საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობა, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება და, რაც მთავარია, ახალ ქართულ სინამდვილეში დამკვიდრებული სიტყვა „კოჰაბიტაცია“, - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომლითაც უცხოელი ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილთან დახურულ კარს მიღმა გამართული ორსაათიანი შეხვედრისას დაინტერესდნენ. პროექტ „ღია მთავრობის“ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა ქართული მედიასაშუალებებისთვის დახურული იყო და მას გერმანიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, იაპონიის, დანიის, რუმინეთისა და ესტონეთის 21 მედიასაშუალების წარმომადგენელი ესწრებოდა.
შეხვედრის დასასრულს ბიძინა ივანიშვილმა ქართული მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ მან დაარწმუნა უცხოელი ჟურნალისტები, რომ საქართველოში სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, არცერთ შემთხვევაში, არ არსებობს შერჩევითი სამართალი და არც მომავალში იქნება.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, უცხოელი ჟურნალისტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ, თუ როგორ აპირებს ახალი ხელისუფლება რუსეთთან მშვიდობიან მოლაპარაკებებს და, პარალელურად, დასავლური საგარეო ორიენტაციის შენარჩუნებას. საუბრისას ერთ-ერთმა ესტონელმა ჟურნალისტმა არც ის დამალა, რომ მისი ქვეყნის პოლიტიკოსები ღიად უჭერდნენ მხარს სააკაშვილს. ამდენად, მას აინტერესებდა, ვინ იყო სინამდვილეში ივანიშვილი, რატომ უკავშირებდნენ მას რუსეთს და როგორ აისახება მისი ფაქტორი საქართველო-ესტონეთის მომავალ ურთიერთობებზე?
For. ge საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს თეონა აქუბარდიას ესაუბრა. სწორედ აღნიშნული კვლევითი ინსტიტუტი იყო ამ შეხვედრის ინიციატორი.
თეონა აქუბარდია ადასტურებს, რომ მათი მიზანი იყო, მოეწვიათ უცხოელი ჟურნალისტები, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ, მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით უშუალოდ მთავრობის წარმომადგენლისგან მოესმინათ ინფორმაცია. ამდენად, ბიძინა ივანიშვილის გაცნობამდე უცხოელებს საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ მინისტრებს - მაია ფანჯიკიძეს, თეა წულუკიანს, ირაკლი ღარიბაშვილს, არჩილ კბილაშვილს, მოგვიანებით შეხვდნენ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს.
რაც შეეხება განწყობებს, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ გახმაურებულ დაკავებებთან დაკავშირებით უცხოელები ეყრდნობოდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა, აწ უკვე უმცირესობის განცხადებებს. საკმაოდ დიდი ინტერესი ჰქონდათ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით და მისი პასპორტების თემითაც დაინტერესდნენ. უფრო ზუსტად, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის თითქმის ნახევარი ამ თემის განხილვას დაეთმო.
მათ აინტერესებდათ, რატომ უნდა ჰქონოდა ორი პასპორტი მერაბიშვილს?! ასევე, ინტერესის სფერო იყო ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გამოძიების საკითხი. ისინი დაინტერესდნენ ფბრ-ის დასკვნის გამოყენებით, რომელიც პრემიერის გარდაცვალებისთანავე დაიდო. ამ თემაზე არჩილ კბილაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ასევე, დაინტერესდნენ შს სამინისტროს დეპოლიტიზაციის საკითხით და გულწრფელი გაკვირვება გამოხატეს, თუ რატომ აცხადებდა ახალი ხელისუფლება, რომ ძველი ხელისუფლების პირობებში, პოლიტიზირებული იყო შს სამინისტრო, ეს მაშინ, როდესაც საპატრულო პოლიციის რეფორმა დასავლურ პრესაში ყველაზე დადებითად ფასდებოდა.
