ამნისტიის კანონპროექტი უვადოდ თავისუფლება აღკვეთილ მსჯავრდებულთა გარდა, სხვადასხვა ფორმით, ყველა პატიმარს შეეხება. სასჯელი ერთი მეოთხედით იმ პირებსაც შეუმცირდებათ, რომელთაც ამნისტია აქამდე არ ეხებოდათ.
27-მუხლიანი ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის წევრებმა ეკა ბესელიამ და შალვა შავგულიძემ წარადგინეს, კომიტეტის წევრებმა მუხლობრივად განიხილეს და შვიდი მომხრე - ერთის წინააღმდეგ, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცეს.
მსჯელობის პროცესში გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით ალტერნატიული ვარიანტებიც გამოითქვა. კერძოდ, პარლამენტის წევრმა, კობა დავითაშვილმა მე-5 მუხლის მეორე ნაწილის ალტერნატიული წინადადება წამოაყენა. საკითხი შეეხებოდა სასიკვდილო შედეგით დასრულებულ, გაუფრთხილებითი დანაშაულის ჩამდენი პირისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სასჯელისგან გათავისუფლებას, თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე პირი სასამართლოს ან გამოძიებას თანხმობას განუცხადებდა ამ პირისთვის ამნისტიის აქტის გამოყენებაზე. საბოლოოდ, ერთობლივი შეთანხმების თანახმად, უფლებამონაცვლე პირთა კატეგორია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა - „თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე გარდაცვლილია, ან არ იძებნება, ამნისტია გამოიყენება დაზარალებულის ოჯახის ყველა წევრის თანხმობის გამოთქმის შემთხვევაში“.
როგორც ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განუცხადა, სასჯელის შემსუბუქება ¼-ით იმ მსჯავდებულებისთვისაც მოხდება, ვისაც ამნისტია არ ეხებოდა.
„ამნისტია ძალიან დიდ ნაწილს ეხებოდა და მცირეს - არ ეხებოდა, რაც უსამართლობა იქნებოდა, რომ ვინმე გამოგვეტოვებინა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, - განაცხადა ბესელიამ.
For.ge დაინტერესდა, რამდენად გამართებული იყო ამნისტიის კანონპროექტის ამ სახით მიღება, რაც უვადოდ თავისუფლება აღკვეთილი პირებისთვის შეღავათს არ ითვალისწინებს.
უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ ამნისტია უვადოდ თავისუფლება აღკვეთილ მსჯავრდებულებსაც უნდა შეხებოდა, რადგან ამნისტიის მთავარი მოტივი არის, რომ თუნდაც მცირედით (მეოთხედით იქნება, მეხუთედით, მესამედით თუ ნახევრით), ყველას, მეტ-ნაკლებად უნდა შეეხოს ამნისტია.
„ეს ადამიანები არაადამიანურ, ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებოდნენ ბოლო წლების განმავლობაში. ამიტომ, მცირე დანაშაული იყო ჩადენილი თუ დიდი დანაშაული, უვადოდ იყო პირი დაპატიმრებული თუ ვადიანად, ყველამ თანაბრად გადაიტანა ეს არაადამიანური პირობები. აქედან გამომდინარე, გარკვეული შეღავათი ყველას უნდა შეხებოდა. მე ვიტყოდი, უვადოებისთვის რომ შეეცვალათ 20 ან 25 წლიანი ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, ეს იქნებოდა ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება,“ - მიიჩნევს ადვოკატი.
მისივე თქმით, უვადო პატიმრობა, რასაკვირველია, მძიმე კატეგორიის დამნაშავეებს ეხებათ, ყველა მკვლელობა მძიმე კატეგორიაა და ყველა დანაშაული, რომელიც ათ წელზე მეტხანს ითვალისწინებს, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიაში გადის. ამის მიუხედავად, გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებისთვის სასჯელის შემსუბუქება საზოგადოებრივ წესრიგს არაფერს ავნებს, რადგან შეღავათში მაინცდამაინც ამ ტიპის მსჯავრდებულების გარეთ გამოსვლა არ იგულისხმება. უბრალოდ, სასჯელის ¼-ით მოკლება ნიშნავს, რომ, თუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიისთვის ადამიანებს მისჯილი აქვთ 20, 25, 30 და 40 წლები, მათთვის 5 ან 6 წლის მოკლება სახიფათო არ იქნება - 25 წლის მაგივრად 20 წელი ექნებათ მოსახდელი, 20-ის მაგივრად 15 წლის შემდეგ გამოვლენ და ა.შ.
ასეთი სურვილის მიუხედავად, ადვოკატი ანგარიშგასაწევ არგუმენტად მიიჩნევს უვადოდ თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებულების მიერ დაზარალებულთა და დაღუპულთა ახლობლების ფაქტორს, რომლებიც, რა თქმა უნდა, დამნაშავეებისთვის შეღავათის მინიჭებით განაწყენდებიან. თუმცა, გელა ნიკოლაიშვილი მაინც თვლის, რომ სახელმწიფო არ არის მხოლოდ დასჯის ინსტრუმენტი.
