ოპოზიციის ერთობა დარღვეულია. „ლელოს“ პოლიტიკური საბჭო დატოვა ლაშა ბაქრაძემ, რომელიც სოციალურ ქსელში წერს, რომ არ აპირებდა რაიმე განცხადებების გაკეთებას იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელთანაც რამდენიმეთვიანი თანამშრომლობა აკავშირებს.
„ღრმად მწამს, რომ პოლიტიკა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი, განზე დგომა და „იყო სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნო“ მიუღებელია ჩემთვის, ან, როგორც ჰაინრიხ ბიოლი იტყოდა „ჩარევა სასურველია“. ასე რომ, განვაგრძობ ჩემ ინდივიდუალურ ჩარევის გზას“, - წერს ლაშა ბაქრაძე.
ბაქრაძის დემარშს „ლელოში“ იმით ხსნიან, რომ პოლიტიკური ცხოვრების რელსებზე გადასვლა ხშირად რთულია შემოქმედი და თავისუფალი პროფესიის ადამიანებისთვის. დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ლაშა ბაქრაძე სათქმელს თავადვე იტყვის. სათქმელი, რომელზეც ბაქრაძეს საუბარი არ სურს, პარტიაში არსებული ერთპიროვნული მმართველობაა. კერძოდ, პარტიის სულ რამდენიმე წევრს აქვს მედიასთან ურთიერთობის უფლება, ესენი არიან: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი, გრიგოლ გეგელია, დავით უსუფაშვილი და კახა კოჟორიძე.
„ლელოს“ ჯერ არ ჰყავს ჩრდილოვანი კაბინეტი, რომელიც ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზი გახდა. კერძოდ, „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს ხალხისგან, ის უნდა იყოს კანდიდატი. ამბობს, რომ კომპრომისების მომხრეა, თუმცა არ დაუშვებს ხალხის აზრით მანიპულირებას.
„ვისაც მეტი მხარდაჭერა აქვს ხალხის მხრიდან, ის უნდა იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი ოპოზიციის თანამშრომლობის ფორმატში. არანაირი კვოტები და „იმას ამდენი ადგილი“ და „ამას ამდენი ადგილი“... მე ამის წინააღმდეგი ვარ. მზად ვარ ნებისმიერ კომპრომისზე, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებ ხალხის აზრით მანიპულირებას ან ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას, ეს ჩემთვის წითელი ხაზი იყო, არის და იქნება ყოველთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მონაწილეობს არჩევნებში, იქნება ბლოკი, თუ ცალკე აღებული საარჩევნო სუბიექტი და პარტია, თავისი პრემიერობის კანდიდატი უნდა ჰყავდეს. კაპანაძეს მიაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ იქნება მათი პრემიერობის კანდიდატი - ეს იქნება გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, გიგი უგულვა ან ნებისმიერი სხვა ადამიანი, ამასთან დაკაშირებით „ევროპულ საქართველოს“ მიღებული გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს.
„თუმცა ჩვენ, ბუნებრივია, როდესაც კამპანიას დავიწყებთ, გვეყოლება ჩვენი კანდიდატიც, ჩვენი სავარაუდო კაბინეტის შემადგენლობაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნის შემდგომი პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება, გადაწყვეტს ხალხი იმ კონფიგურაციის შედეგად, რომელიც დაჯდება პარლამენტში არჩევნების შემდეგ. კინკლაობა ისეთ თემებზე, რომლებსაც ამ წუთში შინაარსი და აზრი არ გააჩნია, ბუნებრივია, აღიქმება საზოგადოების მიერ რაღაც სკამების გადანაწილებად და მგონია, რომ არის სრულიად არაპროდიუქტიული, არაფრის მომტანი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე პარტიებს შიგნით რაიმე თანამდებობრივ გადანაწილებაზე მსჯელობა უკიდურესად არაპოპულარულია. ბეჟაშვილი განმარტავს, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტში პარტიების პოლიტიკური განლაგება მისცემთ საშუალებას, ამა თუ იმ პოლიტიკურ პატიასთან კოალიციებზე იმსჯელონ.
