არც ღვინო და არც წყალი - ჩრდილოეთში ყინული ჯერ არ დაძრულა

არც ღვინო და არც წყალი - ჩრდილოეთში ყინული ჯერ არ დაძრულა

ახალ წლამდე ვერც ქართული ღვინო და ვერც მინერალური წყალი რუსეთის ბაზარზე ვერ მოხვდება. გაზაფხულზე კი ჩრდილოეთში “სარაჯიშვილის” პროდუქცია გაიგზავნება. რუსეთში საკუთარი ნაწარმის შეტანას უკვე ათეულობით ქართული კომპანია ითხოვს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხში, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების სანაცვლოდ, რამეს დათმობის საკითხი არ დგას. პირიქით, ვინაიდან საქართველო დაეხმარა რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში, ახლა ეს არა კეთილი ნება, არამედ რუსეთის საერთაშორისო ვადებულებაა.

როგორც მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე აბაშიძემ აღნიშნა, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება საქართველოს გააძლიერებს.

“აქ არ არის საუბარი მხოლოდ ციფრებსა და ღვინოზე, არამედ ბევრ ადამიანზეა საუბარი. ასევე ცოტა გაზვიადებულია ის მიდგომა, რომ საქართველოში რუსული კაპიტალისთვის კარი ღია იყო. რუსულ ბაზარზე რომ ქართულ პროდუქციას ბარიერები ექმნებოდა, ეს ფაქტია.  ამავდროულად, არც რუსული კაპიტალი გრძნობდა თავს კომფორტულად საქართველოში.

რუსეთში ძალიან ბევრი შეძლებული ქართველი ცხოვრობს, ვისაც სურდა საქართველოში ბიზნესი გაეკეთებინა, მაგრამ იყო მინიშნება, რომ თავი შეეკავებინათ პოლიტიკური მოსაზრებით. პოლიტიკური კლიმატის გამო ბევრი ვერ რისკავდა საქართველოში ინვესტირებას”, - განაცხადა აბაშიძემ და დასძინა, რომ მომავალში ეს მიდგომა შეიცვლება და რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენები ჩვენს ეკონომიკაში სერიოზულ ინვესტიციებს ჩადებენ.

ზურაბ აბაშიძის სიტყვების წილ “როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელის, გენადი ონიშჩენკოს განცხადებით, რუსეთში ქართული ღვინისა და მინერული წყლის შესატანად ხელოვნული წინაღობა არ არსებობს. მისი ინფორმაციით, “როსპოტრებნადზორში” ვაჭრობის განახლების მიზნით 30 ქართული საწარმოს დოკუმენტაციაა განსახილველად წარდგენილი.

“მზად ვართ ქართველ მწარმოებლებს შევხვდეთ, თუმცა მანამდე წარმოება ადგილზე უნდა შევამოწმოთ. თუ წარმოება დამაკმაყოფილებელი იქნება, ღვინისა და მინერლური წყლის შემოტანა განახლდება”, - განაცხადა გენადი ონიშენკომ და იქვე დასძინა, რომ ახალ წლამდე შეტანა ვერ მოხერხდება.

“აშკარაა, რომ ახალ წლამდე ცოტა დრო დარჩა. როგორც ჩანს, ღვინისა და მინერლური წყლის შეტანა ახალი წლიდან დაიწყება”, - განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარმა.

კომპანია “სარაჯიშვილი” რუსეთში საკუთარი პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით ერთ-ერთ რუსულ კომპანიასთან ხელშეკრულებას აფორმებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ელგუჯა ბუბუტეიშვილმა განუცხადა, კონტრაქტის გაფორმების ზუსტი დრო და ვადა რამდენიმე დღეში ეცოდინება.

“ეს არის ერთ-ერთი ცნობილი რუსული კომპანია, რომელიც რუსეთში ჩვენი პროდუქციის ექსპორტს განახორციელებს”, - აღნიშნა ელგუჯა ბუბუტეიშვილმა, რომელმაც დაადასტურა, რომ რუსი სპეციალისტები კომპანიაში შემოწმებაზე უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდნენ.

“შემოწმებაზე ბევრი ადამიანი მოვიდა. მოსწონთ ქართული კონიაკი და ამბობენ, რომ ძალიან სურთ, რუსულ ბაზარზე ჰქონდეთ ქართული სასმელი - ღვინო და კონიაკი”, - განაცხადა ბუბუტეიშვილმა.

მას რუსულ ბაზარზე პროდუქციის დაბრუნების თარიღი არ დაუკონკრეტებია, თუმცა ეს, სავარაუდოდ, 2013 წლის მარტში მოხდება.

მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი კახა კოხრეიძე მიიჩნევს, რომ რაც მეტი იქნება ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტი რუსულ ბაზარზე, მით მეტ სარგებელს ნახავენ საქართველოში მოქმედი კომპანიები, თუმცა რუსული ბაზრის გახსნას წინ ეკონომიკური ანალიზი უნდა უძღოდეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთის ბაზარზე დასავლური ბაზრისგან განსხვავებული მარკეტინკული კამპანია იქნება საჭირო.

რუსეთს, როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრს, მოუწევს დაექვემდებაროს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც, კოხრეიძის ზრით, საქართველომ დროულად უნდა გამოიყენოს, რათა ქართულ კომპანიებს ექსპორტის საშუალება მიეცეთ.

“დამატებით ბევრი სამუშაო იქნება თითოეული პროდუქციის შემთხვევაში არსებული ხელოვნური ბარიერების აღმოსაფხვრელად და იმისთვის, რომ ქართულ კომპანიებს მიეცეთ თავისუფალი კონკურენციის საშუალება. ზოგადად, მარკეტინგის საკითხები ბაზრის თემაა, ამაში სახელმწიფო ვერც ჩაერევა. ერთადერთი, შესაძლოა, გარკვეული პროგრესული ნაბიჯები გადაიდგას ექსპორტის სტიმულირებისთვის”, - ამბობს მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი.

რუსეთის ბაზრის დახურვის შემდეგ ქართულმა კომპანიებმა ალტერნატიული გასაღების ბაზრები მოძებნეს ევროკავშირის ქვეყნებში, კანადასა და ამერიკაში, სადაც ხარისხის გაუმჯობესება და გაცილებით მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება მოუხდათ.  შესაბამისად, კოხრეიძე დარწმუნებულია, რომ ეს კომპანიები ამ ბაზრებს არც დატოვებენ.

“ეს უკვე კონკრეტული კომპანიების გადასაწყვეტია - თუ მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ გამოუშვან მეტი პროდუქცია, ოღონდ ნაკლები ხარისხით, თანაც ისეთი, რომ იყოს გასაღებადი რუსეთის ბაზარზე, ეს შანსი, ცხადია, შეუძლიათ გამოიყენონ. თუმცა, არ მგონია, რომ ვინმემ გადაწყვიტოს უკვე ათვისებული დასავლეთის განვითარებული ბაზარი ჩაანაცვლოს რუსეთის ბაზრით”, - აცხადებს კოხრეიძე.