წელს საქართველოში ყურძნის დიდ მოსავალს ელიან. პანდემიის გამო შემცირებული მოთხოვნის პირობებში არსებობს საფრთხე, რომ მისი რეალიზაცია ვერ მოხერხდეს და ქარხნებმა არ ჩაიბარონ. ამიტომ მთავრობა წელს რთველის სუბსიდირების თემას უბრუნდება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ზოგიერთ სექტორს პანდემია მნიშვნელოვნად შეეხო. მაგალითად, ტურიზმი არის საოცრად დაზარალებული და ამის შემდეგ კი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი დარტყმა ღვინის სექტორმა განიცადა.
„ღვინის გაყიდვა მჭიდროდ არის დაკავშირებული სასტუმრო ბიზნესთან. სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ჰორეკა სეგმენტი არის გაყიდვების ძალიან მნიშვნელოვანი და გაყიდვების დაახლოებით 30 პროცენტი მოდის ჰორეკა სექტორზე, რომელიც რადენიმე თვე მთელ მსოფლიოში დაკეტილი იყო. საქართველოშიც ახლახან გაიხსნა რესტორნები და მათი სრული დატვირთვა ჯერ შორსაა.
ყველა ახალ ბაზარზე ქართული ღვინის დიდი წილი შედიოდა სწორედ ჰორეკა სექტორში, ამიტომ დღეისთვის დაახლოებით, 10-15%-ით არის შემცირებულია ღვინის რეალიზაცია, მაშინ, როდესაც წელს უნდა გაზრდილიყო. ჩვენ ყოველ წელს გვაქვს 5-დან 10%-მდე ზრდა და ამიტომ ნედლეულის ბაზაც საქართველოში ყოველ წელს იზრდება და სწორედ ამ ზრდაზეა ინდუსტრია ორიენტირებული. წელს კი ზრდის ნაცვლად კლება გვაქვს, ისევე, როგორც ეკონომიკაში. ეს ძალიან მძიმეა სექტორისთვის და ამიტომ ჩვენ კრიზისული ბიუჯეტის ნაწილში სუბსიდირების თანხა გვაქვს გათვალისწინებული“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ბოლო წლების განმავლობაში მთავრობა სუბსიდიის რეჟიმიდან, ფაქტობრივად, გამოსული იყო. ბოლო დრომდე რეალიზაციის პრობლემა არ არსებობდა, თუ არ ჩავთვლით შარშანდელ შედარებით დაბალ ფასს. წელს კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა. არის საფრთხე, რომ ყურძენი ღვინის ქარხნებმა არ შეისყიდონ. ამიტომ მთავრობა პროცესებში ჩარევას ისევ გეგმავს.
„იმ მიზნით, რომ ჩვენ ფერმერებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ, რადგან ეს არის მალფუჭებადი პროდუქტი და მყისიერად უნდა დაბინავდეს, მინიმალური გარანტირებული პირობები გვექნება, რომ გლეხებმა თავის დანახარჯის ამოღება შეძლონ და გარკვეული მოგებაც მიიღონ. სახელმწიფო გასწევს სუბსიდირებას, თუმცა სუპერ ფასების მოლოდინი ყურძენზე, წარმოუდგენელია. გულწრფელები ვიყოთ და პირდაპირ ვთქვათ და არ შევქმნათ ცრუ მოლოდინი, რადგან ეს არის ის შესაძლებლობა, რაც ქვეყანას გააჩნია ამ რთულ პირობებში. რესურსები შეზღუდულია და ყველაფერს ყურძნის შესაძენად ვერ დავხარჯავთ. თან სახელმწიფომ უნდა გაიღოს თანხა, რადგან კერძო სექტორიდან შემცირებულია მოთხოვნა.
წელს დაახლოებით 60 მილიონია, რაც სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით დაიხარჯება, რაც ვითარების დაბალანსების შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ნაკლებად მტკივნეულად გადაიაროს სექტორმა პრობლემები, როგორც მევენახეებმა, ასევე მეღვინეებმა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
წელს დიდი რაოდენობით, დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელიან. მთავრობის მხრიდან რთველის სუბსიდიის გადაწყვეტილებამ გლეხები იმედიანად განაწყო. მათი უმრავლესობა კმაყოფილია და ამბობს, რომ ამ დახმარებით პრობლემის მოგვარება და მოსავლის რეალიზაცია არ გაუჭირდებათ.
ქიზიყელი მევენახე გია ქადაგიშვილი ვარაუდობს, რომ ეპიდემიის გამო შეიძლება მოსავლის რეალიზაციის პრობლემა გაჩნდეს, ამიტომ სუბსიდიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ გაუყიდავი პროდუქტი არ დარჩეს.
„დახმარებას ველოდი, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, რომ მთავრობა სუბსიდიის მექანიზმს დაუბრუნდებოდა. ცხადია, კმაყოფილი ვარ, მთავრობის მხრიდან ეს დიდი სტიმულია და ვერ დავუკარგავთ. სუბსიდიის დეტალებთან დაკავშირებით ბოლომდე არ ვარ ინფორმირებული, დეტალებს გავარკვევ. როგორც არ უნდა იყოს, სუბსიდიის შემთხვევაში, დანაკარგის დიდი ნაწილი ამინაზღაურდება, რაც კარგი შეღავათია“, - განაცხადა კახელმა მევენახმემ.
სუბსიდიის მიუხედავად, წელს ყურძენზე მაღალი ფასი არ იქნება, თუმცა რა ფასად ჩაიბარებენ 1 კგ ყურძენს ქარხნები, მიახლოებითაც არ სახელდება.