დიტო გელოვანი: დეზოქსირიბონუკლეინ მჟავის ასორტი

დიტო გელოვანი: დეზოქსირიბონუკლეინ მჟავის ასორტი

ატრიალა კარლსონმა სახელურები, ატრიალა მაგრამ დიქტორი არ გამოჩნდა. სამაგიეროდ, ის ორი სქელი მამაკაცი კიდევ უფრო გაიბერა, ფეხები დაუმოკლდათ, შუბლი გაუბრტყელდათ. ამ სახეცვლამ გაამხიარულა კარლსონი და კიდევ დიდხანს თამაშობდა ტელევიზორით. „მოხუცები უსიტყვოდ მემორჩილებიან“ – თქვა ბოლოს კმაყოფილმა. ეკრანზე მოლაპარაკე კაცები კი არა და არ ჩერდებოდნენ, სანამ კარლსონმა არ აურია. „მე მგონია...“ – წამოიწყო ერთმა მათგანმა. „რაში მაინტერესებს შენ რა გგონია, – აღარ აცალა კარლსონმა, – გირჩევნია შინ წახვიდე და დაიძინო“. კარლსონმა სიცილით გამოთიშა აპარატი: „ალბათ, როგორ გაჯავრდა. ახია! ხომ არ ვაცალე ეთქვა მაინც, რა ეგონა ასეთი“! კარლსონს მალე მოსწყინდა ტელევიზორი და ახალ გასართობს დაუწყო ძებნა.

(ასტრიდ ლინდგრენი, „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“)

„გია!“ პასუხი არ არის. “გია ჭანტურია!!“ პასუხი არ არის. “საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურო დირექტორო!!!“ პასუხი არ არის. „რა დაემართა ამ ბიჭს?“... „ბორდი!“ პასუხი არ არის. „ბორდი მეთქი!!“ პასუხი არ არის. „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოვ!!!“ პასუხი არ არის. “რა დაემართა ამ ხალხს?“

საზოგადოება არ არის. ხალხი არ არის, საბჭო არ არის, მაუწყებელი არ არის, ხოლო დირექტორი არ არის გენერალი. ყოველ შემთხვევაში, არ უნდა იყოს, მაგრამ როცა ყუფარაძე რეკავს, როცა მურვანიძე რეზოლუციას არ ადებს და როცა ყველას კიდია, რომ გრენლანდია კიდია, ისმება კითხვა – „სად არის ბორდი?“ და არც ამ კითხვაზეა პასუხი და არის მხოლოდ კითხვაზე პასუხი კითხვით და ისიც სომხურად და თანაც გაკვირვებით: „ბორდ, ელი?“

ელიბოი... თქვენ თუ ამ ჯამს დალევთ, თქვენ თუ ამ ჯამს დალევთ... ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდეს, ბალანსი იყოს დაცული, დაცვა იყოს ზონური, ნახევარდაცვა – ტოტალური, თავდასხმა – თავხედური, ანუ გუნდი – დაბალანსებული.

„მედია!“ პასუხი არ არის. „მასმედია!“ პასუხი არ არის. „ექსპერტი!“ პასუხი არ არის. „მედიაექსპერტი!“ პასუხი არ არის. არისტეხ, ახჩიკ... არისტეხ, ტო... ტო, კუტუნიო, ტო... ავოეეე!!! და პასუხი მაინც არ არის. აი, თქვენი უპასუხისმგებლო დედა და პასუხისგებაში მისაცემი მამა... ქლამედია, დეზოქსირიბოზა და დეზოქსირიბონუკლეინმჟავის ასორტი.

და როცა გია ჭანტურიამ თქვა, წავედი, აბა ჰეო, მედიაექსპერტთა ფართო მასებში მაშინვე იკითხეს – შემთხვევით, ვინმემ დავაი–დასვიდანია ხომ არ უთხრაო. ანუ, ზეწოლა ხომ არ იყოო, თუმცა როცა იმას ისე არ აჩვენებდნენ, როგორც უნდა ეჩვენებინათ და საერთოდ, ყველაფერი ისე რომ არ იყო, როგორც უნდა იყოს, არცერთს არ ამოუღია ხმა - ზეწოლას ხომ არ აქვს ადგილიო. ისხდნენ (იწვნენ კიდეც) და ბალანსზე მსჯელობდნენ: „ის დაბალანსებულია, ეს – არა. ამ ბენზინში ვირის შარდი ჭარბობს, ამ ვირის შარდში – ბენზინი“.

