შალვა ნათელაშვილის ბაღში შეკრებილ ე.წ. გაერთიანებულ ოპოზიციას, სადაც დღის წესრიგს „ნაციონალური მოძრაობა“ ადგენს, ბოლშევიკური წარსულის ნოსტალგია გაუჩნდა. ოპოზიციის გეგმა „ა“ - არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო წარუმატებლობის შემთხვევაში გეგმა - „ბე“- რევოლუციური სცენარის ამოქმედება იქნება, მით უფრო, რომ ოპოზიციამ გიორგი არველაძისგან მიიღო გზავნილი - „დაიშალეთ და მოემზადეთ რევოლუციისთვის“!
ოპოზიციაში ღიად საუბრობენ ხელისუფლების არჩევნების გარეშე ცვლილებაზე, თუმცა, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ილუზიები არავის აძლევს იმის უფლებას, რომ იოცნებოს რაღაც რევოლუციებზე და გადატრიალებებზე.
„ეს ყველაფერი არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, ყველაფერთან ერთად არასერიოზული, მაგრამ ღიმილისმომგვრელიც. ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანამ ისტორიას უნდა ჩააბაროს პარლამენტში შევარდნები. ეს ქვეყანა უნდა მიხვდეს და მიეჩვიოს, რომ არჩევნები და ამომრჩევლის ურნა არის ის ადგილი, სადაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ეს იქნება მმართველი პარტიისთვის კი არა, ქვეყნისთვის კარგი. ამ ქვეყანას აფასებენ არა პარტიებით, არამედ იმ წარმატებითა და ქმედებებით, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს. ამიტომ, ეს უნდა გვახსოვდეს და ცოტა პასუხისმგებლიანად მოვეკიდოთ იმას, რასაც ვამბობთ“, - აცხადებს გიორგი გახარია.
ოპოზიციის რევოლუციური სცენარი გაახმოვანა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი არველაძემ, რომელიც ქართულ ოპოზიციას მოუწოდებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნან წინააღმდეგობის რაზმები, რომლებიც მუდმივად ჩაბმულნი იქნებიან მცირე აქციებსა და ოპერაციებში, თუ საჭირო იქნება შეტაკებებშიც.
„გონს მოდით, დროზე! სულ ფეხებზე ჰკიდია ხალხს, რაზე შეთანხმდებით და რაზე ვერა. როგორც ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული მხარდამჭერი მოგიწოდებთ: დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ თავის და ხალხის მოტყუება, რომ არჩევნებით რამე შეიცვლება! არჩევნები აღარ არსებობს! თუ გამარჯვება და ქვეყნის გადარჩენა გინდათ, თუ გაქვთ ლიდერობის ამბიცია და, თუ ჯერ კიდევ არ ჩაგიქნევიათ ხელი საქართველოს მომავალზე, ემზადეთ რევოლუციისთვის! გაფიცვები, პიკეტირება, დაუმორჩილებლობა... რევოლუციური კომიტეტები ქალაქებსა და სოფლებში.
შექმენით წინააღმდეგობის რაზმები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც მუდმვად ჩაბმულნი იქნებიან ქვეყნის მასშტაბით მცირე აქციებსა და ოპერაციებში, თუ საჭიროა შეტაკებებშიც, რომლებიც საჭირო დროს დადგებიან საარჩევნო უბნებთან ნარკომანი ძველი ბიჭებისთვის პასუხის გასაცემად, რომელთაც საჭირო დროს ექნებათ ჩაფხუტიც, რომ გაუძლონ პოლიციის ხელკეტს, სათვალეც და პირბადეც, რომ დაიცვან თავი ცრემლმდენი გაზისგან და რეპრესიული სისტემის მიერ ამოცნობისგან. არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა აზრი, თუ რევოლუციისთვის იქნებით მზად“, - აცხადებს გიორგი არველაძე.
