„ნაცების“ და „ევრონაცების“, ამ რევანშისტების მიზანია, დასაჯონ „ქართული ოცნება“ 2012 წლის გამარჯვებისთვის“

„ნაცების“ და „ევრონაცების“, ამ რევანშისტების მიზანია, დასაჯონ „ქართული ოცნება“ 2012 წლის გამარჯვებისთვის“

რატომ ცდილობს ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია იმავე გზის გავლას, რაც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ გაიარა და მიაღწევენ თუ არა შედეგს, ამის შესახებ For.ge-ს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ესაუბრა.

ნაცმოძრაობა მზად არის, თბილისის ექვს ოლქში საკუთარი კანდიდატურები დათმოს და მხოლოდ გლდანსა და სამგორს დაჯერდეს. ეს იმ ოპოზიციის ერთიანობისთვის გადადგმული ნაბიჯია, რომელიც ისედაც მყიფეა?

- „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ეს მხოლოდ სიტყვებია და ძირითადად პიარისთვისაა განკუთვნილი. თუ ერთმანეთს ანგარიშს გაუწევენ და საერთო კანდიდატს მონახავენ, ამას დავინახავთ. არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა დარჩენილი, ვითარება ყოველდღიურად იცვლება. უბრალოდ, ეს არის პიარი, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, ვითომცდა, ოპოზიციური გაერთიანება შედგა. სინამდვილეში, ძალიან ჭრელი გაერთიანებაა, სხვადასხვა ინტერესები აქვთ, სხვადასხვა პოლიტიკური მიზნები. აშკარად იკვეთება, ხელისუფლებისთვის ისინი არ იბრძვიან. მათ იგივე მიზნები აქვთ, რაც წინა არჩევნებში ჰქონდათ, რომ პარლამენტში მოხვდნენ და, რაც შეიძლება, დიდი წარმომადგენლობა ჰყავდეთ. წარმოუდგენელი და შეუძლებელია, რომ მათ მთავრობის ფორმირება შეძლონ. „გორბის“ კვლევაც ამას ადასტურებს. კვლევის გარეშეც ეს ისედაც აპრიორი ჩანს მათ განცხადებებსა და მოქმედების სტილში.

ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციიდან ვის უფრო აწყობს მათივე მყიფე ერთობის დაშლა?

- იქ სხვადასხვანაირი ინტერესებია. იქ არიან წვრილი პარტიები, რომლებიც აწონ-დაწონვის პროცესში არიან. რასაკვირველია, საბოლოო ჯამში, ფორმალიზებულად ან საარჩევნო ბლოკში უნდა შევიდნენ ეს წვრილი პარტიები „ნაცებთან“, ან ცალკე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მნიშვნელოვანია, რომ პროპორციულ არჩევნებში ბარიერი აღარ არის. თუ ეს საარჩევნო სისტემა გავიდა და, ალბათ, გავა კიდეც, მაშინ 1%-იც საკმარისია, ადამიანი გაიყვანო პარლამენტში. ამიტომ ბლოკში შესვლას „ნაცებთან“ ნაკლები პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე დამოუკიდებლად მონაწილეობას. რაიმე იდეოლოგიური ერთობა, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ და „ოცნებას“ აჯობონ, არ არსებობს. წარმოუდგენელია, ლეიბორისტები და ნაცები, ან ბურჯანაძე და „ევროპული საქართველო“ ერთად მოიაზროს ამომრჩეველმა, ეს ხომ შეუძლებელია. ან გუბაზ სანიკიძე, რომელიც იქცა ორპირობის და სიცრუის სიმბოლოდ, წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს, რისი იმედი აქვს, ხმას ვინ მისცემს? მან საკუთარ თავს უღალატა. ზვიადის დროს წარმოუდგენელი ღალატი ვნახე, მაგრამ, რაც გუბაზმა გააკეთა, ყველანაირ ზღვარს იქითაა.

ოქრუაშვილის და სხვების განცხადებაც პიარია, რომ დიდმა პარტიებმა უნდა დათმონ და ვიწროპარტიული ინტერესი დაივიწყონ?

