სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მოცულობა შეზღუდული იქნება, რაოდენობა - არა

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მოცულობა შეზღუდული იქნება, რაოდენობა - არა

ერთ ადამიანს ერთზე მეტი „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ აღების უფლება ექნება, თუმცა ამ სესხების ჯამური მოცულობა 200 000 ლარს არ უნდა აჭარბებდეს. მთავრობის სპეციალრი პროგრამა, მართალია, ბევრმა მოიწონა, თუმცა მოწინააღმდეგეებიც არანაკლებ გამოუჩნდნენ. რა გავლენას მოახდენს საშეღავათო პროგრამა უძრავი ქონების ბაზარზე, ეს ყველაზე მეტად საინტერესო საკითხია.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის ალექსანდრე ძნელაძის თქმით, იმისათვის, რომ ბანკებმა იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში მომხმარებლებზე სესხების გაცემა დაიწყონ, შესაბამისი დადგენილების დამტკიცებაა აუცილებელი. აღნიშნული დადგენილების შემდეგ კი, დაფინანსების პროცესი დაიწყება.

„ამ მხრივ, დეტალები ჩვენთვის ცნობილია. ახლა ველოდებით საბოლოო დადგენილებას. იყო გაცხადებული მთავრობის მხრიდან, რომ 5 წლის განმავლობაში 4 პროცენტული პუნქტის სუბსიდირებაზე არის საუბარი, ეს შეეხება მხოლოდ პირველად ბაზარს და საგარანტიო სქემის ამოქმედებისთვის აუცილებელია, მინიმუმ 10%-იანი თანამონაწილეობა.

მხოლოდ ლარის სესხებზე არის საუბარი, რომელიც 200 000 ლარამდე მოცულობისაა. ერთმა პირმა შეიძლება რამდენიმე სესხი აიღოს, მაგრამ არაუმეტეს 200 000 ლარისა“, - განაცხადა „ბიემთან“ ძნელაძემ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უძრავი ქონების მხარდაჭერის პროგრამა 28 მაისს წარადგინა. იპოთეკების სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარი იქნება და მის ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

სახელმწიფო დაასუბსიდირებს პროცენტს იპოთეკურ სესხებზე:

- სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს;

- სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;

- სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5%-ს (განაახლებს თუ ასცდა);

- სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე;

- შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრადმე პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

პროგრამის ფარგლებში ბანკებში სესხების გაცემა ჯერ არ დაწყებულა. კიდევ უფრო მეტი დეტალი 2020 წლის განახლებული ბიუჯეტის წარდგენის შემდეგ გაირკვევა.

ეკონომისტების ნაწილს მთავრობის გადაწყვეტილება მაინცდამაინც არ მოსწონს. „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა არასამართლიანია.

„იპოთეკურ სესხს, როგორც წესი, იღებენ საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები. დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს საკმარისი რესურსი გრძელვადიანი სესხის ასაღებად არ აქვთ. გამოდის, რომ მთავრობა ახალი ინიციატივით, ეხმარება არა მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ნაწილს, არამედ ყველაზე შეძლებულს. ეს მინიმუმ არასამართლიანია“, - აცხადებს კეპულაძე.

მთავრობის მიერ იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება არასწორია, რადგან შემცირებული მოთხოვნის პირობებში ფასი ისედაც შემცირდებოდა, რაც გაზრდიდა მოთხოვნას ბაზარზე. ექსპრეტთა აზრით კი, ახლა გეგმა მიმართულია იქითკენ, რომ ბინები არ გაიაფდეს და საერთოდ ეს გეგმა ანტიკონსტიტუციურია.

სწორედ ასე მიაჩნია იურისტ ლევან ალაფიშვილს, რომელიც თვლის, რომ მთავრობა წარმოდგენილი გეგმა კონსტიტუციას არ შეესაბამება. „დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტიციურია. ისევე როგორც გალარების პროგრამა იყო“, - დაწერა სოფიალურ ქსელში ალაფიშვილმა.