თურქეთ-საქართველოს ყბადაღებული მოლაპარაკების დეტალები

თურქეთ-საქართველოს ყბადაღებული მოლაპარაკების დეტალები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთ-საქართველოს შორის კულტურული მემკვიდრეობის თაობაზე ყბადაღებულ მოლაპარაკებას საიდუმლო გრიფი ამ ეტაპზე მოხსნა, მაგრამ თუ თურქული მხარე მოლაპარაკების რომელიმე ეტაპზე დეტალების გახმაურების წინააღმდეგი წავა, ან ქართული მხარე საჯაროობას მიზანშეუწონლად ჩათვლის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მოლაპარაკების დეტალები საიდუმლო დარჩება. for.ge- მიერ 7 დეკემბერს წარდგენილ კითხვებზე სამინისტრომ 14 დეკემბერს უპასუხა. მართალია, ეს არ არის ამომწურავი პასუხი ჩვენს კითხვებზე, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი აზრით, დამაკმაყოფილებელი ინფორმაციაა. საგარეოდან მიღებული პასუხიდან შეიტყობთ თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკების ბოლო ეტაპის დეტალებს და იმას, აპირებს თუ არა სამინისტრო საზოგადოების ინფორმირებას, თურქეთთან მოლაპარაკების დეტალებზე.

საგარეოდან მიღებული პასუხის გაცნობამდე, 14 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში, ამავე თემაზე შევხვდი და ვესაუბრე კულტურის მინისტრის მოადგილეს მარინე მიზანდარს. for.ge-ზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება კულტურის მინისტრის მოადგილესთან ჩაწერილი ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც სვანეთის საგანძურთან დაკავშირებითაც იქნება საუბარი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან 14 დეკემბერს იმ კითხვებზე პასუხი მივიღე, რომლის გამოც 2012 წლის იანვრიდან სექტემბრამდე, ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან ერთად დავხარჯე უამრავი დრო, ენერგია, ვიარე სასამართლოებში - ჯერ საქალაქოში, შემდეგ სააპელაციოში. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ თურქეთთან მოლაპარაკების პროცესი საიდუმლო იყო და დეტალების გაცნობა ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი. სამინისტროს კვერი მოსამართლეებმაც დაუკრეს.

2012 წლის 18 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნანა დარასელიამ საქართველოს სახელით გადაწყვიტა, რომ თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკების დეტალები საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო. საქალაქო სასამართლოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერესებს იცავდნენ ირაკლი ქოიავა და თეა ლეკვეიშვილი. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გავასაჩივრეთ.

2012 წლის 29 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე ქეთევან დუგლაძემ საქართველოს სახელით გამოტანილ განჩინებაში წინა ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა, ანუ ბრძანა - თურქეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკების დეტალები საიდუმლოა. სააპელაციო სასამართლოში საგარეო საქმეთა სამინისტროს ინტერესებს იცავდნენ: ირაკლი ქოიავა და კახაბერ ინწკირველი.

სააპელაციოში პროცესი რომ წავაგეთ, წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში იყო შესული. უზენაესი სასამართლოსკენ თუ წავიდოდით, დიდწილად სავარაუდო იყო, რომ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის საინტერესო ინფორმაცია ტაბუდადებული დარჩებოდა და შემდეგ ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა გახდებოდა საჭირო. ამგვარ აქტიურობას აზრი ეკარგებოდა, რადგან ამასობაში, შესაძლებელი იყო ხელშეკრულება გაფორმებულიყო.

ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან და ჩემს რედაქციასთან შეთანხმებით გადავწყვიტე 2012 წლის 1 ოქტომბერს დანიშნული არჩევნების შედეგებს დავლოდებოდი. მოგეხსენებათ, არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა. 18  ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სავარაუდო შემადგენლობა წარაგდინა. მათ შორის იყო საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაია ფანჯიკიძე, რომელიც მოვალეობის შესრულებას 26 ოქტომბრიდან შეუდგა. ახალ მინისტრს ამოსუნთქვა, ვითარებაში გარკვევა ვაცადეთ და როგორც იტყვიან, გონივრული ვადის გასვლის შემდეგ თურქეთ-საქართველოს მოლაპარაკების დეტალებზე ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვეთ. სამინისტროს რვა კითხვით მივმართე, რაზეც ოთხ პუნქტად ჩამოყალიბებული პასუხი მივიღე.