კაცო, სალამურისგან საქსაფონს ვერ გააკეთებ, არც საქსაფონისგან კეთდება სალამური და ქლამედიისგან მედია როგორ გამოვა? რომ კითხო, თავი კიტრებად მოაქვთ – მოკლეები, გრძელები, მსხვილები, წვრილები, ხორკლიანები, უხორკლოები, შუშა–კიტრები... კიტრი გაკიტრებულა, საკიტრეში ჩაკიტრებულა.

საერთოდ კი, ეს კიტრები უკვე გაკოტრდნენ, დამჟავდნენ და აწი რაც არ უნდა აკიტრონ, მაგათი გასაკიტრებელი უკვე ისტორიას ჩაბარდა.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ერთი კვირის წინ ერთ ლარად მეცხრე არხს ითხოვენ და ახლა რომ ვუყურებ, ერთი სული აქვთ, როდის ჩაიგდებენ პირველ არხს ცხრა ლარად. სულ ცხრანი არიან და თითო გრანტიდან თითო ლარს ყველა გაიმეტებს.

ახლადგარდაცვლილის გაცოცხლებაა შეუძლებელი, მკვდრადშობილის – მითუმეტეს და ვინმეს თუ ახსოვს, როდის იყო პირველი არხი ცოცხლების სიაში? გარდაცვლილის გაცოცხლება არ გამიგია, თუმცა მიცვალებულების ძარცვის შესახებ მსმენია და წამიკითხავს. მე მგონი, ამ უკანასკნელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მკვდარს ძარცვავენ, თუმცა, ვაღიარებ – ჟურნალისტური ეთიკის ყველა ნორმის დაცვით.

„მე სამი წლის განმავლობაში აქ ვიყავი. ვფიქრობ, რომ ამ სამი წლის მანძილზე მაუწყებელში ბევრი რამ გაკეთდა. შეიძლება,  ჩემი შეცდომა იყო ის, რომ ეკრანს ნაკლებად ეტყობოდა ეს ყველაფერი“ – განაცხადა ჭანტურიამ გადადგომის შემდეგ და მართალიც იყო – ეკრანს ნამდვილად არაფერი შეტყობია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბუნებაში არაფერი იკარგება, სავსებით მეცნიერულად უნდა ვივარაუდოდ, რომ ის 45 თუ 55 მილიონი ვიღაცას და რაღაცას აუცილებლად დაეტყობოდა.

„ჩვენ შევქმენით საკმაოდ სერიოზული, სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელსაც მივყვებოდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თუმცა მიზეზთა გამო ბოლომდე განხორციელება ვერ შევძელი ისე ხარისხიანად, როგორც მინდოდა. ამიტომ მივიჩნევ, რომ ალბათ, სჯობდა, დამეთმო ეს ასპარეზი სხვა ადამიანებისთვის, რომლებიც ამას უფრო ორგანიზებულად გააკეთებენ“ – ესეც გია ჭანტურიამ თქვა და აბა რომელ ზეწოლაზე აკიტრებენ დონორთა თანამეცხედრე ექსპერტები?!

მივხვდი – საზოგადოებრივი მაუწყებელი საფრთხეშია! საზოგადოებაში ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობები ჭარბობს! ტოლერანტობის დეფიციტმა საშიშ მასშტაბებს მიაღწია!..

გრანტების ამბავია. უმოკლესი გზა ომბუდსმენის ოფისზე და საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადის. იმიტომ იყო, გურჩიანი და მუხაშავრიაო, ამიტომაც იქნება შავერდაშვილი, ქორიძე ან ხორკლიანთა სადო–საძმო–მაზოხისტური დაჯგუფების სხვა რომელიმე წარმომადგენელი.

ერთი კვირის წინ ვამბობდი, შავერდაშვილის გადამკიდე, ბენდუქიძის ფანი გავხდი და მწვანე გაჩეჩილაძის წყალობით იმასაც მოვესწარი, რომ ხათუნა გოგორიშვილს დავეთანხმე–მეთქი. ჰოდა, გასულ კვირაში აღმოვაჩინე, რომ მიშა თავხელიძეს თავში ფეხის გარდა სწორი აზრებიც ქონია.

