„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე, ბრალდებული გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. თავად ამტკიცებს, რომ დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, რაც მისივე თქმით, ჩხრეკის ვიდეოჩანაწერშიც ჩანს. რურუას თქმით, ეს უკანონობა რომ არ გაგრძელებულიყო, საკასაციო სასამართლოს ერთი განკარგულებით შეეძლო ამ საქმისთვის ნათელი მოეფინა, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ამოეღოთ ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სახლის გასაღები და არა იარაღი. ბრალდებული ამტკიცებს, რომ უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
რურუას წინააღმდეგ გამოძიება სხვა საქემეზეც მიმდინარეობს. საქმე ეხება თორაძეების და ვეფხვაძის მკვლელობის საქმეს. საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო. გამოძიებას ჩვენება მისცეს მოკლულების ოჯახის წევრებმა, რომლებიც ხელს გიორგი რურუას ადებენ. ამ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე რურუა გამოძიებას ჯერ არ დაუკითხვას. არაოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება ამ საქმის ირგვლივ რურუას უახლოეს დღეებში დაკითხავს. არ არის გამორიცხული, რომ რურუას ახალი ბრალი წაუყენონ.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე დონალდ ტუსკი, გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. მისი განმარტებით, „ევროპის სახალხო პარტია“ მოელის, რომ საქართველოში მოახლოებული საარჩევნო კამპანია ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინების და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების გარეშე ჩატარდება.
„შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ გიორგი რურუა კვლავ ციხეში რჩება. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და რურუას გათავისუფლებისკენ“, - წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დონალდ ტუსკი.
გიორგი გახარიას განცხადებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია, კონკრეტულ დანაშაულზე იმსჯელოს სამართალდამცავმა სისტემამ და სასამართლომ. მთავრობის მეთაური ეთანხმება იმას, რომ შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება. მისი თქმით, მიმდინარეობს საკონსტიტუციო პროცესი და დარწმუნებულია, რომ ეს პროცესი დასრულდება ისე, როგორც ქვეყანას შეეფერება.
„არაერთხელ მითქვამს, რომ სააარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე და დანაშაულზე იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ და იმსჯელოს სასამართლომ. ეს არის ჩემი კომენტარი“, - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ დონალდ ტუსკს.
8 მარტის შეთანხმებასა და საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე 4 დღით ადრე, საქართველოში აკრედიტირებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა შეხვედრა გამართა პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის წევრებთან. დონალდ ტუსკის აღშფოთების მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელჩებთან გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე გიორგი რურუა არავის არანაირი ფორმით და კონტექსტით არ უხსენებია.
„საერთოდ არ ხსენებულა რურუა დღევანდელ შეხვედრაზე, არანაირი ფორმით და არანაირი კონტექსტით. სამაგიეროდ, ყველა ხედავს იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ დაუჭიროს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რათა სრულად შესრულდეს ის შეთანხმება, რასაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ. ამისგან ოპოზიცია თავს იკავებს და ეს მათი პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს. კითხვაზე, იყო თუ არა გიორგი რურუას საკითხი ამ შეთანხმების ნაწილი, ელჩმა უპასუხა: „მსურს ამ საკითხის მიმართ სიფრთხილე გამოვიჩინო. რაც მინდა გითხრათ ის არის, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმის ყველა ელემენტი უნდა შესრულდეს“, - განაცხადა კარლ ჰერცელმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარეა და გარკვეული მნიშვნელოვანი ვალდებულებები გააჩნია იმ პარტიის მიმართ, ვინც იგი ესოდენ მაღალ პოსტზე აირჩია ევროპულ სტრუქტურებში. მისი თქმით, ყველა უნდა შეეჩვიოს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ იქნება განსაკუთრებით აქტიური.
„სახალხო პარტია“ და მისი წევრი „ნაციონალური მოძრაობა“, „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოებები რასაკვირველია, ეს ერთი დიდი პოლიტიკური გუნდია. რასაკვირველია, ასეთი განცხადებები იქნება მუდმივად. განსაკუთრებით ტუსკის განცხადებას უნდა მივაქციოთ ყურადღება, იგი არათუ წევრია „ევროპის სახალხო პარტიის“, არამედ თავმჯდომარეა და გარკვეული მნიშვნელოვანი ვალდებულებები გააჩნია იმ პარტიის მიმართ, ვინც იგი ესოდენ მაღალ პოსტზე აირჩია ევროპულ სტრუქტურებში.
გარდა ამისა, ტუსკს საკმაოდ სერიოზული დაძაბულობა აქვს თავის სამშობლოში, სადაც პრემიერ-მინისტრი იყო. დღევანდელი სახელისუფლებო გუნდი და ტუსკის პარტია საკმაოდ სერიოზულ დაპირისპირებულ მდგომარეობაში არიან. აქედან გამომდინარეობს „ევროპის სახალხო პარტიის“ ერთიანობის აუცილებლობა, რასაც ტუსკი უნდა წარმოადგენდეს, აქედან გამომდინარეობს ამ განცხადების პათოსი, შინაარსი და არა მარტო ამ საკითხებთან მიმართებით, იგივე უკრაინის თემაზეც ჰქონდა განცხადებები და ბევრი სხვაც იქნება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, არა მხოლოდ დონალდ ტუსკის, არამედ ბევრი სხვა პარტნიორის პრინციპული და პრაგმატული ინტერესია, რომ საქართველო დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა იყოს. მის შეფასებით, ვინც ამ ამოცანას საფრთხეს უქმნის, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ყოველთვის კრიტიკის ობიექტი ხდება.
