„არჩევნების გადადება იქნება ძალიან სახიფათო, პირველ რიგში, სწორედ ხელისუფლებისთვის“

„არჩევნების გადადება იქნება ძალიან სახიფათო, პირველ რიგში, სწორედ ხელისუფლებისთვის“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ოქტომბერი საქართველოში რესპირატორული დაავადებების სეზონია და თუ გავითვალისწინებთ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა შესაძლოა გრიპის სეზონს დაემთხვეს, ეს ყველაფერი სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ არჩევნებზეც გავლენას მოახდენს. მისივე რეკომენდაციით, საკითხი პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა განიხილონ და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღონ, - იქნება თუ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გადაწევის აუცილებლობა.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის განცხადებას ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ თუ ეპიდემიის მეორე ტალღა ოქტომბრამდე დაიწყება, არჩევნების თარიღმა, შესაძლოა, დეკემბრამდე გადაიწიოს.

როგორ რეგულირდება კონსტიტუციით აღნიშნული საკითხი, რა შემთხვევაშია შესაძლებელი არჩევნების თარიღის შეცვლა, რატომ დაარტყამს არჩევნების გადადება მმართველი გუნდის რეიტინგს და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ არსებულ რეალობაში, for.ge-სთან კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე საუბრობს.

ბატონო ვახტანგ, პანდემიის მოსალოდნელი მეორე ტალღის შემთხვევაში, ეპიდემიოლოგები და ხელისუფლების წარმომადგენლები არჩევნების თარიღის შესაძლო გადატანაზე საუბრობენ. კონსტიტუციით როგორ არის შესაძლებელი ამ საკითხის დარეგულირება?

- არჩევნების თარიღის შეცვლის უფლება ხელისუფლებას, რასაკვირველია, საკუთარი სურვილის შესაბამისად, არა აქვს. თარიღი სავალდებულო წესით იცვლება იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო ან საომარი მდგომარეობა. კონსტიტუცია ამბობს, რომ არჩევნები არ გაიმართება, თუ მისი თარიღი ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები გაიმართება მხოლოდ ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუადრეს 45-ე და არაუგვიანეს მე-60 დღისა.

ე. ი. რადგან წელს, ჩვენს ქვეყანაში 31 ოქტომბერია არჩევნების გამართვის თარიღი, იმ შემთხვევაში თუკი საგანგებო მდგომარება გამოცხადდება, ეს თარიღი გადაიწევს საგანგებო მდგომარების გაუქმებიდან, მინიმუმ 45 დღით. ასეთია სამართლებრივი საფუძველი.

მოცემულ სიტუაციაში ხომ არ არის შესაძლებელი განვიხილოთ არჩევნების ჩატარება დისტანციური მეთოდით. თუმცა, როგორც ვიცი, არც უცხო ქვეყნებში ყოფილა აქამდე მსგავსი გამოცდილება...

- მთელ რიგ ძველ დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნების შერეული სისტემა მოქმედებს, ანუ არჩევნები ტარდება ჩვეულებრივ საარჩევნო უბანზე მისვლით, მაგრამ ამომრჩეველს, რომელსაც არა აქვს საარჩევნო უბანზე მისვლის შესაძლებლობა, ან მაგალითად იმყოფება სხვა ქვეყანაში, სადაც, როგორც წესი, არ იხსნება საარჩევნო უბნები, ამ შემთხვევაში, შეუძლია ხმის მიცემა ფოსტის და იშვიათად, - ინტერნეტის საშუალებით. თუმცა, განსაკუთრებით ინტერნეტის მეშვეობით ხმის მიცემა არ არის გავრცელებული ფორმა, რადგან ასეთ შემთხვევაში არაკანონიერი მოქმედების განხორციელების ძალიან მაღალი რისკია. მაგალითად, ერთი ამომრჩევლის მაგივრად სხვამ რომ მისცეს ხმა, ეს კიდევ, ასე თუ ისე, ელექტრონული ხელმოწერის საშუალებით შეიძლება გააკონტროლო, მაგრამ არის თუ არა იზოლირებული ამომრჩეველი და ხომ არ ხდება მისი იძულება, დისტანციურად ვერ გააკონტროლებ. ჩემთან სახლში რომ მოვიდეს ვიღაც, დამადგეს თავზე და მომთხოვოს, რომ ხმა კონკრეტულ პიროვნებას მივცე, ამას ვინ გააკონტროლებს? ამიტომ ეს მეთოდი განსაკუთრებით სახიფათო იქნება ჩვენს რეალობაში, რაც ჯერჯერობით არ განიხილება და სწორადაც მიმაჩნია, რადგან ძალიან მაღალი იქნება გაყალბების რისკი.

ხელისუფლება ასევე, ვარაუდობს, რომ პანდემიის შიშით, შესაძლოა, საარჩევნო უბნებზე ნაკლები ამომრჩეველი გამოცხადდეს. ხომ არ თვლით, რომ შეიძლება ესეც გახდეს არჩევნების გადაწევის მიზეზი?