„პირადად ჩემი აზრი ისაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ტელევიზია უნდა იყოს კერძო. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაუგებარი მიზნების, ამოცანების, შინაარსის, ბიუჯეტის ტელევიზიის დაფინანსება არის ფულის ტყუილა ხარჯვა, თან ჩვენი ფულის – იმათი ვინც გადასახადებს იხდის, ამიტომ არც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უნდა არსებობდეს, არც სამეურვეო საბჭო, რომელშიც გაუგებარი ხალხია და არც ამ არხის გენერალური დირექტორი“, - განუცხადა თავხელიძემ „ინტერპრესნიუსს“.

ე, ბიჭო, სად კიტრში იყავი ამდენ ხანს? ხომ ხედავ – თუ მოინდომებ, ადექვატურობაც შეგძლებია.

ვფიქრობ, ძალიან დიდი დრო და ადგილი დავუთმე ამ თემას, მაგრამ რა ვქნა, როცა ჯერ კიდევ არ ასრულებულა ჩემი ქართული ოცნება – გიგა ბოკერია მეტ ცოლს ნუ მოიყვანს, მანანა კარტოზია და ტარიელ შავერდაშვილი მეტ შვილს ნუ იყოლიებენ და ქართველი ხალხი მეტს ნუ დალევს.

შემდეგი, რაც გასული კვირის ამბებიდან მახსენდება, პრეზიდენტის თვითმფრინავია, ოღონდ ჰარისონ ფორდისა და ლევან უჩანეიშვილის კი არა, მიხეილ სააკაშვილისა და მიხეილ მაჭავარიანის მონაწილეობით.

თვითმფრინავის თემა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მაშინ გააქტიურდა, როდესაც გაირკვა, რომ ერთი კიტრი ორ თვითმფრინავს გადაჰქონდა, ახლა კი, როგორც ირკვევა, კიტრის მარშრუტი ასეთი იყო: თბილისი–მილანი–პარიზი–ლონდონი–ნიცა–იამაიკა–ბარბადოსი–აკაპულკო... მრავალწერტილში მრავალი ის წერტილი იგულისხმება, რომელიც ჩვენთვის არის წერტილი რუკაზე, თორემ კიტრისა და მისი თანმხლები პომიდვრებისთვის ეს ის ადგილებია, სადაც, თუ მწნილი ხარ, ისე იკოტრიალებ ჯონჯოლში, რომ ნივრის სუნი არ აგივა.  

წერტილებს აღარ ჩამოვთვლი, შორს წაგვიყვანს (ისე, მართლა წავიდოდა კაცი...), უბრალოდ, იმას გეტყვით რომ სააკაშვილის მოგზაურობას რაჭა–ლეჩხ... უკაცრავად, ნიცა–პარიზში, ფარდა ახადა და ნიღაბი ჩამოხსნა თავდაცვის სამინისტრომ. ჯერ, ისე თქვა – სხვათა შორის, მაგრამ როდესაც სააკაშვილის ირმამ (ნადირაშვილმა) გააპროტესტა, ტყუილიაო, ვაკო ავალიანმა სია აიღო და, პარიზით რომ დაიწყო და ლონდონით რომ გააგრძელა, აივანზე გავედი სიგარეტის მოსაწევად და რომ შემოვედი, სააკაშვილის წყალობით ავალიანი ჯერ კიდევ ბერმუდის კუნძულებზე იყო და კანარის კუნძულებზე აპირებდა გამგზავრებას.

რაღა უნდა ექნა ირმას? გაისუსა. ვირმა იცის ეგეთი გასუსვა. და აქ საქმეში ჩაერთო მიხეილ მაჭავარიანი: „სამწუხაროა, რომ თავდაცვის სამინისტრო ამით არის დაკავებული“.