„მთავრ ოპოზიციურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეყოლება თავისი კანდიდატი, თავისი კადიდატურები შესაბამის საპასუხისმგებლო მიმართულებებზე და არჩევნების შემდგომ უკვე ამომრჩეველი გადწყვეტს, ვის ანდოს მომავალი ხელისუფლება. საზოგადოებას სხვა მოლოდინი აქვს ამ არჩევნებისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ. როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, სერიოზულად არ განვიხილავთ ამ კანდიდატურებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გავიდეთ ხალხში, გავერკვიოთ მათ პრობლემებში და კრიზისიდან გამოყვანის კარგი სტრატეგია შევთავაზოთ“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
გაერთიანებულ ოპოზიციაში ვერ თანხმდებიან მომავალ პრემიერ-მინისტრზე, ისევე როგორც მაჟორიტარ კანდიდატებზე. თუმცა ზუსტად იციან, რომ ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე. მას მხარს უჭერენ როგორც მაჟორიტარ კანდიდატს, მაგრამ არა როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.
ვინ იქნება ოპოზიციის პრემიერ-მინისტრი - გიგა ბოკერია, თუ გიორგი ვაშაძე, ამას ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუმცა უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციაში პრემიერის კანდიდატზე საუბარი როგორც კი დაიწყეს, განხეთქილებაც იქვე წარმოიშვა. ფაქტია, რომ ერთმანეთში ვეღარ ლაგდებიან. მდინარაძის თქმით, ოპოზიციურ ძალებს შორის მოლაპარაკების პროცესში ვინც კი რაიმე თანამდებობაზე პრეტენზია გამოთქვა, მას თავად ოპოზიცია დაესხა თავს.
„ვინც განაცხადა გარკვეული პრეტენზია, ყველას თავად დაესხნენ თავს. ასე მოუვა გიგა ბოკერიასაც, მიუხედავად იმისა, რომ „ევროპულ საქართველოში“ რეალური ლიდერი გიგა ბოკერიაა. ჩამოყალიბდნენ და მერე გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით კომენტარები, თორემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დღეს თუ ერთი ოდიოზური პოლიტიკოსი ეყოლებათ და ხვალ - მეორე, - ცოტა გაგვიჭირდება. ფაქტია, რომ ისინი ერთმანეთში ვეღარ ლაგდებიან როგორც კი პარლამენტში ადგილების დანაწილება და ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე საუბარი დაიწყეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, საპარლამენტო მმართველობა ნიშნავს იმას, რომ როგორც წესი, საარჩევნო სუბიექტები წინასწარ თანხმდებიან, ვინ იქნება მათი ჩრდილოვანი კაბინეტი. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ის მარტო დეპუტატობის კანდიდატს არ აძლევს ხმას, არამედ ხმას აძლევს მომავალ მთავრობას.
„ნახეთ, რა ხდება, ეს ე.წ. ოპოზიცია არის ძალიან ჭრელი გაერთიანება, ეს ხომ არ არის ერთი სუბიექტი. ისინი არჩევნებში მონაწილეობას სავარაუდოდ მიიღებენ ან ბლოკის სახით, ან ცალ-ცალკე. მათი მთელი სირთულე გახლავთ ის, რომ არჩევნებამდე ჩრდილოვან კაბინეტზე ძალიან რთულად შეთანხმედებიან. ჯერ ესეც არ ვიცით ბლოკის სახით მონაწილეობენ არჩევნებში, ცალ-ცალკე სუბიექტებად გამოდიან, თუ რა ხდება.
რამდენიმე გაერთიანებას შეიძლება ჰყავდეს საერთო პრემიერობის კანდიდატი, ან მაჟორიტარი დეპუტატები, მაგრამ ესეც კი ბოლომდე გაუგებარია. ყველა სათითაოდ აცხადებს, რომ ჩემი კანდიდატი იქნება ჩრდილოვანი კაბინეტის ხელმძღვანელიო, ესეც შეუთანხმებელი საკითხია. სხვადასხვა პოზიციები აქვთ, მაგრამ ერთადერთი ორიენტირი აქვთ - დაამარცხონ „ქართული ოცნება“ და სხვა არაფერი არ აერთიანებთ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
ანალიტიკოსი თვლის, რომ ასეთი ხელოვნურად, არარეალისტური მიზნებით ოპოზიცია დიდ შედეგს ვერ მიაღწევს.
