„ქართულ ოცნებაში“ დაუმსახურებლად მოხვედრილმა ახალგაზრდებმა იმდენი იჩალიჩეს, რომ „ოცნება“ დაამსგავსეს დახურულ კლუბს, სადაც შესვლა სპეციალური ფეისკონტროლითაა შესაძლებელი“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია.
საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე ფიქრობს, „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“ იმდენად დაემსგავსა ერთმანეთს, რომ შეუძლიათ უკვე ერთ ბლოკად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ვინ ვის დაემსგავსა ქართულ პოლიტიკაში და შეიძლება თუ არა საერთო კანდიდატებმა რაიმე წარმატება მოუტანოს ოპოზიციას?
ვახტანგ მაისაია: მეც ასე მეჩვენება, რომ „ნაცმოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ამოწურა. „ნაცმოძრაობა“ როგორი პოლიტიკური ძალაა, თვითონვე ვერ გაურკვევია. თუკი, ვთქვათ, „ევროპულ საქართველოს“ პლატფორმა მაინც გააჩნია, საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია მაინც აქვს და რაღაცნაირად უკიდურეს ლიბერტარიანულ იდეებზე არის აღმოცენებული, ნაცებს და სხვა წვრილ პარტიებს ეს არ აქვთ. ისე, არც „ევროპული საქართველო“ გამოირჩევა დიდი შთამბეჭდავობით, იქაც არიან „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის იდეოლოგები. უბრალოდ, ბოკერიამ დროზე გაასწრო და მერე რა მოხდა, კულუარულად ითანამშრომლა ივანიშვილთან, თუ არ ითანამშრომლა, ეს არ ვიცი. ამას ვამბობ მათივე მომხრეებისა და ყოფილი თანაგუნდელების მოსაზრებაზე დაყრდნობით და სავსებით არ გამოვრიცხავ ასეთ ქმედებას. როდესაც, სიტყვაზე, ძმები კუბლაშვილები და სასამართლოს შტოს წარმომადგენლები იყვნენ გადაბირებულნი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ, ასეთ სცენარს არ გამოვრიცხავ არც ბოკერიასთან მიმართებით.
ყოველ შემთხვევაში, თამარ ჩერგოლეიშვილი ძალიან მკვეთრი განცხადებებით გამოირჩევა სააკაშვილის მისამართით, მე მგონი, ამაში თავის მეუღლე - გიგა ბოკერიასაც აჭარბებს.
- ბუნებრივია და ეს კარგია, ისე უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი. რაც უფრო დაგესლავენ ერთმანეთს, ეს კარგი იქნება, მათ შორის, იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც ანტინაცისტური სულისკვეთებით არიან გამსჭვალულნი. სანამ „ნაცმოძრაობის“ ბოლო წარმომადგენელი იქნება ცოცხალი პოლიტიკურ არენაზე, მანამდე ჩვენი ბრძოლა არ დამთავრებულა.
კონკრეტულად, რით დაემსგავსა „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“?
- თავიანთი ტიპაჟებით, გარკვეულწილად, გვანან ერთმანეთს. შინაარსობრივი კუთხით რა გითხრათ, მათ სხვადასხვა პლატფორმა აქვთ, მაგრამ სტრუქტურისა და ლიდერშიპის ვარიანტში ცოტა დამსგავსებულები არიან. თავიანთი თავი ამოწურეს და ეს სავსებით კანონიერია. თავის დროზე „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ იყვნენ ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალები და ქმნიდნენ პოლიტიკურ ამინდს, ბიპოლარიზმი კარგად შეიმჩნეოდა ქართულ პოლიტიკაში. დღეს პროცესები კანონზომიერად წარიმართა, რადგან საქართველოში პოლიტიკურ ძალებს არ გააჩნიათ ორი პოლიტიკური ვადის რესურსი. როგორც წესი, ორი პოლიტიკური ვადის გასვლის შემდეგ ყველა ძალა ქრება მარტივ მამრავლებად, ეს დაემართა გაერთიანებულ „ნაცმოძრაობას“ და „ქართულ ოცნებასაც“ ამოეწურა რესურსები.
სხვა თუ არაფერი, „ნაცმოძრაობა“ და „ოცნება“ ერთმანეთს დაემსგავსა თუნდაც იმაში, რომ საკრალური მეცხრე წელი ნაცებისთვისაც საბედისწერო აღმოჩნდა და შეიძლება არც „ოცნებისთვის“ აღმოჩნდეს იღბლიანი.
