აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელის უფლებების დამცველი, ადვოკატი მამუკა ნოზაძე ვარაუდობს, რომ დაახლოებით 10 დღის შემდეგ დაიწყება საქმის ხელახალი ძიება. რა აძლევს ადვოკატს ამის თქმის საფუძველს, რა დაწერა ბარათელმა ოთხგვერდიან ჩვენებაში და როგორ პირობებში იხდის იგი სასჯელს, ამის შესახებ for.ge მამუკა ნოზაძეს შეხვდა და ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს გლდანის N8 საპყრობილეში მყოფი გიორგი ბარათელი პროკურორს დაახლოებით ოთხი საათი აძლევდა ჩვენებას, მისი უფლებების დამცველისადვოკატ მამუკა ნოზაძის თანდასწრებით.
მამუკა ნოზაძე: თბილისის პროკურატურის პროკურორ შალვა ცერცვაძესთან ერთად 17 დეკემბერს სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში ვიმყოფებოდი. გიორგი ბარათელის გამოკითხვა მოხდა - მან თავის ხელით დაწერა მის დაკავებასთან დაკავშირებული დეტალები, მაგრამ არა სრულყოფილად, რადგან ეს არ იყო დაკითხვა, ეს იყო გამოკითხვა. ამიტომ ამ შემთხვევაში დაწვრილებითი დეტალები საჭირო არ გახლდათ. მან მოკლედ, ოთხი თაბახის გვერდზე აღწერა როგორ, რა პირობებში მოხდა მისი დაკავება და შემდეგ რა უკანონო ქმედებები განხორციელდა მის მიმართ. ახლა პროკურატურა გადაწყვეტილებასმიიღებს, თუ რა კუთხით დაიწყოს გამოძიება.
ეს რაზეა დამოკიდებული?
- ეს არა მარტო შალვა ცერცვაძეზეა დამოკიდებული, არამედ, მის ხელმძღვანელობაზე და ასევე მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობაზე.
თქვენი აზრით რა კუთხით უნდა დაიწყოს გმოძიება?
- ჩემი აზრით, ბარათელის ჩვენების შედეგად საქმის გამოძიება ორი კუთხით უნდა დაიწყოს. ეს არის პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რადგან მათი დანაშაულებრივი ქმედებებია აღწერილი, რაც ბარათელის დაკავებასა და მასზე განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას უკავშირდება, რათა ბარათელს არჩადენილი დანაშაული ეღიარებინა. ეს ერთი და მეორე - როცა ბარათელი დეტალურად დაიკითხება, პროკურატურა ვალდებულია სრულყოფილი ძიება ჩაატაროს და დაიწყოს გურამ შარაძის მკვლელობის ხელახალი გამოძიება. ესაა ახლადაღმოჩენილი გარემოება, რაც გიორგი ბარათელის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი უნდა გახდეს.
რა პროცედურაა გასავლელი ძიების დაწყებამდე?
- პროკურორმა საქმის შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო - ის საქმეს არქივიდან გამოითხოვს და შეისწავლის. კანონის თანახმად ის ვალდებული იყო ეს გაეკეთებინა. საქმეში არის საინტერესო დეტალები, თუნდაც ექსპერტიზის დასკვნები. აი, მაგალითად, საინტერესოა რამ გამოიწვია ის გამჭოლი ჭრილობა, რომელიც მას მარჯვენა მხარზე აქვს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება ახლაც შეიძლება, რომლითაც რეალობა დადგინდება.
შეგახსენებთ რომ ბარათელი სამმა პოლიციელმა დააკავა, ის თბილისის ზღვაზე აიყვანეს და გაქცევის მცდელობისას დაჭრეს. საინტერესოა რა დევს საქმეში ამ ჭრილობასთან დაკავშირებით. დიდი სამუშაოა ჩასატარებელი და ამ საქმის დასაძვრელად, როგორც გითხარით, საჭიროა ნება - ამ ეტაპზე პროკურატურამ პოზიტიური ნაბიჯი გადადგა.
იქნებ მოკლედ გვითხრათ, რა დაწერა ოთხგვერდიან ჩვენებაში ბარათელმა?
- გიორგი ბარათელმა აღწერა: როგორ დააკავეს 2007 წლის 20 მაისს, დაახლოებით 12 საათზე, ანუ გურამ შარაძის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, პირველი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე; როგორ აიყვანეს თბილისის ზღვაზე, სადაც დაჭრეს, შემდეგ ავტოფარეხში ჩაკეტეს, საიდანაც მოგვიანებით ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც იგი სცემეს, აწამეს და სადაც აძალებდნენ ეღიარებინა არჩადენილი დანაშაული...
ამ ოთხგვერდიან ჩვენებაში 2012 წლის 27 ნოემბერს ლურსმნის “შერჭობის“ამბავი აღწერა?
- არა, რადგან მისი დაკითხვა არ მომხდარა, ხოლო გამოკითხვისთვის ე.წ. ლურსმნის ამბის აღწერა სავალდებულო არ იყო.
თქვენი ვარაუდით,რამდენ ხანს შეიძლება მოუნდეს პროკურორი საქმის გაცნობას და გადაწყვეტილების მიღებას?
- სხვათა შორის, აღსანიშნავია რომ პროკურორ შალვა ცერცვაძეს ეს საქმე შაბათს დაეწერა. იმ დღესვე დამიკავშირდა, კვირასაც შემეხმიანა და ორშაბათს ბარათელთან ბრძანდებოდა. ასე რომ რეაგირება საკმაოდ ადეკვატურად, კეთილსინდისიერად ხდება. ვფიქრობ, დაახლოებით ათ დღეში უკვე გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუ რა კუთხით დაიწყება ძიება.
კანონის თანახმად ეს პროცედურა დროში გაწერილია?
- ეს პროცედურა დროში გაწელილი არ არის. შესაძლებელია გადაწყვეტილება ათ დღეზე ადრეც მიიღონ.
საინტერესოა ვინ მოინახულა ბარათელი30 ნოემბრის შემდეგ? ამ დღეს მან უფლებადამცველებს, ჟურნალისტებს წერილობით სთხოვა დახმარება.
- ციხის მონიტორინგის ჯგუფიდან გიორგი თევზაძემ მოინახულა. ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო შესული, მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს მათ თავიანთი ინიციატივით გააკეთეს.
რამდენად დაცულია ბარათელის უსაფრთხოება?
- გიორგი ბარათელი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, არის სამარტოო საკანში, საპყრობილის ადმინისტრაციის მხრიდან მეთვალყურეობის ქვეშ - მის საკანში სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. საკანში რადიო აქვს. ასე რომ, პირობების მხრივ უკმაყოფილო არ არის. ამბობს, მთელი ამ წლების მანძილზე ორთაჭალის N1 საპყრობილეში მორიგეობით ძილი მიწევდა და ამ ეტაპზე ძილის პრობლემა მოგვარებული მაქვსო.