ვაჰ, პრეზიდენტი იმით რომ იყო დაკავებული? დაკავებული რომ უნდა იყოს და რომ არ არის დაკავებული? და, საერთოდ, ან გააკავეთ და ანაც დააკავეთ, ოღონდ ისე, რომ ნინა წკრიალაშვილმა არ გაიგოს, თორემ თავს მოიკლავს. ისე, ჩვენში დარჩეს და რატომ არსად ჩანს მშვენიერი ნინა? 12.12.12–ში კონცერტზე არ გამოჩნილა, „მის კდემამოსილება და კომპეტენტურობა 1971–2012“ კონკურსზე არ ჩანდა... მაგრამ ხალხს ვერაფერს გამოაპარებ, ხალხი მამაძაღლია. ზოგი ამბობს, სიცოცხლე შეიმოკლაო, ზოგი ირწმუნება თმა დაიგრძელაო. წიგნს კითხულობსო, არავის უთქვამს.

ნინა, ნინა, ჩემო ნინა... რამე რო იყოს, ბაჩო ახალაია და ირაკლი ოქრუაშვილი ხომ არ გინდა?

„ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ზვიად კორძაძე ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეში ბაჩო ახალაიასა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის ინციდენტი მოხდა. როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა განუცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ ”მოხდა სიტყვიერი შეხლა-შემოხლა, თუმცა რამ გამოიწვია ეს, არ იცის: „ვიცი, რომ რაღაც სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოხდა, თუმცა რას მოჰყვა ეს, არ ვიცი. ირაკლი ოქრუაშვილთან ამ თემაზე და დეტალებზე არ მისაუბრია“, - რა თქმა უნდა, ეს ჩემი სახელგანთქმული ძმადნაფიცის ნიუსი იყო და რა თქმა უნდა, კორძაძემ ყველაფერი იცის, თუმცა „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე...“ და ა.შ. ამბავი და გაგება.

ამბობენ, ოქრუაშვილმა აგინაო. ამბობენ, გაარტყა კიდეცო. არ ამბობენ, მაგრამ წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, ახალაიაც თუ აგინებდა და დაარტყამდა. ორივე საცემია და ორივე საგინებელი. რატომ? რატომ და, წესია ეგეთი – სამინისტროს შენობებში ყოფილი მინისტრების ფოტოებს კედლებზე თვალსაჩინო ადგილები უკავიათ და გია ყარყარაშვილისა და დათო თევზაძის გვერდით რომ ყელყელაობ (თუნდაც მხოლოდ კედელზე), სწორედ მაგაზე ხარ საცემი და საგინებელი. ჩვენც, ყველანი, მაგის ღირსნი ვართ, თუნდაც კიდევ იმიტომ, რომ გია ბარამიძე „სამუშაო ვიზიტით“ სადღაც გაემგზავრა, კეზერაშვილი, „გალფი“ და მისი სხვა ალაფი კი კარგა ხანია შაირსიტყვითაც კი არავის უხსენებია.

მართლა... სად არის კეზერა? ვის ზევით იყო და ახლა ვის ქვეშ არის?

აი, კეზერას ყოფილი მოადგილე (ყოფილი კაგებეშნიკებისა არ იყოს, კეზერას ყოფილი მოადგილეებიც არ არსებობენ) ბათუ ქუთელია გამჭვირვალობის მაგალითს იძლევა: „იმ პირობებში, როდესაც რუსეთი თავის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებსაც არ სცემს პატივს და არღვევს მას, საჭიროა სიფრთხილე.დიდი სიფრთხილეა საჭირო იმ ნაბიჯების მიმართ, რომელსაც საქართველოს მთავრობა გადადგამს რუსეთთან ურთიერთობის პირობებში“.

რას ერჩი? ფიქრობს, მსჯელობს, ანალიზს აკეთებს, დოკუმენტებს ეცნობა... ქუთელია ყოველთვის ასე იყო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც ფიქრობდა, მსჯელობდა, აანალიზებდა, ეცნობოდა დოკუმენტებს და ახლა რეესტრში და არქივში რომ მოიკითხოთ, აუცილებლად წარმოგიდგენენ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ბათუ ქუთელიას მიერ ხელმოწერილ გმირულ დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ თავდაცვის მინისტრის მაშინდელი მოადგილე კოჯორსა და ტაბახმელაში მიწის ნაკვეთბის ყიდვა–გაყიდვით იყო დაკავებული.