- დიახ, „ოცნებას“ როგორც ადამიანური რესურსი ამოეწურა, ასევე, ამოეწურა პოლიტიკური რესურსი, ფაქტობრივად, წურბელებივით არიან პოლიტიკურ არენაზე. ეს თვალსაჩინოა. დღეს უკვე „ქართულ ოცნებაში“ ისეთი პოლიტიკოსები დარჩნენ, რომლებსაც ხელიც არ გაუნძრევიათ 9-წლიან ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლის თვალსაზრისით. ვინც იყო ამ ბრძოლის ავანგარდში, ყველა ჩამოსცილდა „ქართულ ოცნებას“, მათ შორის, ჩემი თანამებრძოლები, საუბარია ჯაბა ჯიშკარიანზე, ლევან გოგიჩაიშვილზე, ეკა ბესელიასა და სხვებზე. დღეს „ქართულ ოცნებაში“ ვინ არიან? უკვე მანქურთების გაერთიანებაა „ქართული ოცნება“, უსახური ადამიანებისგან შექმნილი. მექანიკური ფორთოხლის როლს რომ ასრულებს ირაკლი კობახიძე, მამამისი ბრძოლის ავანგარდში იყო, მაგრამ მისი შვილი იმ პერიოდში არ მინახავს ბრძოლაში, შეიძლება მამის გვერდით იდგა და, თუ ეს ასეა, მივესალმები, მაგრამ უშუალოდ ბრძოლის ავანგარდში მე არ მინახავს, ანუ იმ ახალგაზრდულ მოძრაობასთან, სადაც იდგნენ გოგიჩაიშვილი, ჯიშკარიანი და სხვები, მაშინდელი ოპოზიციური ძალების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, ირაკლი კობახიძე არ ყოფილა. მეორე მომენტიცაა, საერთოდ, ქართული პოლიტიკური სპექტრი ძალზე გაღარიბებულია, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია ძლიერი პოლიტიკური ამინდის შექმნის პოსტულატები, გამონაკლისია „პატრიოტთა ალიანსი“, ასევე, „ლელო“, კიდევ გამოჩნდა ახალი ძალა - „სოლიდარობის ალიანსი“, ანუ ის 7 ადამიანი, ყოფილი დეპუტატები, რომლებიც მართლაც იბრძოდნენ და მათი წვლილიცაა შეტანილი „ნაცმოძრაობასთან“ ბრძოლის საქმეში. ბექა ნაცვლიშვილი კარგი ორატორია, გააჩნია კარგი იდეოლოგიური ბაზა, მემარცხენე ორიენტაციის, ეს ადამიანები ინტელექტუალები არიან და კარგი შანსები გააჩნიათ.
„სოლიდარობის ალიანსი“ ამომრჩევლის 60%-ს თუ მიიზიდავს, რომელთაც არც „ოცნება“ უნდათ, არც ნაცები და მიიყვანენ თუ არა პასიურ ამომრჩეველს საარჩევნო ყუთთან?
- ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარმოაჩენენ პლატფორმას, პროგრამას, მათი პროგრამა და ლოზუნგები რამდენად იქნება თავსებადი იმ მოთხოვნებთან, რომელიც დგას დღევანდელი ელექტორატის წინაშე. რეალურად რომ ავიღოთ, ორივე ფლანგმა - „ქართულმა ოცნებამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ, სადაც „ნაცმოძრაობაა“ რეალური წარმმართველი ძალა, უკვე მოჭამეს თავიანთი თავი. ჯერ ერთი, გაერთიანებული ოპოზიცია შექმნილი იყო კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად, ეს იყო დროებითი ტიპის ალიანსი, რომელიც მიზნად ისახავდა საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას. პრინციპში, მათ ამ მისიას მიაღწიეს და მათ არსებობას უკვე აზრი დაეკარგა.
მათი ბოლოდროინდელი მიზანი, ასევე, იყო დროებით კანდიდატებზე შეთანხმება, მაგრამ, როგორც თაკო ჩარკვიანი ამბობს, ყველა მათგანს მადა გაეხსნა საკუთარი კანდიდატურის წამოსაყენებლად.