„ამ ჩიხში შეყვანის გამოვლინებაა ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ივანიშვილმა „გავრილოვის ღამით“, შემდეგ მასზე რეაქციითა და საზოგადოების გადაგდებით შექმნა - არაანგარიშვალდებულებით საზოგადოების წინაშე, მერე პროტესტის საპასუხოდ პოლიტიკური დევნით და სულ ბოლოს, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, საქართველოს მეგობრების მიერ მიღწეული შეთანხმების ჯერჯერობით შეუსრულებლობით.
ამიტომ, დონალდ ტუსკის ჩათვლით, ყველა ასეთ ადამიანს აქვს პრინციპული და პრაგმატული ინტერესი, რომ საქართველო დემოკრატიული და სუვერენული ქვეყანა იყოს. თუ ხელისუფლება არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმებას, ეს მხოლოდ მის პერსონალურ პოლიტიკურ ბედს დაამძიმებს. უბრალოდ, ქვეყნისთვის ცუდია, როცა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღება, რომელიც პოლიტიკურ კლიმატს, დემოკრატიულ ტრადიციას აზიანებს და ჩვენნაირი ქვეყნისთვის რისკებს ზრდის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
რომან გოცირიძის განცხადებით, საქართველოში არჩევნები არ არის თავისუფალი და სწორედ ეს უთხრა საქართველოს ხელისუფლებას დონალდ ტუსკმა. მისი თქმით, ტუსკის განცხადებაში, ისევე როგორც სხვა განცხადებებში, მათ შორის, აშშ-ის ელჩის შეხვედრისას პროკურორთან, გაისმის სიტყვები, რომელიც ახასიათებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არჩევნებს, ეს არის - მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
„თუ საქართველოში ჩატარდება გაყალბებული და დაშინებული არჩევნები, ამ შემთხვევაში, ძალიან ბევრს დაკარგავს საქართველოს ხელისუფლება და სამწუხაროდ, ქვეყანა. სანამ უგულავას და ოქრუაშვილს გაათავისუფლებდნენ, სხვა სიტყვებიც იყო ნახსენები - დახმარებების შეწყვეტა და ნუ ავიწყდება ხელისუფლებას, რომ ბიუჯეტი აგებულია მთლიანად დახმარებაზე - 5.5 მილიარდი ლარი ბიუჯეტში ჩადებულია უცხოური დახმარების სახით. აქედან ერთი ნაბიჯია ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ სანქციებამდე. ამერიკელი კონგრესმენის გუშინწინდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი გააძლიერებენ პუტინის მეკავშირეების დასჯას, ეს უნდა წავიკითხოთ ძალიან მარტივად და პირდაპირ. ასე რომ, უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ შეთანხმების ორივე ნაწილი“, - აცხადებს რომან გოცირიძე.
ანალიტიკოსის დავით ზარდიაშვილის შეფასებით, „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარის განცხადება, შინაარსითაც და ტონითაც, საქართველოს ხელისუფლების მიმართ აშკარად უპატივცემულო და არამეგობრული მორიგი განცხადებაა. ზარდიაშვილი ამბობს, რომ „სახალხო პარტიის“ პოლიტიკურად მოტივირებული ასეთი კატეგორიული პოზიცია ფუნდამენტურ წინააღმდეგობაშია სამართალის ელემენტარულ პრინციპებთან, რაც გამაოგნებელია.
„დონალდ ტუსკმა არ შეიძლება არ იცოდეს, რომ ამჟამად რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თუმცა არავითარ ანგარიშს არ უწევს არც კანონის უზენაესობას, არც სასამართლოს დამოუკიდებლობას და ასეთი, მკვეთრად უხეში ფორმით ცდილობს პოლიტიკური მოტივებით მართლმსაჯულებაში ჩარევას. მართლმსაჯულებისთვის იმთავითვე არავითარი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს და არც აქვს 8 მარტის პოლიტიკურ შეთანხმებას, მით უმეტეს, რომ ეს შეთანხმებაც სწორედ იგივეს ადასტურებს.
არ შეიძლება პოლიტიკურმა პროცესმა სამართლის უზენაესობის და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპები ხელყოს. რასაკვირველია, ტუსკისა და „სახალხო პარტიის“ ასეთი პოზიცია საქართველოში შიდა პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ძაბავს, პოლარიზაციის ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობასაც და დემოკრატიულ განვითარებასაც“, - აცხადებს ზარდიაშვილი.
მისი შეფასებით, ეს უკვე სერიოზული სისტემური პრობლემაა, რაც არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ მათი მოკავშირე „ევროპის სახალხო პარტიის“ საქართველოს სახელმწიფოსთან „ინტერნაცინალიზებული“ პოლიტიკურ კონფლიქტის საშიშროებას ქმნის.
„სისტემური პრობლემის არსი კი ეს არის - შეუძლებელია იყო ნაცების პოლიტიკური მოკავშირე ისე, რომ არ დაუპირისპირდე ფუძემდებლურ ევროპულ ღირებულებებსა და ამავდროულად, საქართველოს ეროვნულ ინტერესებსაც“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.