ისე არ გამიგოთ, თითქოს საზიზღრულად და ბოროტულად ვამბობდე. პირიქით – ქუთელიას თანაგუნდელების ერთი ნაწილი ამ დროს ახალგორს და კოდორის ხეობას ყიდიდა, მეორე ნაწილი კი წითელ ხიდზე იდგა და საზიზღარ სუნს ავრცელებდა (ა ლა გურამ ჩახვაძე). მოკლედ, სხვების ფონზე ქუთელია მშვენივრად გამოიყურება.

ისიც უნდა ითქვას, რომ ირაკლი ტუღუშის (იყო ასეთი პარტია) ფონზე მშვენივრად გამოიყურება ირაკლი პეტრიაშვილი (არის ასეთი პარტია), თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ პეტრიაშვილს ბედიც წყალობს – ხან მძღოლები გაიფიცნენ, ხან მეშახტეები, ხან მეტალურგები და რავი... უნდა აღინიშნოს, რომ პეტრიაშვილი მეშახტეების ფონზეც მშვენივრად გამოიყურებოდა. თუ არ ვცდები, არქიმედემ თქვა – ფონი მომეცით და ნახავთ რა მაგარი ტიპი ვიქნებიო.

პეტრიაშვილი კი იმიტომ გამახსენდა, რომ გასული კვირის ნიუსების მწკრივში ასეთ სათაურს მოვკარი თვალი: „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი მოსკოვში მიმდინარე მსოფლიო ფორუმს ესწრება“.

„ფეოლაში“ რომ არის – ვენაცვალე ოლიმპიურ სისტემასო... მთავარი გამარჯვება კი არ არის, მთავარია მონაწილეობა (საერთოდ, მთავარი მაინც გაგებაა). ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, ბეჟან ხურციძეც მონაწილეობდა ნიჩბოსანთა ფორუმებში და ფრემბურთის  ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან ახვლედიანიც მონაწილეობდა ფრემბურთელთა ფორუმებში. შედეგად, 70–იან წლებში ქართველებს გვყავდა ნიჩბოსანი ვიქტორ კრატასიუკი, ხოლო 90–იანებში – ფრემბურთელი ვიქტორია რავა. დავირქმევ ვიქტორ გოლოვინს, იქნებ პეტრიაშვილმა პურის რიგში დაბრედილთა მსოფლიო ფორუმზე ერთი პაესტკა მეც გამიჩითოს.

დმანისის საკრებულოში ახალი ფრაქცია გაიჩითა – „უპარტიოები“. ნაწყვეტი გლიჯავს: „25-კაციან საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 22 კაცისგან შემდგარი ფრაქცია ჰყავდა, რომელსაც 20 დეპუტატი გამოეყო“. გამოეყო... ერთი–ორი კვირაც და, ასეთ ნიუსსაც ვიხილავთ: „25–კაციან საკრებულოში „ქართული ოცნების“ სამკაციან ფრაქციას 20 კაცი შეეყო“. შეეყო... ოცივეს პასიკო ქვია და ოცივე ანეტას წყევლის – მოგვატყუესო, გაგვაბრიყვესო... ეგეთების გადამკიდე, ფუი ეშმაკს, მალე ნუგზარ წიკლაურის ფანი გავხდები.

”ჯერ დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია შეიქმნება. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი შემდგომ ეტაპზე“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა, რომელსაც ჯერ–ჯერობით დამოუკიდებელი პროვიზორის პოზა უკავია, მაგრამ რასაც ზემოდან უბრძანებენ, იმას დაიკავებს. მთავარი ისაა, თვითონ რას ფიქრობს, ვინ არის მის ზემოთ. ძალიან ფრთხილობს, რომ მთლი სააფთიაქო ქსელი არ გამოეყოს და სანაცვლოდ, ერთი რომელიმე კონკრეტული აფთიაქიდან აღებული ერთი რომელიმე კონკრეტული ხელსაწყო არ შეეყოს.

