თურქეთ-საქართველოს შორის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მოლაპარაკებისა და სვანეთის საგანძურის ირგვლივ for.ge-ს კითხვებს კულტურის მინისტრის მოადგილემ მარინე მიზანდარმა უპასუხა. ამ თემებზე მინისტრთან შეხვედრა და ინტერვიუს ჩაწერა გვინდოდა, მაგრამ მან გადაგვამისამართა ზემოხსენებულ საკითხებში კომპეტენტურ პირთან - მარინე მიზანდართან. კულტურის მინისტრის მოადგილეს 14 დეკემბერს შევხვდი და ვესაუბრე.
რა ინფორმაცია გაქვთ მოპოვებული თურქეთ-საქართველოს შორის აქამდე მიმდინარე მოლაპარაკებებზე?
მარინე მიზანდარი: ხელშეკრულებების პროექტები გვაქვს, რომელზეც ხელი არ მოუწერიათ. ბოლო ვარიანტის მიხედვით, ძეგლების აღდგენა ნაცვალგების პრინციპით უნდა მომხდარიყო. ერთი მხრივ, ოშკისა და იშხნის რესტავრაციის პროცესში ქართველი რესტავრატორები ჩაერთვებოდნენ, ხოლო მეორე მხრივ, ბათუმში აზიზიეს მეჩეთი უნდა აშენებულიყო და რაბათის რესტავრაციაში თურქი სპეციალისტები უნდა ჩართულიყვნენ.
კონკრეტულად სად იყო მეჩეთის აშენება გათვალისწინებული?
- ადგილი მითითებული არ გახლდათ - მინიშნებული იყო, რომ ბათუმში საამისოდ რაღაც ადგილი უნდა შერჩეულიყო.
რამდენად მისაღებია თქვენთვის ის პოლიტიკა, რასაც კულტურის სამინისტრო, ზოგადად ყოფილი ხელისუფლება ახორციელებდა თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებაში?
- სიმართლე გითხრათ, ამ პოლიტიკაში ღრმად ჩახედული არ ვარ, რადგან ყველა ასპექტის შესასწავლად ჯერ დრო არ მქონია, მაგრამ ვფიქრობ, რომ კულტურის სამინისტროს თურქეთთან მიმართებაში რაიმე საგანგებო პოლიტიკა არ ჰქონია -მოლაპარაკება ბოლომდე არ მისულა, ხელი არაფერზე მოუწერიათ.
ხელისუფლების წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ, საზოგადოება სათანადოდ ინფორმირებული არ იყო, რაც მითქმა-მოთქმის საფუძველი ხდებოდა.
- გეთანხმებით იმაში, რომ ხელისუფლების წინა წლების ქმედებებს საჯაროობა ძალიან აკლდა, გადაწყვეტილებებს ხშირად ცალმხრივად, ერთპიროვნულად იღებდნენ და ხელისუფლების წევრებს შორის ხანდახან კონსენსუსი არ იყო.
ბათუმში მეჩეთის აშენებას თურქული მხარე მოითხოვდა, თუ ეს საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ შესთავაზა?
- მეჩეთის აშენების თემა ვინმეს საგანგებოდ არ წამოუწევია, ეს თურქეთის მხრიდან მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო. ყოველ შემთხვევაში, იმ საბუთების საფუძველზე, რაც ხელთ გვაქვს, მე ასე მეჩვენება.
შეხვდით თურქეთის ელჩს, 12 დეკემბერს?
- დიახ, შევხვდი.
მოლაპარაკება ამ ფორმატით გაგრძელდება - თქვენ და ელჩი გადაწყვეტთ თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრების ბედს?
- საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით და მათი ჩართვით, რა თქმა უნდა.
ესე იგი პირადად თქვენ იქნებით ამ პროცესში ჩართული.
- პირადად მე, ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი თემაა.
ამ ეტაპზე როგორია ხელისუფლების პოზიცია - რას სთავაზობთ თურქულ მხარეს?
- ჩემი პოზიცია ასეთია, რომ დავიწყოთ, შევთანხმდეთ თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე. ამჯერად იცით, რომ იშხნის სარესტავრაციო პროექტი დასრულებულია.