მაშ ასე, ოპოზიცია რევოლუციისთვის ემზადება, ხელისუფლება კი - გამარჯვებისთვის და ამის იმედს მმართველ გუნდს პარტიული ხაზით ჩატარებული კვლევის შედეგები აძლებს. კვლევის შედეგებით შალვა ნათელაშვილის ბაღში შეკრებილ ქართულ ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ოპოზიციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა ამ პერიოდის განმავლობაში და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პანდემიის პერიოდში ისინი ებრძოდნენ ექიმებს და ყველა იმ პირს, რომელიც ჩართული იყო პანდემიასთან ბრძოლაში. შესაბამისად, ოპოზიციის გეგმაში უკვე არის რევოლუციური სცენარი.
for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ მოწოდება იმდენად მკაფიოა, რომ ადვილად წასაკითხია გეგმა - „ბე“. არველაძის მიერ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ რევოლუციის გარეშე ვერ მოიგებენ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ვერსია, თუ არველაძისეული ცალკეული ვერსია, პოლიტოლოგს მტკიცებით ფორმაში უჭირს ამით თქმა, თუმცა ამბობს, რომ არველაძე არ არის ის ფიგურა, რომელიც დამოუკიდებლად დააყენდა ასე საკითხს.
„ცხადია, რომ დღის წესრიგში დგას პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება, რადგან გამარჯვების შანსი ოპოზიციას არ აქვს და, რა თქმა უნდა, ის წავა რევოლუციაზე. გვინახია ასეთი მოვლენები რუსეთში ბოლშევიკების მიერ, მართალია, ბოლშევიკებს ეძახდნენ თავის თავს, მაგრამ იცოდნენ, რომ ვერ გაიმარჯვებდნენ და ამიტომ საკმაოდ მცირე ჯგუფმა მოახდინა გადატრიალება და ხელისუფლება აიღო. ეს ბოლშევიკური წარსული, 1917 წელი არის ნაციონალების ოცნება. არველაძემ კი მოუწოდა, მაგრამ 1917 წლის განმეორებასაც რამდენიმე კომპონენტი უნდა. 1917 წლის რევოლუცია უცხოეთის ხელით იყო დაქოქილი. უფრო ახლო წარსულიდანაც გვახსოვს უცხოეთის ხელით დაქოქილი რევოლუცია საქართველოში. დღეს ასეთი უცხოეთის ხელი, რომელიც რევოლუციას დაქოქავს, მსოფლიოს არ აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ამერიკაში მიმადინარე პროცესები ტრამპის დამარცხებით დამთავრდა, რაც ძლიან საეჭვოა, მაშინ იმ ჯგუფმა, ვინც გადაწყვიტეს აშშ–ის რევოლუციის მოწყობა, შეიძლება საქართველოშიც მხარი დაუჭირონ რევოლუციურ სცენარის განვითარებას“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგის განცხადებით, სოროსი ძალიან ხშირად ჩნდება ამერიკულ პროცესებთან, ის წამყვანი ძალა იყო „ვარდების რევოლუციის“ დროს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამერიკაში შეიცვალა ძალთა თანაფარდობა და შეიცვალა დემოკრატების სასარგებლოდ, ასეთ შემთხვევაში შეიძლება საქართველოშიც მოხდეს რევოლუცია, მაგრამ ამასაც სჭირდება ჩარევა - ნაციოლანებისთვის დიდი ფინანსური მხარდაჭერა, მათი შეიარაღება და შეირაღებული გადატრიალების მოწყობა. ოღონდ, მარტო ტექსტის თქმა, რომ საქართველოში შეიძლება შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს, არ გაუვათ.