„პირდაპირ დასვეს კითხვები, როდესაც ახალი ხელისუფლება ამდენ პრობლემაზე საუბრობდა, ამ ყველაფერზე რატომ არ იყო ხმამაღლა ნათქვამი დასავლეთში?! საკმაოდ ვრცლად აინტერესებდათ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის გიორგი კალანდაძის დაკავების დეტალები, თუ რა კავშირში იყო ბაჩო ახალაიასთან. ახალაიასთან დაკავშირებით აინტერესებდათ ჯარისკაცების ცემის ფაქტები, სადაც, ასევე, მონაწილეობდა გიორგი კალანდაძე. დაინტერესდნენ, რატომ ჩამოვიდა ოქრუაშვილი და მის შესახებ რაიმე ინფორმაცია ჰქონდა თუ არა პრემიერს. პრემიერმა საკმაოდ კარგი მაგალითები მოუყვანა უცხოელ ჟურნალისტებს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, ისაუბრა კორუფციულ სქემებზე, რაც გავრცელებული იყო წინა ხელისუფლების წრეებში და ამ თემასთან დაკავშირებით „კალაშნიკოვების“ საქმეც ახსენა, ასევე, პრეზიდენტის ვერტმფრენის თემა“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ.
ჩვენს შეკითხვაზე, ფიქრობთ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ახალი ხელისუფლების მიმართ დასავლური მედიის ტონი შეიცვლება, თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მთავარია არა ტონის შეცვლა, არამედ ინფორმაციის გაცემის შესაძლებლობა. ამის
მაგალითად კი მოიყვანა არჩილ კბილაშვილის ნათქვამი, რომელმაც დასავლური მედიის წარმომადგენლებს მოუთხრო, თუ რატომ იყო ჩვენში სასამართლო სისტემა გაუმართავი, საამისოდ კონკრეტული ციფრებიც მოუყვანა, თუ როგორი პროცენტით იყო გამამართლებელი განაჩენები ქართულ სასამართლოში. უცხოელებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, ძალიან დაინტერესდნენ და ჩაიწერეს.
„უცხოელ ჟურნალისტებთან პირადად მქონდა საუბარი, ისინი კმაყოფილებას გამოთქვამდნენ, რომ ნებისმიერი კითხვა, რომელიც დაისვა დარბაზში, უპასუხოდ არ დარჩენილა“.
ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დასასრულს კი პრესსამსახურის წარმომადგენლებმა უცხოელ ჟურნალისტებს გადასცეს თავიანთი საკონტაქტო მონაცემები. ამიერიდან მათ საშუალება ექნებათ, საქართველოს შესახებ სტატიის დაწერისას პირდაპირი კავშირი იქონიონ ახალ ხელისუფლებასთან. მათ შეუძლიათ, ტელეფონითაც ჩაწერონ სტატიები.
პოლიტიკური თემების გარდა, დაისვა პირადული შეკითხვებიც. უცხოელები დაინტერესდნენ, ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ყველანაირი პირობა ჰქონდა, რომ არ გადაშვებულიყო პოლიტიკაში, მაინც რატომ გადაწყვიტა ეს ყველაფერი?! ასევე, შეკითხვა დაისვა არჩილ კბილაშვილის მიმართ, რომ მან, როგორც უფლებადამცველმა და, ასევე, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, რატომ გადაწყვიტა მთავარ პროკურორად მუშაობა?!
„ეს საინტერესოდ ახსნა ბატონმა კბილაშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ ის მთავარი პროკურორია, ამ ყველაფერს ჯერ აფასებს როგორც ადვოკატი, შემდგომ კი უკვე საქმის მნიშვნელობის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებებს“.
თეონა აქუბარდიას ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ახალი ხელისუფლების მოსვლიდან დაახლოებით ასი დღე შესრულდა, თავად პრემიერმა გამოთქვა სურვილი, ასეთი ტიპის ფართო ფორმატიანი შეხვედრა გამართულიყო და ჟურნალისტებს ახალი მთავრობის საქმიანობის შეფასების საშუალება მისცემოდათ. ასეთი პრაქტიკა მიღებულია დასავლეთში, ამდენად, გამორიცხული არაა, კიდევ უფრო ფართო მასშტაბიანი შეხვედრები გაიმართოს.