„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ მაშინ, როდესაც საქმე ებრაელებს და ისრაელს ეხება“ – ეს სიტყვები პრეზიდენტმა („რატომღაც“ და „ჯერ კიდევ“ პრეზიდენტმა) მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში წარმოთქვა. რა თქმა უნდა, პალესტინისა და გაეროს ამბავს გულისხმობდა. მართალია და, შეე... შეეკითხეთ (ცუდი არაფერი მიგულისხმია, ენა დამება) თუ გინდათ. თუ გახსოვთ, რა ფრთხილად, რა ციმ–ციმ დააპატიმრეს ის ორი ებრაელი ბიზნესმენი, ჟურნალისტთა და სხვა პროფესიის ადამიანთა ეთიკის ქარტიების როგორი დაცვით ჩატარდა ის სპეცოპერაცია. ვიღაც ვიგინდარა ნასედკა კი არ მიუგზავნეს, თვით ნიკა გილაურმა ითავა ეს საქმე და ფარული ჩანაწერებიც გურამ გან... დონაძემ (ცუდი არაფერი მიგულისხმია, უცებ გვარი დამავიწყდა) კი არა, მგონი თვით რენი ჰარლენმა გააკეთა, სანამ რუსთაველზე შეიკუნტრუშებდა.

ჰაი, მიშა, შე ვოვას თუქსუსო, როდის მორჩები მაიმუნობას?!

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით საყვარელიძე საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც მასთან დაკავშირებით გააჩნიათ, „საჯაროდ გაუგზავნონ“ – საგამოძიებო უწყებებს საყვარელიძემ მას შემდეგ მოუწოდა, რაც საგამოძიებო უწყებებმა საგამოძიებო უწყებებში გამოცხადებისკენ მოუწოდეს, თუმცა საყვარელიძეს იმ დროისთვის ბრიუსელიდან უკვე ჰქონდა მოწოდებული, აქ ჩამოდიო და რა ექნა – გაემგზავრა. რაც შეეხება „შეკითხვის საჯაროდ გაგზვნას“, დღე არ გავა, ვინმეს საჯაროდ არ ვკითხო – ნეტავ, ის ვინ იყო, საკუთარი შეყვარებულისა და მისი მშობლების ტელეფონები მოსმენაზე რომ დააყენა–მეთქი, მაგრამ... ბაზარი არ არის – პასუხი არ არის.

საყვარელიძის ამბავი რიყის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებისა და გამოსყიდვის ამბავია... თხა ვიყიდე, თხა გავყიდეო – ნათქვამი როა, ამათ (უგულავამ, მაქაცარიამ და საყვარელიძემ) ლარად გაყიდეს და ას ლარად გამოისყიდეს, ანუ თხა გაყიდეს და ძროხა იყიდეს და რასაა რომ ედავებიან, ნეტავ?!

„პოლიტიკურ დევნას ვპასუხობ საჯაროობით“ – თქვა საყვარელიძემ. „ეჰ...“ – ამოიოხრეს ზურაბ ადეიშვილმა, დათა ახალაიამ და სოსო თოფურიძემ. „მზად ვარ, ნებისმიერ დროს ვითანამშრომლო გამოძიებასთან, იმიტომ რომ ყველა კითხვაზე პასუხი მაქვს“ – თქვა ლაშა მაქაცარიამ, ხოლო იმათ ისევ ამოიოხრეს. „საყვარელიძესთან და მაქაცარიასთან კითხვები რომ გაქვთ, იმაზე მე მაქვს პასუხი“ – გაიფიქრა ადეიშვილმა.

და ახლა, როდესაც ასეთი ღირსშესანიშნავი ხალხი – ადეიშვილი, ახალაია, თოფურიძე, საყვარელიძე, მაქაცარია, უგულავა, სააკაშვილი გილაური... – ჩამოვთვალე, როგორ ფიქრობთ, რა გამახსენდებოდა გასული კვირის ამბებიდან? აი, ეს გამახსენდა: „გარემოს დაცვის სამინისტროში სახიფათო ნარჩენების მართვის შესახებ იმსჯელებენ. ტრენინგში „სახიფათო ნარჩენების მართვაში საკანონმდებლო და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება“, გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალიტებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, სოფლის მეურნეობის, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ფინანსთა სამინისტროების, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები საკანონმდებლო საკითხებში“.