„2003 წელს, როდესაც ხალხის მხარდაჭერით გადააგდეს შევარდნაძე, ახლა ეს სცენარი არ გამოვა. ნაციონალებს არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. ასე რომ, ერთადერთი გზა რჩებათ შეიარაღებული გადატრიალება, რაც არ ეწერება არც ერთ დემოკრატიულ სტანდარტში. ნაციონალებმაც იციან, რომ არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა მათ არც შეიარაღებას და არც შეიარაღებული გადატრიალების პროცესს არ გაუწევს მხარდაჭერას. ასე რომ, „ნაციოანლურ მოძრაობას“, როგორც არაპოპულარულ მოძრაობას, რევოლუციის პერსპექტივა არ აქვს. არველაძის გასროლაც ფუყე გასროლაა, რომელსაც ხმაური აქვს, მაგრამ შედეგი არა“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რევოლუციის მოწყობისთვის ნიადაგი 2014– 2019 წლებში არაერთხელ მოსინჯა, თუმცა ყოველჯერ წარუმატებლად დამთავრდა. „შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2014–2015–2017–2019 წლებში აღძრა, თუმცა, ყველა შემთხვევაში გამოძიება მხოლოდ მონაწილეების დაკითხვით დასრულდა, გამოანკლისი იყო ირაკლი ოქრუაშვილი, რომელმაც საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ხელოვნურ გაერთიანებაში დიდი მექანიზმი მოიშალა, თუკი არსებობდა საერთოდ. მისი თქმით, ოპოზიციაში არის გარკვეული შეუსაბამობა, რომელიც ვერანაირ ლოგიკას ვერ ხსნის.
„მე, ამ ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციას ვუწოდებ შალვა ნათელაშვილის ეზოს ოპოზიციას. რომლებსაც ერთმანეთი ეზიზღებათ და არიან უპრინციპო ადამიანები, როგორც პოლიტიკაში, ასევე მორალური თვალსაზრისით. იქ არის გარკვეული შეუსაბამობა, რომელიც ვერანაირ ლოგიკას ვერ ხსნის - როგორ შეიძლება ნინო ბურჯანაძე იჯდეს უგულავასთან და ბოკერიასთან და თან კისკისებდნენ და მუსაიფობდნენ. აქედან გამომდინარე, ეს ხელოვნურობაც დაიმსხვრა. ვხედავთ, რომ რაღაცა ვირტუალური მთავრობის ერთ-ერთი პრემიერი იყო გიორგი ვაშაძე უმცროსი, რომელიც შემდეგ უარყვეს... ბოკერიას განცხადებები, რომ ოპოზიციამ შეასრულოს შეთანხმების პირობები... იქ, ცალკე, არველაძის რევოლუციური მოწოდება გვანახებს, რომ ამ რაღაცა ხელოვნურ გაერთიანებაში დიდი მექანიზმი მოიშალა, თუკი არსებობდა საერთოდ. სად არის ამ პარტიების ალტერნატიული გეგმები განათლებაზე, სოფლის მეურნეობაზე თუ სხვა დარგებზე?! არ არის, არ არსებობს. როგორ შეიძლება საქართველოს, დემოკრატიულ ქვეყანას ჰყავდეს ასეთი უპრინციპო, დესტრუქციული, სკამებზე მონადირე ოპოზიცია. ეს ძალიან ცუდია“, – აცხადებს გია აბაშიძე.
როგორც for.ge–სთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, ეს ნათელაშვილის ფანჩატურის პარტიები სადღეგრძელოებით გველაპარაკებიან პოლიტიკაზე. პოლიტიკა კი, ასე არ კეთდება. პოლიტიკაში უნდა იყვნენ ჯანსაღი ძალები, რომ ხელისუფლებას არ მისცენ მოდუნების უფლება, თუმცა ქართული ოპოზიცია საერთოდ დაიკარგა, რეალობას აცდა.