- არსებობს ძალიან მშიშარა ადამიანების კატეგორია და არსებობენ ადამიანები, ვინც საფრთხეს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, თუმცა, როგორია მათი პროცენტული თანაფარდობა, ნამდვილად არ ვიცი. შეიძლება გარკვეულ ელექტორატზე იმოქმედოს პანდემიის შიშმა, მაგრამ თუ ბოლო პერიოდის არჩევნებს დავაკვირდებით, ამომრჩეველთა აქტივობა ისეც 60 პროცენტზე ნაკლები იყო, ანუ მიზეზი უნდობლობა, ან უფრო სხვა რამეა. რა თქმა უნდა, თუკი იქნება ეპიდემიის გავრცელების მაღალი ალბათობა, მაშინ ადამიანების გარკვეული რაოდენობა ალბათ, არ მივა საარჩევნო უბნებზე, თუმცა, ხელისუფლებას შეუძლია და აუცილებლად უნდა შეიტანოს გარკვეული ცვლილებები ხმის მიცემის პროცესში, რადგან ეპიდემიის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკი არჩევნების დღეს, სწორედ საარჩევნო უბნებია, სადაც მცირე სივრცეში უამრავი ადამიანი მოიყრის თავს.

ცხადია, ამ შემთხვევაშიც აუცილებელი იქნება პირბადე, დეზობარიერები უბანში შესასვლელად და არც რიგის მართვაა რთულად მოსაგვარებელი საკითხი დისტანციის დაცვის პირობებში, მაგრამ საჭირო იქნება უფრო დიდი ფართობის მქონე ოთახების შერჩევა ხმის მისაცემად, რათა რეგისტრატორთა მაგიდები ერთმანეთისგან 2 მეტრამდე მანძილით იქნეს დაშორებული. სწორედ ამ ადამიანების უსაფრთხოების გამო კი, მაგიდებთან გამჭვირვალე, დამცავი ბარიერების დაყენება იქნება აუცილებელი. ასევე, სასურველი იქნება, თუ გაიზრდება ხმის მიცემის დრო, მაგალითად, საღამოს 8-დან ღამის 12 საათამდე, რადგან ყველა საარჩევნო უბანი მოიცავს გარკვეულ ტერიტორიას და საარჩევნო კომისიას შეუძლია, დაყოს უბანი რამდენიმე ნაწილად, ვთქვათ, 10 ნაწილად, დროც გაყოს 10 ნაწილად და თითოეულ ნაწილს გამოუყოს თავისი დროის შუალედი, მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის. ეს ყველაფერი, ცხადია, იქნება სარეკომენდაციო ხასიათისა, იმიტომ, რომ თუ რაიმე მიზეზის გამო, არ შემიძლია ჩემთვის გამოყოფილი დროის შუალედში მივიდე, უნდა შემეძლოს მივცე ხმა მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა მექნება. ეს უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მოიყაროს თავი საარჩევნო უბანზე. ადამიანებს უნდა განვუმარტოთ, რომ ეს კეთდება მათი უსაფრთხოებისთვის და დაინფიცირების რისკის შესამცირებლად. ანუ, თუ არ იქნა ეპიდემიის ძალიან დიდი აფეთქება, ვფიქრობ, საგანგებო მდგომარეობა არ უნდა გამოცხადდეს და შესაბამისად, არჩევნებიც დროულად უნდა გაიმართოს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ არჩევნების ჩაშლა და გადადება დესტრუქციულად განწყობილ ოპოზიციას აძლევს ხელს, რის გამოც მათ, ნაცად ხერხს უკვე არაერთხელ მიმართეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი მხარე დაზარალდება უფრო მეტად, თუკი არჩევნები დათქმულ დროს არ გაიმართა?

- რასაკვირველია, საგანგებო მდგომარეობა ისეთი კრიზისულ ვითარებაში უნდა ცხადდებოდეს, როდესაც სხვა გამოსავალი არა გვაქვს, როდესაც აუცილებელია ადამიანის გარკვეულ უფლებათა შეზღუდვა, მაგალითად, მიმოსვლის შეზღუდვა, შეკრების შეზღუდვა... ამისათვის უნდა არსებობდეს ობიექტური საფუძველი, რაც გასაგები იქნება საზოგადოებისთვის და ის გააცნობიერებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი საფრთხის წინაშე დავდგებით. მაგალითად, როცა მარტში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, ეს სავსებით ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა გააპროტესტა, მოწინააღმდეგეები უფრო მოგვიანებით გამოჩნდნენ, მაგრამ ახლა რა ვითარება იქნება, რა უნდა მოხდეს იმისათვის, რომ კვლავ საჭირო გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რთულია ამაზე საუბარი. თუკი ამის საჭიროება იქნება, პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა დაეყრდნოს ეპიდემიოლოგთა დასკვნებს და ეს დასკვნა უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს.

არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, თუ ვის აძლევს ხელს არჩევნების გადადება. მე კი მიმაჩნია, რომ არჩევნების გადადება იქნება ძალიან სახიფათო, პირველ რიგში, სწორედ ხელისუფლებისთვის და ეს ხიფათი გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლებამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და საზოგადოებამ მიიჩნია, რომ არ იყო ამისათვის საკმარისი საფუძველი. ეს ბუნებრივია, დაარტყამს ხელისუფლების რეიტინგს და შემდეგ უკვე, როცა გაიმართება არჩევნები, ეს დარტყმა ნეგატიურად აისახება მმართველი პარტიის შედეგებზე. გარდა ამისა, ბუნებრივია, ეკონომიკური მდგომარეობა თანდათან დამძიმდება, ჯერ სულ სამი თვე გავიდა პანდემიის დაწყებიდან და ეს უკვე იგრძნობა. ქვეყანას ძალიან გაუჭირდება ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება, მდგომარეობის გაუარესება კი მოგეხსენებათ, პირველ რიგში, ხელისუფლების რეიტინგს ურტყამს. ამიტომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ შექმნას სათანადო პირობები არჩევნების ჩასატარებლად. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და შესაბამისად, არჩევნების გადადება კი, იქნეს გამოყენებული მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.