„2010-2011 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებთან მიმართებაში მაღალია ე.წ. უცნობი ხარჯების წილი. 2010 წელს აღნიშნული თანხა შეადგენდა 20,591,792 მილიონ ლარს, რაც მთელი სარეზერვო ფონდის 38% იყო. ხოლო 2011 წელში იგივე ტიპის ხარჯები 16,571,714 მილიონი ლარი იყო, რამაც 34% შეადგინა“, - ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, რომელიც 2010 – 2012 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხარჯვის გამჭვირვალობასა და მიზნობრიობას ეხება.
საია-ს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვაზე გავლენა მოხდინა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა. კერძოდ, მარტო მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად 33 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში, პრეზიდენტის განკარგულებებში არ ყოფილა ასახული გამოყოფილი თანხების კონკრეტული მიზნობრიობა, რაც თვითმმართველ ერთეულებს გამოყოფილი თანხების ხარჯვისთვის მეტ თავისუფლებას უტოვებდა.
ამასთანავე, არსებული საკანონმდებლო რეგულირება სარეზერვო ფონდებიდან თანხების ხარჯვის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებით რაიმე სახის განსაკუთრებულ რეგულაციებს არ ითვალისწინებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ფაქტობრივად თანხების გამოყოფის პროცესში სრულ თავისუფლებას ანიჭებს.
2010 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ 54 563 100 ლარი შეადგინა, ხოლო გაწეულმა საკასო ხარჯმა 54 314 500 ლარი. თანხების უფრო დეტალური ანგარიში აჩვენებს, რომ ფონდის მთლიანი მოცულობის 20.16%, ანუ 11 000 000 ლარი თბილისის მერიას და ააიპ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდს აქვს გამოყოფილი, 14.62% (7 980 702 ლარი) კონცერეტების, მოდის კვირეულების, მუსიკალური კლიპების და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზეა დახარჯული. ახალი წლის ღონისძიებები ბათუმში 4 910 122 ლარი დაჯდა (8.99%); სკულპტურებზე, ძეგლებზე საგამოფენო დარბაზებისა და გალერეების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 1 836 934 ლარი დაიხარჯა; ტურისტული პოტენციალის სარეკლამო კლიპებსა საინფორმაციო ბილბორდებისთვის კი 1 361 875 ლარი არის გამოყოფილი; სოციალურად დაუცველთა და სხვა მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფინანსურ დახმარების სახით 149 267 ლარი გამოიყო, სხვადასხვა ხარჯებზე კი 501 848 ლარი. შეგახსენებთ, რომ სოციალური დახმარებების სახით გაცემულ თანხებთან დაკავშირებით საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მაშინ სერიოზული პრეტენზიები ჰქონდათ, რადგან მათი მტკიცებით, ეს დახმარებები რეალურად თვითმმართველობის არჩევნებში კარგი მუშაობისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებსა და აქტივისტებზე იყო გაცემული.
2011 წლის სარეზერვო ფონდის სტრუქტურაც საკმაოდ საინტერესოა. ამ წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების მოცულობამ 49 289 600 ლარი შეადგინა, ხოლო გაწეული საკასო ხარჯი 49 022 600 ლარი იყო. აქედან ყველაზე დიდი წილი, 8 080 164 ლარი (16.39%) საცურაო აუზების, ბულვარების, პარკების და კოტეჯების მშენებლობისთვის იყო გამოყოფილი; 14.24% (7 019 962 ლარი) კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების და კულტურული დღეების მოწყობას მოხმარდა; 3 513 560 ლარი (7.13%) ადმინისტრაციული ორგანოებისა და სხვადასხვა ჯგუფების შეუფერხებელი მუშაობისთვის დაიხარჯა; 3 259 720 ლარი სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, 1 435 488 ლარი საახალწლო ღონისძიებებზე, ხოლო 1 666 521 ლარი სარეკლამო კლიპებსა და ბანერებზე დაიხარჯა.
საია-ში აცხადებენ, რომ 2012 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, პრეზიდენტის განკარგულებების საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან ბევრად მეტი თანხის გამოყოფა მოხდა, ვიდრე ეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ცხრა თვის ანგარიშში არის ასახული. კერძოდ, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესულების ანგარიშის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 40,984,000 ლარი გამოიყო. ხოლო საიასთვის მოწოდებული განკარგულებების მიხედვით, აღნიშნული თანხა 44,612,057 ლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 9 თვის განმავლობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე დიდი წილი 33 150 000 ლარი (74%) სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე არის დახარჯული; ადმინსიტრაციული ორგანოებისა და სხვადასხვა ჯგუფების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის - 3 845 330 ლარი (8.38%) არის გამოყოფილი; სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე 1 700 000 ლარი (4.15%) დაიხარჯა; ეკლესიების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე, ასევე პატრიარქის აღსაყდრებიდან 35 წლისთავის აღნიშვნაზე 1 139 225 ლარი გამოიყო; საზოგადოებრივი აზრის კვლევაზე - 835 730 ლარი, მივლინებებსა და ვიზიტებზე კი - 738 342 ლარი. სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული მეზღვაურების ტრანსპორტირებისთვის პრეზიდენტის სარეზევრო ფონდიდან 279 439 ლარი გამოიყო, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების და სხვა პირებისთვის ფინანსური დახმარების გაწევა კი 164 964 ლარი დაჯდა. და ბოლოს, ამ წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მუხლში - „სხვადასხვა“ 2 542 577 ლარია გაწერილი.