„ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატების ერთი ნაწილი ერთიანდება. მათ ერთობას ბექა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, წევრები კი მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი არიან. რამდენიმე კვირაში აღნიშნულ დეპუტატებს საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა ადამიანებიც დაემატებიან.
პარტიის შექმნას არ აპირებს, მაგრამ პოლიტიკაში დარჩება უმრავლესობიდან წასული თამარ ჩუგოშვილიც. მას შეთავაზება ყველასგან აქვს, მათ შორის, „ლელოდან“ და ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობიდან“.
ლევან კობერიძეც გადაწყვეტილების მიღების პროცესშია, ადასტურებს, რომ 2020-ის არჩევნებს არ გამოაკლდება. რაც შეეხება კობა ნარჩემაშვილს, მას ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია, დარჩეს თუ არა პოლიტიკაში.
გახდებიან თუ არა დამოუკიდებელი დეპუტატები „ქართული ოცნების“ სპარინგ-პარტნიორები?!
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ახალ პარტიაში გაერთიანებულ პოლიტიკოსებს ცნობადობის პრობლემა არ აქვთ, ხალხი მათ, ასე თუ ისე, იცნობს და მათ არ სჭირდებათ დროის და რესურსების ხარჯვა, საზოგადოებას თავი გააცნონ. თუმცა ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ მათი ცნობადობა უფრო თბილისის მასშტაბით შემოიფარგლება. შესაძლოა, ამ დეპუტატების ნაწილს ჰყავდეს თავის რეგიონში ელექტორატი, რადგან ისინი ადრე მაჟორიტარი დეპუტატები იყვნენ, მაგრამ თბილისის გარეთ, ალბათ, მათი პარტიის ცნობადობა დაბალი იქნება.
„მეეჭვება, დარჩენილ პერიოდში რამდენად მოახერხებენ ისინი ფინანსების, ორგანიზაციული თუ მატერიალური რესურსების მობილიზებას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გაშალონ საქმიანობა. ამიტომაც რესურსების კუთხით ისინი ვერ იქნებიან „ქართული ოცნების“ საპირისპირო მხარე და საპირწონე ძალა. თუმცა მათი პლუსი არის ის, რომ იქ არიან პოლიტიკოსები, რომელთაც მძიმე ბიოგრაფია და მძიმე შლეიფი არ მოსდევთ უკან, როგორც თუნდაც „ნაციონალებს“, „ევროპულ საქართველოს“, სხვა პარტიებს, რომელთაც ამომრჩეველმა შეიძლება ბევრი რამ გაუხსენოს წარსულიდან“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების რესურსი რა არის, მისთვის უცნობია. ფაქტია, არსებობს ამომრჩევლის სეგმენტი, რომელსაც „ოცნების“ მიმართ გული აქვს გატეხილი და შეიძლება ამ რესურსზე ფსონის დადებას ვარაუდობენ ეს დეპუტატები. სანამ ეს ინტერესი ჩამოიქნება, სრულ სახეს მიიღებს და პარტია შეიქმნება, ჯერჯერობით ლევან გოგიჩაიშვილის, ლევან კობერიძის, ალეკო ელისაშვილის მცდელობა, რომ რაღაც სახეს მიიღებს მათი ქმედება არჩევნების წინ, უტოპიურად გამოიყურება. რეალური ძალა და გავლენა მათ ვერ ექნებათ.
ანალიტიკოსის განმარტებით, სანამ პოლიტიკაში დიდი მასები არ იქნება ჩართული, მანამ ახალი პოლიტიკური ცენტრების შექმნა შეუძლებელი იქნება. პოლიტიკური ინტერესები რომ კონსოლიდირდეს, ჩამოყალიბდეს მართლაც პოლიტიკური პარტიები, ჯერ სოციალური საყრდენი უნდა ჰქონდეთ. საზოგადოებაში არაერთგვაროვანი ინტერესებია, ბანკირებს სხვა ინტერესები აქვთ, ვაჭრებს სხვა ინტერესები, დაქირავებულებს სხვა ინტერესები, დამქირავებლებს სხვა ინტერესები. პოლიტიკურ პარტიებს წარმომადგენლობით დემოკრატიებში სწორედ ამ ინტერესების წარდგენისა და დაცვის ფუნქცია აქვთ. სანამ ეს სოციალური ბაზისი არ იქნება და, სანამ ყველა პარტია იმას გაიძახის, მთლიანად ყველას ინტერესს ვითვალისწინებთო, არაფერი გამოვა.
