დაუბეგრავი მინიმუმის ირგვლივ კრიტიკა და სჯა-ბაასი არ წყდება. საპარლამენტო უმრავლესობა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებულია, უმცირესობას და ზოგიერთი ექსპერტს კი ეჭვი უძლიერდებათ. ერთი რამ ფაქტია, რომ მოსახლეობა ამ შეღავათის სიკეთეს კარგა ხანი ვერ იგრძნობს. ქართველი კაცი, მოგეხსენებათ, მოუთმენლობის სენითაა შეპყრობილი.
ნახავს თუ არა რეალურ სარგებელს მოსახლეობა დაუბეგრავი მინიმუმის ამოქმედებით? საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით ონოფრიშვილის განცხადებით, დაუბეგრავი მინიმუმი მხოლოდ სოციალურად დაუცველ დაბალშემოსავლიან ფენას ეხება, ხოლო საშემოსავლო გადასახადის 2%–ით შემცირებით სარგებელს საშუალო, მაღალი და მდიდარი ფენა მიიღებდა.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ–ერთი ლიდერის გიგი წერეთლის განცხადებით კი, დღეს არსებული ცნობებით, დაუბეგრავი მინიმუმით 2014 წლის ბოლომდე მოსახლეობა ვერ ისარგებლებს და ისიც უცნობია, რა მექანიზმით მოხდება დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება. მისივე თქმით, დასაქმებულთა უმრავლესობისთვის რეალური სარგებელი საშემოსავლო გადასახადის 20–დან 18%–მდე შემცირება იქნებოდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაიაც რადიო “კომერსანტთან” საუბრისას აცხადებს, რომ დაუბეგრავი მინიმუმი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის მაჩვენებელს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ გაზრდის. ეს ინიციატივა სარგებლის მოტანას ამოქმედებიდან პირველ თვეებში შეძლებს.
ამასთან, ჯგერენაიას განმარტებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დაუბეგრავი მინიმუმის მასშტაბს. მისი თქმით, 200 ლარამდე ზღვარის შემთხვევაში შედეგს მოსახლეობის უმცირესი ნაწილი იგრძნობს, ხოლო თუ ზღვარი 500 ლარს გაუტოლდება, მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე საუბარი უკვე შესაძლებელია.
საპარლამენტო უმრავლესობა საშემოსავლო გადასახადის შემცირებაზე უარის თქმას სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე ზრუნვით ხსნის. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთდროულად საშემოსავლო გადასახადის შემცირებაც და დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებაც შეუძლებელია, რადგან ეს პირდაპირ ბიუჯეტის პრობლემებისკენ გვიბიძგებს.
დავით ონოფრიშვილის თქმით, დაუბეგრავი მინიმუმი მხოლოდ სოციალურად დაუცველ დაბალშემოსავლიან ფენას ეხება, რადგან ის მხოლოდ წლიურად 6 ათასი ლარის ქვევით შემოსავლის მქონე ადამიანების ხელფასებზე ვრცელდება. საშემოსავლო გადასახადის შემცირებით კი, სარგებელს საშუალო, მაღალი და მდიდარი ფენის წარმომადგენლები მიიღებდნენ.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საშემოსავლო გადასახადის შემცირებით შეღავათი ყველას ერგებოდა, ახლა კი გამოდის, რომ თვეში 500 ლარზე ოდნავ მეტი ხელფასის მქონე ადამიანებს ტვირთი არანაირად არ შეუმსუბუქდებათ. არადა 500 ლარი ნამდვილად არ არის ის ზღვარი, რომ საქართველოს მოქალაქემ თავი შედარებით მშვიდად იგრძნოს. ამაზე უმნიშვნელოდ მაღალი (დავუშვათ 520 ან 530 ლარის) არსებული ხელფასიდან დასასაქმებულს შემოსავლო რომ დაექვითება, დაახლოებით, 400 ლარს მიიღებს “ხელზე”. ეს კი ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმთან მიახლოებული მაჩვენებელია. საარსებო მინიმუმი კი მხოლოდ არსებობას ითვალისწინებს და მეტს არაფერს.