდნენ ჩვენებებს – ამ პროცედურულ სტანდარტებს ადრე არ იცავდნენ. სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, საჯარო მომსამსახურეები, თვით სოფლის სკოლის მასწავლებლებიც კი, მის პარტიაზე მუშაობდნენ. „ქართული ოცნების“ მთავრობამ, ყველა, ვისაც მინისტრის მოადგილეზე დაბალი თანამდებობა ეკავა, სამსახურებში დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი, ალბათ, დღემდე ლოიალურია ძველი მთავრობისადმი. ივანიშვილმა პირობა დადო, რომ წესრიგში მოიყვანს მთავრობას და 18 თვეში თანამდებობას დატოვებს. „ქართულმა ოცნებამ“, მალევე, მთავრობის ფორმირების შემდეგ, დაითხოვა კარგად ანაზღაურებული ლობისტების არმია. სააკაშვილი არასდროს მოქცეულა ასე და მისი ლობისტები არიან პასუხისმგებელნი ამ ბოლოდროინდელ ქარიშხალზეც.
არჩევნებში დამარცხების შემდეგ, სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრძოლის ახალ ველს მიაგნეს, ეს საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრია. ისინი საქართველოს კანონიერად არჩეულ მთავრობას ქვეყნის გარეთ რეპუტაციას ულახავენ და ამით ქვეყნის შიგნით ამ მთავრობის დამარცხებას იმედოვნებენ.
საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური ბრძოლის გადატანა, გავრცელებული პრაქტიკაა წაგებული ოპოზიციური მოძრაობებისთვის. მაგრამ უფრო ხშირად ამ მეთოდს აქტივისტები იყენებენ და რეპერესიულ მთავრობებს უფლებადაცვით ორგანიზაციებში უჩივიან. აქ კი პირიქით ხდება, რეპრესიული მოძრაობა საერთაშორისო საზოგადოებას იმ ადამიანებზე უჩივის, ვინც პოლიტიკურ პროტესტს გამოთქვამდა, სამართლიანად მოიგო არჩევნები და მიზნად სააკაშვილის უსამართლობის გამოსწორება დაისახა. ხოლო საერთაშორისო საზოგადოებაც პირდაპირ ასხამს წყალს სააკაშვილის წისქვილზე.
არის კი მართლა ეს დაპატიმრებები ისეთი, როგორადაც მას „ფაინენშალ თაიმსი“ აღწერს - „წმენდა“, „მზარდი კამპანია“ და „დაპატიმრებების ტალღა“? ასეთივე შთაბეჭდილებას ტოვებდა უოთერგეითსის და დრეიფუსის საქმეები. მაშინაც სხვადასხვა ჯგუფში სკანდალმა იფეთქა, რადგან მთავრობა ცდილობდა ეს საქმეები მიეჩქმალა. მთავრობის წასვლას დაპატიმრებების „სერია“ და „ტალღა“ მოჰყვა. როდესაც ერთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ მიჩქმალული ბნელი საიდუმლოებები მჟღავნდება (ისე, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა ამას), ხოლო ოპოზიცია რეაგირებას იწყებს, ეს შეიძლება წააგავდეს „ანგარიშსწორებას პოლიტიკური მტრების წინააღმდეგ“, როგორც განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა. მაგრამ, საქმე ისაა, რომ კრიტიკოსები ამ შემთხვევაში თავად პოლიტიკის არსს აკრიტიკებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ბევრ რამეს მალავდა. ახლა, როდესაც გამოძიება დაიწყო, ისინი განგაშს ტეხენ. თუმცა, ეს ყველაფერი თავის დროზე ვიღაცას რომ არ დაემალა, ახლა აღარაფერი იქნებოდა გასამჟღავნებელი.
აქედან, თბილისიდან, დასავლური მთავრობების რისხვა ცუდად ჩანს. ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს დასავლეთი ძველ მთავრობას უჭერს მხარს. ეს შთაბეჭდილება მცდარია, მით უფრო თუ იმას გავიხსენებთ, რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აშშ-ის მთავრობამ საარჩევნო კამპანიისას, როდესაც ნაწილობრივ გაათავისუფლა ტელევიზია, წინ აღუდგა „ქართული ოცნებისათვის“ ყველაზე საშინელი ჯარიმების დაწესებას და დაარწმუნა სააკაშვილი იმაში, რომ მარცხი ეღიარებინა. მაგრამ ეს ყველაფერი, მანამდე სანამ ქართველების მეხსიერებაში დაფიქსირდება, კორექტირებას მოითხოვს.
დასავლეთთან შერწყმის ზერელე ენთუზიაზმის მიღმა, საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია საბჭოთა ნოსტალგიის, ანტიამერიკული განწყობებისა და ევროპისადმი უნდობლობის დიდი მარაგი. თუ ქართველები ირწმუნებენ, რომ მათი ბოლო მცდელობა დემოკრატიულ სამყაროსთან მიერთებისა, აბუჩად აიგდეს, ზემოთ ნახსენები, ანაქრონისტული ელემენტები გაძლიერდება. საქართველოს ამჟამინდელი დემოკრატიული წინსვლა ძალიან მყიფე რამაა, ხოლო ნატო და შეერთებული შტატები იმ ყველაზე ძლიერ ფაქტორთა შორის არიან, რომელთაც შეუძლიათ მოვლენათა პოზიტიური განვითარება უზრუნველყონ. ახლა იმის დრო არ არის, რომ ეს გავლენა შესუსტდეს.
foreignpress.ge