„წარმოუდგენელია, იმდენად განსხვავებულია მათი პოლიტიკური ორიენტაცია, თან ამბიცია ყველას საკმარისზე მეტი აქვს. ვაშაძეს თვითონ უნდა პრემიერობა, აგერ ბოკერიამ მე მინდაო, არის ასევე სანდრა რულოვსი, აბსოლუტურად წამოუდგენელია რაზე უნდა შეთანხმდნენ? ან როგორ წარმოგიდგენიათ ლეიბორისტების თანაარსებობა ნაციონალებთან, აბსოლუტურად განსხვავდებიან იდეოლოგიურად, ან როგორ შეიძლება ნინო ბურჯანაძე და „ევროპული საქართველო“ იყვნენ ერთად?
ამ სიჭრელეს, ურთიერთშეუთავსებლობას და უადგილობას გამოხატავს გუბაზ სანიკიძე, რომელიც 180 გრადუსით უარყოფს ყველაფერ იმას, რასაც 3 წლის, ან თუნდაც 1 წლის წინ ამბობდა. ვინ ენდობა სანიკიძეს? ყვალანაირი ღალატი მინახია ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ მსგავსი რამ არ მინახია, ეს არის დეგრადაციის უკანასკნელი ეტაპი, როდესაც ყველაფერს, რისიც გწამდა, შენვე ღალატობ. როგორ შეიძლება რამე ერთობა ჰქონდეს ასეთი ადამიანების გაერთიანებას“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ნათელაშვილის ფანჩატურის ოპოზიცია არის აბსოლუტურად მყიფე და ერთმანეთთან დაპირისპირებული, რომლებსაც არ აქვთ ალტერნატიული პროგრამა, როგორც განათლებაზე, ასევე ჯანდაცვაზე.
„მხოლოდ ისვრიან პოპულისტურ უაზრო დაპირებებს, სახლობანას თამაშობენ, ვინ იქნება პრემიერი. გულწრფელად გითხრათ, გიორგი ვაშაძე საკმაოდ შემეცოდა. ისეთმა სუბიექტებმა გალანძღეს, როგორიც არის მაჭუტაძე და, რომლის პარტიის სახელწოდება, მერწმუნეთ, ნამდვილად არ მახსოვს, აი, ასეთმა ადამიანებმა დააბულინგეს გიორგი ვაშაძე, როდესაც პრემიერობაზე წარადგინა საკუთარი კანდიდატურა.
ჩვენ ვხედვათ, რომ 26 მაისის ჯალათებთან ზის უპრინციპო ნინო ბურჯანაძე, რომელსაც უპირისპირდებიან მისი თანაგუნდელები. ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებას „ლელოში“, რომელსაც ვერ გაურკევია კონსერვატული მიმართულება აქვს, თუ ლიბერალური. არათანმიმდევრულ განცხადებებს აკეთებს უსუფაშვილი. მანამდე გვახსოვს, რომ ლიბერალური განცხადებები ჰქონდა ლგბტ თემთან დაკავშირებით, ახლა კიდევ ვასაძის ფრონტზე გადავიდა. ხომ ხედავთ, როგორი პოლიტიკური ბაკჰანალია გამოვიდა.
მომხრე ვარ, რომ იყოს ჯანსაღი კონსტრუქციული ოპოზიცია, რომ მმართველი გუნდი არ გაზულუქდეს და იყოს მუდმივი კონკურენცია. სამწუხაროდ, ასეთი მოცემულობა 2020-ში არ არის, იმედი მაქვს, რომ 2024-ში უკვე, სხვა ალტერნატიული ჯანსაღი ძალები გაჩნდებიან ასპარეზზე. არჩევნებამდე ვერ გასტანს ეს ერთობა. ვერ შეთანხმდებიან მაჟორიტარებზე, ერთმანეთის მხარადამჭერებზე და ზუსტად განმეორდება ის, რაც მოხადა 2018 წლის არჩევნების მეორე ტურზე. მაინც ამ 1%-იან პარტიებს მოუწევს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.