ნავაროს „განაჩენი“: „ქართულ ოცნება“ 63% „ნაციონალური მოძრაობა“ - 10%

ნავაროს „განაჩენი“: „ქართულ ოცნება“ 63% „ნაციონალური მოძრაობა“ - 10%

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების რეიტინგები წარმოადგინა. კვლევა 14-დან 25 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 1947 ადამიანი გამოიკითხა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკური რეიტინგები საზოგადოებას თავად NDI-მ გააცნო. როგორც წესი, იგი თითოეულ პარტიას მისსავე რეიტინგს წარუდგენდა და სწორედ ამ გზით მიეწოდებოდა ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს და შესაბამისად, საზოგადოებას. NDI-ს ტაქტიკის ცვლილება საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ლუის ნავარომ იმით ახსნა, რომ ვინაიდან აქამდე რეიტინგები მხოლოდ პარტიებს მიეწოდებოდა, თუმცა, მათგან ეს ინფორმაცია მედიაში ჟონავდა და საზოგადოებაში გარკვეულ მითქმა-მოთქმას იწვევდა, ამიტომ NDI-მა გადაწყვიტა, პოლიტიკური რეიტინგები თავად გაეცნო საზოგადოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით გაცილებით მოიმატა „ქართული ოცნებისა“ და მისი ლიდერების რეიტინგებმა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მესვეურების რეიტინგები საგრძნობლად დაეცა. ამასთანავე, კვლევის შედეგებში ბევრად დაკლებულია იმ კატეგორიის ადამიანთა რიცხვი, რომლებიც კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებენ, ან „არ ვიცი“ პასუხს იძლევიან. NDI-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, ლუის ნავარო ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ ამ კატეგორიის ადამიანები, როგორც წესი არჩევნების წინა პერიოდში გაცილებით მეტია. ამიტომ, არც აგვისტოს კვლევა ამ მხრივ რაიმე განსაკუთრებული არ ყოფილა. ნავაროს განცხადებით, არჩევნების შემდგომ პერიოდში ეს მაჩვენებლები იკლებს ხოლმე და ახლაც ასე მოხდა.

„ამ კვლევაში „არ ვიცი“ პასუხი, ან „უარი პასუხზე“ კატეგორიის ადამიანები დაახლოებით 20%-ია. NDI-ს მიდგომა ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ „არ ვიცი“ კატეგორია არიან ის ადამიანები, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს და ეს რაიმე საიდუმლო კატეგორიას არ წარმოადგენს. ხოლო „უარი პასუხზე“ არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი პოლიტიკური არჩევანი სხვისი საქმე არ არის და ამიტომ არ ამჟღავნებენ მას. ამასთან, „უარი პასუხზე“ კატეგორიის ადამიანები ყველა კატეგორიის კითხვაზე არის დაკლებული და არა მხოლოდ კითხვაზე - „რომელი პარტია დგას ყველაზე ახლოს თქვენს შეხედულებებთან“, - აცხადებს ნავარო.

რაც შეეხება თავად კვლევის შედეგებს, უნდა აღინიშნოს, რომ ქართული საზოგადოების ყველაზე დიდი მოწონებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სარგებლობს, რომელიც გამოკითხულთა 93%-ს მოსწონს. რეიტინგში მეორე ადგილზეა ბიძინა ივანიშვილი (80%), რომლის რეიტინგიც წინა კვლევის თანახმად, ანუ აგვისტოში 39%-ს შეადგენდა. შემდეგ მას მოსდევენ დავით უსუფაშვილი (63%, აგვისტოში 18%), ეკა ბესელია და თინა ხიდაშელი (61-61%-ით, აგვისტოში ორივეს რეიტინგი 22% იყო), ზვიად ძიძიგური (60%, აგვისტოში 20%), კობა დავითაშვილი (53%, აგვისტოში 15%), მანანა კობახიძე (45%, აგვისტოში 12%), გოგი თოფაძე (44%), გუბაზ სანიკიძე (42%), დავით საგანელიძე (40%), ზურაბ აბაშიძე (36%), თუმცა აქვე ნავარო განმარტავს, რომ ვინაიდან პრემიერ-მინისტრმა თავის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთერთობების საკითხში დიპლომატი ზურაბ აბაშიძე დანიშნა, ამიტომ NDI-სთვის უცნობია, მისი რესპოდენტები ამ ზურაბ აბაშიძეს გულისხმობდნენ, თუ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრ ზურაბ აბაშიძეს, რომელსაც ეს კითხვა ეხებოდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ მესვეურთა რეიტინგები კი ასე გამოიყურება: მიხეილ სააკაშვილი, რომლის რეიტინგი აგვისტოს კვლევის თანახმად 61% იყო, ნოემბერში ეს მაჩვენებელი 29%-მდე შემცირდა. დავით ბაქრაძის რეიტინგი აგვისტოში 55% იყო, ახლა კი 42% აქვს. გიგი უგულავას რეიტინგი აგვისტოს კვლევის თანახმად 58%-ს შეადგენდა, ახლა კი 29%-ია. ვანო მერაბიშვილის რეიტინგმა აგვისტოს შემდეგ (62%) 28%-მდე იკლო, გიორგი ბარამიძის რეიტინგი კი 21%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს კვლევის შემდეგ მოიმატა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას რეიტინგმა, რომელიც მაშინ 4%-ს შეადგენდა, ხოლო ახლა 10%-მდე არის გაზრდილი.