„კლასიკურ საპარლამენტო სისტემაში მემარჯვენეები ბიზნესის ინტერესს გამოხატავენ, მემარცხენეები - დაქირავებულების, მშრომელთა ინტერესებს. წინააღმდეგობრივია ეს ყველაფერი. ჩვენთან კი ასე არ არის, ჯერჯერობით რაღაც გზა გვაქვს გასავლელი. ამ გზას ვერ გავივლით, სანამ დესტრუქციული პოლიტიკა გვაქვს, სანამ ნაცების ბანაკი იქნება და, სანამ ადამიანები რევანშიზმით არიან შეპყრობილნი. ეს შეუძლებელია და ვერც ვერავითარი ახალი პოლიტიკური ცენტრები ვერ შეიქმნება. ახლა ამას „ოცნებას“ აბრალებენ და იძახიან, რომ „ოცნებას“ ეს აწყობს, რადგან ამით ხელისუფლებას ინარჩუნებს. რასაკვირველია, „ქართულ ოცნებას“ მოკლევადიან პერსპექტივაში ეს შეიძლება აწყობდა კიდეც, მაგრამ ახლა აღარ აწყობს. „ოცნებასაც“ უდგას ამოცანა, უკვე რვა წელია, ხელისუფლებაშია და შემდეგ ციკლში რომ კიდევ ხელისუფლება შეინარჩუნოს, მას ღირსეული სპარინგ -პარტნიორი სჭირდება იმისთვის, რომ შინაგანად არ გაიხრწნას, შიგნიდან არ დაიშალოს. თუ ასეთი ღირსეული სპარინგ -პარტნიორი არ ეყოლება, იცით, რა მოხდება? რაც საქართველოში ბევრჯერ გვინახავს, მმართველი პარტია შიგნიდან გასკდება, გამოიყოფა სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ასე მოხდა წარსულშიც - „მრგვალი მაგიდა“, „მოქალაქეთა კავშირი“ ასე დაიშალა, გარედან ვინმემ კი არ დაშალა. გარედან ღირსეული კონკურენტი არც „მრგვალ მაგიდას“ ჰყავდა და არც „მოქალაქეთა კავშირს“, მათ ერთმანეთი დაანგრიეს. ასე მოხდება „ქართულ ოცნებაშიც“. არ არსებობს ქვეყანა, სადაც ბანკირებს და ვაჭრებს ერთნაირი ინტერესი ექნებათ, არის ბანკირთა პარტია, არის წვრილი ვაჭრების, მსხვილი ბიზნესის, გლეხების, მუშების პარტია. ადამიანი რომ ირწმუნება, მე ყველას ინტერესს ვიცავო, ეს სისულელეა. დაქირავებულისა და დამქირავებლის ინტერესი დიამეტრულად საწინააღმდეგოა. აქ მიმდინარეობს ბრძოლა არა ტორტის ნაჭრისთვის, არამედ მთლიანად ტორტისთვის, მთელი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
ამასთან განმარტავს, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ორი ბანაკი არსებობს - „ნაცების“ და „ოცნების“. არის კიდევ ერთი ძალა-„ლელო“, რომელსაც ავტონომიური საკუთარი რესურსი გააჩნია, ის არ არის დამოკიდებული „ნაცმოძრაობაზე“ და გარკვეული როლი შეუძლია ითამაშოს საარჩევნო ბლოკების ფორმირებისას. ამიტომ შეიძლება მოხდეს გადათამაშება, მაგრამ ჯერჯერობით ლაპარაკი იმაზე, რომ ოპოზიციური ერთობა არსებობს, მოჩვენებითია. ანუ შუა გაკრეფის სცენარი, რაც 2012-ში გაითამაშა ბიძინა ივანიშვილმა, დღეს წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, ობიექტურად „ოცნება“ მოიგებს ამ არჩევნებს, ქართველი ერის ინტერესიც ეს არის. რაც არ უნდა მოჩვენებითი ერთობლიობა შექმნან, ეს რეალური არ იქნება. რა აერთიანებთ ნაცების გარშემო დარაზმულებს? რევანშიზმი, შურისძიების სურვილი. გუბაზ სანიკიძე რატომ არის ნაცებთან? ერთადერთი მიზეზით - მილიონერი ვერ გახდა, რადგან სამსახურში აღარ დატოვა ბიძინამ, ფული არ აშოვნინა. ამისთვის უნდა შური იძიოს. სხვა ინტერესს მე ვერ ვხედავ. ამიტომაც ამბობს აბსურდს, თითქოს ივანიშვილის ხელისუფლება დაახლოებით იგივეა, რაც იყო სააკაშვილის რეჟიმი. ამას ვინ დაიჯერებს?