- პიარია. ამბობენ, ეშმაკი ღვთის მაიმუნიაო. ხომ გახსოვთ, 2012 წლის სცენარი? შუა გაიკრიფოს, ანუ ორი მთავარი პოლიტიკური ბანაკი უნდა არსებობდეს - ერთი ხელისუფლება და მეორე ოპოზიცია. ამის გამეორებას აპირებენ ნაცები, მაგრამ შეუძლებელია, რადგან დღეს ვითარება განსხვავებულია. იმავე გზის გავლას ცდილობენ და წარმოაჩენენ, თითქოს საკუთარი ერთობით დაამარცხებენ ხელისუფლებას, მაგრამ ამ ერთობას მაკონსოლიდირებელი სჭირდება, ანუ ის განწყობა, რაც იყო ხალხში 2012-ში. იმ პერიოდში ერთ მხარეს არა მარტო ხელისუფლება იყო, არამედ ერთ მხარეს იყო არაადამიანური, სასტიკი სისტემა, რომელიც ყოველგვარი სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიის პერსპექტივას კლავდა ქვეყანაში. ეს არ იყო მხოლოდ არჩევნები, რეალურად რევოლუცია იყო იმ სისტემის წინააღმდეგ, რაც სააკაშვილმა შექმნა. დღეს ასე არ არის. დღეს საქართველო არის სისტემური დემოკრატიული სახელმწიფო. იდეალურისგან შორს არის, მაგრამ შემდგარი, კონსოლიდირებული სახელმწიფოა. 2012-ში კი ერთ მხარეს იყო ქვეყნის გადარჩენის ინტერესი, მეორე მხარეს „ნაცების“ ინტერესი. ამიტომ ოპოზიციის ყველა მცდელობა ხელოვნურია. ახლა ერთობიან, აი, ეს არის ჩვენი ერთობა, ხანაც რევოლუციის იდეას შემოგვთავაზებენ, მათ ვერ გაუთვალისწინებიათ, დემოკრატია თუ გვინდა და კონსტრუქციული სახელმწიფო, დესტრუქციიდან კონსტრუქციულ ოპონირებაში უნდა გადავიდნენ. ის კი არ უნდა ქნან, რომ ეს ხელისუფლება შეაჩვენონ, ჯვარს აცვან, დაამხონ, პირიქით, უნდა გამოაჩინონ უფრო კარგი გზა განვითარების. კონკურენცია პოზიტიური უნდა იყოს. ამის რესურსი მათ არ აქვთ. რაც არის საქართველოს უპირატესობა კოვიდინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ამასაც კი ლანძღავენ.

გიორგი არველაძისეულ რევოლუციურ იდეას არ ემხრობიან გიგი უგულავა და სხვები. ესეც ფარსია და შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ, ამ ხელისუფლებას დაამხობდნენ?

- რასაკვირველია, ეს ფარსია და 20-21 ივნისს ეს გამოჩნდა კიდეც. უგულავა იყო ერთ-ერთი ლიდერი იმ აქციაზე, შერჩევით სამართალზე რომ ლაპარაკობენ, ამას საფუძველი აქვს, რადგან ოქრუაშვილი რომ დაიჭირეს, უგულავაც იქ იყო, მაგრამ ის არ დაიჭირეს 20-21 ივნისის გამო. ანუ სახელმწიფომ ბოლომდე თანმიმდევრულად ვერ იმოქმედა. სახელმწიფო გადატრიალება იყო ეს, თუ მასობრივი არეულობის მცდელობა, ეს კიდევ შეფასების საკითხია. არსებობს „ნაცების“ გზა და „ევროპული საქართველოს“ გზა, რაც მოჩვენებითია, ორივე რევანშისტული ძალაა. მათი მიზანია, დასაჯონ „ქართული ოცნება“ 2012 წლისთვის, მეტი მიზანი მათ არ აქვთ.

მაგრამ „ოცნებაც“ ხომ არ ასჯევინებს საკუთარ თავს „ნაცებს“ თავისი არამყარი პოზიციებით?

- ასეც არ არის, „ოცნება“ კრიზისს უმკლავდება და აქვს უნარი, ეს არჩევნებიც ზედმეტი პრობლემების გარეშე მოიგოს. შორს არის იდეალურისგან ჩვენი მთავრობა და სახელმწიფო, მაგრამ განვითარების გზაზეა. სისტემურად ეს არის კონსოლიდირებული სახელმწიფო, ანუ შეუქცევადად განვითარდება, უკან აღარ წავა. ის დრო, რაც იყო, „ნაცმოძრაობა“, მანამდე კიდევ შევარდნაძე, მანამდე გამსახურდია, აღარ მოტრიალდება.

ხომ არ ცდილობს ნაცმოძრაობა, მოატყუოს ე.წ ოპოზიციური ერთობა, რომელიც ისედაც იტყუებს თავს და საკუთარ შესაძლებლობებს სთავაზობს „ნაცმოძრაობას“?

- „ნაცმოძრაობა“ თამაშობს წვრილი პარტიების ინტერესებზე, რომ არანაირი შანსი არ გაქვთ უჩემოდ, მე უნდა წაგიძღვეთ, როგორც ლოკომოტივი და მიგიყვანოთ პარლამენტში. აქ ლაპარაკია იმაზე, ვინ რა თამაშს აირჩევს, რადგან ეს ყველაფერი რესურსებთან, ფულთანაა დაკავშირებული. ფულის წყარო ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ რამდენიმეა. ერთია „ქართული ოცნება“ და მეორეა ოპოზიციურ ფლანგზე სააკაშვილი და მის გარშემო არსებული კლიენტელა, იქნება ეს კეზერაშვილი, კობა ნაყოფია... არც ერთ პარტიას დღეს მათგან დამოუკიდებელი ფულის წყარო არ აქვს. ნათელაშვილი რით არსებობს? მათი ფულით. ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ, მე მგონი, ბურჯანაძეც კი მათ რესურსზე ხდება დამოკიდებული. ეს კლიენტელური ურთიერთობაა.