„სახელმწიფო ჰუმანიზმის ინსტრუმენტიცაა. ამის კონკრეტული მაგალითი გვაქვს. როდესაც ანდრეს ბრეევიკმა 77 ადამიანი დახოცა, ნორვეგიელებმა მას 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ცხადია, ამან გარდაცვლილების ახლობლების აღშფოთება გამოიწვია, მაგრამ ისეთი ღირებულება წამოვიდა წინა პლანზე, როგორიცაა ჰუმანიზმი, ადამიანურობა და იმ რეალობის გათვალისწინება, რომ, თუ ადამიანი 21 წელიწადში ვერ გამოსწორდა, ის ვერც 50 წელიწადში და, საერთოდაც, ვერ გამოსწორდება. ამიტომ არავის აქვს უფლება, მათ შორის, არც სახელმწიფოს, რომ ადამიანს ერთი შანსი არ მისცეს. მით უმეტეს, გამოსწორებას ყველა რელიგია ქადაგებს“, - აცხადებს გელა ნიკოლაიშვილი.
ადვოკატ მამუკა ნოზაძის აზრით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში სასჯელასრულებით დაწესებულებებში გამეფებული არაადამიანური და ღირსება შემლახავი მოპყრობა ყველასთვის კარგად იყო ცნობილი. ამას ემატებოდა განუზომლად დიდი სასჯელები. ამიტომ, ახალ პარლამენტს ამნისტიის კანონპროექტში ცვლილების განხორციელებაზე უარი რომ ეთქვა, ეს საზოგადოების დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ამდენად, ადვოკატი იწონებს პარლამენტარების მხრიდან ცვლილების განხორციელებას, თუმცა დისკრიმინაციის ნიშნებს ხედავს, რადგან სამუდამო პატიმრობა მისჯილი ადამიანების მიმართ შეღავათი არ ხორციელდება.
„ყურადღებამისაქცევია, რომ სამუდამო პატიმრობა მისჯილი ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, არასამართლიანი სასამართლოს მიერ არიან დაზარალებულნი. სწორედ ამიტომ მოხდა მათ მიმართ თავისუფლების უვადოდ აღკვეთის შეფარდება. ზოგჯერ ყოფილი ხელისუფლების ინტერესი იყო, რომ ამ ადამიანების მიმართ უვადოდ აღეკვეთათ თავისუფლება. მაგალითად, ბულგარეთის მოქალაქე დავით ნიკოლაშვილს დიდი ოდენობით წამალი ჩაუდეს და დანაშაული დააბრალეს. მას 500 ათასის გადახდას სთხოვდნენ და, რომ არ გადაიხადა ეს თანხა, დაადებინეს სხვა პიროვნებას, ვითომ მან მისგან წამალი შეიძინა, ის პიროვნება საპროცესო გარიგებით გამოუშვეს და ეს ადამიანი უვადოდ გამოამწყვდიეს. ასეთი უამრავი მსჯავრდებულია. მართალია, ახალი ხელისუფლება ამბობს, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში მოხდება მათი საქმეების გადახედვა, მაგრამ, ჯერჯერობით, ფაქტია, რომ ასეთი გადასინჯვა არ ხდება“, - აცხადებს ადვოკატი.
ამასთან, მამუკა ნოზაძის თქმით, ბევრ ადამიანს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული აქვს ნარკოტოკების გამოც 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით. ამ შემთხვევაში, ყოფილი ხელისუფლება ამ მუხლით იშორებდა არასასურველ პერსონებს.
აქედან გამომდინარე, ადვოკატი მიიჩნევს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, მსჯავრდებულს უვადოდ თავისუფლების აღკვეთას შეუფარდებენ თუ 25 წლით თავისუფლების აღკვეთას, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან ისინი დაისაჯნენ იმ დანაშაულისთვის, რაც მათ ჩაიდინეს. უფრო მეტიც, მამუკა ნოზაძის თქმით, ზოგიერთ პირს 20 ან 25 წელი აქვს შეფარდებული 108-ე და 109-ე მუხლის თანახმად, რაც ითვალისწინებს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში, ამის პარალელურად კი, ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ზოგიერთს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. ადვოკატის აზრით, სწორედ ეს არის გაუგებარი, თუ პირველ შემთხვევაში მსჯავრდებულს სასჯელს ¼-ით უმცირებენ, მაშინ რატომ არ უმცირებენ სასჯელს იმ ადამიანს, ვისაც უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს?!
„ეს ხომ დისკრიმინაციულია, როდესაც ერთი და იმავე მუხლით მსჯავრდებული ადამიანებიდან ერთს ეხება ამნისტია და მეორეს არ ეხება“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე.
ადვოკატი ლალი აფციაური ეთანხმება მოსაზრებას, რომ, ზოგადად, ჰუმანურობიდან გამომდინარე, როდესაც არსებითად იცვლება ხელისუფლება, ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ეს ჰუმანური აქტი. მისივე თქმით, მკვლელის შესახებ ვერ ვიტყვით, რომ ის უნდა გათავისუფლდეს, მაგრამ მეტ-ნაკლებად მასზეც უნდა გავრცელდეს შეღავათები.
„ნებისმიერი ქვეყანა ამას აკეთებს და ჩვენ რატომ ვართ გამონაკლისი?! აბსოლუტურად მესმის, თუ რას განიცდიან ამასთან დაკავშირებით დაღუპულის ოჯახის წევრები, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ დამნაშავის გათავისუფლებაზე, არამედ აქ გარკვეულ შეღავათზეა საუბარი. ყველა შემთხვევაში, შეღავათი უნდა გავრცელდეს,“ - ასეთია ლალი აფციაურის პოზიცია.