დანარჩენი ოპოზიციური პარტიების ლიდერების რეიტინგები კი ასე გამოიყურება: „ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარის, გიორგი თარგამაძის რეიტინგი აგვისტოს კვლევის თანახმად 49% იყო, ხოლო ახლა 35%-ია. აგვისტოს შემდეგ საგრძნობლად მოიმატა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის, კახა კუკავას რეიტინგმა, 13-დან 34%-მდე. ასევ გაიზარდა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის რეიტინგმაც, 7-დან 15%-მდე.

მინისტრებს შორის ყველაზე დიდი სიმპატიით თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია სარგებლობს, რომლის ამ პოსტზე დანიშვნასაც გამოკითხულთა 72% უჭერს მხარს, მას მოსდევს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი (70%). ერთი და იგივე რაოდენობის ადამიანი უჭერს მხარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრ, სოზარ სუბარსა და საგარეო საქმეთა მინისტრ, მაია ფანჯიკიძეს (66-66%), ფინანსთა მინისტრად ნოდარ ხადურის დანიშვნას გამოკითხულთა 59% უჭერს მხარს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრად ლევან ყიფიანის დანიშვნას - 53%, ისევე, როგორც განათლების მინისტრად გიორგი მარგველაშვილის დანიშვნას. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე ენერგეტიკის მინისტრად კახა კალაძეს ჰყავს (21%), ხოლო მის ამ თანამდებობაზე დანიშვნას გამოკითხულთა 52% უჭერს მხარს.

ყველაზე მეტი ადამიანი პატრიარქის საქმიანობას აფასებს დადებითად. გამოკითხულთა 75% მის საქმიანობას ძალიან კარგად, 13% კი კარგად აფასებს. ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას 34% ძალიან კარგად აფასებს, 35%-ი კი კარგად. მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას 3% ძალიან კარგად აფასებს, 13% კი კარგად. გიგი უგულავას საქმიანობას 3% ძალიან კარგად, 11% - კარგად.

პოლიტიკური ძალებისა და ცალკეული ინსტიტუტების საქმიანობის შეფასების შედეგები ასეთია: „ქართული ოცნების“ საქმიანობას გამოკითხულთა 26% ძალიან კარგად, ხოლო 39% კარგად აფასებს. ასევე კარგი მაჩვენებლები აქვს ქართულ ჯარს, რომლის საქმიანობის შეფასების დადებითმა მაჩვენებელმა (ძალიან კარგად, კარგად) მთლიანობაში 55% შეადგინა, პოლიციისამ კი - 52%, პარლამენტის საქმიანობას 23% აფასებს დადებითად, სასამართლოების საქმიანობას - 16%, ადგილობრივი თვითმმართველობის - 16%. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 3%, ხოლო კარგად - 11%.

ქვეყნის წინაშე არსებული როგორც საგარეო, ასევე საშიანო პრობლემების გადაწყვეტას გამოკითხულთა უმეტესობის აზრით (ორი მესამედი) „ქართული ოცნება“ შეძლებს.

კითხვაზე - როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების უმეტესობა დადებითად პასუხობს. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 41% მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოში დემოკრატიაა, იგივე აზრზეა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების 48%. ამასთანავე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 35% ფიქრობს, რომ საქართველო უკვე დემოკრატიულია, მაგრამ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას, იგივე აზრი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 38%-ს. კოალიციის მხარდამჭერების 38%-ს მიაჩნია, რომ საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული, მაგრამ ამ მიმართულებით ვითარდება და ასე ფიქრობს „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა 20%-იც.

დაახლოებით ერთგვარი პასუხები აქვთ ამ ორი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს კითხვაზე - „როგორ ჩატარდა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები“. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ არჩევნები კარგად, ან მეტნაკლებად კარგად ჩატარდა. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების 14% ფიქრობს, რომ არჩევნები ნაწილობრივ გაყალბდა და იგივე აზრი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა 6%-ს.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 42% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია, იგივეს ფიქრობს „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა 26%. ხოლო რუსეთს საქართველოსთვის რეალურ საფრხედ ამავე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერების 52% მიიჩნევს.

კითხვაზე - „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?“ გამოკითხულთა 63% პასუხობს - „ქართული ოცნება“, 10% - „ნაციონალური მოძრაობა“, 10% თავს იკავებს პასუხისგან, ხოლო 8% პასუხობს „არ ვიცი“. ამავე კითხვაზე 3% „ქრისტიან-დემოკრატებს“ ირჩევს, ხოლო სხვა დანარჩენ პოლიტიკურ პარტიებს გამოკითხულდა 1% მიიჩნევს საკუთარ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომად. შეგახსენებთ, აგვისტოს კვლევის თანახმად, ხოლო 14% - „ქართული ოცნების“.