"ქართუ ბანკის” გაკოტრებას სქემა, რომელსაც იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ხელმძღვანელობდა, გაშიფრულია. ყოფილ “რუხ კარდინალს” ხელი შემოსავლების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯაბა ებანოიძემ და სამსახურის სხვა თანამშრომლებმა დაადეს. აქედან გამომდინარე, ადეიშვილზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრისთვის რეალური საფუძველი არსებობს. ალბათ, ეს ასეც მოხდება და სავარაუდოდ, მასზე ძებნა გამოცხადდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ბანკ ქართუს” გაკოტრების მიზნით პოლიტიკური თანამდებობის პირების მონაწილეობით ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა მოქმედებდა. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სამინისტრომ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
გეგმა მიზნად ისახავდა, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით, სააქციო საზოგადოება “ბანკი ქართუს” გაკოტრებას. დანაშაულებრივი სქემა შედგებოდა რამდენიმე ეტაპისგან.
კერძოდ, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ გააკეთა განცხადება პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვის შესახებ, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა პირველ ეტაპზე შეიმუშავეს და პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება ეძლეოდა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დათვირთული.
იმ მიზნით, რომ “ბანკ ქართუს” ეს ქონება გონივრულ ფასში არ გამოესყიდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის ნიკოლოზ მელიას უშუალო ხელმძღვანელობით ხდებოდა აუქციონის ჩაშლა, რის შემდეგაც აღსრულების ეროვნული ბიურო ქონებას გადასცემდა ეკონომიკის სამინისტროს.
ეკონომიკის სამინისტრო კი, პრეზიდენტის ბრძანებულებით ამ ქონებებს ასხვისებდა პირდაპირი მიყიდვის წესით. “ამ კანონის მიღება გათვლილი იყო მხოლოდ და მხოლოდ “ბანკი ქართუს” გაკოტრებაზე, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრე იმ დროისათვის გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ იმ ბიზნესმენებს, რომლებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ “ბანკ ქართუში”, უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება.
ამის შემდეგ, იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა. შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდდა სხვა კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში აკონტროლებდნენ ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები”, - აცხადებენ შსს-ში.
განცხადებაში აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით, უუქმდებოდათ “ბანკი ქართუს” საკრედიტო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფას სწორედ იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა. შესაბამისად, დაზარალებული რჩებოდა “ბანკი ქართუ”, რომელსაც იმ დროისათვის მეწარმე სუბიექტებისათვის მიცემული ჰქონდა 59 მილიონ 997 ათას 363 აშშ დოლარისა და 3 მილიონ 757 ათასი ლარის კრედიტები.
მაგალითად, 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო “ბანკი ქართუს” გაკოტრების სქემა და დაავალა მისი განხორციელება. თავის მხრივ, ჯაბა ებანოიძემ ამის შესრულება დაავალა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს მამუკა ლაშხიას და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს - ოთარ აგლაძეს.
აღნიშნული პირები დაუკავშირდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ იმ ბიზნესმენებს, რომელთა კომპანიებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ “ბანკ ქართუში”. ასეთ კომპანიებს შორისაა: მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის-იაგო ჩოჩელის შპს “ინტერპლასტი”, შსს-ს იმჟამინდელი კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ერეკლე კოდუას ახლო ნათესავების საწარმოები, სს “პირიმზე” და შპს “სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავა”, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი ისაკაძის საწარმოები: შპს “ლოგოსი” და ამხანაგობა “თეთრი სახლი”. ყველა კომპანიამ, შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით, აღიარა არარსებული საგადასახადო დავალიანება.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა ფიქტიური აუქციონი, სადაც არც ერთი ქონება არ გაიყიდა. ამის შემდეგ ქონება გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს და პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე გაიყიდა პირდაპირი მიყიდვის წესით.
2012 წლის დასაწყისში, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, დავით გიორგაძეს პირადად დაავალა ყველა ეს ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა იმ კომპანიებისთვის, რომელსაც მას გაუგზავნიდა შემოსავლების სამსახური. ამ გზით, ყველა ქონება გაიყიდა იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან ამავე ქონებების ყოფილ მეპატრონეებს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა ჯაბა ებანოიძემ, ამავე სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა მამუკა ლაშხიამ, მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილმა მოადგილემ ოთარ აგლაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დავით გიორგაძემ და ბიზნესმენებმა ითანამშრომლეს სამართალდამცველებთან და გამოძიებას მისცეს სრული ინფორმაცია დანაშაულებრივი სქემის დეტალების შესახებ.
“სისხლის სამართლის საქმეში არსებული ჩვენებებითა და უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დანაშაულებრივ სქემაში, რომელიც მიმართული იყო “ბანკი ქართუს” გაკოტრებასა და მისთვის ფინანსური ზიანის მიყენებაზე, შეთანხმებულად და ორგანიზებულად მოქმედებდნენ ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა რგოლები. კერძოდ, საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, მათში შემავალი სტრუქტურებით და ქვედანაყოფებით. გამოძიება გრძელდება და დამატებით მასალებს საზოგადოებას აუცილებლად გავაცნობთ”, - აღნიშნულია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე შს სამინისტროს მიერ “ბანკ ქართუსთან” დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც ებანოიძემ აღნიშნა, ამ განცხადებას გაეცნო, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კომენტარს არ აკეთებს. სატელეფონო ზარებს არ პასუხობს გიორგი ისაკაძეც.
ბიზნესმენი, ლაურა ღაჭავა კი საინფორმაციო სააგენტო “პირველთან” აცხადებს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ სურს საუბარი თუ ვინ დაავალა არარსებული საგადასახადო დავალიანების აღიარება.
“ძიება მიმდინარეობს. მე ერთხელ უკვე ვიყავი დაკითხვაზე და მთხოვეს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი არ ვისაუბრო. შეიძლება კიდევ დამიბარონ. ერთი რამ კი შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეში ორივე მხარე - როგორც “ბანკი ქართუ”, ასევე ჩემი საწარმოები, დაზარალებული ვართ.
ეს ყველაფერი ზემოდან იყო დაგეგმილი. ვინ იყო დამკვეთი და რა მოხდა, გამოძიებამ ჩემზე უკეთ იცის. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ “ბანკ ქართუში” სესხი მაქვს გასასტუმრებელი, რომელზეც იმის გამო, რომ 2011 წლის დეკემბრიდან არ ვიხდიდი, საურავებიც არის დარიცხული და ვიზარალე”, - განაცხადა ღაჭავამ.
იგი “ქართუ ბანკის” მიმართ არსებული 397 302,85 ლარის ვალდებულების დაფარვისთვის მზადაა. მისი თქმით, მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს “პირიმზესა” და შპს “სამკერვალო ფაბრიკა ლაურა ღაჭავას” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეწყდა.
“საბჭოს გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურის მიმართ არსებული 24 269 502,19 ლარის ვალდებულება გამიუქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე გადმოვიდა “ქართუ ბანკის” ვალდებულება, რომელიც 397 302,85 ლარს შეადგენს. მე მზად ვარ, აღნიშნული თანხა კანონის თანახმად, დავფარო”, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
ღაჭავას თქმით, შემოსავლების სამსახურის მიმართ 24 მლნ-ზე მეტი ვალდებულება ხელოვნური და უკანონო იყო და ის ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სასამართლომ გაუუქმა.