ბიზნესომბუდსმენი ნიჩაბზეა - მთავრობაში ჯერჯერობით ყოყმანობენ

ბიზნესომბუდსმენი ნიჩაბზეა - მთავრობაში ჯერჯერობით ყოყმანობენ

საქართველოში ომბუდსმენები მაინც და მაინც თვალში არ მოსდით. ამგვარი თანამდებობების მიმართ მუდმივი აზრთა სხვადასხვაობაა. სახალხო დაცმველის ინსტიტუტი, როგორც იქნა, დამკვიდრდა, მაგრამ სხვა ომბუდსმენებმა ფეხი ვერა და ვერ მოიკიდეს.

ასეთივე მდგომარეობაშია ბიზნესომბუდსმენიც, რომელიც თითქოსდა იმისათვის შეიქმნა, რომ ბიზნესს შვება ეგრძნო, მაგრამ გიორგი პერტაიას და მაია მერედოვას დროებაში ეს ვერაფრით მოხერხდა. ახლა კი საერთოდ იმაზე მიდის მსჯელობა, საჭიროა თუ არა ბიზნესმენთა ინტერესების დამცველი სტრუქტურის არსებობა.

მთავრობაში ჯერჯერობით ვერ ჩამოყალიბებულან, თავად ბიზნესმენები კი ორად არიან გაყოფილნი. წვრილებს და საშუალოებს უმოქმედო ბიზნესომბუდსმენი გულზე არ ეხატებათ, მსხვილებს კი მისი შენარჩუნებაზე უჭირავთ თვალი. ამიტომაც ამ სტრუქტურის გაძლიერებაზე ზრუნავენ.

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი კახა კოხრეიძე ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის შესაძლო გაუქმებას პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის კანდიდატების განცხადებები ადასტურებენ, რომ შეინიშნება მზადყოფნა, რომ ბიზნეს ასოციაციები უშუალოდ იყვნენ ჩართული დიალოგში და საკანონმდებლო რეფორმების პროცესში. აქედან გამომდინარე, პრემიერის მიერ ხელდასმული ბიზნეს-ომბუდსმენის ადგილი არსად რჩება.

ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტთა გაძლიერების აუცილებლობას ვერც „მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციაში“ ხედავენ. მეტიც, ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია უკვე არსებობს და შუამავალი ომბუდსმენის სახით საჭირო არ არის. მისი თქმით, ბიზნესის უფლებების დაცვას სახალხო დამცველის აპარატიც ახერხებს.

განსხვავებული პოზიცია აქვთ მხვილ ბიზნესმენთა ახალ გაერთიანების საინიციატივო ჯგუფში. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, „სილქროუდ ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი რადიო „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მსხვილ ბიზნესს აქვს იდეა, გაძლიერდეს ბიზნესომბუდსმენის აპარატი და უფრო ეფექტური მუშაობისთვის ის პრემიერის ნაცვლად, პარლამენტმა აირჩიოს.

რამდენიმე დღის წინათ კი საქართველოში ბიზნესის დაცვისა და საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მიზნით ბიზნესმენთა ახალი საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. საინიციატივო ჯგუფის მიზანი ხელისუფლებისათვის რეკომენდაციების, ახალი წინადადებებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შეთავაზებაა. საინიციატივო ჯგუფი უპირველესად, იწყებს მსჯელობას მეწარმეთა და გადამხდელთა უფლებების დამცველის (ბიზნესომბუდსმენის) შესახებ კანონზე, რათა ამ უკანასკნელს მეწარმეთა დასაცავად მეტი დამოუკიდებლობა მიეცეს.

როგორც ჯგუფის წევრები აცხადებენ, ამჟამინდელი ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი პრემიერ-მინისტრის დადგენილებით არის შექმნილი, რეალურად მისი აპარატის წევრია და ფიქტიური თანამდებობაა.

ბიზნესმენების მოსაზრებით, ბიზნესომბუდსმენის კანდიდატურა ბიზნესის ფართო წრეების წარდგინებითა და პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, პარლამენტმა კენჭისყრით უნდა დაამტკიცოს. კერძო იურისტთა მიერ შემუშავებული კანონპროექტი ასახავს ბიზნესომბუდსმენის რეალურ დამოუკიდებლობას და გაზრდილ უფლებამოსილებას, როგორც ეს საერთაშორისო პრაქტიკაში არის აპრობირებული. მაგალითად, ბიზნესომბუდსმენს უფლება ეძლევა არაძალისმიერად ცნოს და დროებით შეაჩეროს სამართლებრივი აქტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და მეწარმის უფლებებს ლახავს.

ჯგუფი ასევე გამოდის კერძო არბიტრაჟის შესახებ კანონში ცვლილებების ინიციატივით და საჭიროდ მიიჩნევს საგადასახადო კოდექსის დახვეწა-ლიბერალიზაციას.ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი ფუნქციონირებას წყვეტს.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ბიზნესომბუდსმენი მაია მერედოვა, რომელიც ამ თანამდებობაზე პრემიერმა მიმდინარე წლის მაისში დანიშნა, აცხადებს, რომ სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე უკვე დაწერა განცხადება, რადგან ბიზნეს– ომბუდსმენის ინსტიტუტი უქმდება.

 

მერედოვა ვერ აკონკრეტებს, როდიდან ან ვისი გადაწყვეტილებით მოხდება ომბუდსმენის ოფისის გაუქმება და ამბობს, რომ აპარატმა მათთვის მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად იმოქმედა.