„მე და არაერთი ჩემი კოლეგა ვამბობთ, რომ ეს სუბიექტები, თავიანთ დაფინანსებულ ენჯოებთან და აქტივისტებთან ერთად აპირებენ რევოლუციური სცენარის განმეორებას, რაც იყო 2019 წლის 20-21 ივნისს, რაც აღიარეს თვითონ ტელე-ეთერებში. ამ ქვეყანას არ სჭირდება არანაირი რევოლუცია და სამოქალაქო დაპირისპირება. ამიტომ, მე ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას დროულად აღკვეთონ ესა თუ ის დესტრუქციული ელემენტები. ცხადია, არჩევნებზე მათ ეყოელებათ გიგაურები, თუ ბენიძეები, რომლებიც გამოვლენ და იტყვიან – რაღაცა გაყალბდა, წყაროს არ დავასახელებ...
ამიტომ, აუცილებელია როგორც ჩვენი საზოგადოების, ასევე დიპლომატიური კორპუსის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება, რომ ეს ადამიანები არიან ყალბი და დეზინფორმაციის მქადაგებლები. დეზინფორმაციას ებრძვის ამერიკა, ევროკავშირი და საქართველო, რომელსაც სამწუხაროდ, აქვს ორი ჰიბრიდული ომი, ერთი რუსეთთან და მეორე დესტრუქციულ ოპოზიციასთან“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძე.
for.ge–სთან საუბრისას ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მიეჩვია რევოლუციაზე ლაპარაკს დაუსჯელად, რადგან სარგებლობენ საპარლამენტო მანდატით. როგორც მანჯავიძე აცხადებს, მოწოდება რევოლუციისკენ, არეულობისკენ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისკენ, არის და უნდა გახდეს სისხლის სამართლის დევნის საფუძველი.
„ამ ადამიანების მიმართ კანონიერ საფუძველზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს. მათი წარსული „მოღვაწეობის“ შედეგად, ხალხში მყარად არის ჩამოყალიბებული ალერგია და ბუნებრივია, - სიძულვილიც, ვინაიდან ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან და ებრძვიან იმას, რაც ძვირფასია მოსახლეობისათვის. ასეთი ტიპის რევოლუციონერებს უწევთ-ხოლმე პასუხისმგებლობა კონტრ-რევოლუციონერების მხრიდან და მზად უნდა იყვნენ ასეთი პასუხისთვის.
უბრალოდ, ხალხი ჯერ არ აღიქვამს მათ სერიოზულად. სერიოზულად არ აღიქვამს მათ მიერ ხელისუფლების რესტავრაციის საფრთხეს. თუ ეს საფრთხე გახდება რეალური, ვარწმუნებ ბატონ არველაძეს, რომელიც რევოლუციისკენ მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების კლასტერს, თუკი ისინი გააქტიურდებიან და რევოლუციურ მოქმედებებზე გადავლენ, ძალიან მძიმე პასუხებს მიიღებენ“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ეს არა მარტო საქართველოს პრობლემაა, ეს პრობლემა გლობალურია, რასაც ადასტურებს აშშ-ში მიმდინარე მოვლენები, სადაც ლიბერალური, ინტერნაციოლანლური ჯგუფების აღვირახსნილმა მოქმედებებმა უკვე გამოიწვია კონტრპასუხები.
„მიმდინარეობს მოქალაქეების დაპირისპირება. აშშ-ში მაცხოვრებლების უმრავლესობამ გამოიღვიძა, შეიარაღდა და იცავს საკუთარი ქვეყნის სტაბილურობას და მის მომავალს. ანალოგიური რამ შეიძლება მოხდეს საქართველოში, თუ არ მოისვენებს ბატონი არველაძე, ქალბატონი ჩერგოლეიშვილი და მთელი ეს კლასტერი, რომელიც იკრიბება შალვა ნათელაშვილის ოფისში და იქ არჩევენ ქვეყნის მომავალს ისე, თითქოს ვინმე მხარს უჭერდეს. როგორიც არ უნდა იყოს სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა, არავინ, გარდა მათი კლასტერისა, მხარს არ უჭერს და არც არასოდეს დაუჭერენ, ამაში ღრმად ვარ დარწუნებული“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.