2012 წლის 14 დეკემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ პასუხებს ჩემს კითხვებზე ხელს აწერს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი თეა ლეკვეიშვილი.

კითხვები შემდეგი ტიპის იყო:

1. ამჟამად მიმდინარეობს თუ არა თურქეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებები, კულტურული მემკვიდრეობის თაობაზე?

საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ დოკუმენტში ჩანს, რომ ამ ეტაპზე დიალოგი მიმდინარეობს.

2. თუ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაშინ გთხოვთ, მაცნობოთ როდის დაიწყო ეს პროცესი, უშუალოდ ვინ აწარმოებს ამ მოლაპარაკებებს, როგორც ქართული, ისე თურქული მხრიდან?

ამ კითხვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოკვეთილი პასუხი არ გასცა.

3. თუ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაშინ საინტერესოა ეს პროცესი სუფთა ფურცლიდან დაიწყო, თუ ყოფილი ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესი განახლდა?

საგარეო საქმეთა სამინისტრომ არც ამ კითხვაზე გაგვცა კონკრეტული პასუხი.

4. თუ მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მაშინ გთხოვთ, მაცნობოთ, იგეგმება თუ არა მოლაპარაკების დაწყება და თუ იგეგმება, ეს პროცესი სუფთა ფურცლიდან დაიწყება, თუ წინა ხელისუფლების დროს დაწყებული პროცესი განახლდება? საგარეო საქმეთა სამინისტრომ, არც ამ კითხვაზე გვიპასუხა.

5. თურქეთთან მოლაპარაკების პროცესი ყველა ეტაპზე ღია და საჯარო იქნება, თუ მოლაპარაკების პროცესი ისევ გასაიდუმლოებული დარჩება

პასუხი:ამ ეტაპზე თურქეთის მხარესთან მიმდინარე დიალოგის შესახებ პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება, მიღწეული შედეგების გათვალისწინებითა და მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე“.

6. რა ეტაპზე იყო თურქეთის ხელისუფლებისა და საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მოლაპარაკება, კულტურული მემკვიდრეობის თაობაზე? პასუხი: „2006 წლიდან საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები კულტურული მემკვიდრეობის სფეროში თანამშრომლობის თაობაზე. 2008 წელს მოლაპარაკებების პროცესი შეჩერდა, თუმცა, მათი განახლება მოხდა 2010 წლიდან“.

7. კონკრეტულად რა საკითხები განიხილებოდა ამ მოლაპარაკებების დროს - რას მოითხოვდა თურქული მხარე და რას ქართული?

პასუხი:ქართული და თურქული მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილებოდა ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოსმალური პერიოდის ძეგლებისა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების რესტავრაციის საკითხი და შესაბამისი თანამშრომლობის ოქმის ხელმოწერა.

მოლაპარაკებების პროცესში არაერთხელ მოხდა კორექტივების შეტანა ოქმის პროექტის ტექსტში. ცვლილებები ეხებოდა როგორც ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების ჩამონათვალს, ასევე მათ რაოდენობას. ბოლო ეტაპზე საუბარი იყო თურქეთის ტერირტორიაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ოშკისა და იშხანის ტაძრების და მათი დამხმარე ნაგებობების რესტავრაციაზე ქართველი სპეციალისტების მონაწილეობით, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე აჰმედიეს მეჩეთის, მედრესესა და აბანოს რესტავრაციასა და ქალაქ ბათუმში ქართული მხარის მიერ გამოყოფილ ადგილას აზიზიეს მეჩეთის აშენებაზე. ამასთან, თურქული მხარე თავის თავზე აიღებდა აზიზიეს მეჩეთის პროექტის შემუშავებას, რეკონსტრუქციასა და დაფინანსებას“.

8. არსებობს თუ არა საქართველოს ყოფილი ხელისუფლებისა და თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხელმოწერილი რაიმე დოკუმენტი, თუ მოლაპარაკებები ზეპირი შეთანხმებებით ხორციელდებოდა? თუ ამგვარი დოკუმენტი არსებობს, მაშინ გთხოვთ, მომაწოდოთ ამ დოკუმენტის ასლი.

პასუხი:მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება და შესაბამისი დოკუმენტის გაფორმება არ მომხდარა“.