ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჟებზე 1 ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება 40 დოლარის ფარგლებშია. წინა თვეებთან შედარებით, ფასმა მკვეთრად მოიმატა, განსაკუთრებით, ივნისის დასაწყისიდან მოყოლებული. მიზეზი რთული გამოსაცნობი არ არის. მსოფლიო ეკონომიკა აღდგენას იწყებს, თუმცა ნავთობის გაძვირების ტემპი მაინც ზედმეტად უსწრებს პროცესებს, ამიტომ უცხოელი ანლიტიკოსები უახლოეს პერიოდში ფასების ვარდნას ელოდებიან, მით უფრო, რომ მთელ მსოფლიოში არსებული მარაგები მაქსიმუმზეა, ხოლო ამერიკაში საერთოდაც ისტორიული პიკი დაფიქსირდა.
მსოფლიო პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა საერთაშორისო ბაზრებზე ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია და რეკორდულ მინიმუმს მიაღწია. ამერიკული „ლაითის“ ტიპის ნავთობის ფასი მინუსშიც კი გადავიდა. ამან დადებითი გავლენა მოახდინა ნავთობპროდქტების იმპორტიორ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, სადაც საწვავის ღირებულება თითქმის განახევრდა.
ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მას შემდეგ, რაც მსოფლიომ დაიწყო ეტაპობრივი აღდგენა პანდემიის შემდეგ, ჩინეთში ნავთობზე მოთხოვნამ აშშ-სა და ევროპაში მოთხოვნას გადაუსწრო. უფრო და უფრო მეტი სატვირთო ტანკერი მიემართება ჩინეთისკენ. ეს ქვეყანა სიდიდით მეორეა მსოფლიოში ნავთობის მოხმარების მიხედვით აშშ-ის შემდეგ. ჩინეთისკენ მიმავალი სატვირთო სუპერტანკერების რიცხვმა უკვე გადააჭარბა წინა რეკორდულ მაჩვენებელს, რომელიც დაახლოებით 2 კვირის წინ დაფიქსირდა.
საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტის ნიკა შენგელიას აზრით, ფასის ზრდის ტენდენცია გაზრდილი მოთხოვნითაა განპირობებული, რაც მოსალოდნელი იყო. მისივე პროგნოზით, „შავი ოქროს“ ფასი 35-45 დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება.
„მოლოდინი იყო, რომ ივნისის მეორე ნახევრიდან, ერთი ბარელის ღირებულება 35-45-დოლარიან შუალედში შევიდოდა. ეს ჩვეულებრივი პროცესია, რადგან მსოფლიოში რეცესია სრულდება, ადამიანები სახლებიდან გამოდიან და საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ავიამიმოსვლა აღდგენის ეტაპზეა. გამომდინარე აქედან, ნავთობზე მოთხოვნა იზრდება და მატულობს ფასიც. სავარაუდოდ, ეს პროცესი გაგრძელდება და ნავთობის ღირებულება 35 დოლარზე მაღლა შენარჩუნდება“, - განაცხადა შენგელიამ.
ამასობაში საქართველოში საწვავის გაძვირება დადგა დღის წესრიგში და მცირე ავტოგასამართ სადგურებზე უკვე 10 თეთრითაც მოიმატა 1 ლიტრი ბენზინისა თუ დიზელის ღირებულებამ. საქართველოში საწვავის ფასწარმოქმნას ორი ფაქტორი განაპირობებს: ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე და ვალუტის გაცვლითი კურსი, რომელიც ბოლო დროს მყარდება.
საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მარტის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, რაც როგორ ოპეკის შეთანხმებამ, ისე საწვავზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა.
„კარანტინის პერიოდში საწვავზე ფასი საცალო ქსელში, საშუალოდ, 70-80 თეთრის ფარგლებში იყო, მაგრამ იმის გამო, რომ საერთაშორისო ბაზარზე უკვე ფასებმა გეზი ზრდისკენ აიღო, საქართველოს საბითუმო ბაზარზეც მოიმატა ფასმა. ეს ცალკეულ ქვეყნებშიც გამოიწვეევს ცვლილებებს. ამის შედეგია, რომ ზოგიერთ არაბრენდირებულ გასამართ სადგურზე, საშუალოდ, 5-10 თეთრით გაძვირების ტენდენციაა“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.
მოკლევადიანი პერიოდში ბრენდულ გასამართ სადგურებზე ფასები შეიძლება იგივე დარჩეს, ხოლო არაბრენდულებზე ისევ შეიცვალოს და მცირედით კიდევ გაიზარდოს.