- უბრალოდ, ეს იქიდან გამომდინარეა, რომ მათ წარმოეშვათ არასწორი, ილუზორული შეხედულება საკუთარ თავზე და იფიქრეს, რომ შეძლეს კონსენსუსი და ამ კონსენსუსისგან ყველაფერს მიიღებენ. ეს მეტყველებს მათ დაბალ პოლიტიკურ კულტურასა და ცნობიერებაზე. მათ ვერ შეძლეს გაეკეთებინათ სწორი პოლიტიკური პროგნოზი, თუ რისი თავი ჰქონდა მათ გაერთიანებას და რისი თავი არ ჰქონდა. ამაშია მთელი მათი ტრაგიზმი. საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებს რაც შეეხება, ამით შანსები გაერთიანებულ ოპოზიციას მაინც არ ექნება, რადგან პარტიებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ დამოუკიდებლად მიიღებენ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობას. „ლელოს“ რომ ეყოლება თავისი მაჟორიტარი, ეს ხომ გასაგებია. ახლად შექმნილ „სოლიდარობის ალიანსს“ რომ ეყოლება თავისი მაჟორიტარი, ესეც ხომ გასაგებია. „პატრიოტთა ალიანსს“ რომ ეყოლება, ესეც გასაგებია, პლუს კიდევ, ოქრუაშვილმაც განაცხადა, რომ ისიც აპირებს მაჟორიტარული კანდიდატურის წამოყენებას. ამ ფონზე „ევროპული საქართველო“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ თანხმდება საერთო კანდიდატზე და, მით უმეტეს, არა მგონია, თბილისმა „ნაცმოძრაობას“, ან „ევროპულ საქართველოს“ მისცეს ხმა. თბილისი არასდროს აძლევდა ხმას „ნაცმოძრაობას“, ამ ფაშისტურ კლასტერს. სხვათა შორის, „ლელოში“ არიან მაღალი დონის პოლიტოლოგები, იქ ჩემი კოლეგებიც არიან და მათ კარგად ესმით პოლიტიკური პროცესები. „ნაცმოძრაობისა“ თუ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატებით რომ გაერთიანებული ოპოზიცია ფონს ვერ გავა, ეს ხომ აშკარაა. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, დღეს „ქართული ოცნების“ კლასიკური პარტიული სტრუქტურა სრულად დემორალიზებული და დაშლილია. დამისახელეთ „ქართულ ოცნებაში“ ვინ არის ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც პოზიტივი ექნება ელექტორატში?!
„ქართული ოცნების“ დემორალიზებას რით ახსნით? მის წიაღში დაუმსახურებლად მოხვედრილი ახალგაზრდების „დამსახურებით“?
- რა თქმა უნდა, მათ იმდენი იჩალიჩეს, რომ ეს პარტია დაამსგავსეს დახურულ კლუბს, სადაც შესვლა სპეციალური ფეისკონტროლითაა შესაძლებელი. მე მათ ვუწოდე პოლიტიკური თალიბანის ორდენი. მარტო ლევან გოგიჩაიშვილი თავისი ავტორიტეტითა და ბრძოლის უნარით გადაწონის კობახიძეს, მდინარაძეს, მათიკაშვილს და ყველას ერთად აღებულს. ფაქტობრივად, ჩიხის დონეზე მივდივართ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ კვლავ მოგვიწევს ახალ, ანუ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება. დღევანდელი არჩევნები ძალიან წააგავს იმ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა 1992 წელს. თუმცა მაშინდელ და ახლანდელ არჩევნებს შორის განსხვავება ისაა, რომ იმ არჩევნების დროს არსებობდა საკმაოდ სერიოზული და მძიმე წონიანი პოლიტიკური ფიგურა - ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც შეძლო თავისი პიროვნული ქარიზმით, საერთაშორისო ავტორიტეტით ჭრელი პარლამენტის ხელში აყვანა და კრიზისის დაძლევა. როდესაც შევარდნაძეს დაეშალა უმრავლესობა, ედპ-მ, ბათიაშვილმა და სხვებმა დატოვეს თანამდებობები, მაშინაც შეიქმნა სერიოზული კრიზისი და მაშინ ქვეყანა იყო ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ზღვარზე. იმ დროს შევარდნაძემ შეძლო სიტუაციის კრიზისიდან გამოყვანა. დღეს შევარდნაძის მსგავსი ფიგურა ბუნებაში არ არსებობს. ერთი გამონაკლისია, თვითონ ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგეს სათავეში პარტიულ სიას, როგორც ლოკომოტივი და გაქაჩოს ეს სია.
თქვენ 90-იანი წლები გაიხსენეთ, სამოქალაქო ომის საშიშროებას თუ ხედავთ? შეიძლება გართულდეს ვითარება არჩევნების შემდეგ?
- სამოქალაქო ომი გამოირიცხება. ჩვენ სამოქალაქო ომში ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები 1992 წლის 30 ოქტომბერს. იმ პერიოდში სამოქალაქო ომიც იყო, აფხაზეთის საკითხიც მძიმედ იდგა, საქართველო ჩაბმული იყო რუსეთის იმპერიასთან ომშიც.
ყველაფერში ვეთანხმები, გარდა "ლელოსადმი" სიმპათიებისა!
(თუმცა, ეგეც მესმის - მისი მეგობრები თუ არიან მანდ, ქვებს ხომ არ დაუშენს!).
მაგრამ არ მესმის, რატომ უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა იმ ბანკირის პარტიას, რომელმაც ათასობით მოქალაქეს სახლ-კარი გააყიდვინა, ქუჩაში დატოვა ან უცხოეთში გააქცია?!
რაც შეეხება "ოცნებას", პირდაპირ განსაცვიფრებელია, სად, რომელ "დაშლილებში" პოულობენ ამ ხალხს?!..