რუსეთის და საქართველოს სიფრთხილე ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრაში გამოიხატა

რუსეთის და საქართველოს სიფრთხილე ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრაში გამოიხატა

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები როგორც იქნა შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრა ჟენევაში რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ, ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის გაიმართა. ქართული მხარე ამ შეხვედრიდან ბევრს არაფერს ელოდა და თავიდანვე ნათქვამი იყო, რომ კარასინთან შეხვედრის საუკეთესო შედეგი მომავალი ამგვარი შეხვედრის შესახებ შეთანხმების მიღწევა იქნებოდა. ამასთანავე, დაანონსებული იყო, რომ პირველ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობას შეეხებოდა.

ერთი შეხედვით, პირველი შეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილია. ამასთანავე, მიღწეულია შეთანხმება მომდევნო შეხვედრასა და დიალოგის გაგრძელების თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, ორი ქვეყნის ურთიერთობა ჩიხშია მოქცეული და ამ ჩიხიდან გამოსავლის ძიებაა საჭირო.

„ეს იყო ამ სახის პირველი კონტაქტი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის უშუალო მითითებით გაიმართა. შეხვედრა ჟენევის გარეუბანში გაიმართა. აღვნიშნეთ, რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ფაქტობრივად, ჩიხშია მოქცეული და საჭიროა, ამ ჩიხიდან გამოსავლის ძიება. შევთანხმდით, რომ გარკვეულ თემებზე ვერ ვთანხმდებით, ამიტომ დასაწყისისათვის სასაუბროდ განვსაზღვრეთ ისეთი თემები, როგორიცაა სავაჭრო ურთიერთობები, ჰუმანიტარულ-კულტურული კავშირები და რეგულარული საავიაციო მიმოსვლის აღდგენა. მოვილაპარაკეთ, რომ დიალოგი ამ ფორმატით გაგრძელდება რეგულარულ საფუძველზე“, - განაცხადა აბაშიძემ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინმა კი აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობა არსებობს.

„რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება იმ ღრმა კრიზისის დაძლევის მომხრე, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ჩვენს გამო არ წარმოქმნილა. ურთიერთობები ნორმალურ რეჟიმში უნდა გადავიდეს, გაუმჯობესდეს, უნდა განვიხილოთ ურთიერთობის კონკრეტული ფორმები ყველა სფეროში, სადაც ეს შესაძლებელია. კონტაქტების დამყარებისა და ურთიერთობის რეალური შესაძლებლობები არსებობს, კერძოდ, სავაჭრო კავშირების, ტრანსპორტის, ავიამიმოსვლის და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში“, - აღნიშნა კარასინმა.

მან ასევე განმარტა, რომ ეს იყო პირველი პირდაპირი კონტაქტი საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის და, რომ ეს შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით გაიმართა. კარასინის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი ამ ფორმატში რეგულარულ საფუძველზე გაგრძელდება, თუმცა სავალდებულო არ არის, შეხვედრები ჟენევაში გაიმართოს, რამდენადაც მას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებთან საერთო არაფერი აქვს.

და ბოლოს, კარასინმა ისიც დაამატა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკთხზე ამ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.

საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე კი მიიჩნევს, რომ რუსეთთან არბიტრის გარეშე საუბარი დაუშვებელია. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „აქცენტებში“ განაცხადა.

„რა გვასწავლა ჩვენ ამ 20 წლის ომებმა, აგრესიებმა, ოკუპაციამ და ეთნიკურმა წმენდამ? მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ამან გვასწავლა სამი მარტივი რამ, პირველი - არ შეიძლება რუსებთან ლაპარაკი, თუ არ იცი რა არის წესი. მეორე - არ შეიძლება რუსეთთან ლაპარაკი არბიტრის გარეშე და მესამე - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გრძელვადიანი პროცესის გაწელვა“, - ამბობს ვაშაძე.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ ამ შეხვედრის ძირითადი ამოცანა იყო, საფუძველი ჩაყროდა ქართულ - რუსულ დიალოგს იმ კრიზისის ფონზე, რომელშიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებობს. მენაღარიშვილი ფიქრობს, რომ ეს ამოცანა შესრულებულია. რაც შეეხება არსებით საკითხებს, იგი მიიჩნევს, რომ ასეთი თემები შემდგომი შეხვედრების მსჯელობის საგანი იქნება.

„რუსულმა მხარემ კვლავ დაადასტურა უკვე გაცხადებული მზადყოფნა, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯების გადადგმა განიხილოს. ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება. ამდენად, შემდეგ შეხვედრაზე კონსულტაციები გაიმართება და პრინციპში, ამ შეხვედრის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად შეიძლება ჩაითვალოს და ეს უკვე მიღწევაა“, - ამბობს ირაკლი მენაღარიშვილი.

მისი თქმით, პირველი შეხვედრისგან მეტის მოლოდინი უბრალოდ არასერიოზული იქნებოდა. აქვე იგი პასუხობს სკეპტიკოსებს, რომლებიც აცხადებენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ და კულტურულ ურთერთობებში პრობლემა აქამდეც არ იყო. მენაღარიშვილის განცხადებით, ეს მოლაპარაკებები იმისთვის არ დაწყებულა, რომ საუბარი აქამდე უკვე განხილულ თემებზე იყოს.

„ამ პროცესს მიზნად აქვს რეგულარული ურთიერთობის ისეთი საკონტაქტო არხის ჩამოყალიბება, რომელმაც შემდგომ სხვა საკითხების განხილვისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, მოგვარების საშუალებაც უნდა მოგვცეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები, რომ ამ შეხვედრით რაიმე საკითხი მოგვარდა. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, კარგია, რომ იგი წარმატებული აღმოჩნდა და ყველაფერი შემდგომ მუშაობაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნავს ექსპერტი.

საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, „ქრისტიანულ - დემოკრატიული კავშირის“ თავმჯდომარე, ვაჟა ლორთქიფანიძე პოზიტიურად აფასებს ამ შეხვედრას და აქვე განმარტავს, რომ რუსეთს უბრალოდ მეტი გზა არ აქვს და აუცილებლად მოუწევს ამ დიალოგის გაგრძელება. კერძოდ, მისი თქმით, თუკი აქამდე რუსული მხარე იმას იმიზეზებდა, რომ სააკაშვილთან სასაუბროდ არ დაჯდებოდა, ახლა მას უკვე აღარ შეუძლია იგივეს თქმა, ვთქვათ, პრემიერ-მინისტრ ივანიშვილზე, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეზე, ან ზურაბ აბაშიძეზე.

„რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი ჩვენ არ უნდა გვქონდეს. ამ შეხვედრებისგან არ უნდა ველოდოთ, რომ რაიმე გადაწყდება, მაგრამ ნიშანი იმისა, რომ მომავალში დიალოგი შედგება და შესაძლოა გაფართოვდეს კიდეც, არსებობს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება და რუსეთთან ურთიერთობაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა. რუსეთმაც კონკრეტული პიროვნება გამოყო, რომელიც საქართველოს დაელაპარაკება. რასაკვირველია, ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვინდა და რაც ქართულ - რუსულ ურთიერთობებს კრიზისიდან გამოიყვანს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დასაწყისია“, - ამბობს ვაჟა ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, ორივე მხარის სიფრთხილეზე მიუთითებს ის გარემოება, რომ შეხვედრა არც რუსეთში და არც საქართველოში, არამედ ნეიტრალურ ტერიტორიაზე შედგა, თუმცა, საერთო ჯამში, ამგვარი დიალოგის დაწყება კარგის ნიშანია.