ვის მიერ?
- თურქი სპეციალისტების მიერ, მაგრამ ეს თავისთავად ძალიან უარყოფითი საკითხიც არ არის. იქაც არიან კარგი სპეციალისტები და ექსპერტები, მაგრამ რამდენადაც ჩვენი სამეცნიერო წრიდან ვიცი, ხარვეზები მაინც არსებობს - კარგად არ გაკეთებულა კვლევითი ნაწილი, გეოლოგია, მასალის შესწავლა, კონსტრუქციები. ანუ, პროექტი ცოტა გასამართია და ამ პროცესში ქართველი სპეციალისტების ჩართვა თითქმის აუცილებელია, რადგან ძეგლებს მაინც თავისი სპეციფიკა აქვს. დავუბრუნდეთ მოლაპარაკებას - დიალოგი დავიწყეთ და როგორც გითხარით, სამომავლო გეგმებზე შევთანხმდებით. ამიტომ, სამწუხაროდ, ბევრს ვერაფერს გეტყვით.
თურქულ მხარესთან დიალოგი სუფთა ფურცლიდან დაიწყეთ?
- ვცდილობთ დიალოგი სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. თუმცა, ვნახოთ - თურქეთის კეთილ ნებაზე ბევრი იქნება დამოკიდებული. საქართველოს კულტურის ძეგლები დღეს მათ ტერიტორიაზეა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ხარისხიანი შედეგის მიღება. ამ საკითხს ძალიან პრაგმატულად თუ შევხედავთ, სამუშაო პროცესში ქართველი სპეციალისტების ჩართვა გარკვეულწილად მათ ინტერესებშიც უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში სრულფასოვნად რესტავრირებულ ძეგლს მიიღებენ, რომელიც საინტერესო იქნება ვთქვათ, მათთვის, ტურისტებად ჩასულებისთვის.
რას მოითხოვს თურქული მხარე?
- პროცესს ნულიდან ვიწყებთ, თუმცა, თურქული მხარისთვის წინა ხელშეკრულებების პროექტებში არსებული პირობების გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია. თურქებს კონკრეტული პრეტენზიები აქვთ რაბათის კომპლექსის რეაბილიტაციასთან მიმართებაში. თურქი სპეციალისტები რაბათის კომპლექსის რესტავრაციაში ჩართვას ითხოვდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად ნაჩქარევად გაკეთდა, რომ ეტყობა თურქული მხარე თამაშიდან საერთოდ გამოთიშული იყო. ანუ, სამუშაოები თურქების ჩართვით არ განხორციელებულა.
ხელშეკრულება გაფორმებული არ იყო და ამის გარეშე სამუშაოებში როგორ ჩაერთვებოდნენ?
- ჰო, მაგრამ შეიძლებოდა - როცა მუსულმანური არქიტექტურის ძეგლს აკეთებ, მათი ჩართვა კარგი ნების და პროფესიონალიზმის გამოვლინება იქნებოდა. როგორც ჩანს, პროცესი ხარვეზებით წავიდა - რეაბილიტაციისას ცხაურები მოხსნეს, შეინახეს და აღარ გამოიყენეს. ეს იყო ამ არქიტექტურის ხიბლი, მართლა ნაღდი, ძველი და წარმოსაჩენი.
ჯაყელების დროინდელი?
- ვერ გეტყვით, რადგან სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცი, დეტალებს ახალციხეში ჩასვლის შემდეგ დავაზუსტებ, მაგრამ თურქი ექსპერტები ჩამოსულები იყვნენ და რაბათზე არსებული მეჩეთის დათვალიერებებისას ნახეს, რომ მეჩეთის არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი რეაბილიტაციის დროს მოუხსნიათ და შეუნახიათ.
გიფიქრიათ თუ არა თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრების იუნესკოს ზედამხედველობის ქვეშ აღდგენაზე?
- რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ამგვარი ფორმით ძეგლების აღდგენა უტოპიური იდეაა, მაგრამ ამ საკითხს მაინც დავაზუსტებ.
როგორია პატრიარქის პოზიცია, თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკების შესახებ?
