„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დასაკომპლექტებლად მმართველ გუნდში კონსულტაციები დაწყებულია, თუმცა გადაწყვეტილება, როგორი იქნება „ოცნების“ ათეული, ან ოცეული, ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საარჩევნო სიაზე მუშაობისას პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის აზრს განმსაზღვრელი მნიშვნელობა ექნება.
ამ ეტაპზე უცნობია ვინ იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სის სათავეში. სახელდება რამოდენიმე კანდიდატურა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. გიორგი გახარიას განცხადებით, ყველაფერი შესაძლებელია ან ყველაფერი არ არის შესაძლებელი. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე კონსულტაციები ადრეა, რადგან ხელისუფლებას ჯერჯერობით სხვა კონკრეტული ამოცანები აქვს.
„ნუ ვჩქარობთ. ჯერ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები - ეს არის პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს და არც მიფიქრია ამ სიაზე, ადრეა. რა დროს კონსულტაციებია. ჩვენ დღეს იმდენი მიმდინარე საკითხი გვაქვს საოპერაციო დონეზე გასაკეთებელი, საერთოდ არც გვიფიქრია ამაზე. ჩვენ ვსაუბრობთ გუნდურ მუშაობაზე. „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი თავმჯდომარე, რატომ გიკვირთ რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს განმსაზღვრელი და მის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა იმასთან დაკავშირებით პოლიტიკურ სიაში ვინ მოხვდება? ეს ნორმალურია. როდესაც ეს განხილვები დაიწყება, მე როგორც გუნდის წევრი, ჩემს სათქმელს ვიტყვი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია კვოტებს ვერ იყოფს და 30 მაჟორიტარი მათთვის ამიტომაც ხელსაყრელი არ არის. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ საკითხი ამგვარად არ დგას. „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია სავარაუდოდ ზაფხულის მიწურულს გახდება ცნობილი. ჯერ მაჟორიტარებზე ჩამოვყალიბდებით. ეს უფრო საჩქარო ამბავია და შემდეგ უკვე, ზაფხულის მიწურულს, ალბათ, გავახმოვანებთ სიასთან დაკავშირებულ სახელებს და გვარებს. ჯერ გადაწყვეტილების კონტურებიც კი არ არის. მოსაზრებები არსებობს და გუნდში მიდის ზოგადად ამის განხილვა, მაგრამ გადაწყვეტილებისკენ ამ მიმართულებით ჯერ არ წავსულვართ“, - ამბობს მამუკა მდინარაძე.
ვინ იქნება „ოცნების“ სიის სათავეში და როგორი იქნება საარჩევნო სია, საზოგადოება ზაფხულის მიწურულს შეიტყობს. პოლიტოლოგი სოსო მანაჯავიძე ფიქრობს, რომ „ოცნების“ პირველ ათეული იმ ადამიანებით დაკომპლექტდება, რომლებიც წარმოადგენენ „ოცნებას“. მისი თქმით, სხვა საკითხია როგორი იქნება მეორე, მესამე, მეოთხე ათეული და რა ადამიანებით დააკომპლექტებენ სიას. მანჯავიძის შეფასებით, სხვა საკითხია, იქნება თუ არა ცვლილებები და იქნება თუ არა ისეთი პერსონები, რომელსაც აქვთ ავტორიტეტი და რეპუტაცია, რომლებიც გარკვეულ ენთუზიაზმსს გამოიწვევენ მოსახლეობაში.
„რამდენად მოახერხებს „ოცნება“ ბალანსის დაცვას ურთიერთობის შიდა სისტემასა და საზოგადოების განწყობებს შორის, ამაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მმართველი გუნდი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ისეთი ადამიანებით დააკომპლექტოს საარჩევნო სია, რომლებსაც აქვთ გარკევული რეპუტაცია და ისეთივე გმირობებს არ ჩაიდნენ პარლამენტში ყოფნინსას, როგორსაც დღეს ვხედავთ და რაზედაც ვსაუბრობდი 2016 წელს, როდესაც წიწამურში შედგა ამ ე.წ. ახალი სახეების პრეზენტაცია.
