არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
თვითიზოლაციაში გადასვლა პრეზიდენტს მისმა ექიმმა, ფედერიკო საავედრამ ურჩია, მას შემდეგ რაც რამდენიმე არგენტინელ პოლიტიკოსს, რომლებსაც წინა კვირაში ფერნანდესი შეხვდა, კორონავირუსი დაუდგინდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი გააგრძლებს თავისი უფლებამოსილების შესრულებას რეზიდენციიდან, თუმცა მაქსიმალურად შეზღუდავს პირად კონტაქტებს, პირისპირ შეხვედრები კი მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში გაიმართება.
შესაბამისად, ალბერტო ფერნანდესი ვერ გაემგზავრება საპორტო ქალაქ როსარიოში, სადაც ყოველწლიურად ეროვნული დროშის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები იმართება.
ბოლო მონაცემებით, არგენტინაში კორონავირუსის 35 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 913 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.