„გვინდოდა, ქართველი ჟურნალისტებიც დასწრებოდნენ ამ შეხვედრას, მაგრამ, ვინაიდან ცოტა დრო იყო და უცხოელი ჟურნალისტები, ფაქტობრივად, ერთი დღით იყვნენ ჩამოსულნი, ვერ მოხერხდა ამის გაკეთება“, - განმარტა თეონა აქუბარდიამ.
ჟურნალისტი თამარ ჩიქოვანი მსგავს შეხვედრებს აუცილებლობად მიიჩნევს, მით უმეტეს, თუ დასავლეთის მედიაში პრობლემები არსებობს. თუმცა ამ ეტაპზე თამარ ჩიქოვანს უჭირს თქმა, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოახდენს თუ არა გავლენას დასავლური მედიის ტონზე, რადგან შეხვედრა დახურული იყო, მხოლოდ უცხოეული ჟურნალისტები ესწრებოდნენ და მისთვის უცნობია, რა თემებზე იყო საუბარი, რა კითხვები დაისვა და როგორი პასუხები გასცა პრემიერმა. თუმცა რა შედეგი მოჰყვება ამ შეხვედრას, ამას მალე ვნახავთ, რაც აისახება კიდეც უცხოური მედიის ტონზე.
„კითხვები თუ არსებობს, უნდა დაისვას და პასუხი უნდა გაეცეს. მესმის, რომ უცხოელებს შეიძლება სრული ინფორმაცია არ ჰქონდეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ უნდა დასვან ის კითხვა, რომელიც აქვთ. რაც უფრო მეტად ჩამოვლენ, მეტ ინტერვიუს მისცემენ ახალი თუ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები, ან ხელისუფლებისგან საერთოდ შორს მყოფი ადამიანები, რაც უფრო სხვადასხვანაირი ინფორმაცია გავა, ბუნებრივია, უკეთესია“, - აცხადებს თამარ ჩიქოვანი და ადასტურებს, რომ აქამდე გადიოდა ერთი სახის ინფორმაცია.
მისი თქმით, ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს, თუ რა ხდება ქვეყანაში. ამდენად, უცხოელი ჟურნალისტები შეიძლება შეხვდნენ არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ არასამთავრობოებს, ქართული მედიის წარმომადგენლებს.
ჟურნალისტი ია ანთაძე მიესალმება, თუკი გადაწყვეტილების მიმღები პირები შეხვდებიან ქართული თუ უცხოური მედიის წარმომადგენლებს, გააცნობენ თავიანთ პრიორიტეტებს. უბრალოდ, ია ანთაძის თქმით, ისე არ უნდა მოხდეს, როგორც წინა ხელისუფლების დროს, რომ უცხოურ მედიას ყოფილ ხელისუფლებასთან შესახვედრად უფრო მეტად ჰქონდა გახსნილი გზა, ვიდრე - ქართულ მედიას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, მთელ მსოფლიოში როგორ იქნება ჩვენი ქვეყანა წარდგენილი და როგორ იქნება ახსნილი ის, რაც ქვეყანაში ხდება. მე არ ვამბობ, რომ აუცილებელია პროპაგანდა. უბრალოდ, უნდა იყოს პოზიციები მიწოდებული, თუ რატომ გადაიდგა ესა თუ ის ნაბიჯი“.
შეიცვლება თუ არა ტონი უცხოურ მედიაში, ია ანთაძის აზრით, ეს დამოკიდებულია იმ პასუხებზე, რაც მათ მიიღეს. თუ პასუხები არაგულწრფელად ან უინტერესოდ მიიჩნიეს, ტონი არ შეიცვლება, ხოლო თუ ღიაობა დაინახეს, ეს აისახება კიდეც დასავლურ მედიაზე.