- ნამდვილად არ ვიცი.
კულტურის მინისტრმა ინტერვიუში აღნიშნა, ამ საკითხზე პატრიარქისგან წერილი მივიღეო.
- არ ვიცი, ვერ გეტყვით.
სად გაატარებს ამ ზამთარს სვანეთის საგანძური?
- ეს ჯერ კიდევ დასაზუსტებელი საკითხია. მოგეხსენებათ, რომ ამჟამად მუსიკალური სკოლის შენობაში დროებით ინახება. მუზეუმს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნა მისაღები აქვს. როგორც ახლა განმიმარტეს, თვითონ მუზეუმმა შეუკვეთა მხოლოდ შიგთავსის - ვიტრინების, თაროების და აღჭურვილობის ექსპერტიზა. რაც შეეხება შენობას - მშენებელსა და მესტიის გამგეობას შორის მიღება-ჩაბარების აქტი რომ გაფორმდეს, ამისთვის აუცილებელია მშენებელმა გამგეობას დასკვნა წარუდგინოს. ეს დასკვნა მშენებელს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში შეკვეთილი აქვს, მაგრამ ჯერ არ მიუღია, ანუ გამგეობაში ჯერ ვერ წარადგინა. გამომდინარე აქედან, მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა, რადგან გამგეობა დასკვნას ელოდება. მშენებლის ვალდებულებაა, რომ გამგეობაში დასკვნით მივიდეს და თქვას - ყველაფერი წესრიგშია, ნახეთ, აგერ მაქვს სერთიფიცირებული დასკვნაო.
დასკვნის შინაარსს გავეცნობით და თუ კი მოგვეჩვენება, რომ რაღაც საეჭვოა, მაშინ შეიძლება დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი შევქმნათ, რომელიც ამ საკითხს კიდევ ერთხელ განიხილავს.
14 დეკემბერს კულტურის სამინისტროსგან და ეროვნული მუზეუმისგან საჯარო ინფორმაცია გამოვითხოვე - გარკვეულ კითხვებზე პასუხებთან ერთად მოვითხოვე სვანეთის ახლადაშენებული მუზეუმის შენობასთან დაკავშირებული ტექნიკური და სხვა სახის დოკუმენტაცია. რამდენადაც ვიცი, ახლადაშენებულ მუზეუმში, სადაც საგანძურის გადატანა უნდათ, სამშენებლო მასალების, საღებავების სუნია.
- დიახ, სუნი ჯერ კიდევ ცოტათი არის, ოღონდ შენობის ზედა ნაწილში და არა საცავში. სვანეთის მუზეუმის თანამშრომლებს შორის აზრი გაყოფილია. პრინციპში, მეტი წილი ამბობს, ბევრს მიაჩნია, რომ ეს ნამუშევრები მაინც უფრო დაცული იქნება, თუ კი მუზეუმის ფონდში გადაინაცვლებს.
როგორია ეროვნული მუზეუმის პოზიცია? ჩემი ინფორმაციით, არც მათ აქვთ საგანძურის გადატანისადმი ერთგვაროვანი დამოკიდებულება.
- ესენიც ფიქრობენ, რომ გადატანა უკვე შეიძლება, მაგრამ საქმე ისაა, რომ დეკემბერში თუ არ გადავიდა, მერე შეიძლება დიდი თოვლი მოვიდეს და კლიმატური პირობები გაუარესდეს. ნამუშევრებისთვის ძლიერ ყინვაშიც არ არის სასურველი ტემპერატურის ცვლილება. იქ პატარა შიში არსებობს მუზეუმის ახლადგაკეთებულ სახურავზე - ერთი-ორი ამაზე მესაუბრა, შიში აქვთ რაიმემ არ ჩამოჟონოს.
ეს შიში, ალბათ, ბრტყელი გადახურვითაა გამოწვეული.
- ბრტყელი გადახურვა მცირე ეჭვს ყოველთვის იწვევს. თუმცა, როგორც ჩანს, დიდი სიფრთხილით გაკეთდა და ყველა პირობა იყო გათვალისწინებული, მაგრამ ვნახოთ რა იქნება.