„ჩემზე საოცარი, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა „ახალი სახეების“ პრეზენტაციამ. ილია ჭავჭავაძის სულს, რომელიც „იქ ტრიალებდა“ ნამდვილად გაახარებდა თამარ ჩუგოშვილის დასახელება პირველ ნომრად, პარლამენტის თავმჯდომარეობის პერსპექტივით. ხარობდა ზეციური საქართველო! გენდერული იდეალიზმის ასეთი გამოვლინება თვით ევროპაშიც არ უნახავთ...
არც ერთ „ახალ სახეს“ მიხეილ სააკაშვილის დროს არც ერთხელ არანაირი პოზიცია არ გამოუხატავს. სწორედ, ამ ნიშნით შეარჩიეს, რადგან მათგან მომავალში მხოლოდ მდუმარე მორჩილებას მოითხოვდნენ.
რაც იქ ხდებოდა დიამეტრალურად ეწინააღმდეგებოდა ილიას სულისკვეთებას, იან კელის სია კი - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“, - ილიასეულ სურვილს. ლიბერალ-კოსმოპოლიტური იდეოლოგიის გამტარი ადამიანების უნიჭო შეფუთვა ილიას სახელით იყო უზნეო და უხეში მანიპულირება ეროვნულ გრძნობებზე.
სამწუხაროდ, ბევრი ვერ მიხვდა ამას, მაგრამ უფრო დიდი უბედურება ისაა, რომ უმეტესობა მიხვდა, მაგრამ დუმდა და „ბედნიერი ერის“ ილიასეული აღწერის სრული შესაბამისობით იმის ფიქრი დაიწყო, რომელი მიმართულებით მიექცია ვაზელინიანი თავი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
გაიმეორეს თუ არა „ოცნება“ 2016 წლის შეცდომებს, ამ ეტაპზე საუბარი რთულია და სოსო მანჯავიძეც დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნების“ სიის დაკომპლექტებაში გადამწყვეტი იქნება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის და დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის როლი. პოლიტოლოგის განცხადებით, ივანიშვილმა უნდა მიბაძოს ისეთ დიდ სახელმწიფო მოღვაწეს, როგორიც იყო დავით აღმაშენებელი, რომელიც გუნდს არა მარტო სამეფოს შიგნით ეძებდა, არამედ საზღვრებს გარეთაც და პროფესიონალები ჩააბა სახელმწიფო მშენებლობაში - „კადრები წყვეტენ ყველაფერს“.
სოსო მანჯავიძის პოზიციას იზიარებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, სიის სათავეში ისეთი ადამიანი უნდა ჩადგეს, ყველაზე მეტი პოლიტიკური წონა აქვს.
„ამომრჩეველი ამბობს, რომ დღეს ყველაზე მძიმე წონოსანი არის გიორგი გახარია. პრემიერ-მინისტრია და ჩადგება თუ არა სიის სათავეში, ტაქტიკის საქმეა. ვის რა წონა და გავლენა აქვს მოსახლეობის თვალში, ეს უნდა შეაფასოს პარტიამ. პრინციპში გახარიამ თქვა, რომ ეს არის გუნდი და პარტიის თავმჯდომარეს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს. მე გამიჭირდება კონკრეტულ პიროვნებებზე საუბარი. თუ ვინმეს ჰყავს კვალიფიციური გუნდი, ეს არის „ქართული ოცნება“. მეორე ფლანგზე არიან სახელგატეხილი და დისკრედიტირებული პოლიტიკოსები“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.
