პანდემიის შემდეგ ბიზნესი გონს ვერც კი მოსულა, რომ მრავალ ბიუროკრატიულ ლაბირინთებში გაიხლართა. აღმოჩნდა, რომ ისედაც ბეწვის ხიდზე მყოფ კომპანიებს რატომღაც სწორედ ახლანდელ უმძიმეს პერიოდში ამოწმებენ. გარდა ამისა, სამთავრობო სტრუქტურებს ზუსტად ვერ გაურკვეიათ რომელი ტიპის ბიზნესი უნდა გაიხსნას და ბევრს უსაფუძვლოდ დაჯარიმებით ემუქრებიან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გაღატაკებული ბიზნესი და უხელფასოდ დარჩენილი ადამიანები ელოდებიან როდის მოიცლიან მათივე გადასახადებით დაფინანსებული სახელმწიფო მოხელეები.
„ეკონომიკური საქმიანობის განახლებისთვის ყველა ბიზნესი უნდა დარეგისტრირებულიყო ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტულ საიტზე, ორ დღის შემდეგ უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, რადგან პირველ ივნისს გარე სივრცეები იხსნებოდა. რეალურად ცხელ ხაზზე როდესაც ვრეკავდი, მითხრეს, რომ ვერ მოვიდოდნენ. შემდეგ აღმოვაჩინე, ნახევარზე მეტ გახსნილ ობიექტზე შესამოწმებლად არავინ ყოფილა.
ცხელ ხაზზე მეუბნებიან, რომ თუ გავხსნი „ტერესას“ დამაჯარიმებენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეალურად ჩანაწერი, რის საფუძველზეც უნდა დააჯარიმონ, არ არსებობს. როდესაც აღსრულება არ ხდება, კონტროლის რესურსი არ აქვს და ვერ ხარ ეფექტური, ყველაფერს ძალა ეკარგება. თუ ოფიციალურად ვრეგისტრირდები, უფლება მეძლევა 1-ელ ივნისს გავიხსნა და იმიტომ მიფერხდება ბიზნესი, რომ ვერ შემოდიან შესამოწმებლად, ეს ჩემი პრობლემა არ უნდა იყოს. მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც გაკოტრებულია ყველა ბიზნესი, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროში და ერთი წელი არანაირი პერსპექტივა არ გვაქვს“, - განაცხადა მაია სიდამონიძემ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურაში ზოგადად კომუნიკაციის პრობლემა და ინფორმაციის დეფიციტია, რის გამოც ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს კიდევ უფრო დიდი ზიანი ადგება.
„ცხელ ხაზზე ოპერატორები უნდა დაატრენინგონ, როდესაც მეუბნებიან, რომ უფლება არ მაქვს ობიექტის გახსნის, რადგან სასტუმროს რესტორანი მათთვის წვრილმანი შეცდომაა, ჩემი ბიზნესისთვის დამაზიანებელია, რადგან გამოდის, რომ გუშინ შემეძლო რესტორნის გახსნა. იქით რომ მამოწმებენ, რა ჰგონიათ, ვიტყუები, თუ ჰგონიათ, რომ გამართული სტრუქტურა აქვთ? ბიზნესის დახმარება თუ უნდათ, დარეკონ და გაარკვიონ, გამოძიება კი არ უნდა ჩაატარონ. ფაქტია, ადეკვატური კომუნიკაცია არ შეუძლიათ“, - განუცხადა „კომერსანტს“ სიდამონიძემ.
სხვა ტიპის პრობლემებზე საუბრობს საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო დამაზიანებელი აღმოჩნდეს დღევანდელ კრიზისულ ვითარებაში. საუბარია მცირე და საშუალო ბიზნესების შემოწმებაზე, რომელიც რატომღაც პოსტპანდემიურ პერიოდში გააქტიურდა.
„სხვადასხვა მცირე და საშუალო კომპანიებში აუდიტის სამსახურია შესული. მინდა, რომ სახელმწიფოებრივად იფიქროთ, დღეს ის პერიოდი ნამდვილად არ არის, რომ კომპანიები, რომლებსაც ისედაც სერიოზული პრობლემები აქვთ და გადარჩენაზე არიან, ზედმეტი რესურსი დახარჯონ იმაზე, რომ ვიღაცა შევიდეს და ამოწმონ.
არავინ გაურბის შემოწმებას და ზუსტად ვიცი, არავის პრობლემა არ აქვს, მაგრამ დღეს გაცილებით მეტი პრობლემის წინაშე დგას ბიზნესი და აცალეთ, უბრალოდ, ამოისუნქთონ. ეს ძალიან ნეგატიურად აისახება“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.