აი, ასეთი ამბავი გამახსენდა და, რა ამბავია ამდენი სპეციალისტიო – იკითხავთ თქვენ, მაგრამ სახიფათო ნარჩენების გვარებიც ხომ ბლომად ჩამოვთვალე? თანაც, სახიფათო ნარჩენთა შორის არ ჩამომითვლია ასოთა (არასამთავრობო ორგანიზაციათა) წარმომადგენლები – სიტყვის თავისუფლების დამცველები, გულის სიღრმეში სიტყვის თავისუფლების ყოველ დარღვევას რომ მიესალმებიან; სექსუალურ უმცირესობათა ქომაგნი, რომლებიც დღენიადაგ ნატრობენ, რომ სადმე ვინმე ცემონ ოღონდ ის ნაცემი პედერასტი აღმოჩნდეს; რელიგიურ უმცირესობათა გულშემატკივრები, სიამოვნებით რომ მოაწყობდნენ ბართლომეს ღამეს; ბუნების მეგობრები, ბრაკონიერებთან რომ მეგობრობენ...

ჭანტურიაზე ზეწოლა ხომ არ იყოო!!! აბა, ჩქარა ფონდში, ხატიასთან. ქეთის დავურეკოთ, ოღონდ გრანტს გავარტყათ და, არ გავარტყით გია ჭანტურიას?!

აი, თქვენ კი გაგარტყათ ორ მეტრზე მაღალმა და ას კილოგრამზე მძიმე ყველა კინოპერსონაჟმა, კინგ–კონგის თამადობით!!!

ვაჰ, რა პარადოქსებით აღსავსე დროში ვცხოვრობთ – შავერდაშვილმა ბენდუქიძე შემაყვარა, მწვანე გაჩეჩილაძემ – ხათუნა გოგორიშვილი, დმანისელმა მოცეკვავე კაცუნებმა – ბოცო–ნუგზარ–წუგზარ წიკლაური და ამ მედია–ექსპერტების გადამკიდეს, ლამის ალისტრახო როხვაძეზე და ბიჭიკო გვენეტაძეზე მომილბეს გული, რომლებმაც, როგორც სააგენტო გვატყობინებს, „დაკითხვის შემდეგ პოლიცია უკომენტაროდ დატოვეს“.

კი დაიკითხნენ, მაგრამ ჭკუა თუ მოეკითხებათ? – ეს კითხვა პასუხს ითხოვს. და, ერთი კითხვაც, თუმცა ჯერ ნიუსი: „ვანის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარე დავით კაკაბაძეს სასამართლომ 13 000-ლარიანი გირაო 7 000 ლარამდე შეუმცირა. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე ბრალდების მხარე კაკაბაძისათვის გირაოს ოდენობის 15 000 ლარამდე გაზრდას ითხოვდა“.

დავით კაკაბაძე... დიდი ქართველი მხატვარი... ბოლოს, როდესაც პურის რიგში ვიდექი და ჯიბეში ხურდებს ვაჩხარუნებდი, მახსოვს, ვიღაცამ ათლარიანი კუპიურა ამოიღო და თვალი მოვკარი წარწერას „დავით კაკაბაძე. იმერეთი, დედაჩემი“.

გასულ კვირაში დავით კაკაბაძე დააკავეს, თუმცა ეს სხვა დავით კაკაბაძეა, მას არაფერი დაუხატავს, ის მხოლოდ ჭამს და სვამს და თუ დაუმტკიცდა, რომ მეტი მოუვიდა, მოუწევს რამდენიმე წლით ჩაჯდომა და რა უნდა აკეთოს ამ დროს ასეთმა კაცმა (და, საერთოდ, ასეთმა ხალხმა), თუ არა დაწეროს მემუარები და სათაურად დააწეროს „იმერეთი, დედიჩემის“.

დ.ი.ყ. (დაამტვრიეთ ის ყუთი) „ტელევიზორში მოსახვედრად ფრეკენ ბოკს შიგ შეძრომა არ დასჭირდება. შეიძლება მისგან რამდენიმე მილის დაშორებით იჯდეს თავისთვის და ეკრანზე მაინც ცოცხალივით გამოჩნდება“ – აუხსნა ბიჭუნამ. „შინამტანჯველი... ცოცხალივით... რა საშინელებაა, – წამოიძახა კარლსონმა, – ან დაამტვრიე ეს ყუთი, ან ფუნთუშებიან ყუთში გაცვალე. უფრო გამოგვადგება“.

(ასტრიდ ლინდგრენი, „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“)