როგორც პოლიტოლოგი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მმართველ გუნდში მიდის მსჯელობა იმაზე, რომ „ოცნების“ პარტიულ სიაში იქნებიან ახალი სახეები. კითხვაზე, თუკი „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად არ შეცვლის გუნდს და დარჩებიან უმრავლესობის მოქმედი წევრები, რომლებსაც საზოგადეობრივი ნდობის მაჩვენებელი დაბალი აქვთ, ასეთ შემთხვევაში რამდენად მიაღწევს „ოცნება“ წარმატებას, ზარდიაშვილი პასუხობს:
„გითხრათ, რომ ქართველ პოლიტიკოსთა თანავარსკვლავედი კაშკაშებს ქართულ პოლიტიკაში, მოგატყუებთ. ასე არ არის და ეს არის პრობლემა. გამიჭირდება 10-ზე მეტი ადამიანის ჩამოთვლა, რომელსაც მეტ-ნაკლებად აქვს გავლენა და პოლიტიკური წონა. ოპოზიციურ ბანაკში თითქოს უფრო მეტი სახელებია, ცალ-ცალკე ლიდერები არიან, სინამდვილეში ეს არის ლიდერის გარშემო სარგებლის მიღებისთვის შემოკრებელი ადამიანების ჯგუფი. ძნელია ასეთ ვითარებაში რაღაცა გამორჩეულ პოლიტიკოსებზე საუბარი.
ძალიან მომთხოვნიც ნუ ვიქნებით „ქართული ოცნების“ მიმართ. სულ 8 წელია არსებობს და დღემდე ივანიშვილის პოლიტიკური და სოციალური კაპიტალი ინახავს. გამოჩნდა გახარია, რომელიც თანაზომადია თავისი გავლენით და წონით. ივანიშვილამდე ბევრი უკლია, მაგრამ მნიშვნელოვანი ფიგურა გახადა. ასევე პარლამენტის ახალგაზრდების ჯგუფი: კობახიძე, თალაკვაძე, მდინარაძე - ეს ხალხი არის პარტიის ძირითადი ბირთვი. გითხრათ, რომ ძალიან დიდი სახელი მოიხვეჭეს ამ ბოლო საპარლამენტო ციკლში, სწორი არ იქნება, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად გაიტეხეს სახელი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ 90-იან წლებში და მანადმე იყო პიროვნებების გალერეა, შემოქმედებითი ინტელიგენიცია, რომლებიც სარგებლობდნენ საზოგადოებრივი ნდობით. პოლიტოლოგი იხსენებს, რომ 1989 წლის 8 აპრილს მოეწყო საჯარო კრება, ხალხმა დასვა კითხვა - „გვითხარით რა ვქნათ, რა ხდება?“, რა დროსაც მიკროფონთან მივიდა რეზო თაბუკაშვილი, ხალხი გაჩუმდა და ელოდა რას იტყოდა რეზო თაბუკაშვილი.
„ეს დამოკიდებულება, რას იტყვის ადამიანი, დღევანდელ ქართულ რეალობაში არ არის. ვინ შეიძლება იყოს პარტიის ახალი სახე? პარტიების გარეთ ასეთი აღარ მეგულება, რადგან ძირითადმა სახეებმა, ვისაც საზოგადოება მეტ-ნაკელბად ენდობა, პარტიებში მოიყარეს თავი. ერთ-ერთი ასეთი სახეა გიორგი გახარია, ვისაც მოსახლეობა ენდობა, მაგრამ დანარჩენს, პოლიტიკისთვის ახალ სახეებს ვერ ვხედავ. მიმაჩნია, რომ ახალი სახეებიც უნდა იყვნენ და უცნობი სახეებიც. საერთოდ, მრავალმოზაიკური უნდა იყოს პარტიის სახე. არ შეიძლება იყოს მხოლოდ ახალი, ან მხოლოდ ძველი სახეები. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ახლები და ძველები თანამშრომლობენ. ეს მოდელი საქართველოშიც საჭიროა. ძველებს აქვთ გამოცდილება, ახლებს ენერგია. გამოცდილება და ენერგია იქნება წინსვლის მიზანიც. გამოცდილ ადამიანებზე შეიძლება აქცენტის გაკეთება, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც რეგიონებში მოღვაწეობენ და რაღაცა შედეგებს მიაღწიეს. ასეთი რეგიონალური ფიგურების წინ წამოიწევა მნიშვნელოვნი იქნება ნებისმიერი პარტიისთვის და მათ შორის „ქართული ოცნებისთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.